• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ტენატოგენოსი

×
ავტორის გვერდი რომანტიული მიზანთროპი 23 იანვარი, 2014 1918

ტენატოგენოსი(ბერძ)-სიკვდილის მიერ შობილი

 

ძალიან ბევრი ხალხი მოსულა. ამდენსაც ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა ალბათ შენი წარსულით კი დაიმსახურე რომ ამ დროს ათობით ადამიანს აეტანა ეს სუსხი შენთვის. მეც მოვედი. ოღონთ ჩემი მეგობრის სახლთან ვდგავარ და იქედან გიყურებთ. ხომ იცი ამ ადგილის ოდნავ ზემოთ არის მისი სახლი. როგორც ჩანს ორატორობის სურვილი არ გაგიჩენია მიანც არავისთვის. თითქოს ინერციით მიდის ფინალამდე ყოველივე. მყუდრო ადგილი მაინდამაინც ვერ შეგირჩიეს, ძალიან ხალხმრავალია. თუმცა შენც ხომ ყოველთვის ეს უკანასკნელი გიზიდავდა. უფრო ახლოს მოსვლის სურვილიც მაქვს. მერე რა რომ შესაბამისად არ მაცვია, მაინც! ჩემი მეგობარი ვერ გაგაცანი, რომლის სახლთან ახლა ვარ. მშვენიერი ბიჭია, განათლებული, მოაზროვნე შემოქმედებითი. სამსახურიც ასეთივე აქვს. სხვათაშორის მინდა გითხრა რომ შესანიშნავ ეპიტაფიებს აკეთებს და ამაშიც კარგ ფულს უხდიან. თუმცა შენს საფლავზე ეპიტაფია არ მოისურვეს და ჩემს მეგობარსაც არ მოუწია საქმეში ჩართვა. არა უშავს, მაინც არ დათანხმდებოდა. აი მივუახლოვდი პროცესიას. კარგი იქნებოდა მაიაკოვსკისთვისაც ასე შეესრულებინათ სურვილი ჭადრაკთან დაკავშირებით! (ვიღიმი) იდეალური სიჩუმეა. არა მგონია, მაინდამაინც ძველ ლათინურ სიბრძნეს იცავდნენ, უბრალოდ მეეჭვება რაიმე სათქმელი ჰქონდეთ. ყველა გულში ინახავს მომხდარს. შენს ქმარს ვუყურებ პირდაპირ. არ ჩანს მაინდამაინც დაღვრემილი. როგორც მგონია მელანქოლიის საბაბს მხოლოდ გაწელილი ცერემონიალი აძლევს. თუმცა მორჩება პროცესია და ისიც საბოლოოდ ამოისუნთქავს. შენი დისპლაზიის გამო როგორც ჩანს ყელში ამოუხვედი. თან საწყალს რამდენი ლატექსის შარვალი და ნილონის კოლგოტი ჩაუცვამს იმის გამო რომ შენი ტრანსვეტისტური ფეტიშები დაეკმაყოფილებინა... აქვეა ისიც ვისაც შენს პირველ პორნო ფილმში როლი დაჰპირდნენ, მაგრამ მხოლოდ ვუაიერისტის როლი მოარგეს და თან ანუგეშეს „ყველაფერი ამით იწყება”-ო. (როგორ მინდა გავიცინო, მაგრამ მეუხერხულება) აქვეა ორი შენი ყველაზე ახლო მეგობარიც. აქ არაფერი განსაკუთრებული. ხომ იცი ამათ გონებაში ზოგადად დილემა ვერ წამოიჭრება, ან თუ წამოიჭრება, იქნება იმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით დღეს წითელი ბიუსტჰალტერი ჩაიცვან თუ ლურჯი (კვლავ ირონიაა ჩემს სახეზე).

დედაშენიც აქაა, საოცრად გამოიყურება, ისეთი ელეგანტურია, ნაზი, გრაციოზული.. კისერზე მარგალიტის ყელსაბამიც მოუჩანს. უხდება. ყოჩაღ მხატვარს, ის შესანიშნავი ფოტო ბრწყინვალედ გადმოუტანია საფლავის ქვაზე! კარგი ნამუშევარია. იმსახურებდა ამას დედაშენი რომელიც შენ გვერდზეა და არ მოგაწყენს! ( ღიმილში ზიზღი და ირონია ერთადაა აღრეული).

