• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

`პოლიტიკის ესთეტიზაცია` და `ესთეტიკის პოლიტიზაცია`

×
ავტორის გვერდი ალექსანდრე გაბელია 00 , 0000 3648

        "ესთეტიზაცია"  მზერის მაქსიმალური კონცენტრაციისკენ  მოგვიწოდებს.  პოლიტიკა კი  ჩამდგარია ესთეტიზაციის  მარწუხების  ქვეშ,  მასების მასშტაბურ ყრილობებსა  თუ ომებში.   ფაშისტის კამერა  იკვებება მასებით, როგორც  გადაუმუშავებელი მასალა შიშით შთაგონებული ფაშისტური  დეკორაციებით.“[1]

           „თუ ფაშიზმს    პოლიტიკურ სფეროში  შეღწეულ ესთეტიკურ არედ განვმარტავთ, გამოყენებული ესთეტიკა საკუთრივ პოლიტიკური მიზანი ხდება. აქ კი ხელოვნების ფუნქცია  ორმხრივად  კრიტიკული ხდება,  რაც საზოგადოების დესტრუქციითა და დაკონსერვებით გამოიხატება .“[2]

         მესამე რაიხის დროს კინო პროპაგანდისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმი იყო.  თავდაპირველად  ალბათ გაგვახსენდება ლენი რიფენშტალის „ნების ტრიუმფი“, რომელიც  34 წლის ნიურბერგის  ნაცისტური პარტიის კონგრესის ქრონიკას აღწერს. ფილმი  მხატვრული ხერხებით რეკონსტრუირებული მოვლენის სამაგალითო ნიმუში გამოვიდა. რიფენშტალი საგულდაგულოდ არჩევს რაკურსებს, განათებას, იყენებს პანორამულ გადაღებას, რისთვისაც დარბაზში სპეციალურ რელსებს ამონტაჟებენ. სურათი შეგვიძლია მივიჩნიოთ მითოლოგიის მწარმოებლად, რომელიც ცდილობს  ფაშიზმი დადებითი რაკურსით წამოაგვიდგინოს. ლამაზი ესთეტიკა კი მთავარი იარაღი ხდება.  ლენიმ მოსაწყენი ყრილობა აქცია ერთ დიდ სანახაობად, სადაც ახლო კადრით  მხოლოდ ფიურერს ვხედავთ, ფილმის სხვა გმირები კი უბრალო დეკორაციული მასაა. თავად რეჟისორი ფილმის გარშემო გამოწვეულ მოსაზრებებს მისი ნაცისტური რეჟიმის სიმპათის შესახებ, უპირისპირდებოდა იმით, რომ მან ეს ფილმი მიუძღვნა სილამაზეს. სუზან ზონტაგი თავის წიგნში უპირისპირდება ამ ცრუ მითოლოგიას და საუბრობს რიფენშტალის შენიღბულ ფაშიზმზე. ხაზს უსვამს მის ფოტოალმობს ნუბიელებზე, სადაც რიფენშტალი მათ ირჩევს ათლეტური აღნაგობისა და მწყობრი პროპორციების გამო. მათ ცხოვრებაში არსებული რეალური პრობლემები მისთვის მეათეხარისხოვანია. თუ რა აწუხებს ხალხს ყოველდღიურად, თუ როგორ ცხოვრობენ სხვა ტომები და  უმკლავდებიან შიმშილს. მისთვის მნიშვნელოვანი აქაც ესთეტიკაა და კმაყოფილდება ეგზოტიკური ხედებითა და რიტუალალებით.  ასევე მსგავსი რაკურსია მის ფილმში „ოლიმპიადა“, სადაც აქცენტი კეთდება სპორტსმენების სიძლიერესა და გამარჯვებისკენ სწრაფვაზე. ლენისთვის ფილმში დამარცხებული ათლეტი ნაკლებად საინტერესოა. ამ და სხვა მითოლოგიებზე საუბრობს ზონტაგი „მაგიურ ფაშიზმში“. ფილმის გამოსვლის შემდგომ ნაცისტების მხარდამჭერების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სურათი განადიდებს ერთიან ძალას, მასას, რომელიც ემორჩილება ერთ უზენაეს მმართველს. ამ შემთხვევში ჰიტლერი ხდება ღმერთი, „სხვები“ კი მისი მოწაფეები- ერთიანი მასა, პრივილეგირებული ერი.

