• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოლიტიკა

უხერხული წინადადება

×
(c) Gagosh
ავტორის გვერდი გიორგი ჯანელიძე 12 იანვარი, 2012 6095

2046 წელს მიღებულმა ,,ანტიფედერალური პაქტმა” 2063 წლის გაზაფხულისთვის პროგნოზირებადი ნაყოფი გამოიღო და ამერიკის მდიდარმა შტატებმა დამოუკიდებლობის გამოცხადება დაიწყეს. კალიფორნიას მიჰყვა ფლორიდა, ტექსასი,  პენსილვანია და მალე სახელმწიფოს  სრული დაშლა გარდაუვალი გახდა. რამდენიმე, ამერიკული საზომით, წყალწაღებული შტატი, ბევრს ეცადა ბედის ანაბარა არ დარჩენილიყო, თუმცა მდიდარმა შტატებმა ისინი ,,სახელმწიფოს შექმნის და მდგრადი განვითარების  უზრუნველყოფის 20-წლიანი  დახმარების პროგრამით”, თავიდან ელეგანტურად მოიშორეს და ცხოვრების დამოუკიდებელი შარა-გზისკენ მიუთითეს.

 

***


 თბილისში აბდუშელიშვილის 1-ში ტელეფონის ზარი გაისმა.
-ეს 514-ით დაწყებული ნომერი რაღაც ახალია. ნეტა, საიდან რეკავენ? - ზარმაცად ჩაილაპარაკა ინდირა ბულისკერიამ და ატავიზმად ქცეულ ყურმილს დასწვდა:
- საქართველოს პრეზიდენტის აპარატი გისმენთ.
-გამარჯობა, მეგან რუსჰოფი გაწუხებთ, ქალაქ ატლანტის მერის და მომავალი დამოუკიდებელი ჯორჯიის სავარაუდო პრეზიდენტის, მაქს სალასარის, დავალებით.
- გისმენთ.
-ბატონ მაქსს სურს თქვენს პრეზიდენტთან საუბარი, ასე დავარქვათ, ნიადაგის მოსინჯვა ერთ დელიკატურ საკითხზე.
- დელიკატურ? (გეი ხო არაა? მაგრამ ჩვენი პრეზიდენტი გეი არ არის და  ნეტა რა უნდა?) კეთილი, აუცილებლად ჩავაყენებ საქმის კურსში შესაბამის სამსახურს. რა თემაა?
- საუბარი ჩვენი ქვეყნის სახელწოდებას შეეხება. სახელი, რომელიც ჩვენ გვინდა გვერქვას, უკვე თქვენ გაქვთ დაკავებული.
- დიახ.  ნამდვილად ასეა.  საუბარი და განხილვა პრობლემა არ იქნება. საღამოს 6 საათზე შეგვიძლია პრეზიდენტების საუბარი მოვაწყოთ.
-გმადლობთ.

 

***


-ალო, პრეზიდენტი ლოცულიშვილი გისმენთ.
-გამარჯობა ლევან. ალბათ ხედავთ რა დრო დადგა, სახელმწიფოობა მოგვესაჯა და რა გვერქმევა  არავის ადარდებს.
- საკმაოდ უხერხული საკითხია. ის შემთხვევაა, რომ ნათლიას აგინოთ.
- ბოლო 3 დღეა სწორედ მაგით ვიწყებთ და ვამთავრებთ.
- ჩვენ მზადა ვართ მეგობრობის ხელი გამოგიწოდოთ . . .  შეძლებისდაგვარად.
- ლევან, ატლანტის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დოქტორმა ბრიჯიტ მაკნილმა, რომელიც მომავალი ქვეყნის სიმბოლიკის კომისიას უდგას სათავეში,  ქვეყნის სახელის რამდენიმე ვერსია მირაპორტა, ერთ-ერთი ვერსიით, თქვენს ჯორჯიაში საზოგადოებრივმა აზრმა თეორიულად შესაძლოა დაუშვას, რომ სახელმწიფოს სახელად ჯორჯიის ნაცვლად საკრტთველო დაარქვათ.
-საქართველო ალბათ. ჯორჯიელების ჯორჯიას სწორედ ასე ვეძახით.
- თუ თქვენ ამ საკითხში ჩვენთან თანამშრომლობა წარმოგიდგენიათ, ჩვენ მზადა ვართ ყველა ბიუროკრატული ხარჯი საკუთარ თავზე ავიღოთ და ამის გარდა, მომდევნო 15 წლის განმავლობაში,  დავაფინანსოთ თქვენს ქვეყანაში, საერთო ჯამში, 10 მილიარდი დოლარის პროექტები.
- კეთილი, ძალიან ვაფასებ, როდესაც კოლეგა ძვირფას დროს ზოგავს და  სწრაფად გადადის თანხაზე, თან კონკრეტულზე. განვიხილავთ და პასუხს გაცნობებთ. აქედან რა გამოვა, არ ვიცი, მაგრამ  მადლობა გადაეცით ქალბატონ ბრიჯიტს, რომ არსებობს.
- კეთილი. მესმის, რომ თემა უხერხულია, რამდენადაც უპრეცენდენტოა. დარეკვაც კი მეუხერხულა, მაგრამ . . .
- მესმის ყველაფერი, რაც გესმით. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელი იქნება. დილით დაგირეკავთ.

