საოცნებო სიკვდილი ყველას





პროზა

საოცნებო სიკვდილი ყველას




ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შინისკენ მივდიოდი, ღამეც იყო და ყინავდა კიდეც, იმდენად რომ შემაწუხებელი სიხშირით მიწევდა საკუთარი თავისთვის გამეორება - საკმარისად თბილად, ყინვაგამძლედაც კი გაცვია-მეთქი. დაჯერება მაინც მიჭირდა, რა თბილადაც არ უნდა მცმოდა, აშკარად არ იყო საკმარისი, სხეული მეტს ითხოვდა და დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებებით ალაგ-ალაგ ნემსებივით და მტკივნეულად მჩხვლეტდა. მე კიდევ ბავშვობიდან ვერ ვიტან ნემსებს და გავბრაზდი კიდეც, თითქოს ყინვა საკმარისი არ ყოფილიყო, ჩხვლეტა რაღას დაემატა-მეთქი. მინავლებული ბრაზი იყო, გარემო პირობებისდა პირობების წყალობით ჩაქრობისთვის განწირული.

ადრე თუ გვიან, ასე რამდენიმე წუთში (ანუ უფრო ადრე, ვიდრე გვიან) მივაღწევდი კიდეც სახლს და ჩავთბუნდებოდი, მეტ-ნაკლები კომფორტით მოყოჩაღებულს ვინ იცის, მალევე ფშვენვაც ამომეშვა, რამდენიმე სასიამოვნო სიზმარი დამსიზმრებოდა და მეორე დღეს, ასე შუადღისკენ სინდისის ქენჯნას გავეღვიძებინე დაზეპირებული სიტყვებით - „რატომ ფლანგავ ამდენ დროს ძილში?!“ თითქოს სხვა, უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მპირდებოდეს ბედის ვარსკვლავი.

მაგრამ სწორედ ამ გარდამავალ მომენტში, როცა ბოლომდე ვერც სხვაგან ვიყავი და ვერც შინ,  შემაწუხებლად მექანიკური ფიქრების ძაფი გამიწყდა და ჩემ გვერდით პოლიციის მოციმციმე მანქანა გაჩერდა, საჭესთან მჯდომმა სარკე ნელ-ნელა ჩააჩოჩა და უცნაური ღიმილით მკითხა, საით მიდიხარო.

-სახლში. - არ ვიცი რამდენად გაიგო, პირი თითქმის აკრული მქონდა ყელსახვევით, რომელიც თავის ფუნქციას გაჭირვებით ასრულებდა.

-სად ცხოვრობ?

რა პლებისციტის ჩატარება მოუნდათ ამ შუაღამეს-მეთქი, კვლავ შეძლებისდაგვარად გავბრაზდი და წარბებშეჭმუხნულმა მისამართი რომ ვუთხარი (უფრო სწორად, ხელით ვანიშნე), ერთ-ერთი პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა. დრამატულად და იარაღზე ხელის შევლებით კი არა, უბრალოდ გადმოვიდა რა, მომიახლოვდა და მხარზე მეგობრულად ჩამომასვენა ხელი. უნდოდ რომ გავხედე, სანდომიანად გამიღიმა და რაღაც შემოთავაზება გვაქვსო, დამამშვიდებელი ტონით მითხრა. რა საინტერესო შემოთავაზებებს უნდა ელოდე პოლიციელისგან? ყოველ შემთხვევაში, იმ მომენტისთვის პოზიტიური ასოციაციები ნამდვილად არ გამჩენია, ინტუიცია იმასაც მკარნახობდა, რომ პოლიციელებთან უხეშობა, ზურგის შექცევა, შეკურთხება, გზის გაგრძელება (რისი სურვილიც ნამდვილად მქონდა) არც თუ სასურველი შედეგის მომტანი იქნებოდა (რაღა თქმა უნდა, ჩემთვის), ამიტომ სახის იმ მცირე ნაწილზე, რომელიც მიჩანდა, ცნობისმოყვარეობის ნიღაბი მოვირგე და ჰა, აბა, რაშია საქმე-მეთქი, ჩავეძიე.

