ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა/ესსე

ოთარ იოსელიანის `შანტრაპა`

ალექსანდრე გაბელია
25.12.2016

   


ოთარ იოსელიანმა კინოში მოღვაწეობა საგნებისა და ყალბი ფასეულობების ნგრევით დაიწყო. „აპრილი“  მაყურებელმა ეკრანებზე ვერ იხილა.  ცენზურამ ფილმი ანტისაზოგადოებრივ მანიფესტად მიიჩნია,  რომელშიაც  ავეჯის მწარმოებელი მუშებისადმი პატივუცემლობა ამოიკითხა.  შემდგომ იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გიორგობისთვე“, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და საბჭოთა კინემატოგრაფში გაბატონებული ნარატივი შეანჯღრია.  შეიქმნა შთაბეჭდილება რომ რეჟისორი სწორედ ამ სისტემის  უსუსურობაზე საუბრობდა.  აკაკი ბაქრაძე წერილში „რატომ ხდება ასე“   სხვადასხვა დაწესებულებების მდივნების  ფილმზე დაწერილ  გამოხმაურებებს ავრცელებს, მათ შორის მეცნიერების.  საუბარია იმაზე, რომ  რეჟისორმა წაბილწა  ქართული ენა, ერის მაღალი ეთნიკური ღირებულებები და წარმოების  საშუალება.  ამ გარემოებამ   საბოლოოდ იოსელიანს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგა. საფრანგეთში წასული კი ხელმეორედ შედის ჩიხში და  სამყაროს თითოეული წერტილის იგივეობის იდეაში რწმუნდება.

შეიძლება ითქვას, რომ ისტორიის ამგვარი  განვითარება  და გამოცდილება იყო პირველწყარო ოთარ იოსელიანისთვის,  რათა გადაეღო -  „შანტრაპა“(2010). „ფილმი იმაზეა, რომ ყველგან ერთი და იგივეა, გვაქვს იმედი, რომ კარგია იქ სადაც ჩვენ არ ვართ“, - ამბობს  რეჟისორი ერთ-ერთი ინტერვიუში და  ნამუშევარს  სევდიან კომედიას უწოდებს.  ფილმი  იმ დროის საბჭოთა ხელისუფლებაზეა, თუმცა რეჟისორი ცდილობს ტრაგედიის ცირკულაცია დაგვანახოს.  ერთი მხრივ,  სურათის პროტაგონისტს, ნიკოლასს,  იდეოლოგიები მუდმივი ზეწოლის პირობებში ამყოფებენ, მეორე მხრივ კი, ვხედავთ, რომ პარიზში წასულიც ვერ გაურბის პრობლემებს.   

თავდაპირველად იოსელიანი გვანახებს  დაუსრულებელ სამონტაჟო პროცესს, რომელიც ყლაპავს  რეჟისორს (ნიკოლასს), ცენზურას კი მისი ფილმის დაქუცმაცებასთან ერთად,  მასში ადამიანური შეგრძნებების დაჭრაც სურს.  ნიკო მათ „გეგმას“ ვერ ასრულებს, არ ხდება კორუმპირებული, ამიტომ არ აცდიან მუშაობას და  საქმეს „პროფესიონალ მემონტაჟეს“ აბარებენ.   აწყდება პრობლემებს,  გამოწკეპილი  მაღალჩინოსნისგან ესმის საძულველი შეკითხვა -„მარქსისტი ხართ? პარტიაში შემოსვლა ყველაფერს მოაგვარებს“. პარიზშიც  სიყალბეს და მიუღებელ  წესრიგს აწყდება.   იმ ადამიანებს ხვდება, რომლებიც წინასწარ დადგენილი  როლებით თამაშობენ.  ამ სივრციდან გაქცევა კი შეუძლებელია.  სწორედ ამ  ნარატივს ავითარებს იოსელიანი,  ცდილობს გვითხრას, რომ არსად არსებობს თავისუფლება.  პროგრესის იდეა კი მოჩვენებითი ჰარმონიის შექმნის სურვილით გამოწვეული  სიყალბეა.  ევფემიზმის მსგავსად  არბილებს რეალობას.  თუმცა არც ალტერნატივებზე საუბრობს და არც სამყაროს შეცვლისკენ გვიბიძგებს. ჩნდება შთაბეჭდილება რომ მას უბრალოდ „გამოქვაბულში“ დაბრუნება სურს  და ქმნის  მიზანთროპის ხატს.    ამიტომ  არ გაუგებს მას მაყურებელი, როცა 2010 წელს ის  კვლავ საკუთარ საბჭოთა კომპლექსების გამოხატვითაა დაკავებული. ვერც პრობლემის გადააზრებას ახერხებს და ვერც თანამედროვე ყოფის ღრმა დეტალებს ააშკარავებს.  არ ცდილობს მაყურებელთან დიალოგს. 