მამაშენი არ მოსულა. როგორც ვიცი მისი პითონი ყოფილა ავად და საზღვარგარეთ წაუყვანია სამკურნალოდ. ღამეებს უთევს ალბათ.. მართალიცაა, დაისტრესება მის გვერდით რომ არ იყოს! ზოგადად გიგანტური არსებები ხო იცი რა მგრძნობიარეები არიან! მითუმეტეს, მისი გველი. მახსოვს როცა წინა ავადმყოფობისას მამაშენი ხელოვნურად როგორ კვებავდა ამ განებივრებულ ქვეწარმავალს. სიტყვა „მომეხვიე“ ყოველთვის ქალის და კაცის რომანტიულ მიმართვასთან ასოცირდებოდა. მამაშენმა კი გარკვეულწილად სხვა დატვირთვა მისცა! უფრო ბუნებრივიც სიმართლე რომ ვთქვათ!

ბებიაშენიც მოუყვანიათ ინვალიდის ეტლით.. ამ ალცჰაიმერით დაავადებულმა ბებერმა ვერ გაგიხსენა როცა შენი ფოტო ანახეს. აი ამ წუთასაც სჯერა, რომ ცნობილი შვედი მსახიობის დაკრძალვაზეა. ამბობდა ბერგმანის ფილმებში შესანიშნავი იყო და ძალიან გული დამწყდაო.. ვიღაც აქ მყოფს როცა გაუზიარებს მის განცდებს ალბათ რომელიმე ბერგმანს მართლაც პორნო რეჟისორად წარმოიდგენს - გადასარევია!

ბიძაშენს რაც შეეხება, თავიდან ანერვიულებული ჩანდა. სულ აქეთ-იქეთ დარბოდა. როგორც ჩანს, კუბო ასიმეტრიული გამოსვლია და ნაღვლობს... მომავალში ისწავლის, ნათესავმა ნათესავს როგორ არ უნდა უმკურნალოს, ასევე კუბოც არ უნდა დაუჭედოს!

შენს წინ საოცარი პერსონაა დაკრძალული. ფოტოზევე ეტყობა რაც იყო. თვალის უპეები ჩაცვენილი აქვს, ყვრიმალები შევიწროებული, გამოხედვა შემაძრწუნებელი. სიკვდილის წინ სავარაუდოდ სისხლსაც აღებინებდა. საჭურისს გავს. აშკარად ქლამიდიოზის მძიმე სტადიამ შეიწირა.

მაღიზიანებს აქ შეკრებილთა დანახვა. ახლა მხოლოდ ბასტერ კიტონის ფილმებში დამალული სიბრძნით ვხელმძღვანელობ. მიიღე რეალობა ისეთი, როგორიც არის! მაქსიმუმ წამიერი განცვიფრება გამოხატო! ახლა არ ვიცი მისკრედოს რამდენად ვიზიარებ, მაგრამ „STONE FACE” მართლაც შენარჩუნებული მაქვს.. მახსოვს როცა ბასტერის პერსონაჟებს მადარებდი. და ისიც რომ ყოველივე ეს არ მოგწონდა რადგანაც უკიდურესად მძაფრად მგრძნობიარე მაგრამ ნაკლებად რომანტიული პერსონა ვიყავი. დრო გავა და იქნებ ვიღაცამ მეც შემხედოს ისე როგორადაც მე ვუყურებ კიტონს. იქნებ ჩემი ოხუნჯობების მიღმაც დაინახოს ვინმემ ცხოვრების გაკვეთილები და დამადუმებელი ტრაგედიის გადმოცემის ხრიკები. ისევ ჩემი განდიდების მანია! ყველაზე ცუდი გრძნობაა როცა ნიჰილიზმი გასაზრდოებს და ამავდროულად განდიდების მანიით ხარ შეპყრობილი. ამ დროს საკუთარ პორტრეტს მთლიან ჭრილში ვერ აღიქვამ და გონებაც აღრეულია. ამ განცდას ვერასოდეს შევეგუები. მითუმეტეს როცა შეგუებისთვის არც თუ ისე ბევრი დრო დამრჩა.

ახლა შევამჩნიე ბებიაშენს შენი კატა კორაც წამოუყვანია. ახლახანს ამოუხტა ჩანთიდან. შენთანაც კი მოვიდა. მკერდზე დაგაჯდა და ცხვირზე გყნოსავს. ბებიაშენმა დაიყვირა რომ კატა მიცვალებულისთვის მოეშორებინათ მაგრამ ახლოს მისვლას ვერავინ ბედავდა. ბოლოს შენი ქმარი მივიდა მაგრამ კორამ ფშვინვა დაუწყო. რის გამოც მალავე გაეცალა. ძალიან მომენატრა კორა, სულ 1 თვის იყო როცა მოგიყვანე. გახსოვს როცა გიყვებოდი, თურმე როცა დაიბადა თავის და-ძმებზე 2-ჯერ დიდი იყო და 2 კვირის ასაკში დედამისისთვისაც დაუწყია საჭმლის მოპარვა. აუცილებლად ჩავეხუტები კიდევ ერთხელ.

