ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა/ესსე

რა არის ანტი-ხელოვნება?

ჯორჯ დიკი
06.12.2016

   


მთარგმნელი: Giorgi Tchanski 
 
ჯორჯ დიკი - ფილოსოფიის პროფესორი ილინოისის უნივერსიტეტში(ჩიკაგო).
 
იმისათვის რომ გავიგოთ რა არის ანტი-ხელოვნება, ვფიქრობ, თავდაპირველად უნდა ვუპასუხოთ კითხვას: „რა არის ხელოვნება?“ (1) და მაინც, მიუხედავად ამისა, შესაძლოა, საკითხი ისე გავიგოთ, რომ შესაბამისი შეკითხვის დასმა ესთეტიკაში, ამ მოცემული მომენტისათვის, არის „რა არ არის ხელოვნება?“ ან უფრო ზუსტად -  „რა არ არის ან რას არ შეუძლია იყოს ხელოვნება სამყაროში?“, თუმცა შეკითხვას - „რა არის ხელოვნება?“ საინტერესო ელფერი დაჰკრავს და უდავოდ, გაცილებით ახლო ურთიერთობაშია საკითხთან, ალბათ, სწორედ ამ მიზეზის გამო უნდა დავიწყოთ უკანასკნელი შეკითხვით. 
 
 შორეულ წარსულში, კითხვები იმის შესახებ თუ „რა არის ხელოვნება?“, უმეტეს შემთხვევაში გულისხმობდა კითხვის ამგვარად დასმას: „რა არის ძუძუმწოვარი ცხოველი?“ ან უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, ადამიანთა გარკვეულ კლასის წევრებს რა შესამჩნევი თავისებურებები აქვთ საერთო, რაც მიაკუთვნებს მათ ამ კლასს. არსებობს სირთულეები, როდესაც ვცდილობთ გავიგოთ „რა არის ხელოვნება“ მოცემული შეკითხვა, ტრადიციული გზით, პირველად  პოლ ზიფის „ხელოვნების ნაწარმოების განსაზღვრების ამოცანაში“ (2) გადმოიცა არგუმენტირებულად და ფილოსოფოსების გარკვეული ნაწილი ამის შემდგომ ანალოგიური დასაბუთებით ხელმძღვანელობდნენ. როგორც კი ტრადიციული პროცედურის ამაობა გამოაშკარავდა, ფილოსოფოსებს თავისუფლად შეეძლოთ ხელოვნების თეორეზირება განსხვავებული გზით. 
ბოლო დროს ვეცადე ხელოვნებაზე ფიქრი სხვაგვარად დამეწყო. შევეცადე შევჩერებულიყავი სოციალურ სტრუქტურაზე, რომელშიც კონკრეტული ნამუშევრებია მოთავსებული და აღწევენ ხელოვნების ინსტიტუციონალურ კონცეფციას, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება გამემახვილებინა ხელოვნების კონკრეტულ ნაწარმოებზე განზოგადების ძიების მიზნით და  იმ შესამჩნევი მახასიათებელის თუ მახასიათებლების აბსტრაჰირების გზით, რაც მათ საერთო აქვთ. ინსტიტუციონალური სტრუქტურა, რომელიც მოსდევს არტურ დანტოს (3) მე არტსამყარო ვუწოდე, რომლის ბირთვს შეადგენს: შემქმნელები, წარმდგენები, შემფასებლები, რომლებიც გარშემორტყმულნი არიან კრიტიკოსებით, თეორეტიკოსებითა და ხელოვნების ფილოსოფოსებით. შემქმნელები არიან მხატვრები, მწერლები, მსახიობები და მათი მსგავსნი. წარმდგენები არიან მუზეუმის ხელმძღვანელები, გალერეების მენეჯერები, მუსიკოსები, მსახიობები (ზემოთ თქმულისგან განსხვავებულ როლში - ავტრ. შენიშვნა) და ა.შ. შემფასებლები არიან მუზეუმში, საკონცერტო დარბაზებსა და თეატრში მოსიარულეები და მისთ. ამასთანავე არსებობს ხელოვნების ნაწარმოებების წარდგენის მექანიზმის საჭიროება: მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, არტ გალერეები, თეატრები, სახლების კედლები და ა.შ. 
 
ყველა ეს ადამიანი და მექანიზმი ურთიერთმოქმედებს იმ ინსტიტუციის დაფუძნებასა და შენარჩუნებაზე, რაც არის არტსამყარო. ერთმანეთისაგან განსხვავებული პერსონალი ასრულებს მათთვის დადგენილ ფუნქციას. მაგალითად, თეატრში მოსიარულეები შედიან თეატრში გარკვეული მოლოდინით, თუ რისი განცდის საშუალება ექნებათ იქ (თეატრში), და ამასთანავე შედარებით მკაფიოდ განსაზღვრული იდეით, თუ როგორ მართებთ მოქცევა იმის პირისპირ, რაც მათ წინაშე არის წარ(მო)დგენილი. მიზეზი იმისა, რომ კონკრეტული საგანი  ხელოვნების ნაწარმოებია, არის არა ის (და არც არასდროს იყო - ავტრ. შენიშვნა), რომ მას გააჩნია შესამჩნევად დამახასიათებელი ნიშანი თუ ნიშნები, რაც ამის პირობას იძლევა, არამედ ის, რომ მან მოიპოვა სტატუსი არტსამყაროს შიგნით (3)
 
თუ ყოველივე ეს მიახლოებით ასახავს „რა არის ხელოვნება“, ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვიცია პასუხი კითხვაზე თუ  „რა არის ანტი-ხელოვნება?“, რომლის ზუსტი მნიშვნელობის დადგენა რთულია: ცვალებადია - ზოგ შემთხვევაში ერთი მნიშვნელობა ჰქონდა, ზოგში - სხვა;  არამდგრადია - ის (ანტი-ხელოვნება) და მისი საპირისპირო მიანიშნებს ერთსა და იმავეზე. (ამის შემდეგ უმთავრესად ვისაუბრებ გრაფიკულ ხელოვნებაზე - ავტრ. შენიშვნა) მისი (ანტი-ხელოვნების) არამდგრადობა ილუსტრირებულია ჰანს რიხტერის (დადაისტი - ავტრ. შენიშვნა) ორი შენიშვნით, თუ როგორ წარმოიდგენდა დუშანი თავის „რედიმეიდებს“. რიხტერი ამბობს, რომ „რედიმეიდები მას შემდეგ გახდა ხელოვნების ნაწარმოებები,როცა ეს დუშანმა განაცხადა“ (4) მოგვიანებით რიხტერი წერს, დუშანი „წამდაუწუმ ხაზს უსვამს იმას, რომ „რედიმეიდები“ არ არის ხელოვნების ნაწარმოებები, არამედ ნონ-არტია, დისკურსული შედეგი, ვიდრე სენსონური ჩაწვდომა.” (5)  მაშასადამე, თავიდან დუშანი აცხადებს, რომ „რედიმეიდები“ არის ხელოვნება, მაგრამ შემდგომ ხაზს უსვამს (აქცენტირებს - გ.ჭ) იმას, რომ არაა. რა თქმა უნდა, აქ არ არის გარდაუვალი შეუსაბამობა, რადგან დუშანის განცხადებები სავარაუდოდ მიმართული იყო მთლიანად სამყაროზე და მინიშნებები იყო მის თანამოძმე დადაისტებზე. ამგვარი სახის შენიშნვები სწორედ დადაისტისგან იყო მოსალოდნელი; მართლაც, ასეთ შენიშვნებს მხოლოდ დადაისტი აკეთებს. „ანტი-ხელოვნების" მნიშვნელობის ცვალებადობა ილუსტრირებულია შემდეგით:  გამოთქმა (ანტი-ხელოვნება) ზოგჯერ გამოიყენებოდა (ალბათ პირველად იქნა გამოყენებული - ავტრ. შენიშვნა) იმის საჩვენებლად,  რომ შემთხვევითობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ხელოვნების ნაწარმოების შექმნისას, აქ მნიშვნელობა (შემთხვევითობის) შეპირობებულია გარკვეული სახის ტექნიკაზე, რაც  ხელოვნების წარმოებისას გამოიყენება. ზოგჯერ ნახატები, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან კონვენციური ნახატებისაგან იმით, რასაც ისინი გამოსახავენ, ან არა მხოლოდ გამოსახვით, სხვა საშუალებითაც, ანტი-ხელოვნებად იწოდებიან, აქ ტერმინი (ანტი-ხელოვნება) უკავშირდება ნახატების „დედაარსს”. ზოგჯერ „რედი-მეიდები“, რომლებიც ჩვეულებრივ ძალიან არ განსხვავდებიან კონვენციური ნახატებისა და ქანდაკებებისგან, მაგრამ განსხვავდებიან მთლიანად ახალი განზომილებით, ანტი-ხელოვნებად იწოდებიან, აქ რთულია მნიშვნელობის ზუსტი განსაზღვრა, რასთან არის იგი დაკავშირებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს (ანტი-ხელოვნება) შედარებით უფრო გასაგებია, ვიდრე  ძალიან განსხვავებული შინაარსის მქონე საკითხის დროს. საბოლოოდ, „ანტი-ხელოვნება“ ზოგჯერ გამოიყენება არა ობიექტების, არამედ „არტისტების“ ქმედებების მიმართებით. ჰაროლდ როზენბერგს მაგალითის სახით მოჰყავს ნიუ-იორკელი არტისტი ვიტო აკონჩის შემთხვევა, რომელიც „პერიოდულად ატყობინებს არტ სამყაროს მეილის საშუალებით, თუ რომელ განსაზღვრულ რიცხვებში დადგამს სკამს თავის სახელოსნოში გარკვეული დროის მანძილზე და თუ როგორ შეიძლება ეს 'ნამუშევარი' იყოს დანახული განსაზღვრულ საათებში.“(6) ამ არტისტმა აგრეთვე "შექმნა" ისეთი სხვა "ნამუშევრები", როგორიცაა საკუთარი მაჯისცემის  თვლა და თავისი ოთახის შიგთავსის გადანაცვლება არტ გალერეაში.            
 
ასეთ შემთხვევაში არსებობს ანტი-ხელოვნების სულ ცოტა ოთხი განსხვავებული ტიპი:  1) ხელოვნება რომელშიც შემთხვევითობა თამაშობს როლს, 2) ხელოვნება რომელსაც გააჩნია განსაცვიფრებლად უჩვეულო დედარსი, 3) „რედი-მეიდები“ და 4) „არტისტების“ ქმედებები, რომელთაც შედეგად არ მოჰყვება რაიმე ობიექტ-პროდუქტი. შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული სახის ანტი-ხელოვნებაც, ზოგიერთი, გარეგნულად აშკარა ანტი-ხელოვნება, შესაძლოა იყოს ოთხიდან ერთის შენიღბული ნიმუში, მაგალითად, უორჰოლის ბრილოს ყუთები შესაძლოა იყოს „რედი-მეიდის“ სპეციალური სახეობა, სახელდობრ - „მეიდ-რედი-მეიდი“, ან დუშანის ტერმინი რომ გამოვიყენოთ „რედი-მეიდ ეიდიდ“. (ready-made aided - გ.ჭ)**  ვფიქრობ, მიუხედავად ამისა, ჩამოთვლილი ოთხი სახეობა საკმარისია ამჟამინდელი მიზნისთვის. ანტი-ხელოვნების პირველი ორი ტიპი - ნამუშევრები რომლებიც იყენებენ შემთხვევითობას და ნამუშევრები უცნაური შინაარსით - არავითარ თეორიულ პრობლემას არ აჩენენ; ესენი ადვილად ასიმილირებადი მოვლენებია ხელოვნებაში და ეს საკმაოდ ბუნებრივი იყო ჩემთვის, როცა ჩამოვთვალე ოთხი ტიპი,რომელთაგან პირველ ორზე ვთქვი, რომ თითოეული არის ხელოვნება, რომლებიც ხორციელდებიან ასე და ამგვარად. მიუხედავად ამისა, „რედი-მეიდები“ და ანტი-ხელოვნების მეოთხე ტიპი სრულიად სხვა საკითხია, მათ უცნაური რამ დაემართა.    პროფესორი როზენბერგი თავის Artworks and Packages-ში დუშანის „თოვლის აქანდაზს“ *** მიიჩნევს ხელოვნების ნაწარმოებად, მაგრამ დასძენს, რომ დავაკვირდეთ, იგი   უაზრობაა და მუზეუმის მიერ ამგვარი საგნის გამოფენა „არის ინსტიტუციის ტიპური უგუნურობა, რომელსაც დაკარგული აქვს მნიშვნელობა.“ (7) ჩვენ გვაქვს ხელოვნების ნაწარმოებები, რომელთა ყურება არ ღირს! რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობდა ხელოვნების კონვენციური ნაწარმოებები, რომელთა ყურება არ ღირს, მაგრამ არც „რედი-მეიდების“ ცქერა ღირს სხვაგვარად. 
 
ამის შემდეგ ისმის კითხვა, როგორ შეიძლება „რედი-მეიდი“ იყოს ხელოვნების ნაწარმოები, როცა მასზე დაკვირვება უაზრობაა და რომელსაც უდავოდ ეტყობა, მიკრული აქვს „ანტი-ხელოვნების“ იარლიყი. პასუხი, რასაც მე გავცემდი არის ის, რომ დუშანის „რედი-მეიდებმა“ შეიძინეს ხელოვნების სტატუსი მისი (დუშანის) განცხადებების შედეგად. მისი არასაჯარო, კონკრეტულ ადამიანებზე ორიენტირებული, გარკვეულწილად მალული აქცენტირებები თავის მოხითხითე კოჰორტისადმი ( საერთო იდეებით და მიზნებით მჭიდროდ შეკავშირებული ჯგუფი - გ.ჭ) რომ „რედი-მეიდები“ არ იყო ხელოვნება, არავითარი შედეგი არ ჰქონია. მისი საჯარო განცხადებებისა და კერძო აქცენტირებების ურთიერთმიმართება საკმაოდ ჰგავს სიმართლის თქმის დადასტურებას ბჭის კარიდან ლაქლაქით - ეს არის დამამტკიცებელი საბუთი, რომელიც ოფიციალურად ითვლება.
 
პროფესორი როზენბერგი კარგად აღწერს, თუ რას შეიძლება ეწოდოს ანტი-ხელოვნების ჩანაცვლება ხელოვნებით არტსამყაროში - „დადა-სიურრეალისტური შეხედულებების გამარჯვება თითქმის დასრულებულია, რათა დაპროექტდეს თავისივე ღირებულებების საპირისპიროდ; მისი ანტი-ხელოვნური ფილოსოფია გარდაიქმნა ესთეტიკად და ანტიპათიამ შედევრების პირფერული თაყვანისცემის მიმართ შექმნა დადა-სიურრეალისტური ხატები და წმინდანები. . . .“(8) ეს ძველი ამბავია, რომელიც მდგომარეობს ისტებლიშმენტის (ამ შემთხვევაში დაწესებულება - გ.ჭ) მიერ მისივე რევოლუციონერი პრედენდენტების კოოპტირებაში (ისტაბლიშმენტში): პრედენტენდებმა შეუტიეს ისტაბლიშმენტს, მაგრამ ამგვარ ქმედებასთან ერთად გამოიყენეს ისტაბლიშმენტის პროცედურები და გაებნენ ხაფანგში. (ზოგი შესაძლოა უფრო მეტად იყო მოწადინებული დატყვევებულიყო ვიდრე სხვები - ავტრ. შენიშვნა)  როცა დუშანმა განაცხადა, რომ მისი „რედი-მეიდები“ იყო ხელოვნების ნაწარმოებები და განათავსა ისინი არტ ჩვენებებზე, ამით ჩაიდინა საჯარო და ნახევრად ოფიციალური ქმედება, რომლითაც გაიხლართა ინსტიტუციონალურ სტრუქტურაში, მიუხედავად მისი სატირული მოტივისა. როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი განზრახვა თუ განზრახვები, დუშანმა წარმატებით შეძლო მიენიჭებინა ხელოვნების სტატუსი საკუთარი „რედი-მეიდებისთვის“ - ალბათ, ის იყო არტისტი თავისი  სურვილის  მიუხედავად. ამდენად, როგორ ვიღებთ ჩვენ ობიექტებს, რომლებიც ხელოვნების ნაწარმოებები არიან, მაგრამ რომელთა ყურება არ ღირს(?) ნება მიბოძეთ გავაკეთო შენიშვნა - რომ „რედი-მეიდები“ სააზროვნოდ ღირს, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების ნაწარმოებებს არ გააჩნია თვისებები, რომელთა მეშვეობითაც ღირს მათი ცქერა - ასეთ შემთხვევაში მათზე ფიქრი უფრო ადვილია, თუ დავაკავშირებთ არტსამყაროსთან. შესაძლოა, ეს ერთადერთი რამაა, რისი მეშვეობითაც უნდა ვიფიქროთ მათზე. 
დროა განვიხილოთ აკონჩისა და მეგობრების ანტი-ხელოვნება. ეს „არტისტები“ ჩრდილავენ დუშანს: ისინი ახორციელებენ ქმედებას და აკეთებენ განცხადებას, მაგრამ არ „აწარმოებენ“ (ამით ამთავრებენ - ავტრ. შენიშვნა) ობიექტს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მსგავსია ტრადიციული ნახატებისა და ქანდაკებებისა. ერთადერთი რამ, რაც არტისტს (პირობითად ვუწოდოთ „ზერო“ - ავტრ. შენიშვნა) რჩება გასაკეთებელი (და დიდი ალბათობაა იმისა რომ ეს უკვე გაკეთებულია - ავტრ. შენიშვნა) არის დეკლარირება და არაფრის კეთება. აკონჩი იყენებს არტსამყაროს და გარკვეულ x-ს ანიჭებს ხელოვნების სტატუსს - მოქმედება - რაც რადიკალურად განსხვავებულია ტრადიციული ნახატებისგან და ქანდაკებებისგან, ამასთანავე რადიკალურად განსხვავდება „რედი-მეიდებისგანაც“ კი. შესაძლებლობას,  რომელსაც მე შევთავაზებდი ზეროს დეკლარირებასა და არაფრის კეთებას, მდგომარეობს მხოლოდ არტსამყაროს მექანიზმის გამოყენებაში და შესაძლოა აკონჩის მდგომარეობა მსგავსია ზეროს მდგომარეობისა, იმდენად, რომ ისიც მხოლოდ  არტსამყაროს მექანიზმს იყენებს. აკონჩისა და ზეროს „ხელოვნება“ რეალური ანტი-ხელოვნებაა: ხელოვნება იმიტომ, რომ ისინი იყენებენ არტსამყაროს სტურუქუტას, ანტი იმიტომ, რომ ისინი არაფერს აკეთებენ ამით (არტსამყაროს სტრუქტურა - გ.ჭ). აკონჩი და ზერო არიან „არტისტული ბიუროკრატები“, ამ შემთხვევაში ტერმინის, „ბიუროკრატის“ ბოროტად გამოყენების მნიშვნელობით, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი იკავებენ ნიშას ინსტიტუციონალურ სტრუქტურაში, მაგრამ არაფერს აკეთებენ - რაც რეალურად პროდუქტიულია. თუ ყველა არტისტი „აწარმოებდა“ მხოლოდ ანტი-ხელოვნებას - ეს ნიშნავს იმას, რომ იქნებოდნენ ანტი-არტისტები, ასეთ შემთხვევაში ჰეგელის წინასწარმეტყველება აღსრულდებოდა - ხელოვნება მოკვდებოდა.
 
თუ ხელოვნება უნდა მომკვდარიყო, მიუხედავად ამისა, მისი სიკვდილი არ იქნებოდა უთუოდ პერმანენტული, ადამიანებისგან  განსხვავებით, ინსტიტუციები შეიძლება  კვლავ  აღადგინონ, შესაძლოა ხელოვნებაც აღადგინონ, დღეს ჩვენი მოთხოვნილება ამასთან დაკავშირებით ისეთივე დიდია, როგორც უწინ. მე ვფიქრობ, პროფესორ როზენბერს სჯერა ხელოვნების ძალის, ძალისა, რომლიდანაც აღდგება სიკვდილის პირას მყოფი ხელოვნება, ან შესაძლოა აღდგეს მოჩვენებითი სიკვდილიდან. ის წერს - „მხატვრობა დღეს პროფესიაა, რომლის ერთი-ერთი ასპექტია მისი (მხატვრობის) გადაპირქვავების თვალთმაქცობა. როგორც კი ავანგარდის მითი გაცვდა, თავის მოკატუნება იმით რომ ხელოვნება ეწევა თვითმსხვერპლშეწირვას უნდა დამთავრდეს.“ (10)
 
