ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
ფილოსოფია

ქართული კულტურა, სახვითობის პრობლემა, ანუ ტრანსცენდენცია და პიარი ბოსლის სითბოში

გიორგი შალიკაშვილი
28.01.2017

   


რა არის სახვითობა? სახვითობას რასთან აქვს კავშირი? როცა ადამიანი გამოსახავს, გამოდის, რომ რაღაც ვიზუალი მასთან კავშირდება?

ხელოვნება, როგორც ასეთი, აუცილებლად არის ის, რაც ადამიანს უკავშირდება. რადგან თავისთავად, ისედაც არსებობს ხატულობები სამყაროში, თუნდაც ცხოველების მოხატულობა, თევზების, ფრინველების, ქვების, ხეების, წელიწადის დროების შეფერილობა. თავისთავად, შეფერილია სამყარო და ფორმადქმნილი.

მაგრამ, რა ხდებამ როცა ადამიანი ქმნის ახალი შეფერილობას, ახალ ფორმას. შემდეგ კი თავის კონტექსტს და კონცეპტსაც?

რატომ ჩნდება ადამიანში გამოხატულობის სურვილი?

პრეზენტირებული სამყარო არის ერთგვარი მოცემულობა. ეს მოცემულობა რაღაცას მალავს. მალავს არარსებობას. ესე იგი, ჩვენ არ ვიცით, არარსებული რა არის. თუმცა ჩვენივე გამოცდილებიდან ვიცით, რომ ყოველივე არსებულს ჩვენ თვითონვე ვქმნით. მაგრამ რთულია წარმოიდგინო, რომ არაფერი არ არსებობდა. რადგან რასაც ვქმნით, რაღაც არსებულიდან ვქმნით. თავისთავად არაფრიდან მატერიიის შექმნა ფიზიკურად შეუძლებელია.

ამიტომ თავის ბოლო შესაძლებლობაში ხელოვნება არის თამაში ფორმებით და ფერებით, აზრებით, ბგერებით და ა.შ.

ერთადერთი, ადამიანი რასაც უსხეულოდ ქმნის, ეს თავისი აზრია. ცნობიერებას არ აქვს არანაირი საგნობრიობა, თუმცა ცნობიერება საგნების გამოცდილებიდან არსებობს. აზროვნებით თამაში როცა ხელოვნება ხდება, ეს აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს ფორმაში, დაიწეროს ან გამოითქვას. სიტყვაც ხომ მატერიაა, ბგერების და ტალღების ერთობლიობა.

თუმცა, ადამიანი ხელოვნებას იყენებს თავისი პრობლემების გამოსახატავადაც. ანთროპომორფულ სამყაროში ადამიანის ძალაუფლება უზენაესია. მან ხელოვნება თავისი გამოხატვის სივრცედ გაიხადა. სამყაროსგან ,,ნასწავლი’’ რეპრეზენტულობა ადამიანმა თავისი პრობლემების განსახილველ სივრცედაც აქცია.

ესე იგი, ხელოვნება ადამიანისთვის ზოგჯერ არის ,,თამაში’’ და ზოგჯერ საფუძველი პრობლემაზე ფიქრისთვის. თუმცა, ორივეს გადათამაშებაც შესაძლებელია.

პრობლემები შეიძლება იყოს ყველანაირი სახის და კონტექსტის. განსაკუთრებით, ფილოსოფიური პრობლემების  შემოტანა არტში ცივილიზაციის ამ ეტაპზე საკმაოდ აქტუალურია.

უდარდელობის  დისკურსი რაც ხელოვნებამ შეითვისა,  (იგივე   თამაში) მხიარულია და ადამიანი ხარობს ჰარმონიისა და კანონზომიერებების აღმოჩენით, რაც ფორმებს, ფერებს, ბგერებს აქვს და ასშ.

მხატვარი კმაყოფილია, რომ მას აქვს საღებავი, მას აქვს ტილო, მას აქვს ფუნჯი, მას ჰყავს ნატურა და ის იწყებს ფერის ,,გარდაქნას’’ ქალად და ქალის ფერად. ის ცდილობს იგრძნოს ქალი და  ექსტაზურად ,,ჩაიძიროს’’ ყოფიერებაში, მიმეზისით გადმოაქვს ტილოზე თავისი კონსტრუირებული რეალობა. თითქოს, პრობლემა არ არსებობს, მაგრამ  ხელოვნების ტერიტორია ამ ნამუშევარს უამრავ პრობლემას შეუქმნის...

ხელოვნების ტერიტორია შედგება აუცილებლად იმ სტრუქტურისგან, რასაც მას კულტურა უქმნის. არცერთ ნახატში არანაირი პრობლემა არ არსებობს, თავისთავად. პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ის კულტურაში იწყებს ავტორიზაციას  და ეს ავტორიზაცია წამიერად ხდება, როცა ჩვენ ნამუშევარს შევხედავთ. აქ ხდება  წაკითხვა კულტურულ კონტექსტში, და გამორკვევა იმისა, თუ უკვე რომელი ვიზუალური სამეტყველო ენის განმეორებაა ეს ნამუშევარი, თუ როგორია ის თვისებრივად  და რამდენადაა პირველადი, ან მეორადი ტექსტი.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ხელოვნება როგორც ასეთი, ამ სახით არ არსებობდა უწინ და არც ასეთი ჰერმეტული იყო ვიზუალურ ენებს შორის სივრცეები. პირველადი ხელოვნება უფრო რიტუალური შინაარსიდან იქმნებოდა და ამიტომ არ არსებდა ,,ხელოვნება ხელოვნებისთვის’’. რენესანსის დროიდან დაიწყო ხელოვნების, როგორც ერთმანეთისგან განსხვავებული ენების, ავტორიზაცია. მხატვრობაში სხვადასხვა მიმართულებები, სტილები გაჩნდა. იყო სხვადასხვა ოსტატი და სხვადასხვა შედეგი. თუმცა ეპისტემა მაინც - ერთი.

ადამიანმა ხელოვნებაშიც ზუსტად ის გაიმეორა, რაც ენასთან  მიმართებაში მოხდა. ყველა სხვადასხვა ენაზე ,,ალაპარაკდა’’...

ხელოვნებას მოშორდა ის ნორმა, რასაც ესა თუ ის რელიგია და დიქტატი აწესებდა.

თავად რელიგას სჭირდებოდა გამოსახულება იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო რელიგიური ტექსტები. ფაქტობრივად, რაღაც პერიოდი ხელოვნება ტექსტებისა და წინასწარმეტყველებების, მითების სტრუქტურაზე იდგა.

დღეს კი ადამიანი თავისთავად მარტოა, რაც უნდა, იმას გააკეთებს, მაგრამ აქ უკვე ვიზულური ენები იწყებენ დიქტატს და სრულიად გაუცნობიერებლად ასიმილირდებიან ადამიანის თავისუფალი გამოხატვის ნებაში.

ამიტომ დღეს შესაძლოა მითები უფრო თავისუფალი სივრცე იყოს ინსპირაციისთვის, ვიდრე რომელიმე ვიზუალური ენით გართობა.

მაგრამ ხელოვანის პრობლემა არ უნდა იყოს ის, თუ რა გამოსახოს და როგორ გამოსახოს.

პრობლემა არის ის, რომ ხელოვანმა განასხვავოს თავისი ენა სხვა ენისგან. რადგან როცა თვითონ სხვის ენაზე ამეტყველდება, ეს მეტყველება კულტურისთვის სიჩუმე იქნება, იმიტომ, რომ ამ ენაზე უვე სხვა მეტყველებს. ესე იგი, ეს სივრცე მკაცრად ძალაუფლებრივია, თუმცა ხელოვანს შეუძლია იმეტყველოს სხვის ენაზე, მაგრამ ეს მაინც თავის თავთან დააკავშიროს. რაღაც კონტექსტი შექმნას ისეთი, რომელშიც ის მიიპყრობს ყურადღებას და ერთგვარი პლაგიატი გაჩნდება. რომელიც მსგავსების გამო რაღაც ტერიტორიებს წართმევს ავთენტურ ენას. თუმცა რადგან ორი სხვადასხვა ხელოვანი მეტყველებს ერთ ენაზე ეს სხვადასხვაობა მაინც განსხვავებულს ხდის ამ ორ მსგავს ენას. კულტურულ კონტექსტში ეს მაინც ძალაუფლებისთვის ბრძოლაა ოღონდ არა ჰეტეროგენული შინაარსით, არამედ ჰომოგენურით.

თუმცა, სანამ ხელოვანი ამ ყველაფერზე დაფიქრდება, მან უნდა წაიკითხოს ის ვიზუალური ენები, რაც არსებობს, კოდი უნდა ჰქონდეს წაკითხვისთვის და როცა ამ კოდს ფლობს, მისთვის აღარ არსებობს შეკითხვა, როგორ გამოსახოს, რადგან როგორობა გამოსახვის გულისხმობს უკვე არსებულ გამოხატვის ფორმებში არჩევანის გაკეთებას, რაც ხელოვანის თავისუფალი ნებისთვის არ არის იმანენტური.

და რა არის ხელოვანის თავისუფალი ნება? ისევ და ისევ თამაში?

ესე იგი, ეს თამაში არც ისე ადვილი ყოფილა, როგორც ამ სიტყვის კონოტაცია გვატყუებს. ამ ჰერმეტულ სივრცეებში სათამაშოდ ცელქობა დიდ შინაგან საყრდენს მოითხოვს. საიდანღაც უნდა შემოვიტანოთ ახალი სივრცე თამაშის დასაწყებად. სივრცე კი გარეთ არსად არ არის. ყველა გზა ამოქოლილია...

უწინ, როცა გამოქვაბულში ადამიანი პირველად ხატავდა, იმას არ ჰქონდა ამის მაგალითი, და ეს პირველი ნახატი იყო თავად ადამიანის შესაძლებლობების აღმოჩენა ადამიანისთვის. ამ პირველად საწყისს თუ ავირჩევთ როგორც ნათელ მაგალითს, მაშინ უნდა ვიფიქროთ, თამაშისთვის სივრცე რომ გვქონდეს, როგორღაც იმ მდგომარეობაში უნდა აღმოვჩნდეთ როგორშიც პირველი მხატვარი იყო. ამისათვის ჩვენ მარტივად შეგვიძლია გავაუქმოთ ცნობიერებაში ყველა ის ენა და ვიზუალური კოდი, რაც არსებობს და დავიწყოთ არსებობა სრულიად სტერილურ სივრცეში.

თუმცა, ამ სივრცეში სრულიად მარტო მოგვიწევს ყოფნა და ჩვენი სხვადასხვა ენაზე ,,ნამეტყველებ’’ გონებას უკიდურესად გაუჭირდება პირველადი შეხება ჰქონდეს თავისსავე ენასთან, უკიდურესად გაგვიჭირდება საუთარი ენის შექმნა. თუმცა უფრო მეტად გაგვიჭირდება საკუთარის მოძიება იქ, სადაც სხვისი ,,ნაგავი’’ ყრია. ის, რაც მე არ მჭირდება, თუნდაც სხვისთვის საჭირო იყოს, ჩემთვის ,,ნაგავია’’ და უნდა მოვიშორო, მე აუცილებლად მჭირდება სტერილური სივრცე, რომ მე ვარსებობდე.

ალბათ, კულტურის პირველად სტენოგრამად დასუფთავების აქტი შეიძლება მივიჩნიოთ. პირველყოფილი ადამიანი სწორედ ნაგვის გატანის შემდეგ გახდებოდა კულტურული არსება. გამოქვაბულში სადაც ბევრი ნაგავი დაგროვდებოდა დიდი დროში ფიზიკური არსებობის პრობლემა შეიქმნებოდა იქ მყოფი ადამიანებისთვის და ნაგვის გატანა სრულიად მატერიალური, სივრცობრივი და საგნობრივი მიზეზის გამო მოხდებოდა. ამ ამოვსებულ სივრცეში პირველმა ადამიანმა არჩევანი გააკეთა თვითონ გასულიყო გამოქვაბულიდან თუ ნაგავი გაეყარა. და მან პირველი ნაბიჯი გადადგა კულტურის გზაზე...

შემდეგ, ადამიანი მიხვდა რომ მას, თავისი პირადი სივრცეც ჭირდება და სხვა ადამანებმაც შეიძინეს ,,ნაგვის’’ ,,შეფერილობა’’.

პირველი ჟესტი ნაგვის გადაგდების იყო პირველი კულტურული ჟესტიც- ასე გამოდის. ამიტომ მთელი კულტურის სტენოგრამა შეიძლება ითქვას აღებისა და გადაგდების აქტია.