***

-სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე სასაუბროდ დაგიძახეთ.სახელი უნდა გადავირქვათ. უფრო სწორად, საგარეო სახელი. რას იტყვის უშიშროება?
- სენსიტიური თემა ჩანს, მაგრამ ორი ბოლო აქვს ჯოხივით. საჭიროა მეორე ბოლოდან მოვკიდოთ ხელი.
- როგორ წარმოგიდგენიათ?
-ონლაინ-მანიფესტის ფორმით იწყებენ სტუდენტები, მოსულიერო პირები და 1-2 გიჟ-პოეტა, კარგი იქნება ახლო წარსულში  ხალხისთვის სათაყვანებელი რომელიმე ადამიანის შვილი ან შვილიშვილიც ერიოს.
- ეკლესია რას იტყვის?
- შევაპარეთ და წინააღმდეგები არ არიან. ოღონდ ახალ სახელად ივერიაც განვიხილოთო.
- ივერია ძვირი დაგვიჯდება. ,,საქართველოს” შემთხვევაში შიდა ლოჯისტიკური ხარჯები თითქმის არ გვაქვს. უფრო სხვა ქვეყნებმა უნდა დახარჯონ ფულები, რომ სადაც ჯორჯიად მოგვიხსენიებენ, თანდათან საქართველოთი შეცვალონ.
- გასაგებია.
-ისე რას ფიქრობ? ეს ივერია კარგი ვერსიაა?
- სახელად კარგია, რა უჭირს?, მაგრამ . . .  მაგრამ არ გვაწყობს. იმ ფულის ნახევარი,  რასაც ჯორჯიელები მოგვცემენ, შიგნით ,,საქართველოს” ,,ივერიად” გადასაკეთებლად თუ დავხარჯეთ, რაღა გამოვიდა?
- მაგის ფულს ცალკე ვერ გამოვართმევთ?
- გამორთმევით შეიძლება კი გამოვართვათ, მაგრამ მე დახარჯვაზე გელაპარაკები.
-აჰა, გასაგებია. გეთანხმებით.

***

- ბატონო პრეზიდენტო, ყველაფერი ისე მიდის, როგორც ვიფიქრეთ.
-მომახსენეთ. ხალხით და  საერთაშორისო საზოგადოებით დავიწყოთ . . .
-  ჩვენს ხალხს ეშინია, საერთაშორისო საზოგადოებას შურს.
- შურთ? რამე კონკრეტული გაიგეთ?
- ერევანში გლოვაა. ქართველებზე 20-ჯერ დიდი დიასპორა გვყავს და იმათ როგორ მოახერხეს, ჯორჯიით ფულის გაკეთება და ჩვენ არმენია ვერაფერს დავარქვითო?!
- ჰეჰ, ვინც საქართველოს ჯორჯია დაარქვა, იმ ბერძენის ძეგლი გვინდა სადმე. ცენტრში, მოლთან.
- რა დავარქვათ?
-ქვეყანას?
-არა. ძეგლს?
-ნათლიის ძეგლი ან უცნობი ბერძენის  ძეგლი, 10 მილიარდი გვაშოვნინა ამდენი საუკუნის შემდეგ და არ ეკუთვნის?
-მარტო ძეგლი მერე? ჯავახიშვილში რამე საღამოც მოვუწყოთ. რამე მუსიკალური, თბილი, რიგებს შორის ნელები რო იცეკვონ მაყურებლებმა, რამე ეგეთი... ოპოზიციამ რაო?
- 90 დღიანი შიმშილობით იმუქრებიან დიდგორის ველზე... ან მაგ 10 მილიარდიდან 3 მოიტათო.
- გაგებით მოკიდებიან, ფაქტობრივად. კიდე ვინ არის მომხრე?
- თუ ამ 10 მილიარდს ყველა 2 მილიონ მოსახლეზე თანაბრად გავანაწილებთ, მოსახლეობის 98% თანახმაა, ოღონდ „ეტაპობრივად“ და ეგეთი სიტყვების გაგონება არ უნდათ.
- თანახმა? აბა, ეშინიათო?
- ეშინიათ, რო ფულს არ მივცემთ.
- დამპლები.  „ასავალ-დასავალი“?
- გაგონება არ უნდათ. ეგ კი არა... ის ვერ მოუნელებიათ ,,ზეზვა და მზიას” ორდენი კალიფორნიის ცისფერ ელჩს რო გადავეცით, თან სომეხს.
- კალიფორნიის ელჩი სომეხი იქნება, აბა ამერიკიდან აქ არავინ ჩამოვიდოდა.
- ამერიკიდან ჩამოვიდა.
-ხო მიხვდით, რის თქმაც მინდოდა?!
-დიახ. რა თქმა უნდა.
- რა ვქნათ? რა ვუთხრა სალასარს?
- ვევაჭროთ ცოტა ხანს, ჩვენი რა მიდის?!
-სახელი
-ხო, სახელი კი.
- კარგი მოემზადეთ თქვენ. ბევრი სამუშაო იქნება.

