ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პოლიტიკა

ღია წერილი ჩემს ვაჟს

ბენჟამენ დიუვალი
12.11.2016

   


ზუსტად ერთი წლის წინ, 2015 წლის 13 ნოემბერს, პარიზში მომხდარმა ტერაქტებმა უამრავი სხვადასხვა ფორმის რეაქცია გამოიწვია. ახალგაზრდა პარიზელი მამა, საპროდიუსერო კომპანია Les Fils de-ს დამფუძნებელი ბენჟამენ დიუვალი ამ სამწუხარო მოვლენებს საკუთარი ახალშობილისადმი მიძღვნილი ტექსტით გამოეხმაურა. წერილი მალევე ძალიან პოპულარული გახდა. იგი, ფეისბუკზე, რამდენიმე ასეულმა ათასმა მომხმარებელმა გააზიარა და მედიამ ფართოდ გააშუქა.

 

თარგმანი ფრანგულიდან და შენიშვნები: ბაჩანა ჩაბრაძე

---------------------------------------------------------------------
 
 

გუსტავ, ჩემო სულ სულ სულ პაწაწა კაცო.

 

2015 წლის 17 ოქტომბერს დაიბადე, 10:47-ზე. გოგო რომ ყოფილიყავი, დედაშენი უთუოდ შარლის დაგარქმევდა. თუმცა მერე გადაიფიქრა დეგენერატი ფანატიკოსების გამო, რომლებმაც თავისუფლებას ომი გამოუცხადეს და ეს სახელი, აწ სევდიანად პოპულარული, სისხლით მორწყეს.

 

ამ უქმეებზე, შენ ვერ მიხვდი შენი მშობლების ცრემლიანი თვალების მიზეზს. ყურადღებით გვიყურებდი და შენს მზერაში გაკვირვება იკითხებოდა. მშვიდი იყავი, საოცრად მშვიდი. თითქოს მაინც გესმოდა, რა ხდებოდა ამ ავბედით დღეს. გულში ჩაგიკარით, ძალიან ბევრჯერ და ძალიან მაგრად. შენი სუნთქვიდან წამოსულმა სიცოცხლის სურნელმა დაგვათრო.

 

ამ უქმეებზე, მანათობელ შუქურად გვექეცი. შენ იყავი ჩვენი ერთადერთ გზამკვლევი თავზარის ამ აბობოქრებულ ზღვაში. წყალწაღებულნი, ჩაძირვას გადაგვარჩინე. ესეც შენ - Fluctuat nec mergitur[1] ! რა, არ გახსოვს? - "ლა ლა ლა ლალა ლალა, ეს არ იყო ლიტერატურა... მათ ერქვათ, ჯერ, მეგობრები"[2] - მე რომ გიმღერი ხოლმე, როცა შენს საფენში მაქვს ორივე ხელი და თან ზედ მაფსამ.

 

ჩემო სიყვარულო, ამ პარასკევ 13-ს ბევრი მეგობარი მოგვიკვდა. მერე რა, რომ მათ არ ვიცნობდით, მაინც ჩვენი მეგობრები იყვნენ, რადგან ბარის დახლს იდაყვით ეყრდნობოდნენ, სექსსა და სიყვარულზე ლაპარაკობდნენ, უყვარდათ მუსიკა და თვრებოდნენ ალკოჰოლითა თუ კამათით. ისინი მოკვდნენ, რადგან მეგობრებთან ერთად დროის გატარება გადაწყვიტეს... რადგან ყველაფერი, რაც კი ცხოვრებად ღირს, მეგობრებთან უნდა გაიზიარო. ჯერ - მეგობრებთან...

 

გუსტავ, ჩემო სიცოცხლევ, მინდა, დღეს გითხრა, თუ რა ლამაზია შენი დედიკო - მომხიბვლელი და სენსუალური, ღიმილით სავსე თვალებით. ყველაფერზე მეტად კი მას ის ამშვენებს, რომ თავისუფალია, რომ შეუძლია, შექმნას, იაზროვნოს, გააპროტესტოს, იყვიროს, ხმა მისცეს, მიმატოვოს და თუ მოუნდება, მაგრად გამიტრაკოს კიდეც...

 

შვილო, ხშირად გაიგონებ მამიკოსა და დედიკოს კამათს, რადგან მათ ამის უფლება აქვთ, რადგან დედიკო არ არის იძულებული, მამიკოს დაეთანხმოს. თუნდაც მხოლოდ ამის გამო შეეძლოთ პარასკევის ბოროტებს, შენთვის დედიკო და მამიკო წაერთვათ. შენც, შეიძლებოდა, ჩვენთან ერთად ყოფილიყავი ცუდ დროს, ცუდ ტერასაზე. შეიძლებოდა, ფანატიზმს ემსხვერპლა შენი პატარა სიცოცხლე, მხოლოდ იმის გამო, რომ მამა და დედა ლუდს სვამდნენ მეგობრებთან ერთად და სისულელეებზე ლაპარაკობდნენ.

 

დღეს, შენი მშობლები ხელახლა ცდილობენ სულის მოთქმას. შენს მამიკოს ვერ გაუგია, რას ემსგავსება სამყარო, რომელშიც შენ უნდა იცხოვრო. შენი მამიკო დაიღალა, გუს. 35 წლისაა და უკვე დაიღალა. დაიღალა ამ კურტუმოფრთიანი და ჭკუადაღმავალი კონსერვატორების მოსმენით, საკუთარ კომპლექსებს რომ ანთხევენ; დაიღალა ამ "სოციალური გახლეჩის" სკინტლიანი კონცეპტით, ძალით რომ გვატენიან; დაიღალა იმით, რომ არ გვაცლიან, გვწამდეს სიყვარულისა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რამისა ამქვეყნად.

 

მაგრამ შენ რომ გხედავ, იმედი მესახება. შენი წყალობით, ეს უბადრუკი იდეოლოგები ვერასდროს გაიმარჯვებენ. მე თუნდაც დამაჩოქონ ამ ბარბაროსებმა, ვერაფერს უზამენ იმას, რომ შენ, რამდენიმე თვეში, ორ პატარა თათზე დადგები!

 

ჩემო გუს, დღეს, ირგვლივ, ომზე ალაპარაკდნენ. რიგორისტებმა ომი გამოუცხადეს ეპიკურეელებსა და ჰუმანისტებს. ტყვია დაუშინეს ტერასებისა და კონცერტების თავისუფალ ხალხს. ამით, მათ შენი მშობლები ჯარისკაცებად აქციეს და მათი მეგობრების მთელი არმიაც ფეხზე წამოაყენეს. ვერასდროს მოერევიან ისინი ყოფის ჩვენეულ მოდელს. ჩვენ ხომ ზედმიწევნით ვართ გავარჯიშებული სმაში, სიცილში, კამათში, ურთიერთდახმარებაში, სიმღერაში, სიამოვნებაში...

 

მე შენ სიყვარულს გასწავლი. ფიქრს გასწავლი, ტოლერანტობასა და ჰუმანურობას... დალევას გასწავლი, ძალიან ბევრის დალევას. ჩემი ცხოვრების ყოველ დილას, ავდგები, რომ ეს სიცოცხლე შენც შეგაყვარო; რომ მგრძნობიარე და ჭკვიანი ადამიანი დადგე. იარაღად ჩვენს ღირებულებებს მოგცემ. სხივად გექცევი, რომ ნათებით გავფანტო ობსკურანტიზმის სიბნელე, როცა იგი შენს გზაზე ჩამოწოლას შეეცდება.

 

ჩემო ბიჭო, მწერლად გაქცევ, ერთ-ერთ იმათგანად, რომლებიც ხელახლა დაწერენ ფრანგულ რომანს და ხელახლა გვაჩვენებენ თანაცხოვრების ხელოვნებას. გასწავლი, როგორ გადაეხვიო მათ, ვინც გიყვარს. პატიებას გასწავლი. გასწავლი, რამდენად მნიშვნელოვანია თანადგომა და გაზიარება.

 

ხვალ შენი დაბადებიდან პირველ თვეს ვიზეიმებთ, ჩემო ძვირფასო. შენს დედიკოსთან ერთად, ერთ სანთელს ავანთებთ. და ეს შენი მომავლის სინათლე იქნება. იმათი ხსოვნისაც იქნება, ვინც პარასკევს, ჭიქით ხელში დაგვემშვიდობა...

 

იმედი მაქვს, ცხოვრებაში, მაგრად იხალისებ, მაგრად დალევ და მაგრადაც აგიდგება... იყავი თავისუფალი, ჩემო ბიჭო! უარი უთხარი ამალგამებს და მიიღე განსხვავებები. და თუ სიგიჟეა, სიგიჟე იყოს: იყავი კეთილგანზრახული. ვიცი, რომ შეეცდებიან, დაგარწმუნონ, რომ კეთილგანზრახულობა მოდაში აღარ არის. ჰოდა, იცი, რა?- ერთი მაგათიც, ჩემო პაწაწუნა!

 

შენ ჩემი სიამაყე იქნები, ჩემი მებრძოლი, ჩემი რეზისტანტი.

 

მიყვარხარ.

შენი მამიკო

 

ბენჟამენ დიუვალი

16 ნოემბერი, 2015

 


[1]Fluctuat nec mergitur ("წყალს მიაქვს, თუმცა ვერ ძირავს") - ლათინური გამოთქმა და პარიზის დევიზი, რომელიც ქალაქის გერბზე, რესპუბლიკური გვარდიის ქუდსა და მეხანძრის ჩაჩქანზე ფიგურირებს. 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ, ეს გამოთქმა არაერთხელ იქნა გამოყენებული და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

[2]ფრაგმენტი ჟორჟ ბრასენსის სიმღერიდან "ჯერ, მეგობრები", რომელშიც პოეტი ზევით ნახსენებ ლათინურ ფრაზას ციტირებს.

3 - სურათზე გამოსახული სტრიტ-არტის ნიმუშის ავტორია კანადელი კომიქსების დესინატორი Seth.