იმანაც ზურგს უკან (სავარაუდოდ, ჯიბისკენ) წაიღო ხელი და ფიქრებში კი გამკენწლა, ხელბორკილები ხომ არ უნდა დააძროს და „კაპოტზე“ ამაყუდოს-მეთქი, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი და ამ პორნო სცენარის ნაცვლად, მადლობა ღმერთს, ბუკლეტიანი ხელი შემრჩა... ხელთ.

-აი, გადახედე ამას. შესანიშნავი პროექტია და ეჭვი გვაქვს დაგაინტერესებს. დაგაინტერესებს კი არა, მგონი, ზედგამოჭრილიც იქნება შენთვის.

ბუკლეტს ლამპიონის შუქზე რომ დავხედე დიდი ასოებით ეწერა: „აირჩიე სასურველი სიკვდილი! ჩვენთან შენი უკანასკნელი დღე ღირსეულად ჩაივლის!“ რა გასაკვირია, დავიბენი, მაგრამ საბედნიეროდ წინდახედულმა სამართალდამცავმა ახსნა-განმარტებაც მალევე მომაშველა:

-ეს არის დაწესებულება, რომელშიც ყველას შეუძლია საოცნებო სიკვდილით მოკვდეს.

-საოცნებო..

-სიკვდილით. - მშვიდი ხმით ჩაგვერთო საჭესთან მჯდომი და მეორემაც რომ გამიღიმა და დასტური მომცა თავის დაქნევით, ისევ ბუკლეტს დავხედე, ამჯერად ილუსტრაციებზე გავამახვილე ყურადღება: სიკვდილები იყო ფერადად და მხიარულად, ნათელ ფერებში გადმოცემული - ზოგან მოღიმარი ადამიანები შოკოლადის აბაზანებში იხრჩობოდნენ, ზოგან ზღვის ლამაზ სანაპიროზე უსულოდ ეყარნენ, ზოგანაც მდიდრული ნომრის საწოლზე შიშველი მოდელების მიერ დაჭრილები ღაფავდნენ სულს და ყველა მათგანს სახეზე აღბეჭდილი კმაყოფილების ღიმილი აერთიანებდა.

-და თქვენ რა, სიკვდილის პიარ მენეჯერები ხართ?

-პოლიციელები, რომლებიც მოქალაქეებზე ზრუნავენ. არაფერი განსაკუთრებული. - ქუსლის ქუსლზე შემოკვრაღა დააკლდა.

ვერაფერს იტყვი, ამომწურავი პასუხი იყო. განა მხოლოდ სიცოცხლეს, სიკვდილსაც დაგეგმვა სჭირდებაო, დიდაქტიკულად ჩაილაპარაკა საჭესთან მჯდომმა, რომელსაც ეტყობოდა, უკვე შეერჩია საკუთარი სიკვდილის სასურველი სცენარი და ალბათ ახლა გონებაში დეტალებსღა აზუსტებდა.

-მოკლედ, გამომართვი ეს ბროშურა, ყველას არ ვაძლევთ, მხოლოდ იმათ ვინც შენსავით ღამ-ღამობით უმიზნოდ და დეპრესიულად დაყიალობენ. ცხადია, თვითმკვლელობაზე გიფიქრია, ჰოდა, სანამ ხიდიდან გადაეშვები ან კუჭს სნატვორნების მომაკვდინებელი დოზით ამოივსებ, გახსოვდეს რომ აქედან წასვლის გაცილებით სასიამოვნო და სასურველი გზებიც არსებობს.

