უცნაურობამოწყურებული





პროზა

უცნაურობამოწყურებული




ზოგადად უცნაურობას გარკვეული დოზით ყველა იჩემებს და კარგ ტონადაც მიგვაჩნია, რადგან უცნაურობა განსხვავებულობასთან ასოცირდება, განსხვავებულობა ორიგინალურობასთან, ორიგინალურობა ინტელექტის მაღალ კოეფიციენტთან და ასე შემდეგ, მაგრამ დაჩემება ერთია, თანდაყოლილობა მეორე და გამომუშავება მესამე. ზუსტადაც, უცნაურობის გამომუშავება შესაძლებელია და სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩვენი ისტორიის მთავარი გმირი, რომელმაც იქამდე ისხმარტალა, სანამ მიზანს არ მიაღწია და საზოგადოდ თუ ინდივიდუალურად უცნაურის სტატუსი არ დაიგდო. ჩალიჩი ნამდვილად მოუხდა, იმიტომ რომ ბუნებას მასზე ბევრი არაფერი დაუბერტყავს და რაც დააბერტყა ისიც დაამადლა, ძმრად ამოადინა კეხიან ცხვირში, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე ანუსის ზომა მტკივნეულად გაუფართოვა.

მიუხედავად ცხოვრებასთან ამგვარი დაძაბული ურთიერთდამოკიდებულებისა, უცნაურობამოწყურებულს გულში ბოღმა არასოდეს ჩაუდია, შური რამდენიც გინდათ - ყველასი შურდა ვისაც თითის განძრევაც არ დასჭირვებია იმისთვის, რომ განსხვავებული ყოფილიყო და ვის ანუსზეც ცხოვრებას ოდნავადაც არ უძალადია. შურდა და იბოღმებოდა („გულში ბოღმა არ ჩაუდია“ - წმინდა წყლის სიცრუე იყო), საშუალო სტატისტიკურობას ჯიუტად გაურბოდა, ერკინებოდა ყოველდღიურობის სადამსჯელო ოპერაციებს, რომლითაც ცხოვრება მასში უცნაორობისადმი აღძრული ლტოლვის ყოველი გამოვლინების აღკვეთას ცდილობდა (ხშირად ახერხებდა წარმატებულადაც).

კრიზისული პერიოდი ვის არ გვქონია, არც ის იყო გამონაკლისი და ხელი რომლითაც ოპტიმისტური მომავლის დანახვის იმედით დაჭყეტილ, აწითლებულ თვალებს შიგადაშიგ იჩრდილავდა, არაერთხელ ჩაიქნია. იქნებ არაა ეს ყველაფერი შენთვის, ან იქნებ შენ არ ხარ ამ ყველაფრისთვის და როგორ უნდა შედგეს წარმატებული კორელაცია თუ სამიზნე რომლისკენაც საკუთარი თავი ისარივით გაისროლე, სხვა განზომილებაშია? - ეს სევდიანი კითხვა, რომელსაც ლოგიკანარევი პესიმიზმი ედო საფუძვლად საკუთარ თავს თავადვე ჰკითხა, მერე პასუხზე დაფიქრებული მეფურად გადაეყრდნო სკამის საზურგეს (პარკში იჯდა მარტო და წვიმაში, თანაც ღამით - ციოდა როგორ, ფეხებს ძლივს გრძნობდა და ფიქრის მენეჯმენტს კი მაინც ჯიუტად აგრძელებდა, ნებისყოფიანი იყო შიგადაშიგ). ასეთი რამ თქვა: როცა ქუჩაში ადამიანებს შორის ვმოძრაობ, ნაბიჯებს სხვებთან შედარებით მძიმედ ვდგამ და ეს იმიტომ ხდება, რომ ჩემ ზურგს უკან ჩემივე უცნაურობა მძიმე ტვირთადაა აღმართული, მთელი სიმძიმით მაწვება, ნებისმიერ დროს შეუძლია წელში გაიმართოს, მხრები გაშალოს, თავისი ალოგიკური წონით გამსრისოს, ჩემი ადგილი დაიკავოს და ჩემივე სახით განაგრძოს არსებობა - მე ამას ვგრძნობ.

ჯიუტი იყო, მაგრამ ის მეორე, პესიმისტური ნახევარიც გაუჯიურდა, არ აპირებდა პოზიციების იოლად დათმობას - პოტენციალი ხომ ყველას აქვსო, ჩაიხითხითა და უნიჭობაში დასდო ბრალი: უცნაურობის ნიჭი არ გაქვს და ვერც იმას მოახერხებ წონაში ასე ერთბაშად მოიმატო, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ არასოდეს გიმართლებდა და ახლაც, ამ წამს, ჩემს სიტყვებს ამტკიცებო (ცუდი ამინდი რომ იყო, წვიმდა და ელავდა, ალბათ ამაზე თუ გადაუკრა სიტყვა). ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ყველაზე მეტად იმას არ უმართლებს, ვისაც თითქმის უმართლებსო, დაამატა და პასუხისთვის არც მოუცდია, გამარჯვება იზეიმა.

კამათს რა აზრი ჰქონდა (აზრი არაფერს ჰქონდა), ადგა და გაყინული სისხლის ასამოძრავებლად ძუნძული დაიწყო. რა თქმა უნდა, საღი აზრის მანიპულაციებს არასოდეს აჰყვებოდა (წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილად არ იქნებოდა, ჩვენი ისტორიის მთავარი გმირი) და გადაწყვიტა სახლში მისვლამდე მოეფიქრებინა გამოსავალი, რომელსაც აგერ უკვე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებდა.

გამოსავალიც, ჩიხიც და შესავალიც მხოლოდ ფორმალობებია, ჩვენ ეს მშვენივრად ვიცით და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისადმი ფარული ზიზღი სადღაც და საიმედოდ, შავი დღისთვის გვაქვს გადანახული, ერთურთის ბედი გარკვეულწილად მაინც გვადარდებს. მშვენივრად ვიცი, უცნაურობამოწყურებულთან ტელეპატიური ძაფების გაბმას ბევრი ეცდებით, ზოგს გამოგივათ კიდეც, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რა მოიფიქრა იმ ჩემისამ სახლში მისვლამდე.

წვიმდა. ნამდვილად წვიმდა, იმდენად რომ წვეთებს იგრძნობდით და სისველესაც, მერე სიცივეს და ასე შემდეგ. ეს არც ისე ხშირი მოვლენაა, ამ ბოლო დროს ძირითადად უგრძნობი წვიმები შემოგვეჩვია, რომელთა არსებობასაც მხოლოდ ვარაუდის დონეზე შევიგრძნობთ. იმის თქმა მინდა, რომ მგრძნობიარე წვიმაში ძუნძულით ამოძრავებულმა სისხლმა თავისი საქმე ქნა და ტვინის უჯრედებიც ნაყოფიერად აამუშავა, ნაყოფი რამდენად ღირებული აღმოჩნდა, ამაზე ინფორმაცია აღარ მომეპოვება, მაგრამ ისიც საქმეა ეს ნაყოფი, საერთოდაც რომ გა(ღ)მოჩნდა.

„სუნის თეორია“. - საკუთარ თავს უთხრა, სხვასთან გულახდილად არასოდეს ისაუბრებდა, არ შეეძლო და იმიტომ, მაგრამ ეს უცნაურობა რომ არ იყო, ხვდებოდა (უცნაური ის იქნებოდა, ასე რომ არ ყოფილიყო). მე ვიმუშავებ სუნის თეორიაზე და ჩავატარებ ექსპერიმენტებს დახურულ სივრცეში. უფრო კონკრეტულად მეტროში და კიდევ უფრო კონკრეტულად დაძრულ მატარებელში, რომელიც ადამიანებით იქნება სავსე.

მოქმედებიდან მოქმედებამდე ხიდად გადებული უმოქმედობა რომ არ ჩატყდეს, სისწრაფე აუცილებელია და გამოცდილებამ ეს ნიუანსი კარგა ხნის წინ, არაერთგზის დააზუთხინა. ამიტომ ახალშობილი თეორიის ლოგიკურად განვრცობას შეგნებულად გაერიდა, ლოგიკასაც უხერხულად აარიდა თვალი და გადაწყვიტა, გათენებამდე ენით აღუწერელ სისულელეებზე ეფიქრა, რაც გამოუვიდა კიდეც (შესაბამისად, ვერაფრით აღვწერ, რა სისულელეებზე ფიქრობდა მთელი ღამე, დაძინებამდე, ძილშიც და გაღვიძების შემდეგაც).

დანიშნულების ადგილს რომ მიაღწია, სუნის თეორია განვითარების მეორე (თეორიისათვის ყველაზე სახიფათო) ეტაპზე გადავიდა და მისი პრაქტიკაში გამოცდის დროც დადგა. სუნამოები და დეოდორანტები ყოველთვის სძულდა, მათ არასოდეს იყენებდა, არც იმ ადამიანებზე ჰქონდა დადებითი წარმოდგენა, რომლებიც მუდამ თუ არა, უმეტესად მაინც უმისამართოდ ახდენდნენ საკუთარი სხეულის ჰიგიენურობის აფიშირებას. ხარისხიანი თუ უხარისხო, იაფი თუ ძვირადღირებული სუნამოებით გაჟღენთილი სხეულები მასში არასოდეს იწვევდა სიმპათიას, ამიტომ სუნის თეორიაში ეს ინგრედიენტები თავიდანვე გამორიცხა შემდეგ კი იმის შიშით რომ ზედმეტი ფიქრისგან შესაძლებელი იყო ყველაფერი გაერთულებინა, მომენტალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აღრასოდეს უნანია: გაზებისგან ხმაურით დაიცალა.

თეორიის დებიუტი შედგა, ანუ მეორე ეტაპი ავად თუ კარგად გადაილახა და ჰორიზონტზე ახალ-ახალი ეტაპები ერთმანეთისგან ბუნდოვანი მანძილით დაშორებული საფეხურების სახით გამოისახა, რომლებზეც უცნაურობამოწყურებულმა დაუფიქრებლად შედგა ფეხ(ებ)ი. შედგა და აუყვა კიდეც - შევიდოდა ხალხით გადაპენტილ ვაგონში, დაელოდებოდა კარის დახურვასა და მატარებლის დაძვრას, იდაყვებით გზას ცენტრისკენ გაიკვლევდა და სტრატეგიული პოზიციის დაკავების შემდეგ ხმაურით იცლებოდა საგანგებოდ დაგროვილი გაზებისგან. სანამ ვულგარულობასა და გაუთლელობაში დასდებთ ბრალს და თან გაიფიქრებთ, რა დიდი ექსპერიმენტი ესაა - დადგე და ხალხში აკუო, აქედან ვინ რა ეგზისტენციალური დასკვნები უნდა გამოიტანოს ან უცნაურობა რაში გამოიხატება, ყოველი მეორე ხეპრე სხვას კი არაფერს აკეთებსო, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი აზრი არავის აინტერესებს. რომც აინტერესებდეთ, ცდებით. საჯაროდ გაზებისგან დაცლა არაერთი ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვას მოითხოვს და გარდა ამისა, ექსპერიმენტით გამოწვეული რეაქციების შესწავლა საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა.

დასაწყისში (და მერეც) დახშულ სივრცეში გაშლილ გაზებთან ერთად, შექუჩებული ადამიანების ისედაც შუბლშეჭმუხნულ სახეებზე ზიზღის ამსახველი მიმიკები კრთოდა - პროტესტი ძირითადად უხმო, მაგრამ შიგადაშიგ აშკარად გამოხატულიც, ხმამაღალი, დამანამუსებელი ხასიათისა იყო. უხერხულობა დაძაბულობისკენ მიმავალ გზაზე უამრავ უკუჩვენებას განიცდიდა და გაქრობამდე დისკომფორტის შეგრძნებას უტოვებდა ექსპერიმენტატორს. შემდეგ ტექნიკა შედარებით დახვეწა, ეშმაკის შემფარებელი დეტალები გაითვალისწინა, მექანიკების სრულყოფაც მოახერხა და ექსპერიმენტისგან მაქსიმალური შედეგის მიღების დროც დაბარებულივით დაუდგა.

ახლა რაც შეგეხება შენ, საღამოს შინისაკენ მეტროთი მიმავალ დაღლილ მგზავრს, ავტოპილოტზე რომ ხარ გადართული და მხოლოდ მექანიკურად მოძრაობ, უშინაარსოდაც (შენი ცხოვრებასავით), ერთი სული გაქვს როდის მიაღწევ კომფორტის ზონას, რომელსაც მეტროს რამდენიმე სადგური გაშორებს, უკმაყოფილო ხარ, ოღონდ ბოლომდე ვერ ხვდები რატომ და გაღიზიანებულიც, იმდენად რამდენადაც შენს მოდუნებულ სხეულსა და ობში თბილად ჩაფლულ შინაგან სამყაროს ეს შეუძლია. ყველაფერი, რაც ყოველდღიური რეჟიმისგან მოქსოვილ კანონზომიერებას არღვევს შენს ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ როცა შენ გვერდით მდგარი მგზავრი შენნაირი ავტოპილოტებით გავსებულ ჰაერდეფიციტურ ვაგონში ხმაურით იცლება გაზებისგან, მრისხანება გიპყრობს, საკუთარი თავის კონტროლს საკუთარსავე თავზე იღებ, მხოლოდ იმიტომ, რომ გაბრაზდე და ამ გაბრაზების სათანადო გამოხატვის გზებზე ფიქრობ. შენ დიდი ხნის წინათ ჩაიქნიე ხელი უცნაურობის პერსპექტივაზე, დათმე საკუთარი მანდატი და უარყავი კანდიდატურა, რომლის კამპანიისთვის ენერგიის დახარჯვა არარენტაბელურად მიიჩნიე. შეეგუე ერთფეროვნებას, რომელსაც სტაბილურობასთან აიგივებ და ისწავლე სტაბილურობისგან ზომიერი სიამოვნების მიღებაც. აქ არაფერია ალოგიკური და ვერც ვერავინ დაგადანაშაულებს იმაში რომ მცდარი არჩევანი გააკეთე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორი არჩევანი უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ ისიც ბუნებრივია, რომ ამ ისტორიის მთავარი გმირი შენ ვერასოდეს იქნები, პერიფერიული - კიბატონო. შენი მოვალეობა მარტივია: იდექი და რიტმულად შეუშვი ფილტვებში მთავარი გმირის მიერ ხმაურით გამოყოფილი გაზები.

-რატომ? - კითხვა ლაკონიურია, მრავალტონიანი და მოიცავს ისეთ ემოციებს როგორიცაა: გაკვირვება, ცნობისმოყვარეობა, გაღიზიანება, გაკიცხვა, ზიზღი.

-იმიტომ რომ ჩემი თეორია და ჩემი ხედვა მაქვს, ჭრილი რომელშიც ადამიანების მოქცევას ვცდილობ. მხოლოდ ამ ჭრილიდან მინდა დასკვნების გამოტანა, - ურცხვად პასუხობს უცნაურობამოწყურებული რიგით მგზავრს, კმაყოფილია, დამძიმებულიც (მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამის წინ საგრძნობლად შემსუბუქდა).

-რა დასკვნების? - ტონი სარკასტულია, ინტონაცია კი გვამცნობს რომ კითხვის დამსმელი გონივრული პასუხის მოსმენას ნამდვილად არ ვარაუდობს.

-პირველ რიგში იმის, რომ არავის ვგავარ. - ამაყი ეთქმის და ხმაში ბედნიერების მსუბუქი ელემენტებიც ურევია.

მოგვიანებით სხვა ადგილას სხვაგვარი დიალოგიც იმართება:

-დღეს ვიღაც გამოსირებულმა ვაგონში გააკუა.

-კაი, ღადაობ?!

-შენ თავს გეფიცები. ტიპმა ლამის თავზე დაგვაჯვა და არც შეუმჩნევია, ვითომ აქ არაფერიო, პოზაც არ შეუცვლია.

-აუ ცუდად ვარ... ფუჰ!

-აზზე მოდი სად ვცხოვრობთ.

-რამდენი გამოყლევებულია ამ ქვეყნად...

ნუ იტყვით.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.