 

***

- რა ფლაერი გინათებს სმარტფონზე?
-  თბილისის ტურს არეკლამებენ 26 მაისს. გეპატიჟეებით ჩვენი უძველესი და უახლესი ქვეყნის პრეზენტაციაზე... დიდი ზეიმი აქვთ. თუ ვინმეს ოქროს დისკი აუღია, ყველა ჩადის: მალდენსონი, ტიტი, ბეიბიროუზი, ვიპი-ვაპო, ინვიზიბილ მოუდი.
- რა იშოვეს ამდენი?
- სახელს ყიდიან.
-დამპალი ბერძნები. იმათ რა კაი სახელი დაარქვეს, მილიარდებს აკეთებინებენ, ჩვენ დაგვარქვეს მაკედონია და ნატო ისე დაიშალა, არ გვაღირსეს მიღება.
-ნაბიჭვრები. სახელს რო არქმევ ამხელა მიწას, ცოტა ტვინი ხო უნდა გაანძრიო.
- მე მუშა ქართველი არ მინახავს და იმან რა პოზაში დაინახა ასეთში, რო მიწათმოქმედი ეგონა?
-შეიძლება ოპტიკური ილუზია იყო... წავიდეთ?
-მაგ დღეს მონაკოს გრან-პრია. პირველად გამოდის მაკედონიელი პილოტი.
-წავიდეთ და სანამ ეგ ფინიშამდე მივა, ჩამოვუსწრებთ.

 

***

- ახლა მივეგებოთ სცენაზე საქართველოს მე-14 პრეზიდენტს!
- ძვირფასო თბილისელებო და დედაქალაქის სტუმრებო. გმადლობთ რომ აქ იმყოფებით. დღეს ჩვენ ერთად ვიქნებით მომსწრე სასწაულისა. ძვირფასო სტუმრებო, დღეს, გუშინ, გუშინწინ თქვენ ჩამოხვედით ერთ ქვეყანაში და ხვალ დატოვებთ უკვე სხვას. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება და კიდე უფრო იშვიათად მშვიდობიანად და ზეიმის ფონზე, ასე რომ, გისურვებთ საუკეთესო შთაბეჭდილებებს ჯერ კიდევ ჯორჯიაში და ზუსტად 2 წუთის შემდეგ, იბერიაში.

 

***
- აბა საქართველოო, ეს იბერია რატო გადაწყდა?
- ვიფიქრეთ და თუ რეფორმაა, მართლა რეფორმა იყოს, იყოს იბერია და ოდესმე თუ ესპანეთმა პორტუგალია დაიპყრო ან პირიქით, ან რაიმე ფორმით გაერთიანდნენ, ეგენიც მოგვადგებიან სახელზე და ჩვენ თუ ვერ მოვესწარით,   ჩვენი ვალია შთამომავლობასაც დავუტოვოთ რაიმე გასაყიდი.
- და შიდა ბიუროკრატიული ხარჯები?
- შიგნით არაფერი იცვლება. ისევ საქართველო ვიქნებით.
-გასაგებია.

 

---------------------------------

ილუსტრაცია by Gagosh

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული