ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა/ესსე

თეზისები კონცეპტუალურ ხელოვნებაზე

სოლ ლევიტი
22.12.2016

   


თარგმანი: Giorgi Tchanski
 
1. კონცეპტუალისტი არტისტები უფრო მისტიკოსები არიან, ვიდრე რაციონალისტები. მათ შეუძლიათ ნაჩქარევად დასკვნის გაკეთება, რასაც ლოგიკა ვერ აღწევს.
2. რაციონალური მსჯელობები იმეორებენ რაციონალურ მსჯელობებს.
3. ირაციონალურ მსჯელობებს შედეგად ახალი გამოცდილება მოსდევს.
4. ფორმალური ხელოვნება არსებითად რაციონალურია.
5. ირაციონალური აზრები უნდა მიმდინარეობდეს აბსოლუტურად და ლოგიკურად.
6. თუ არტისტი ნაწარმოების დამთავრებამდე, შუა გზაში იცვლის გადაწყვეტილებას, ამით საფრთხეს უქმნის შედეგს და კვლავ იმეორებს ადრინდელ შედეგებს.
7. იდეის დაწყებიდან დამთავრებამდე არტისტის ნება მეორეხარისხოვანია მის მიერ ინიცირებული პროცესის დროს. თვითნებობა შეიძლება მხოლოდ ეგო იყოს.
8. როცა გამოიყენება სიტყვები. მხატვრობა და ქანდაკება, ისინი აღნიშნავენ მთლიან ტრადიციას და გულისხმობენ ამ ტრადიციის თანმიმდევრულ მიღებას, ამდენად, საზღვრებში მოქცეული არტისტისათვის არასასურველი იქნებოდა იმგვარი ხელოვნების შექმნა, რომელიც მიმდინარეობს საზღვრების მიღმა.
9. კონცეპცია განსხვავდება იდეისაგან. კონცეპცია გულისხმობს ზოგად მიმართულებას, მაშინ როდესაც იდეა არის კომპონენტი. იდეები ახორციელებენ კონცეპციას.
10. იდეები შეიძლება იყვნენ ნამუშევრები; ისინი იმყოფებიან განვითარების მსვლელობაში, რაც შესაძლოა საბოლოო ჯამში გარკვეული ფორმის შეძენის საწინდარი იყოს. არ არის აუცილებელი ყველა იდეის მატერიალიზება.
11. არ არის აუცილებელი იდეების მიმდინარეობა ლოგიკური თანამიმდევრობით. ისინი შესაძლოა წარიმართონ მოულოდნელი მიმართულებებით, მაგრამ გონებაში იდეა აუცილებლად დასრულებული უნდა იყოს, სანამ ახალი იდეა ჩამოყალიბდება.
12. თითოეული ფიზიკური ფორმის მქონე ხელოვნების ნაწარმოებისთვის არსებობს ბევრი ვარიაცია, რომლითაც იგი არ მატერიალიზდება.
13. ხელოვნების ნაწარმოები შესაძლოა გავიგოთ როგორც გიდი. არტისტის გონებასა და მაყურებელს შორის, თუმცა, შესაძლოა არასდროს მიაღწიოს მაყურებლამდე ან არასდროს დატოვოს არტისტის გონება.
14. არტისტის სიტყვებმა, მიმართული მეორე არტისტისადმი, შესაძლებელია გამოიწვიოს იდეათა ჯაჭვი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი იზიარებენ ერთსა და იმავე კონცეპციას.
15. იმდენად, რამდენადაც ფორმებს შორის არსებითად პრიმატი არ არის, არტისტს ნებისმიერი ფორმის გამოყენება შეუძლია, დაწყებული სიტყვიერი გამოხატვით (დაწერილი თუ წარმოთქმული), დამთავრებული ფიზიკური რეალობით.
16. თუ გამოიყენება სიტყვები და ისინი წარმოიქმნებიან იდეებიდან ხელოვნების შესახებ, ასეთ შემთხვევაში ეს ხელოვნებაა და არა ლიტერატურა; რიცხვები არ არის მათემატიკა.
17. თითოეული იდეა ხელოვნებაა, თუ ის დაკავშირებულია ხელოვნებასთან და მოქცეულია ხელოვნების კონვენციებში.
18. ჩვეულებრივ, წარსულის ხელოვნება გაიგება ამჟამინდელი კონვენციების გამოყენებით, სწორედ ეს განაპირობებს წარსული ხელოვნების გაუგებრობას.
19. ხელოვნების კონვენციები იცვლება ხელოვნების ნაწარმოებებით.
20. ჩვენივე აღქმების შეცვლით წარმატებული ხელოვნება ცვლის კონვენციების შესახებ ჩვენს გაგებას.
21. იდეების აღქმა ახალი იდეების წინაპირობაა.
22. არტისტს არ შეუძლია წარმოიდგინოს და აღიქვას საკუთარი ხელოვნება მანამ, სანამ არ მიიღებს დასრულებულ სახეს.
23. შესაძლოა არტისტმა არამართებულად აღიქვას (გაიგოს თავად ავტორისგან განსხვავებულად) ხელოვნების ნაწარმოები, თუმცა ამგვარმა არასწორმა გაგებამ გამოიწვიოს საკუთარი აზროვნების მსვლელობა.
24. აღქმა სუბიექტურია.
25. აუცილებელი არ არის არტისტმა გაიგოს საკუთარი ხელოვნება, მისი აღქმა სხვების აღქმაზე არც უკეთესია და არც უარესი.
26. შესაძლოა არტისტმა საკუთარ ხელოვნებაზე უკეთ სხვების ხელოვნება აღიქვას.
27. შესაძლოა ხელოვნების ნაწარმოების კონცეპცია გულისხმობდეს ნაწარმოების მასალას, ან პროცესს, რომელშიც იგი შექმნილია.
28. პროცესი ბრმად ხორციელდება მაშინ, როცა არტისტის გონებაში ყალიბდება ნაწარმოების იდეა და საბოლოო ფორმა. არსებობს ბევრი გვერდითი მოვლენა, რისი წარმოდგენაც არტისტს არ შეუძლია, ისინი შესაძლოა გამოვიყენოთ როგორც იდეები ახალი ნაწარმოებებისათვის.
29. პროცესი მექანიკურია და არ არის მართებული მასში ჩარევა, ის თავისი დინებით უნდა წარიმართოს.
30. ხელოვნების ნაწარმოები შეიცავს ბევრ ელემენტს. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომელიც ყველაზე აშკარაა.
31. თუ არტისტი ნამუშევრების გარკვეულ ჯგუფში იყენებს ერთსა და იმავე ფორმას და ცვლის მედიუმს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ არტისტის კონცეპცია დაკავშირებულია მედიუმთან.
32. მშვენიერი შესრულება ვერ უშველის გაცვეთილ იდეებს.
33. რთულია კარგი იდეის ცუდად განხორციელება.
34. როცა არტისტი ძალიან კარგად ფლობს თავის ხელობას, ის ქმნის გლუვ ხელოვნებას.
35. ეს თეზისები კომენტარებია ხელოვნებაზე და არა ხელოვნება.
 
ტექსტი პირველად გამოქვეყნდა 0-9.ში, #5, (იანვარი 1969), 3-5 გვ.