ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
ფილოსოფია

მერი ჯეინი

ირაკლი გოგოხია
28.01.2017

   


1

ჩემი სულის დამალული ბაგეები თქვენს ცოდვებს ანგელოზებს უყვებიან. რომ  არა მიწიერი ხსოვნა, მე თქვენ დაგივიწყებდით. ქვეშევრდომების ხილული სიძულვილი მმართველის მიმართ, გვართობს და გვაგიჟებს. ის ისეთი უუნაროა, რომ გვეცინება...

2

კომიკოსად ყოფნის მანძილზე ვისწავლე, რომ მთელი სამყარო ერთი დიდი სიცილია, იმხელა, რომ თუ გინდა იცინო, უნდა მოკვდე, სხვა გზა არ არის. გაიცინე ლამაზო, მაგარამ შედეგებზე, იცოდე, პასუხს მხოლოდ შენ აგებ...

3

ახედე ღრუბლიან ცას. რა პატარა ხარ, როცა ზევით შენს ოცნებებსა და სიზმრებს უყურებ. ქვევით ჩახედე შენი სხეულიდან გამოზრდილ, ჯერ კიდევ ვერმოწიფულ მკერდს და ილოცე ჩემი სულის გადასარჩენად...

4

რომ არა მარიხუანა, ღმერთი ვერ შეძლებდა შეექმნა დრო და სივრცე, მიწა და წყალი, კაცი და ქალი. ალბათ, ამიტომ გვიკრძალავენ მისი სიტკბოების დაგემოვნებას. ბავშვობაში, როცა არ ვიცოდი როგორ შეეძლო დედას თავისი მდგომარეობის შემსუბუქება, წარმოვიდგენდი, მომღიმარ ღმერთს, თუ როგორ მაწოდებდა  მიწიდან ამოზრდილ სიმშვიდეს.

5

უბრალოდ მოეშვი, მისტიკურ მზერას მიენდე, ის გიჩვენებს შენი ამბოხის დასასრულს.

6

მთელი სიცოცხლის მანძილზე ის, რაც ყველას გველანდება ბნელი ფუღუროა, ალბათ, ამას გულისხმობდა ბაბუაჩემი, როცა ამბობდა: მყრალი და პატარა სასუფეველი.

7

ქალები ცხოვრების 50%-ს სარკის წინ ატარებენ, დარჩენილ 50%-ს ფრჩხილის კვნეტაში. ჩვენ გვიწევს ავიტანოთ ისინი. ნამდვილი სიყვარულიც ამას ჰქვია.

8

ნამდვილი სწავლება ძილში მდგომარეობს. არავინ და არაფერია მასზე ძლიერი.

9

მერწმუნე, ყვავილონი კომბოსტოს მჭამელი გოგონები ყველაზე ერთგულები არიან.

10

შეხსენება N1: თუ რამეს ეწინააღდეგები ამიერში, გახსოვდეს, ის მხოლოდ შენი თავია.

შეხსენება N2: არ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი, ის შენი მოგონილია. ამიტომ, იმიერშიც ისევ და ისევ საკუთარ თავს შეებრძოლები.

გამოსავალი: სარწეველა სავარძელში მოიკალათე. ლუდი მოიმარაგე და არაფერზე იფიქრო, თუ რა თქმა უნდა, გადარჩენა გსურს.

11

არასოდეს წაიკითხო წიგნები, მე წავიკითხე და დღესაც ვნანობ. დამიჯერე, ყველაფერი სისულელეა, გარდა საკუთარი თავისა. არ დამძიმდე სხვისი აზრებით. ამას გეუბნები მე, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე უმეცარი ადამიანის მეზობელია და ამავდროულად, ის ყველაზე ბედნიერია.

12

თუ გინდა გახდე ღმერთი, გახდი, ხელს არავინ გიშლის. (ოღონდ, ღვთის გულისათვის, არ შექმნა ადამიანი)

13

მე არ გასწავლი, უბრალოდ, გაგიკვალე ბილიკი, რომელიც არ ვიცი სანამდე მიგიყვანს.