 
*რედიმეიდი არის დუშანის მიერ ტრანსოფრმაციის მცდელობით ესთეტიკური ჭვრეტის კრიტიკის კულმინაცია, ესთეტიკური ჭვრეტის ოპტიკური დამაჯერებლობისთვის ძირის გამოთხრა მისი (რე)რეგისტრირებით ვერბალურ და შემეცნებით აქტივობაში. რედიმეიდის ვიზუალური  განცდა ინდიფერენტულობისა და უგრძნობლობის ერთ-ერთი სახეობაა, მას შემდეგ რაც ობიექტი განზრახ შეირჩა "ესთეტიკური ემოციის" უქონლობის გამო, როგორც "ცქერისგან"  დაცვა. ამდენად რედიმეიდი არის როგორც "ვიზუალური ინდიფერენტულობის", ისე კარგი და ცუდი გემოვნების განსჯის სრული უქონლობის მაგალითი. რედიმეიდი მნახველ-მაყურებელს ითრევს  ახალ დინამიკაში, იქ სადაც ობიექტი არაა განსაზღვრული მისი ვიზუალური წარმოსადეგობით, როგორც ესთეტიკური ობიექტი. ვფიქრობ, საჭიროა ვიზუალურობის უკეთ ილუსტრირება და აქვე  რომ  დავესესხოთ არტურო შვარცს - დუშანის სურვილი იყო ენის მნიშვნელობის გადატანა სიტყვებიდან ნიშნებში, სიტყვის ვიზუალურ გამოხატვაში, მსგავსად ჩინური ენის იდეოგრამებისა. ვიზუალური და დისკურსიული ელემენტების ორმხრივი კონტექსტუალიზაცია ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ ესთეტიკური რეპრეზენტაცია ნაკლებად ეხება საკუთრივ ობიექტებს, განსაზღვრულს ფენომენოლოგიური თვისებებით, ვიდრე კონცეპტუალურ ოპერაციებს ვიზუალურ და დისკურსიულ კონტექსტში. რედიმეიდი არის ვიზუალური და ვერბალური ნიშნების კომბინაცია, სამ განზომილებიანი სიმბოლო, რომლის ვიზუალური და დისკურსიული კომპონენტები მოთავსებულნი არიან ერთმანეთის გვერდიგვერდ, როგორც სიტყვები ენაში. 
**იხილეთ Apropos of “Readymades”
***En prévision du bras cases 
 
 
(1)   მოხსენება ოდნავ გადამუშავებული ვერსიაა 1972 წელს წაკითხული სიმპოზიუმის მოხსენებისგან, ASA (American Society for Aesthetics), შეხვედრა შედგა სარასოტაში,ფლორიდა. პოლ ზიფი და ჰაროლდ როზენბერგი იყვნენ ჯგუფის სხვა წევრები.
(2) The Philosophical Review 62 (1953), 58-78. სტატია ხშირად იბეჭდებოდა ანთოლოგიებში.
(3)  არტურ დანტო, "The Artworld," Journal of Philosophy (1964), 571-584.
(4)  ხელოვნების ეს კონცეფცია სრულიად იხილეთ ჩემი წიგნის პირველ თავში, Art and the Aesthetics: An Institutional Analysis (Cornell Univ. Press, 1974).
(5) ჰანს რიხტერი, Dada: Art and Anti-art (London,1965), გვ. 88.
(6)  იქვე, გვ. 92.
(7)ჰაროლდ როზენბერგი, The De-definition of Art (New York, 1972), გვ. 243.
(8) ჰაროლდ როზენბერგი, Artworks and Packages (New York, 1969), გვ. 23.
(9)  იქვე, გვ. 200.
(10)  ციტატა, The De-definition of Art, გვ. 221-222.