მინდა ეს ხალხი აქედან გავყარო და მე დაგმარხო! გიყურებ და შენი მშურს.. შენი სილამაზის მშურს, რომელსაც ახლა ვხედავ. მკვდრის ფერი დღემდე ულამაზესად რჩება ჩემთვის.. ვფიქრობ, რომ მეც ძალიან მომიხდება და ვნანობ, ამას რომ ვერ დავინახავ.. გულუბრყვილობის გამო ბევრჯერ შემიწყვია სისხლდენის გაგრძელებისთვის ხელი. რადგანაც მეგონა რომ ამით სასურველ ულამაზეს ფერს მივიღებდი. ეს არ არის უბრალოდ ფეტიში. ეს მხატვრული აღქმის მაღალი საფეხურია, რომელსაც ყველა ვერ გაიგებს.

აი ახლა ნახე! ტყვიის სროლა ატყდება მახლობელი სახლიდან. საოცარი მეგობარი მყავს, მისთვისაც მარაზმატიკულ განზრახვაშიც კი მეხმარება. სამჯერ გაისროლა. ყველანი გარბიან. შენი ქმარი დაეცა და ფეხზე ლურჯი კოლგოტიც გამოუჩნდა. როგორც ჩანს უკანასკნელად პატივი მოგაგო. ადამიანის, დელფინის, კატის და ძაღლის გარდა სხვასა ძუძუმწოვარსაც თუ ჰქონდა ნუგეშისცემის უნარი აქამდე არ მეგონა.. სროლა ისევ გრძელდება და ჩემ გარდა ყველა მიდის.. მხოლოდ კორა გაიქცა მეორე მხარეს არსებულ წიწვნარში. ისე, ყოველთვის ვფიქრობდი რომ ტყე მისი სტიქია იყო. ასეთი ველური არსება სახლის პირობებს ვერასოდეს შეეგუებოდა. უკვე ჰორიზონტიც თავისუფლდება დაგიახლოვდები... შენთან მოვედი, სახეზე გეფერები.. არ შემიძლია არც ტირილი, არც ოხვრა არც აგრესია.. შენ წარმოიდგინე და აღარც ცინიზმი, შეიძლება ასთმის შეტევაც დამეწყოს. მაგრამ არც ეს არის პრობლემა. სისულელე ვთქვი მე დაგმარხავ-მეთქი, ამას ბასტერ კიტონის კიარა ემილ ზოლას პერსონაჟიც არ გააკეთებდა.

თავბრუ მესხმის, ძვლები იშლება და ერითროციტები სკდება. მგონია რომ ორგანოები ერთმანეთს ადგილს უცვლიან და ერთმანეთის საქმესაც ძალიან უნიჭოდ ასრულებენ. შეტევა მეწყება. სისხლი თითქოს ნიტროგლიცერინის მჟავად გარდაიქმნება და მთელს სხეულში მწვავს. ინჰალატორი ჯიბეში მაქვს. თუმცა არ ვიღებ. პირიქით ძალითაც ვიკავებ სუნთქვას და ამოსუნთქულსაც ფილტვებში ვაბრუნებ. სიამოვნებით გაგინაწილებდი დარჩენილ ჟანგბადსაც. თუმცა მირჩევნია სასიცოცხლო რესურსები არცერთს დაგვჭირდეს! კორა ჩემთან მოვიდა, მუხლებზე ამომახტა.. ხელში ავიყვანე და ვაკოცე. აკრუტუნდა და გაინაბა. ასე ყველაფერი უკეთესია, ჯობს მხოლოდ იმ ორმა არსებამ გაგაცილოს რომლებმაც განსაკუთრებით დიდი დანაკლისი მიიღეს შენი წასვლით.

ვიღაც მოჩანს შორიდან, გვიახლოვდება. ქშენით მორბის. შენს ქმარს გავს! ჩემთან მოვიდა. მიღიმის, რაღაცის თქმა უნდა. ველოდები... როგორც იქნა ამოღერღა.

- როცა ახლოს მყოფი დაგინახეთ, აუცილებლად ვიფიქრე რომ რაღაცას გააკეთებდით მასთან მარტო დასარჩენათ.. თქვენი რომელიმე პერსონაჟი ალბათ უკეთეს მოიფიქრებდა მაგრამ ესეც შესანიშნავია!