სისუფთავის იდეა კი არ არსებობს სადმე, არსებობს  მისი ქორეოგრაფია, აღებისა და გადაგდების აქტი. ბავშვს ნაგვისგან სუფთა ქალაქის იდეა კი არ წარმოუდგება როცა დედას ბაძავს ნაგვის გადაგდების დროს, მას მოსწონს ეს მოძრაობა აღებისა და გადაგდების, ეს თამაშია მისთვის. თუ ყველა ბავშვისთვის არა,  ყოველ შემთხვევაში, შეიძლება არსებობდეს ბავშვი, ვისთვისას ეს ზუსტად ასე იქნება.

 გამოდის რომ, თუ პირველყოფილ ადამიანს ფიზიკური მუშაობა დაჭირდა სტერილიზაციისთვის, თანამედროვე ხელოვანი ამას მენტალურად მოახერხებს. პირველყოფილისთვის ამ სტერილიზაციის შედეგი იქნებოდა ის თამაშები რომელსაც ის მოიფიქრებდა ნაცრისგან გასუფთავებულ ახალ გამოქვაბულში ცეცხლის ალების წინ. იქვე დახატავდა თამაშ -თამაშით და ვინ იცის, კიდევ რა განწყობილება ექნებოდა. მაგრამ თანამედროვე ადამიანს კი ბევრად უფრო რთულად აქვს საქმე, სტერილიზაციის შემდეგ მან შეიძლება ვერაფერი გააკეთოს იმიტომ რომ ენა და გამოხატვის ფორმა რომელიც თავში მოუვა ძალიან ჰგავდეს სხვისას და აღარ გამოსახოს. ან გამოსახოს ყველაფერი ძალიან ცოტა, რაც თავისი იქნება. რადგან ჩვენში დასუფთავებული კულტურის ტერიტორია არ ნიშნავს რეალობაში ამ კულტურული ენების გაქრობას.

გამოდის ასეთი სიტუაცია, რომ კულტურის ტერიტორია უსასრულოდ ნაგვიანდება სხვადასხვა ენებით, კოდებით და ამას არასოდეს არაფერი არ ეშველება, რადგან კულტურა ყველაფერს იმახსოვრებს. ხელოვანს კი სულ უფრო და უფრო მცირე ადგილი რჩება გამოხატვისთვის, იწურება ფორმებისა და კომბინაციების რაოდენობა, ან ძალიან ემსგავსება ერთმანეთს.

და ამ მცირედის განსხვავება არადამაჯერებელია...

ასევე, არსებობს მეორე გზა თამაშისთვის. გზა რომელიც გულისხმობს ყველაფრის ისე დატოვებას როგორც არის. მთელი კულტურის ,,ნაგავი’’ ხდება საშენი მასალა ხელოვანისთვის და იგი აკეთებს მუდმივ ციტირებებს. არაფერს არ ეძებს, ყველაფერი აქვს, უბრალოდ პოულობს ახალ - ახალ კავშირებს.  შეიძლება ითქვას ამ მიდგომით მთელი კულტურა ისევე აღიქმება მოცემულობად როგორც თავისთავადი მატერია და სამყარო. ანუ კულტურამ აზრი დაკარგა და იგი ისეთივე მოცემულობა გახდა ადამიანისთვის როგორც რომელიმე  პეიზაჟი ტიბეტის ზეგანზე.

ესე იგი, ძალაუფრებრივი სისტემა ამავე ძალაუფლებამ ჩამოაქცია და გაანეიტრალა. ყველაფერი დასაშვები გახდა და არავინ არაა პასუხის მომთხოვნი. იმავე მდგომარეობაშია ხელოვანი დღეს, როგორც პირველი მხატვარი გამოქვაბულში. თუმცა, პასუხს თავის  თავს სთხოვს ხელოვანი. მას უნდა, რომ დაიჯეროს თავისი ავთენტურობა და ნამდვილობა, იმიტომ რომ ძალაუფლებრივი უნარები გამოხატულ ახალ ენებს შეუსუსტდა. ამიტომ, ხელოვანი ცდილობს ძალაუფლება სხვა გზებით მოიპოვოს, და სხვანაირად გახდეს გამორჩეული სხვა ხელოვანებისგან. თანამედროვე ხელოვნება აღარაა ხელოვნების დაპირისპირება ნიშნობრივ დონეზე. დღესაა ხელოვანების ,,დაპირისპირებაა’’ ერთმანეთთან, პოპულარულობის მიზეზით. დღეს, ხელოვანის ტიტულები და მისი პორთფოლიო უმნიშვნელოვანესი გახდა...

და ფსონიც პოპულარულზე კეთდება, კარგად აღარავინ აკვირდება რას ხატავს მხატვარი, მთავარი საზომი პოპულარულობაა.

აქ მარკეტინგმა, პიარმა ჩაანაცვლა ხელოვნება.

ასე რომ გზა ისევ ორია,  მარკეტინგის და პიარის ან ტრანსცენდენციის.

ტრანსცენდენციის გზა გულისხმობს სტერილიზაციას თუმცა ენერგიისა და მრავალფეროვნების გამოხმობა ტრანსცენდენციიდან მოგვიწევს.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვადასხვა კომბინაცია, მაგრამ საწყისები ასე ჩანს.

აქ შეიძლება დავსვათ კითხვა, ზოგადად, ან კონკრეტულად რა არის ის განმსაზღვრელი ბიძგი რაც ხელოვანს აწყებინებს რეპრეზენტაციას. შესაძლებელია დღეს ეს იყოს უბრალოდ რღაც ძალაუფლების სისტემაში შემოსვლა, რომ აქ მოიპოვო ადგილი და ხელოვანად ყოფნას არ ჰქონდეს რაღაც სხვა გარდაუვალი მიზეზი. თუმცა, შეიძლება ითქვას რომ ძალაუფლებასთან ურთიერთობა მაინც გარდაუვალია, მაგრამ თავად პირველადი მიზეზი რა არის სახვითობის, რაც ადამიანში წყდება და არა გარეთ სადაც მერე ეს ნიშანი გადის ძალაუფრებივ სისტემაში.  

უნდა ითქვას, რომ ყველაზე პოპულარული ხელოვანი მაინც თავის ნამუშევრებზე დგას, მაინც ეს თავისი პროდუქტია, რაღაც საჩვენებელი, რაღაც, რაც შეფასდება...

ამიტომ ყველაზე ნამდვილი და სიღრმისეული პრობლემა უნდა იდგეს ხელოვანსა და მის ნამუშევარს შორის.

შეიძლება, ამ პრობლემების შედეგი, კარგად, სწორედ ნამუშევრებში იკითხებოდეს.

თუკი სამყარო მალავს რაღაცას, ესე იგი ხელოვანი რომელიც ცდილობს აბსოლუტურად ყველაფერი ჩართოს თამაშში და ეძებს განსხვავებულ ფორმებსა და კონტექსტებს, რაღაც მიჯნაზე აღმოჩნდება. მიჯნაზე, რომლის იქეთაც შესაძლებლობები ქრება.

ეს არ არის ფსიქოდელიკა, უბრალოდ არსებობს X ჩვენს აღქმასა და საგანს შორის. ჩვენი ცნებები და საგნები სცდებიან ერთმანეთს, ჩვენი აღქმა ჩვენი კონსტრუირებული სამყაროა რეალურად. რისი მიმეზისიც კეთდება, იმას ჩვენი გონება ასტრუქტურებს ჯერ ჩვენივე ხასიათისა და გამოცდილების მიხედვით. ხოლო თვად რეალობა სადღაც განყენდება როგორც უცხო.

მხატვარი, რომელიც კმაყოფილია იმით, რომ მას აქვს საღებავი, ყველაფერი აქვს, რომ დახატოს და ისიც იწყებს ხატვას, უბრალოდ ამ პოზის  კულტურულ დაგემოვნებას ახდენს, რასაც მხატვრობა ჰქვია, იგი კულტურის კონსტრუქციას იღებს და ამას ერგება, აქ ერთობა, კმაყოფილდება თავისი ვიწრო გაქანებითა და მიზნებით, რომელიც არასროს არ ცდილობს რეალობის აღმოჩენას.

მხატვარი, რომელიც განყენდება თავისი ,,პალიტრიდან’’ და დაუშვებს, რომ არსებობს X, იგი უკვე ნამდვილ თამაშში ებმება.

ნამდვილი იმ გაგებით რომ მას აქვს გამოწვევა, რაღაც უცნობის, რაც რამენაირად უნდა ჩართოს თამაშში.

პირველი მხატვრის უკან არაფერი იყო, არ ვიცით რა იყო პირველი ხელოვნების გაჩენის საწყისი, აღვნიშნოთ ესეც X - ით.

ესე იგი, რომ არ ყოფილიყო X, არც ხელოვნება იქნებოდა. რომ არ ყოფილიყო X, არც სამყარო იქნებოდა ასეთი. რადგან აუცილებლად შეიცვლებოდა ჩვენი აღქმა, რომ ვიცოდეთ ყველა მიზეზის მიზეზის მიზეზი. სავარაუდოდ, სამყარო ზუსტად ასეთი სანახაობრივი ამიტომაა, რომ ის რაღაცას მალავს. იგი სრულიად ცარიელია, მიუხედავად იმისა რომ სავსეა. მეცნიერული და ადამიანური აზროვნება მოიაზრებს რომ ოდესღაც არაფერი არ იყო, არც სივრცე და არც დრო და შემდეგ ყველაფერი გაჩნდა, ასე დასრულებული და უნივერსალური როგორიც არის დღეს.

-კარგი სიუჟეტია ასეთი სამყარო, ადამიანის დასაინტრიგებლად და ყველაფერზე მისი თვალის გასაშტერებლად. მითუმეტეს, რომ ესთეტიკური ობიექტები ამ X ნიშანს ტოტალურად ატარებენ.

ადამიანმა კარგად მოარგო თავის ეგოს ხელოვნება, და ადამიანის ეგოსაც მოსწონს როცა თავისი ნამუშევარი მოსწონთ. (ოღონდ ეგოს სამყაროსეულ თამაშთან არ აქვს კავშირი) თუმცა ესეც რომ არ იყოს, ყველა დიდი ხელოვანი იყენებს ამ ხრიკს და იმ თამაშს ქმის სადაც X სახვითობაში იმალება, ეს გამოსახულება და X ხდება გაცილებით უფრო ლოკალური და უცხო ვიდრე თავად სამყაროა  ნაცნობი ადამიანისთვის. ამიტომ მას მაყურებელი თვალს ვეღარ წყვეტს...

ყოველი სურათი რომელიც X -ს  არ ჩაირთავს რაიმე გზით, დგას სახვითობის პრობლემის წინაშე.

ალბათ, მთელი ადამიანის გენია იმაში ვლინდება, რომ მას შეუძლია აღმოაჩინოს ეს X და რაღაც კომუნიკაცია დაამყაროს მასთან.  ჯერ დაუშვას მისი არსებობა და ეურთიერთოს მას. თუმცა, X მხოლოდ განყენების დროს იწყებს გამოჩენას. მხატვარი რომელიც ხედავს მხოლოდ საღებავს, (მოცემულობას) ნატურას, ტილოს და ამ გარემომცველი სამყაროთი კმაყოფილდება, ის ვერასდროს დახატავს ისეთ საინტერესო სურათს რომელიც კულტურის ტერიტორისგან განყენებულ თვალს მოხიბლავს...

ის ვერასოდეს დახატავს ქალს, რომელიც მის წინ დგას შიშველი და რომელსაც ხატავს. მას ჰგონია, რომ იქ ნამდვილად დგას ქალი. არ იცის,   ქალი რომ დახატო, ქალი უნდა გაქრეს...

 

ქართულ კულტურაში კი მწვავედ დგას სახვითობის პრობლემა. განსაკუთრებით ოთმოციანი წლებამდელ და შემდგომ მხატვრებში.

თუმცა, ეს პრობლემა ქართველ მოდერნისტებში უფრო ნაკლებია.

როგორც ჩანს, იმ დროს არც რეალობა და X  არ აწყობდა სოცრეალიზმის იდეოლოგებს, და არც აზროვნება და განყენება იყო დღის წესრიგში.

ვითომ განყენდებოდნენ, ოღონდ მითოლოგიასა და ლიტერატურაში მიდიოდნენ, მაგრამ ევროპაში უკვე გაცვეთილი ვიზუალური ენის და კოდების კოპირებით...

ამ ნიშნობრივ სისტემებთან და თავიანთ მყუდრო სახელოსნოებში გრძნობდნენ თავს კარგად, ამ ,,კულტურის სანეხვეზე’’ იყვნენ გულიანად, ..ბოსლის სითბოში’’.