იოსელიანმა შეიძლება გვითხრას რომ ფილმში „ავტობიოგრაფიული წვეთიც არ არის“, „სად მე და სად ჩემი გმირი“ , მაგრამ  ამ დროს ჩვენ ვხედავთ, როგორ მეორდება ისტორია.  ფილმის დასასრულს მაყურებელი ნიკოს ფილმს არ მიიღებს და დარბაზს მომენტალურად დატოვებს.  „შანტრაპამაც“ ეს ბედი გაიზიარა სხვადასხვა ფესტივალზე. მაყურებელი დარბაზიდან გაიქცა.   ყოფილა შემთხვევები როცა აუდიტორია   დიდ ავტორებსა  და ფილმებს   აქცევს ზურგს, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა.  მიუხედავად  იმისა, რომ რეჟისორმა  ნამდვილად მოახერხა პირქუში და  შემაძრწუნებელი გარემოს შექმნა,  ამის იქით დაიკარგა.  თავად დააცენზურა მაყურებელთან კავშირი.  ამ ყველაფერს კი ვერანაირი ფსევდო-ფილოსოფიური  ფრაზებით ვერ გააბათილებს.  დროით  შეგრძნებასთან კონფლიქტთან ერთად, ის ვერ ახერხებს  ეკრანზე  იდუმალი ნიშნების გაფანტვას, რამაც გათავისუფლების გზა უნდა დაგვანახოს.  როცა მაყურებელი ხედავს ნიკოს, რომელიც რთავს  კასეტას და იძახის  „არ იდარდოთ, უარესიც გადამიტანია. მოუსმინეთ და ყველაფერი გაივლის“,  გრძნობს, რომ ავტორს ის არ აინტერესებს და ამ მუსიკითაც საკუთარი ეგოს გამოკვება სურს.  აქ აჩენს საკუთარ თავს და ცდილობს დაგვანახოს მისი მარგინალობა. თუ როგორი შეუპოვარი იყო და ჯიბით თავისუფლების ჰიმნს დაატარებდა, მაშინაც კი  როცა „ბოროტი მარქსისტები“ ებრძოდნენ: „ჩვენ შრომას და ჯაფას თბილ  სიტყვებს დაარქმევენ, დადგება ნათელი, გზა შორს წაგვიყვანს, სად ხარ ჩემო სიყვარულო, სამუდამო“...

ოთარ იოსელიანი მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ ფილმში ტექსტი მეორეხარისხოვანია და მთავარია ფორმა. ატმოსფერო და ეკრანზე არეკლილი სურათსახეები ამყარებენ  კავშირს მაყურებლის გონებაში.  როგორც არ უნდა გავაკრიტიკოთ ავტორი, დავუწუნოთ მსოფლმხედველობა, ინტელექტუალური დიაპაზონი და მათ შორის  კინოაზროვნება, ვერ  უარვყოფთ იმ ფაქტს,  რომ იოსელიანი ეკრანზე ატმოსფეროს შექმნას ახერხებს. ცივი, მოწყენილი და ფერმკრთალი ფერების კონტრასტი თავდაპირველად მკვდარი გარემოს სარკეს ქმნის, რომელზეც რეჟისორი საუბრობს. აუტანელი და ხანდახან ხელოვნურად  გამოხატული პესიმიზმი აუდიტორიასაც უცვლის განწყობას.  თუმცა ვერ ახერხებს მასთან უშუალო კონტაქტში შესვლას, რადგან რეჟისორს არ სურს ესაუბროს მაყურებელს.  თუ რეალობა არაფერია,  გარდა    გაბატონებული იდეოლოგიის გამოხატვისა,  ამ შემთხვევაში კამერა არის  კონკრეტული რეალობის იდეით გაჟღენთილი და უაღრესად რეაქციული სუბიექტი. შესაბამისად, ავტორმა ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაარღვიოს და ახალი რეალობა აწარმოოს.  „შანტრაპაში“ კი ამის ნაცვლად, ვხედავთ  იოსელიანის წვრილბურჟუაზიულ დამოკიდებულებას  აუდიტორიის მიმართ.  მაშინ როცა კინო ყველაზე კულტურული და დემოკრატიული თეატრალობაა, რომელიც თეთრ ზეწარზე შლის  ყველაზე ჩამთრევ,  დიალექტიკურ პროცესს  და ყოველგვარი იერარქიების შექმნის ნაცვლად - მაყურებლისკენ მიმართავს კინოთვალს.

იოსელიანმა „შანტრაპას“  კომედია უწოდა. სისტემისა და ადამიანის ურთიერთმიმართება მისთვის  კომიკურია. თუმცა მეორე საკითხია -  ეუფლება მაყურებელს რაიმე  ემოცია, როცა ეკრანზე ამ ყველაფერს უცქერს? ეცინება, ანდა განიცდის   პერსონაჟისა თუ ავტორის გულისტკივილს?   შანტრაპა ქართულად შეიძლება ვთარგმნოთ (გავშიფროთ)  როგორც  „იმღერებს იგი თუ არა“ .   იოსელიანი (ნიკოლასი) ვეღარ მღერის, როგორც ბულბული,  ღრმა კრიზისში მყოფი  პირს აყოლებს  მელოდიას და ცხოვრების ამაოებაზე იწყებს ფიქრს; მაყურებელს კი ახალი მომღერალი, ახალი სიტყვები და ურთიერთობა სურს.