- რა პერსონაჟი? და რომ გეგონა რაღაცას გავაკეთებდი ეს რა ცვლის? რატომ ჩათვალეთ თქვენი განცდების გაზიარება საჭიროდ?

- სხვანაირად არ შემეძლო. მე თქვენით აღფრთოვანებული ვარ!

- ბატონო?

- მე წავიკითხე ყველა თქვენი რომანი, ნოველა და ვერლიბრი. თქვენ გენიოსი ხართ. ძალიან მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ.. მიხარია რომ ჩემი ცოლით ასეთ გენიალურ პიროვნებას უყვარდა.

- თუ ამის თქმა იყო შენი აქ მოსვლის მიზანი შეგიძლია წახვიდე. მადლობელი ვარ დაფასებისთვის.

- კიდევ მინდა რაღაც გითხრათ.

- დროზე მითხარი!

- მე თქვენს არამარტო დაბეჭდილ ნაწარმოებებს, არამედ ჩემი ცოლისადმი გაგზავნილ წერილებსა და ვერლიბრებსაც ვიცნობ.

- და მას ჩემი წერილები შენახული ჰქონდა?

- დიახ. უფრო მეტიც, როცა მის ოთახში იყო ჩაკეტილი მე მას ვუთვალთვალებდი და ვნახე რომ ერთერთი წერილის წაკითხვის შემდეგ სხეულის დაზიანება გადაწყვიტა.. ჭრილობები საბოლოო ჯამში არც ისე სახიფათო აღმოჩნდა და ადვილად გადარჩა.. თუმცაა...

- თუმცა რა?

- მე მინდოდა ის მომკვდარიყო. ყოველთვის მიკვირდა ასეთი ალქაჯები თქვენნაირ მწერლებს როგორ ხიბლავდნენ.

ვიღიმი. როგორც მოულოდნელი ტკივილნარევი სიხარულის, აგრეთვე მისი საცოდაობის გამო.

- იცით... იცითთ.... ის შესვენებებით საუბრობდა, ენა ებმებოდა და ძალიან დაბნეული იყო. სიგიჟემდე მინდოდა ისტერიულად მეხარხარა მაგრამ ვცდილობდი მისთვის საუბრის დასრულების უფლება მიმეცა.

- ძალიან გთხოვ მალე დაასრულე სათქმელი.

- მე მასთან სექსი არასოდეს მქონია.. მას მხოლოდ თავისი ფანტაზიების დაკმაყოფილებისთვის ვჭირდებოდი. მე კიდევ მის გარდა წასასვლელი არსად მქონდა.. არც არასოდეს მყვარებია. ვიცოდი მასთან ვერასოდეს ვერაფერს მივაღწევდი. ხშირად მაიძულებდა რომ მისთვის და თავისი საყვარლისთვის მოსამსახურე ვყოფილიყავი. ვიღიმი და ვპასუხობ.

- ამით მე მანუგეშებ? უკეთესი მაინც არაფერი წარმომედგინა. ამიტომ დიდად არაფერი შეცვლილა.. ალბათ მისი ბევრი პარტნიორის სპერმაც გაქვს გადაყლაპული. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. არ გითვლი არც მასთან გატარებულ დღეებს, არც ჩემს წაკითხულ ნაწარმოებებს. არც იმ წერილებს რომელიც მე მას გავუგზავნე მაგრამ შენ მოიპარე და არც მისი პარტნიორების შენზე ჩატარებულ ექსპერიმენტებს.

-არა ვიცი რომ თქვენ ახლა ვერაფერი განუგეშებთ. უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ მე თქვენ მიყვარხართ.

თავი დაბლა დავწიე და ამოვიხვნეშე.

- გასაგებია. შეგიძლია წახვიდე.

- გთხოვთ, არ გეგონოთ რომ ვპირფერობ, ბოლომდე გულწრფელი ვარ -უკვე ძალიან მაღიზიანებს ეს ბუნების ფაბრიკული საქონელი.

- კარგი.

- იცით მე საკუთარი დასიც მყავს სადაც თქვენ პიესებს ვდგამთ.. ძალიან გამიხარდება თუ ოდესმე მის სანახავად მოხვალთ.

- მოვალ. უკვე დამაინტრიგა. ამ დეკადანსის დროში როგორც წესი ჩემს პიესებს არავინ დგას.

როგორც კი ვუთხარი მან თეატრის სავიზიტო ბარათი მომაწოდა.