ბროშურა გამოვართვი, სევდიანი იყო ეს ყველაფერი, ყოველთვის სევდიანია, როცა სრულიად უცნობი ადამიანი ერთი შეხედვით გიშიფრავს თითქოსდა ინტიმურ და წესით, სხვებისათვის მიუწვდომელ შინაგან კონდიციებს. ნომერი, მეილი, მისამართი, პრეზენტაციის თარიღიც, ყველაფერი მზურნველად დაეტანებინათ ამ საინფორმაციო ფურცელზე და ერთი პირობა, მექანიკურად სანაგვეში ჩაგდება კი დავუპირე, თუმცა მალევე მოვეგე გონს და გადავიფიქრე. პოლიციელები ციმციმ გაუჩინარდნენ, მე კი მეორე დღეს ამ უცნაური პროექტის პრეზენტაციისკენ გავეშურე.

პრეზენტაცია ენერგიულ ორატორს მიჰყავდა, რომელმაც ყველა მონაწილეს სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი და შესავალზე დიდი დრო აღარც დაუკარგავს, პირდაპირ საქმეზე გადავიდა:

-თანამოკვდავებო! უკანასკნელი მომენტი ყოველთვის და ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გამოცდილებამ გვასწავლა. ამიტომ სისულელეა გულხელდაკრეფილნი ველოდოთ იმას, რაც გარდაუვალია. სისულელეს რომ თავი გავანებოთ, დამამცირებელიცაა, რადგან ჩვენს უსუსურობას და უმაქნისობას ყველაზე ხასხასა ხაზი სწორედ ამ დროს ესმება. გარდაუვალისთვის თვალის არიდება მუდამ დროებითია და მიუხედავად იმისა, რომ საერთოდაც ყველაფერი დროებითია, დროებითობის მიზანმიმართულად გამოყენება მაინც შესაძლებელია და სწორედ ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი პროექტი: „სასურველი სიკვდილი ყველას!“ სასურველი სიცოცხლე ერთეულებს თუ აქვთ, მაგრამ ჩვენი დამსახურებით ნებისმიერს შეუძლია სასურველი სიკვდილით აღესრულოს.

სანაცვლოდ რას ვითხოვთ? ყველაფერს, რაც თქვენს საკუთრებაშია. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი ქონების მოცულობას, საფულის სისქეს, მთავარი და პრინციპული ჩვენთვის ის არის, რომ ყველაფერი რაც გაბადიათ (იქნება ეს დახეული მაისური თუ შვიდციფრიანი ანგარიში შვეიცარიის ბანკში) სწორედ ჩვენ დაგვიტოვოთ. თუ ამ პირობას დასთანხმდებით, ჩათვალეთ რომ შესაძლებელია თქვენი უკანასკნელი ფანტაზიის რეალობად ქცევა და ყველაზე პრიორიტეტული იმ ფანტაზიებს შორის, რომლებიც ჩვენს გონებაში გაჩენის დღიდან სიკვდილამდე დაფარფატებენ, სწორედ უკანასკნელია.

ბევრ თქვენგანს სიცოცხლის სურვილი დიდი ხნის წინათ დაეკარგა, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. ელოდებით და რას თავადაც არ უწყით, იმედი გაქვთ, მაგრამ იმდენად ბუნდოვანი, რომ ნათელი წერტილი არც ეთქმის, ფაქტი ერთია: საბოლოო ნაბიჯის გადადგმა გიჭირთ და გიჭირთ იმიტომ, რომ თვითმკვლელობის ის გზები, რომლებსაც დღეს ადამიანები მიმართავენ, მოძველებული, უხეში, ღირსების შემლახავი, შეურაცხმყოფელი და არამიმზიდველია.

