ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა/ესსე

ქართლის დედა - მსგავსება-დადასტურების მიღმა დარჩენილი სეპარატიზმი

ხვიჩა ყალაბეგაშვილი
05.12.2016

   


,,დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!..“ - ეს წამძღვარება დედაზე დაწერილ ნებისმიერ ტექსტს დაამშვენებდა, მაგრამ მე არ გამომადგა, სამი მიზეზის გამო:

საგანი, რომელზე მსჯელობასაც ვგეგმავ,  არის თუ არა  დედა, იმდენად რთული დასადგენია, რომ ამ ბუნდოვანებას მეტაფორა "მზეც“ კი ვერ ჰფენს ნათელს;

"სკულპტორი“ ისეთი პრივატული და კონკრეტულია სახელის შერჩევაში, რომ ვერაფრით მივუსადაგე უკიდეგანოდ ზოგადი სემანტიკის მქონე ეპითეტი  "ღვთისა“ არსებით სახელს _ „ქართვლის“;

 გალა"ქ"ტიონს ლექსებშიც კი დაბადების სახელს ვეძახი და,  მისი ტაეპის ჯერ კიდევ გაურკვეველი საგნისთვის წინსწრება მეუხერხულა, არასაკადრებელ ფამილარობად მომეჩვენა.

„ქართვლის დედა“ _ სწორედ ასე დაარქვა (ან დაარქმევინეს, ან დაარქვეს) შვილმა (შვილებმა) საკუთარ "დედას", როცა ის შეიქმნა და დედამაც იშვილა ჯერ შემქმნელი, მერე დანარჩენები... თუმცა, სახელი "ქართვლის დედა" აღარ მოეწონათ შვილებს და ის ასე "გამოასწორეს“ - "ქართლის დედა“ ... ეს ეგრეთ წოდებული "ქართლის დედა“ ან სეპარატისტია, ან სნობი. ქალდეა, კარდუ, ქართუ, იბერია, ივერია, საქართველო... ამ და სხვა ზუსტ, თუ სავარაუდო სახელებს, რომლებიც დღევანდელ საქართველოს ერქვა, მრავლად მონახავთ ისტორიულ წყაროებში, მავანთა "კვლევებში", მაგრამ „ქართლი“ ყოველთვის იყო, არის და იქნება კუთხე, მხარე, რეგიონი, ოლქი... დიახ, ეს ალუმინის ქალი, თავისი მეტსახელის "ქართლის“ გამო კონკრეტული კუთხის, მხარის, რეგიონის, ოლქის დედაა და არა სრულიად საქართველოსი, რაც ნამდვილად „კულტურული სეპარატიზმია“... თუ მას იმიტომ გადაარქვეს სახელი, რომ იგი თბილისში აღმოცენდა და თბილისი ქართლს ეკუთვნის, ის მხოლოდ დედაქალაქელების (ამ სიტყვის ფსევდოთბილისური გაგებით) დედა გამოდის, რაც უპირობოდ სნობიზმია... მე არც ქართლელი ვარ, არც თბილისელი, ანუ "ქართლის დედა" დედაჩემი არ არის, არც მინდა - არ მომწონს!.. ვისაც მოსწონს, ჰყავდეს „სეპარატისტი“, „სნობი“ „დედა“...

კლასიკურ სკულპტურაში დისკურსს ყოველთვის მსგავსებისა და დადასტურების შესაბამისობა განსაზღვრავდა (პერიფრაზი - ფუკო, "ხატვა არ არის დადასტურება“). გასული საუკუნეების მორფოლოგიური, სემიოტიკური ელემენტებისაგან დაცლილი, შეიძლება ითქვას, დიალექტური პლასტიკით გაჯერებული ნამუშევრების სემანტიკა, სწორედ ამ უზადო, უშინაარსო, პედანტურ მაზოხიზმამდე მისული  ოსტატობის გამო გახდა ასე საინტერესო, გარკვეულწილად დასაფასებელიც -  ძველი სკულპტურები ბევრს ლაპარაკობენ საკუთარ სხეულზე, ლაპარაკობენ გაუთავებლად და სწორედ ეს არის მათი ფუნქცია _ ილაპარაკონ, რაც შეიძლება მეტი... დიახ, კულტურაში ვერბალურ ყბედებს ყოველთვის ეყოლებათ მსმენელი, რადგან ადამიანთა ნაწილს თავად  არ შეუძლია ფიქრი; ნაწილს არ უნდა, რომ იფიქროს; ნაწილიც აზრთა ქურიდან ჰაერზე შესასვენებლად გამოსული,  შეგნებულად გაურბის ჭეშმარიტების დევნას, რომელიც, მამარდაშვილის აზრით, არათუ ,,ქართლის დედაზე“, არამედ „მთაწმინდაზე“ მაღლაც დგას...

დიახ, კიდევ მრავალი საუკუნე მოიწონებენ თანამედროვე არტისტები "მოსეს" და "დავითს", რადგან მდუმარებაში ჩაძირულ ხელოვანს პერიოდულად უჩნდება სურვილი, ისმინოს ვინმეს დახვეწილი, გაუთავებელი ყბედობა. არ არის გამორიცხული დაფიქრებული, ღრმადმოაზროვნე, თანამედროვე ოსტატები კვლავ  დაუბრუნდნენ ვერბალურ, უშინაარსო კლასიკურ ყბედობას, რაც ტიტანურ ჯაფას და რუტინულ ნებისყოფას მოითხოვს - სამაგიეროდ ამ დისკურსს ფართო კარი აქვს, სადაც უამრავი  ზომით და ფორმით არაიდენტური დამკვირვებელი ეტევა; განსხვავებით, ვიწროკარიანი, სემიოტიკურად დანაღმული თანამედროვე ხელოვნებისგან. ხვალინდელი ხელოვნება ერთგვარი შავი ხვრელია, რომელიც კი არ ქმნის, არამედ იწოვს, შთანთქავს აქამდე შექმნილ ფორმებს და მათგან ადნობს ენერგიას, ის ფართოვდება შიგნით, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ მასში  არ შეჰყოფ ცხვირს, ვერც ვერაფერს იგრძნობ და ვერც ვერაფერს დაინახავ, მისი ენერგია, ვერბალური პლასტიკის მიღმაა... მიქელანჯელოს „დავითის“ პენისისგან განსხვავებით, მომავლის ხელოვნებას ვერ მიაშტერდები, ის უხილავი ნიმფაა, რომლის ვაგინაც ვერბალური პლასტიკის მიღმა უნდა შეიგრძნო, თუ საამისო სულის ორგანოები თავის ფუნქციას სათანადოდ ასრულებენ... თანამედროვე ხელოვნებაზე საუბრით იმიტომ გავისარჯე, რომ  მსგავსებისა და დადასტურების  შეუსაბამობის, უფრო სწორად, მისი არქონის გამო, ვინმემ ნიმფობა, ინტერკულტურულობა, იდეალისტურობა არ დასწამოს უსახურ "დედა-ძეგლს".

დიახ, "ქართლის დედას" არაფერი აქვს საერთო თანამედროვე ხელოვნებასთან, რადგან მას არ გაააჩნია შინაგანი ენერგია, რომელიც კლასიკური ფორმების გადადნობით წარმოიქმნება, მონუმენტის შიგთავსი უსიცოცხლოა, უსულოა.

ელგუჯა ამაშუკელის მცდელობა - შეექმნა კლასიკური დისკურსის მატარებელი მონუმენტი - ჩავარდა!.. საგანი ვერ ყბედობს საკუთარ სხეულზე, უფრო მეტიც, ვერც კი ბლუყუნებს... მას  ნერვიულად აქვს პირი მოკუმული და დამკვირვებელი თავისი გემოვნების, ფანტაზიის შესაბამისად უნდა მიხვდეს, რას ამბობს კი არა, რა უნდა ეთქვა, ამ, არათუ მორფოლოგიური, პოეტური პლასტიკისგან დაცლილ, არამედ ყოველგვარი სემანტიკისგან გამოშრეტილ "რაღაცას". ავტორის მცდელობა - დაგვარწმუნოს, თითქოს საგნის სამეტყველო ენა დიალექტურია და მის გასაგებად დიდი ყურადღებაა საჭირო, კრახით მთვარდება, რადგან "მონუმენტი" აბსოლუტურად მუნჯია, მას არა თუ გასაგებად, არათუ რომელიმე ეპოქის, არათუ პრივატულ კილოზე, არამედ საერთოდ არ შეუძლია მეტყველება, ხმასაც კი ვერ გამოსცემს; მისი პლასტიკა ისეთივე უტყვია, როგორიც შინაარსი... (ერთი კარგი, საინტერწსო, მხიარული ამბავი მახსენდება: ციმბირში მცხოვრებმა რიგითმა მეგრელმა ნახევარ ციმბირს მეგრული ინგლისურად მიასყიდა და რაღაც პერიოდის განმავლობაში სარგებელსაც ნახულობდა ამ საქმიდან...) კლასიკური დისკურსის აღქმაში ქართველი დამკვირვებლის დიდი ნაწილი არაინგლისურისმცოდნე ციმბირელებზე უფრო ბეცია (იყო), ეს მაშინდელმა ,,სკულპტორებმა“ კარგად იცოდნენ და, სწორედ ამიტომ, ვერ ნახავთ ვერცერთი ჩვენი "წარმატებული მოქანდაკის" "შექმნილ"  მონუმენტს, "პიეტას", ფეხის ფრჩხილად რომ ღირდეს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით; ის კი არა, ქალაქის ქვადქცეულ ჰიპოდრომზე, ძალიან ჭირს გარჩევა _ ცხენების უმრავლესობა ფლოქვებზე დგას, თუ ,,კირზავოი ჩექმა“ აცვია; ასევე, გვხვდება „ფაფრიანი ვეფხვები“ და სხვა ანომალიები... აი, ასეთ "სასურველ", არაკონკურენტულ პირობებშიც კი ვერ ამოიდგა "დედა-ძეგლის" პლასტიკამ ენა, ამ დიალექტურ ყაყანშიც კი პირმოკუმული, ენაჩავარდნილი დგას მორცხვად ამხელა ქალი და მისჩერებია კვაზიპატრიოტული იდეებით ანგაჟირებულ დამკვირვებელს მუნჯი დედის მაგივრად როდის რას იტყვის...

ახლა რომ „მონუმენტის“ კლასიკური დისკურსიდან ამოვარდნილ დეტალებზე სერიოზულად ვიმსჯელო, ანუ მივყვე არაპროპორციული სხეულის, უშნო (ვითომმრავალგზის ნამშობიარები) მუცლის, გოლიათის მხრების, მამაკაცური  ნაკვთების და სხვა შეუსაბამო „წვრილმანების“ განხილვას, ძალიან უნდა ვეცადო, ეს კაკაფონია მოდერნიზმის, პოსტმოდერნიზმის, პრიმიტივიზიმის, კონსტრუქტივიზმის ხერხებს მოვარგო, რაც აუცილებლად კრახით დამთავრდება და საბოლოოდ გამოვა გულმოდგინე, ხანგრძლივი ონანიზმი. ვუდი ალენს თუ დავუჯერებთ, ამ საქმის კეთება მარტო, განცალკევებით სჯობს; მით უმეტეს, რომ "დედა-ძეგლზე" ვსაუბრობ...