- იცოდეთ რომ მე ბოლომდე გულახდილი ვარ თქვენთან. თქვენი შემოქმედების საუკეთესო ინსცენირებას აკეთებს ჩემი ჯგუფი.

- გავიგე. გულწრფელი დევიანტი ხარ რომელიც ჩემით აღფრთოვანდა. მეტი რაღა გაგიკეთო. გაოცებას ვერ გამოვხატავ. აქამდეც ყოფილა მსგავსი შემთხვევები.

- ნუ იფიქრებთ ჩემზე ასე.. ბოროტი განზრახვა არასოდეს მქონია- ის თავს ხრის და ტირილს იწყებს.. შემდეგ მეხუტება. მინდა მალე მოვიცილო და ამიტომ ამის ნებაც დავრთე. თუმცა ჩახუტებისას კორას დიდი დისკომფორტი შეუქმნა და მანაც პროტესტი ბრჭყალის მოქნევით გამოხატა.

- საშინელი კატაა. ყოველთვის ვეზიზღებოდი.

- შენი შეზიზღების გამო ვერავიზე შემექმნება მაინდამაინც ცუდი წარმოდგენა.

- ძალიან გთხოვთ ასე ნუ მელაპარაკებით. არც ისეთი უუნარო და არაფრისმომცემი ვარ როგორიც თქვენ გგონიათ.

- გასაგებია, მგრძნობიარო ბიჭო.. ძალიან გთხოვ, ახლა დამტოვე. შემდეგში დაგელაპარაკები.

- მართლა შეძლებთ მომავალში ჩემთან საუბარს?

- კი. მოვახერხებ. მომვარდა და მაკოცა. მეც ვაკოცე. თავზე ხელი გადავუსვი. ვანუგეშე.

- უბედნიერესი ვარ!

- აბა მე მკითხე. გასხივოსნებას არაფერი მიკლია.

- მე თქვენ მიყვარხართ.

- ჰოდა ეგ სიყვარულიც ჩაიტანე მიწის სიღრმეში-ვუთხარი, კორა ძირს დავსვი, სამართებელი ამოვიღე და ყელი გამოვჭერი. ფართხალი არ დაუწყია, მარტივად შეეგუა თავის ფინალს. იქნებ ამისკენაც ილტვოდა. არ აქვს ამას არსებით მნიშვნელობა! ამიტომაც ღრმად ამოთხრილ მიწაში ჩავაგდე. დანაც იქვე ჩავაგდე სისხლიანი ხელი კუბოს ზეწარს შევაწმინდე.

ისევ კორა ავიყვანე ხელში. წიწვნარისკენ მიმყავს. იქ მინდა დავსვა. ალბათ გაიგებს რომ ამ მომენტში მხოლოდ ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ადგილას.. დავსვი, ფეხზე მომელაქუცა და წავიდა. ბედნიერებას გისურვებ კორა.

ისევ მოვედი შენთან, სუნთქვა კიდევ უფრო პრობლემური მიხდება. ნერწყვი გაცხელებულ წყალს ემსგავსება, თითქოს კანიც იხრწნება. მალე სამყარო ჩვენ წინაშე შთაინთქმება. ყველაფერი რაც გვიყვარდა, გვძულდა თუ ინდეფერენტიზმის მომტანი ხდებოდა. ყველაფერი ქრება, პატარა ოთახში მოქცეული მთელი ჩვენი სამყარო, ჩვენი საყვარელი ნანგრევები. ჩვენი ლურჯი კარავი, შენი ეროტიული თამაშები, რომელმაც ყველაფერი მოსპო მაგრამ დღემდე მაინც წმინდა მოგონებები დატოვა.. ყოველივე ჭკნება და შემაძრწუნებელ სივრცეში იწელება. ჩრდილები ერთმანეთს წყდებიან და გახლეჩილები სხვას ემუდარებიან შეერთებას. მაჯაზე თითქოს ვენები სკდება და წინანდელი სიცოცხლის ნაცვლად მხოლოდ უფორმო კოპლებს ტოვებს. თვალებიც მიბნელდება. მაგრამ ჩემი სიამაყე ამას არაფრად აგდებს და ყველა მოვარდნილ მახრჩობელ ბაცილას თრგუნავს.. თანდათან შეტევა მიძლიერდება. სადაცაა პიკს მიაღწევს. ჩემს სულში ყველა შიში და სინანული ჭლექიანის ხველისგან სისხლით დასვრილი ცხვირსახოცივით მოსროლილია. ინჰალატორს ჯიბიდან ვიღებ, ვტეხავ და ამოთხრილ მიწაში ვაგდებ......

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული