ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
რეცენზია

მე ვარ ბესო

ალექსანდრე გაბელია
15.12.2016

   


 ლაშა ცქვიტინიძის  „მე ვარ ბესო“ შეიძლება მივიჩნიოთ   ერთგვარ აღმოჩენად   და იმ  დამკვიდრებული ნორმატივებისა  და  კინოენის გარღვევად,  რომელიც ქართულ კინემატოგრაფში  ათწლეულებია დომინირებს.  ამ ყველაფერს კი, რეჟისორის გულწრფელ დამოკიდებულებასთან ერთად, პოლიტკორექტულობაზე  ანუ  „ეზოპეს ენაზე“ უარის თქმა განაპირობებს.   ეს ენა, ჩვენს შემთხვევაში,  არა თუ ახალ მხატვრულ ხერხებსა  და მიგნებებს აწარმოებს,  არამედ აფერხებს ნამდვილი  „ახალი ტალღის“ დაწყებას,  რომელიც  უნდა გახდეს, როგორც  შიშებთან  მებრძოლი  მექანიზმი,  ასევე  ინდიფერენტულობასთან, აპათიასთან და აპოლიტიკურობასთან დაპირისპირებული  მხარე.

რეჟისორს  ჰყოფნის   გამბედაობა და   მისი ინსპირაცია   სარდაფიდან ამოქექილი  სოფლელი რეპერის სიმღერა ხდება. სწორედ ამიტომ, ფილმის სახელი-„მე ვარ ბესო“-შემთხვევითი  არაა.  თუ  ჩვენი  თავდაპირველი  რეაქცია ამ  თრეშზე შესაძლოა  მხოლოდ ირონიული ყოფილიყო,  აქ მხატვრულ სახედ იქცევა და ერთგვარი რეფრენის ფუნქციასაც ირგებს. მეტიც, გამოხატავს მთავარი გმირის იერსახეს. 

 „მე ვარ ბესო და არ ვლაპარაკობ ბევრსო, მხოლოდ ვასრულებ ჩემს მოვალეობებსო...“ -  მალულად  რეპავს  ბესო, (ცოტნე ბარბაქაძე) იწერს დიქტაფონზე და ამ ყველაფრის გასაჯაროების ეშინია.  თითქოს  საქმე ძალიან ინტიმურ და მტკივნეულ თემას ეხებოდეს.  ან  ქმედებას, რომელსაც ბიჭს ვერც მოუწონებენ და  ვერც გაუგებენ.   ბესო ბევრს ხშირად მართლა არ საუბრობს, ან უბრალოდ  დასმულ  შეკითხვებზე პასუხები არ აქვს.  სტერილური შეკითხვების ავანგარდში კი   „უფროსი  თაობა“ დგას -მშობლებისაგან თუ მასწავლებლებისგან შემოფარგლული. „მოდი კაცურად ვილაპარაკოთ“ , „საქმე არა გაქვს?“, „გამეცი პასუხი“ - ის სიტყვაშეთანხმებებია, რომლებიც   გაისმის გმირის გონებაშაში,  თუმცა ბოლომდე უემოციოდ და შინაარსისგან  დაცლილად.   მასწავლებლის სიტყვები მაღალ კულტურაზე და კარატე ქართული ნაციონალური სიმღერის ფონზე („შენ ხარ ქართველი“)  კი ფარისევლობის და სიყალბის გამომხატველი ნიშნებია.

ბესოს ემოციებს და  ხასიათს კი მუდმივად მოძრავი ხელის  კამერა ქმნის.  ოპერატორი (შალვა სოყურაშვილი)  მის მსგავსად დაძრწის პატარა სოფელში, მასსავით ოცნებობს საზღვრების გადალახვაზე და ხელის უნებლიე კანკალიც პროტაგონისტის პულსის აჩქარებისა თუ  ქაოტური შინაგანი სამყაროს გამომხატველი აქტი  ხდება.  ყოველთვის ცდილობს მასთან მიახლოებას და  კამერით  სხვადასხვა დეტალის გამომჟღავნებას.   ამ პროცესში ისე გულმხურვალედ  უყვარდება  თავისი გმირი, რომ ბესოს  ნაცვლად ცდილობს შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემას. რეჟისორი კი სრულიად ავთენტურ დიალექტს ირჩევს და  პერიფერიაში მცხოვრები ბავშვების ენა ბოლომდე მიდის მაყურებლამდე.  დასწავლილ და სოციუმისგან გაჟღენთილ   სიტყვებით საუბარს  კი სივრცე ჩვენგან მოშორებით გადააქვს. თითქოს ერთგვარ  მიკრო სამყაროს ქმნის, რომლისგანაც ვდისტანცირდებით და არ გვსურს კონფორტის ზონიდან გამოსვლა; უამრავი დამარხული  არქეტიპი ცოცხლება ჩვენ  თვალწინ. ვხედავთ  ამორფულ გარემოს, კონსერვატიულ ოჯახსა თუ სკოლას, არსაიდან გამოჩენილ უფროსებს, რომელთაც  ბავშური  კონფლიქტების „მოგვარება“ ევალებათ. ეს ყველაფერი კი კომიკურ ხაზთან ერთად  სევდიან ნარატივს ავითარებს. ემოციებს კი ჩვენივე სოციალურ-პოლიტიკური თუ კონცეპტუალური საკითხები განაპირობებენ.  რეჟისორთან ერთად ვცდილობთ გავცდეთ  აღწერით დისკურსს და დიალექტიკური მეთოდით  შევიჭრათ როგორც ფილმის გმირების, ამასთანავე  საკუთარ  გონებაში.  საგნებზე  რეფლექსია თანდათანობით გარდაიქმება მატერიალურ გამოსახულებად,  რათა შემდგომ რეკონსტრუირდეს  ცოდნასა თუ რეალობის დანახვაში.

ბესო   პროვინციის ერთ უბრალო ოჯახში ცხოვრობს. ყოველდღიური რუტინა ანგრევს ურთიერთობებს და ადამიანებს შორის ვერბალურ თუ არავერბალურ კავშირებს.  მაშინ როცა ,მამამისი დედამისს  ლობიოსა და კარტოფილის განცალკევებას და ისე დამზადებას უბრძანებს, (რადგან სუპი ყელშია)  სოციალურ საკითხთან ერთად   მომენტალურად  იხატება ოჯახური პორტრეტი ინტერიერში. ამ სივრცეში როლები და ფუნქციებიც წინასწარ გადანაწილებულია . ვხედავთ მამის  პერსონაჟს,  რომელიც მუდმივად ერთ ოთახშია გამომწყვდეული, როგორც გვამი მორგში.   მისი  გაბრაზება,ყვირილი,  გაუთავებელი გინება - ხშირად გაჯერებული სიძულვილის ენით  -  საშუალო ასაკის მამაკაცის სახასიათო ნიშნებია.   ადამიანის, რომლის ცხოვრება  საშინელ დეკადებადაა დაყოფილი, (ეს რეჟიმები და „დემოკრატიები“ კი ჩაჯმის სიმბოლოა) ამიტომაცაა   გინება ასეთი გულწრფელი.  მთავრობები  კი მისთვის და „სხვა მამებისთვის“  სოციალურ რეალობას არ/ვერ ცვლიან. (არ შეუცვლიათ)  როდესაც ის ბესოს მოქმედებისკენ და გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს, სინამდვილეში საკუთარ პიროვნულ ტრაგედიას უსვამს  ხაზს. სიტყვების  „მე რო შენხელა ვყოფილიყავი...“  ფონზე, ჩასვრილი კაცის პორტრეტს ვხედავთ.  მოგვიანებით რეჟისორი ბესოს მეგობრის პირითაც გვეუბნება იმავეს.  ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ ვისმენთ გადაკრულ ნათქვამს „ქართველის ვალია ჩაიჯვას“.  რეჟისორი კი ახერხებს  ამ  ყველაფერის ისეთ ნატურაში ჩვენებას, რომ „შვილებს“   სიმწრის  სიცილით გვეცინება  და მისდამი საშინელ ემპათიას ვგრძნობთ.  საშუალო  ხედით  გადაღებულ რადიკალურ სცენაში თითქოს გამოსახულება  თავად ახდენს ფოტოგადიდებას,  რომლის ცენტრში მამა  ფოკუსირდება.  ჩვენ კი ის უკუკავშირები გაგვიელვებს ტვინში, რომელთა გამოც ვერ ვახერხებთ მათთან საერთო ენის გამონახვას; შემდგომ  თვალწინ გაიელვებს დედა- გასაგნებული ელემენტი- რომლის მთავარი ფუნქცია ოჯახზე ზრუნვა და მუშაობაა.  ბოლოს კი ვეცნობით   ძმას-ლერის.(ლერი ბექაური) ბესოს მეგობრის თქმით „სტრან როჟას“,  რადგან იგი არ ჯდება საზოგადოების მიერ დადგენილ    ნორმებში. რეჟისორს აქაც ჰყოფნის სითამამე, არ ეშინია იმის  რომ ამბავი შეიძლება ჩავარდეს  და  ფილმში მანერული გეი შემოჰყავს, რომელიც ჰეტერონორმატიულ წესრიგს ეჯახება.

ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც გულწრფელ საუბარს არ უშინდება, სწორედ - ბესოა.  იმის მიუხედავად რომ  ბიჭი   იკვებება  ჰომოფობიური  ტექსტებით, ბოლომდე ცდილობს გაუგოს ძმას, ეს გაგება კი  რაღაც მოჩვენებით ტოლერანტულ  ჟესტად არ იქცეს.   ფილმის ღია  ფინალში კი ნავით გაქცეულ წყვილს (ლერის და სერგოს)  ვხედავთ.  ბილი უაილდერის   “Some Like It Hot”  საფინალო მიზანსცენისგან განსხვავებით, გამოსახულება აქ  იწმინდება  კომიკური ალეგორიებისგან  და პირქუშ და ცივ სურათს ქმნის.  კულტურასთან და სოციუმთან დაპირისპირება  კი ტრაგიკულ სახეს იღებს.

ფილმის  მნიშვნელოვანი  ხაზი ბესოსა და მისი მეგობრის, ბექას, (სოსო ტარყაშვილი) ურთიერთობას ეთმობა. ჩვენ ვხედავთ მათ ყოველდღიურ ყოფას, გაჯერებულს - შიშებით, უიმედობით და  ოცნებით.  თითოეული  დიალოგი (სიტყვა)   სინამდვილის ენიდან ამოიზრდება.  შეიძლება ითქვას რომ, თანამედროვე ქართულ კინოში ეს ახალი სიტყვებია.  ვერლიბრისა და   რიტმული პროზის მუდმივი ქაოტური  გადანაცვლებები კი გმირების  ცვალებად ხასიათს გვანახებს.  უბრალოდ კი არ ფიქსირდებიან და ქრებიან -  არამედ მუდმივად კვლავწარმოებენ.  თანაკლასელ გოგონებთან ერთად პიკნიკი, ბენზინის ყნოსვა,  ხეტიალი,  თანასოფლელის ეზოს წინ ბაყაყების დაყრა და შუშის ჩალეწვა-  ის  ბუნებრივი  გამოხატულებებია, რომლებიც ბიჭების ხასიათსა და სამყაროს წარმოადგენენ.   წყლით დაგუბებულ  თხრილში  ცურაობა(ფართხალი) კი თავისუფლების სიმულაციას ქმნის.   იმ გარემოს მეტაფორას, რომელშიც ბიჭებს უწევთ არსებობა; სწორედ ბექასთან ურთიერთობის დროსაა ბესო ყველაზე გულწრფელი და აღარც პასუხების გაცემის ეშინია.  საშინლად სევდიანია მიზანსცენა, სადაც  კამერა ერთი სივრცის ბოლოში მეგობრებს ტოვებს, მეორე  მხარეს კი გავარვარებულ ცეცლხს, რომელიც ფეირვერკებს აისხლიტავს.   პირველად აქ რეპავს ბესო  „სახალხოდ“  აფეთქებების ფონზე,  ბოლოს კამერაც უახლოვდებათ და ვისმენთ მეგობრის სიტყვებს  „.. სად იყავი აქამდე..ამას სცენაზე რომ იმღერებ მაგარი იქნება შე ჩემა“.   ფეიერვერკის  მსგავსად იფრქვევა ცაში იმედები და ეს ოცნებაც მიუღწეველი ხდება.  ვფიქრობთ რომ მეგობრები ბოლომდე ამ გამოქვაბულში დარჩებიან, რადგან მომავალი არსად ჩანს. ამის გააზრეების მომენტში  უკანასკნელ ნიჰილისტებთან ერთად,  გმირების თანაზიარები  ვხდებით.  გვინდა რომ ვიყვირიროთ, მაგრამ ჩვენ ხმას ძალიან დაბალი ექო აქვს.

მონტაჟი  ერთი შეხედვით სხვადასხვა ამბავს  ავითარებს და ტაეპებად ჭრის, მეორე მხრივ კი გვაჩვენებს კულტურული და პოლიტიკური  საკითხების მყარ ურთიერთკავშირს.  ზედაპირზე ამოზრდილი პრობლემები კი საერთო ფონის ჩონჩხს ქმნის.  ჩვენ ვხედავთ ბესოს  კონფლიქტს თანაკლასელებთან, რომელიც ერთი სცენის დროს ხელჩართულ ჩხუბში გადაიზრდება.  ბიჭები მიტოვებულ შენობაში განმარტოვდებიან.  კამერა  გინებისა და ჩხუბის ფონზე გვაცნობს სივრცეს, აკლდამასა თუ მიტოვებულ ციხეს, რომელიც  სავსეა დანგრეული ნივთებით,სკამებით, სურათებით, აყრილი  პარკეტით. მტვერის, საშინელი ჩახუთულობისა და ნესტის სუნზე  კი არსაიდან გამოჩნდება მამაკაცი, რომელიც უთანხმოებას მარტივი სიტყვებით აგვარებს, ჩვენ კი ვხედავთ საკითხის გადაჭრის ყველაზე  სარკასტულ და  თამამ  გადაწყვეტილებას. „ მოდით აქ..რა გინდათ?! ვეღარ გაიგეთ რომ ეს შენობა არის კულტურული მემკვირდეობის დაცვის ძეგლი..გაეთრიეთ აქიდან!“  აქ კი აღნიშნული კონფლიქტი მეორეხარისხოვანი ხდება, რადგან  რეჟისორი ახერხებს და ქმნის ერთგვარ ალეგორიულ მანიფესტს, ეს სივრცე კი ქართული მოდერნული კერაა, სადაც ლპობაშეპარული ფაშისტები კულტურას საკუთარი სიტყვებით კვებავენ.

 „მე ვარ ბესო“ თანამედროვე ქართული კინოს მარგალიტია, რომელიც უხეშად გვანახებს იმას, რისი დანახვაც  მტკივნეულია. მეორე მხრივ,  კი შეუძლია  დაუნდობელი ბრძოლა გაუჩაღოს   ამ ტკივილის გამომწვევ  მიზეზებს, ისევე როგორც მათ შემოქმედებს.

ანტიბიოტიკების დრო დასრულდა, მორფიც უნდა გადადგეს!