ჩვენი წყალობით შეძლებთ საკუთარ ცხოვრებაში უკანასკნელი სიტყვა თქვენ თქვათ და არა შემთხვევითობამ. თან თქვათ ისე, როგორც გსურთ და არა იმპულსურად - თქვენ კი არ მოერგებით გარემოებებს, გარემოებები მოგერგებათ თქვენ. რა თქმა უნდა, სიკვდილს არავის ვაძალებთ - ამ გადაწყვეტილებამდე თავად უნდა მიხვიდეთ და როცა მიხვალთ, ჩამოყალიბდებით დროსთან დაკავშირებით, დაიწყებთ ფიქრს იმაზეც, როგორ გსურთ მოკვდეთ, შეგიძლიათ ჩვენ მოგვმართოთ.

ჩვენი საქმიანობა ლეგალურ ჩარჩოებს არ ცდება, სამართალდამცველებთანაც ვთანამშრომლობთ, რადგან მათ ინტერესებშიც შედის ქაოტური თვითმკვლელობების აღკვეთა, რაც საზოგადოებრივ წესრიგს მნიშვნელოვნად დაასტაბილურებს. საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის ნათელია, რომ ადამიანს სიცოცხლის უფლებასთან ერთად სიკვდილის უფლებაც უნდა ჰქონდეს და ჩვენ სწორედ ამ უფლებას ვიცავთ.

ერთხანს კიდევ ილაპარაკა, თუმცა ახალს აღარაფერს გვეუბნებოდა, რამდენიმე „წარმატებული“ მაგალითიც აღგვიწერა, ერთი-ორი ხუმრობაც ჩაურთო, რომელზეც არავის გასცინებია და ბოლოს საუბარი ასე დაასრულა:

ახლა კი შეგვიძლია მთავარ დარბაზში გადავინაცვლოთ, სადაც საილუსტრაციოდ გამოფენილია ეგრეთ წოდებული „სიკვდილების კოლექცია“ - ფოტოებზე აღბეჭდილი „შედევრები“, ჩვენი ფირმის დაარსებიდან დღემდე. იქვე შეგიძლიათ მიირთვათ ღვინო და მსუბუქადაც წაიხემსოთ, გთხოვთ!

ღვინო შავი იყო და მძიმე, იმ განწყობასავით, რომელიც ფოტოების თვალიერებისას დამეუფლა.

მაგალითისთვის, ერთ-ერთ ფოტოზე მთის ბუნება იყო აღბეჭდილი: მზიანი დღე, ხეებით მომწვანებული ფერდობი შუაში წვრილი ნაკადულით და სწორედ ამ ნაკადულში იწვა მაჯებგადასერილი უსულო გვამი (მხედველობის დაძაბვისას მისი სისხლის მინი ნაკადებიც კარგად ჩანდა).

შემდეგ ფოტოზე უზარმაზარი კლდიდან თავით გადმოშვებული ადამიანი ჩანდა, რომელიც წინ გაშვერილი ხელებით სუპერგმირივით მიაპობდა ჰაერს მოშიშვლებული მიწისკენ.

კიდევ სხვაგან - თვითმფრინავიდან უპარაშუტოდ გადმომხტარი რამდენიმე განწირული ადამიანის მიერ შეკრული წრე ჩანდა.

ცოტა ხანს ვათვალიერე ეს მდიდარი კოლექცია და ბოლოს ერთ-ერთი ფოტოს წინ შევჩერდი: მოხუცი კაცის გაშიშვლებული სხეული დიდ საწოლზე თვალებგაშტერებული ეგდო, გვერდით კი ორი მიმზიდველი, შიშველი გოგონა ეჯდა, სახეებზე მოცელქო ღიმილებით.

-ამ კაცის სურვილი იყო სექსის დროს, გულის შეტევით სიკვდილი და დიდი შრომა ნამდვილად არ დაგვჭირვებია მიზნის მისაღწევად, - მითხრა ორატორმა და ღიმილით მხარზე ჩამომადო ხელი. - შენ თუ გიფიქრია საკუთარ სიკვდილზე?

-სიცოცხლეზე მეტადაც კი, - ვუპასუხე და მხარი მსუბუქად ავუქნიე, - შეიძლება ითქვას, ჩვენ ორს პლატონური სიყვარულიც კი გვაკავშირებს.

-და შენი უკანასკნელი დღე როგორ წარმოგიდგენია?

ჩემი სიკვდილის სუნი იმ ოთახში ტრიალებს, რომლის ყოველი დეტალიც მხოლოდ მე მეკუთვნის - გვერდულად ვწევარ ტრადიციულად ერთფეროვანი თეთრეულით (რომელსაც თითქმის არასოდეს ვცვლი და ჩემი სუნითაა გაჟღენთილი) გაწყობილ კომფორტულ საწოლში, უცვლელი ბალიშით (უცვლელივეა ბალიშისპირი) თავქვეშ. იქვე მიწყვია ყველა საჭირო ნივთი, მათ შორის ხის სკამიც, რომელზეც ლეპტოპი დევს და ვუყურებ კარგ კომედიას. განათება დაბალია, მაგრამ საკმარისი იმისთვის რომ არ ბნელოდეს, კარები ჩაკეტილი არა, უბრალოდ მიხურულია, როგორც ყოველთვის, მაგრამ ვიცი, არასოდეს არავინ შემოაღებს და მშვიდად ვარ. საწოლთან ახლოს, პატარა მაგიდაზე წინა დღეს ნაყიდი საჭმლის ნარჩენები, წყლით ნახევრამდე სავსე (ან სანახევროდ დაცლილი) ბოთლი, რამდენიმე წაკითხული და წაუკითხავი წიგნი, ტორშერი, მობილური, დამტენი, აიპოდი, ჩემს ყურებთან ხშირი კონტაქტისგან გაყვითლებული ყურსაცობები და სხვა, ჩემთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის მქონე საგნებია მიმოფანტული. მარცხენა ყურში ლეპტოპს მიერთებული ყურსასმენი მიკეთია (მხოლოდ მარცხენაში, იმიტომ, რომ გვერდულად ვწევარ). გარეთ ცივა, წვიმს და ქარიცაა, ერთი სიტყვით ზამთარია, მე კი თბილად ვარ, ფეხებიც ცოტა ხნის წინ გამითბა, საბანი კი კისრამდე მაქვს აწეული. სითბო მთენთავს, თვალები თანდათან მეხუჭება და ცოტა ხანში ვიძინებ ან, უფრო ზუსტად, ვკვდები. აი, ასე წარმომიდგენია ჩემი უკანასკნელი დღე და იმდენად მიმზიდველი სურათია, სიმართლე გითხრათ, სულაც არ მაშინებს, პირიქით, გულიც კი მიმიწევს მისკენ.

-ეს ვარიანტი მომწონს, - ერთ-ერთი ფოტოსკენ ვიშვერ ხელს, რომელშიც კაცი გულხელდაკრეფილი წევს თოვლში, თვალები ფიფქებად ქცეული ცისთვის გაუშტერებია და იყინება (ან უკვე გაყინულია).

ორატორი ღიმილით მიწონებს არჩევანს და სხვა სტუმრისკენ მიემართება.

მე კი შინ ვბრუნდები, შევდივარ ჩემს ოთახში, გზაში დღის მარაგად ნაყიდ საჭმელს მაგიდაზე ვაწყობ, ტორშერს ვრთავ, ბოთლს წყლით ვავსებ, ვიხდი, საწოლში ვწვები, რომელიც თავიდან ძალიან ცივად მიღებს, მაგრამ თანდათან თბება და მეც მათბობს, ლეპტოპს ვრთავ, ხანმოკლე ძიების შემდეგ სასურველ კომედიას ვპოულობ, ცალ ყურსასმენს ვიკეთებ, საბანს კისრამდე ვიწევ და ჩაძინებამდე კმაყოფილი ვასკვნი, რომ ყველაზე სასურველი სიკვდილი სიცოცხლისგან დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.