„სკულპტორმა“ დამკვირვებლის ემოციის გასაძლიერებლად "მონუმენტის" "მეტყველ პლასტიკას" ჟესტები და სიმბოლოები დაამატა და, საბოლოოდ, "მოეხაზა" ტიტანურ ჩანაფიქრს - შექმნილიყო, რაღაც არსებითად დიდი და განსაკუთრებული... ქართული ტრადიციების პატივისცემის ნიშნად, "მშვიდობის სადღეგრძელოთი", ანუ ღვინით სავსე ფიალით დავიწყოთ - ასე, აფრიკელი ბანანის გადამზიდავის სტილში აღმართული, მხრებს ზემოთ აწოწიალებული ფიალა, რომელ ნორმალურ ოჯახში გინახავთ? თანაც, ქალის ხელში... თუ თქვენთვის ერთხელ მაინც შემოუთავაზებიათ  სასმისი პატივისცემის ნიშნად, გამორიცხულია "დედა-ძეგლის" ჟესტში გამასპინძლების, დახვედრის, კეთილგანწყობის ნიშანწყალი იპოვოთ... კატა, რომ ფილტვს უნდა შესწვდეს და თუ ვერ შესწვდება (ჩემი მტერი შესწვდა ,,ქართლის დედას“) მშიერი, რომ  დარჩებას ალეგორია უფროა ეს ზეაღმართული სასმისი, ვიდრე მობრძანდი-მიირთვის გამოხატულება, ანუ მოგვჭამა ჭირი საბჭოთა მარანში გაწყალებულმა ღვინომ. გადავიდეთ ომზე, ანუ ხმალზე - რატომ უჭირავს ,,ქართლის დედას“ რომაული, ორლესული ხმალი და არა "გორდა", ან "კალდიმი", თუ მაინცდამაინც ორლესული უნდა, რატომ არა ფშაური, ან ხევსურული _შედარებით მოკლე და ქალისთვის ადვილი მოსახმარი; მერე კიდევ, ამხელა ხმალს რომ აკეთებ, შე დალოცვილო, გაუკეთე ცოტა დიდი ტარი, ხომ ხედავ არ ეტევა "დედა-ძეგლს" თავისი ბოტოტა თითები. მტერთან დახვედრის პოზაზე ცალკე მოსაზრებები მაქვს, მაგრამ აქაც ვუდი ალენს დავუჯერებ, მითუმეტეს, რომ ისევ "დედა-ძეგლზე“ ვსაუბრობ.

რომ გვკითხონ, ჩვენზე გულუხვი ერი არ არსებობს... ამ ოქროსა და ბრინჯაოს ქვეყანაში რატომ უნდა ეცვას "დედა-ძეგლს" ალუმინის სამოსი და არა ოქროსი, სპილენძის, ბრინჯაოსი, ან ლატუნის... არ გვქონდაო, ვერ ვიტყვით, "ქართლის დედის“ ძუძუსწონა სპილენძი ყველა ქართველს გვაქვს მოძიებულ-გაყიდულ-გათურქეთებული. თუ თეთრ ფერზე გაკეთდა აქცენტი, ჩათვალეთ, რომ ძალიან შორსაა შედეგი ჩანაფიქრისგან _ "ნატვრის ხე"-ში, რომ ფუფალაა, იმასაც კი ბევრად უფრო სუფთა და თეთრ კაბა აცვია, ვიდრე "დედა-ძეგლს“.

ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ მოვრჩი... ვინმეს გასაღიზიანებლად არ დამიწერია ეს ყველაფერი, უძილობა მაწუხებს და ვუდი ალენის სტილში მოთენთვა არ „მევასება", ამიტომ ჩემთვის „ვჯღაბნი“ ხოლმე რაღაცებს, მერე ჩემთვის მიმაქვს ხოლმე სადმე დასაბეჭდად, მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის კი არა, თქვენთვის დამიწერია...

... რომ არ ვარგა, გასაგებია, მაგრამ ლენინივით ხომ არ დავაგდებთ სადმე, პერიფერიაში, ამხელა „ალუმინის დედაკაცს“?! უნდა გადავადნოთ, ჩამოვასხათ რომელიმე ნაყოფიერების არქაული სიმბოლო, აუცილებლად პოპ-არტის სტილში და ზედ მივაკრათ ოქროს ფირფიტა, რომელზეც  ამოტვიფრული იქნება 77+73+17+1+1 ადამიანის სია, ხოლო ჩამონათვალს  წავუმძღვაროთ პროლოგის სტილში: ,,სად დაგირეკო, როგორ გითხრა, რა მჭამს და რა მღრღნის, / ვიღაც მიყურებს, ვიღაც მაცმევს და მირჩევს პოზას...“