             ამ ფილმის გარდა აღნიშნულ პერიოდში დიდ ეკრანზე არაერთი ნამუშევარი გამოვიდა. შეგვიძლია ვახსენოთ ფილმი „ჰიტლერიუგენდელი Quex”,( ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია) გადაღებული 1933 წელს.(რეჟისორი ჰანს შტაინხოფი) ფილმში ნაჩვენებია ოცდაათიანი წლების სისხლიანი ბრძოლები.(კომუნისტებსა და ნაცისტებს შორის) ანტიკომუნისტურმა ნიშნებმა და ნაციზმის პროპაგანდამ განაპირობა ფილმის დიდი პოპულარობა; მნიშვნელოვანი ფილმია ასევე  ვეიტ ჰარლანის  “Jud Sub”, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ანტისემიტურ ფილმად ითვლება. 1733 წელი, ჰერცოგი კარლ-ალექსანდრე ვიურტემბერგი ფინანსურად სუსტდება, არ ჰყოფნის ფული და ფინასტიტად მდიდარ ვაჭარს ნიშნავს,(ებრაელს) რომელიც  ჰერცოგისგან წინააღმდეგობის მოხსნას ითხოვს. კერძოდ კი ებრალების ვიუტერბერგში ცხოვრების უფლებას.  ქალაქ შტუტგარტში ხდება სახალხო აჯანყება, ებრაელს იჭერენ. 1940 წელს გებელსა საკუთარ დღიურში ფილმს გენიალური უწოდა. ფილმი 20 მილიონმა ადამიანმა ნახა. გაიცა ბრძანება  რომ ფილმი ოფიციალურად ეჩვენებინათ პოლიციისთვის და სხვა ძალოვანებისთვის; თითოეული სურათი  „ლამაზი სანახაობაა“. რიფენშტალის მსგავსად  რეჟისორები ცდილობენ ხელოვნების ესთეტიკურ მხარეზე ყურადღების გამახვილებას, რისი მიზანიც პროპაგანდის  ნაწილობრივი „დამალვაა“. თუმცა, მთავარი აქ იდეების გატარება ხდება. ჰიტლერი იყო ნაწარმი  ამ დროის ესთეტიკური ხასიათის  და ამავდროულად დიდი პროდიუსერი პოლიტიკური დიზაინისა და ქორეოგრაფიის, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია. ჩვენ ვერ გავაცალკევებთ მის საქმეებს, პოლიტიკას და ნაცისტურ იდეოლოგიას მისი ესთეტიკური ხასიათისგან. ჩვენ იგნორირებას ვუკეთებთ ძირითად ისტორიულ ფაქტს, რომელიც ფედერიკ სპოტის წიგნის უმნიშვნელოვანესი თეზაა: „ხელოვნება, სილამაზე და ესთეტიკა არ იყო  კეთილთვისებიანი პროდუქტი ნაცისტური რეიხის, მაგრამ იყო განუყოფელი ნაწილი მისი ღვარძლიანი ლოგიკის. სილამაზე და  ტერორი, ესთეტიკა და ძალაუფლება, არ შეიძლება ისტორიული ფაქტის შემდგომ გაორმაგდეს, მაგრამ ახლა შესაძლოა  ისტორიულ ძალებად განვიხილოთ, რომლებმაც ასევე უნდა მართონ და  გამოამჟღავნონ მოვლენები .“[3]

                    საბჭოთა კავშირშიც კინო- პროპაგანდა საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.  სტალინიზმის ნიშნებს სხვადასხვა  ფილმები აირეკლავდნენ, მათ შორის ფილმები, რომლებშიც თავად მისი ხატი გვევლინებოდა. პირველი ასეთი სურათი 1937 წელს გადაიღეს: ეკრანზე გამოვიდა ჭიაურელის  „დიადი განთიადი“,  სადაც ბელადის  როლს მიხეილ გელოვანი ასრულებს.(სურათს  სტალინის პრემია მიენიჭა) რეჟისორი 1917 წლის მოვლენებს აღწერს, ლენინი ხალხს სახელმწიფო გადატრიალებისაკენ მოუწოდებს,  დროებითი მთავრობა კი მომიტინგეებს ცეცლხს უხსნის.  ბელადის ხატი იმდენად უტრირებულია  შეუძლებელია არ უყორო ამ ფილმს ირონიული თვალით; „სტალინისტური ხელოვნება“ შეიძლება წავიკითხოთ  ერთგვარ გრანდიოზულ პოლიტიკურ-ესთეტურ პროექტად. ნაწილობრივ ეს პერსონალიზმი ხელს უწყობდა   „დიდი ადამიანის“  კონცეპტის ჩამოყალიბებას,  ბოროტი ყოვლისშემძლე აგენტის, (მეთაურის) მეორე მხრივ, კი ფილმებში სტალინიზმი კოლექტიურ ფენომენად წავიკითხოთ.  ანდრე ბაზინი  წერილში  „სტალინის მითი საბჭოთა კინოში“  ამ თემის გადააზრებას ცდილობს. განიხილავს რამდენიმე ფილმს  და საუბრობს იმაზეც რომ  სტალინის სახე კინემატოგრაფში, განსაკუთრებით იმ ფილმებში, რომლებშიც  ის მთავარ გმირად გვევლინება,  ქმნის მის ხატს და წარმოგვიჩენს მსოფლიოში მისი როლის მნიშვნელობას.  სტალინის წმინდად ადამიანურ თვისებებზე საუბრისას ამატებს:  "მისი ფსიქოლოგია განისაზღვრება ალეგორიასთან მიახლოებული ნიშნებით: გაწონასწორებული ხასიათი (ჰიტლერის ისტერიის საპირისპიროდ), განსჯისაკენ მიდრეკილება ან, უფრო სწორად, მაღალი შეგნება, გამბედაობა და სიკეთე “.  ეს ყველაფერი ბაზინის თქმით „ფიცში“ რეპრეზენტირდა. მიზანი კი ხალხსა და ისტორიას შორის კავშირის  დადგენაა.

                 პირობითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაცისტური და კომუნისტური ხელოვნება  გარდაქმნის  კულტურულ ღირებულებებს,  აცალკევებს მათ,  მაგრამ  ორივე შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდებითა და გზით.  “სხვა სიტყვით, ფაშიზმი და კომუნიზმი ორივე შეიძლება მივიჩნიოთ ესთეტიკურ პოლიტიკად. თუმცა ფაშიზმის ილუსტრაციისაც მის სინონიმად ესთეტიკის პოლიტიკა არ კმარა, რადგან ფაშიზმი არ ამოიზრდება მხოლოდ ესთეტიკური პოლიტიკიდან. ესთეტიზაციის თანამედროვე რეჟიმი შეიცავს  პროგრესის პოტენციალს,  თანაბრად  რევოლუციური ფორმის  ესთეტიკურ პოლიტიკაში.”[4]

                 ესთეტიკის პოლიტიკაზე საუბრისას შეიძლება დაისვას მარტივი შეკითხვა: რაში გამოიხატება პოლიტიკა, რომელიც ესთეტიზირდა და რომელიც თავის არსში  არ ყოფილა ესთეტიკური?  რა ურთიერთმიმართებაა  პოლიტიკასა და ესთეტიკას შორის, რომლებიც ქმნიან  პოლიტიკური ესთეტიზაციის მანიპულაციებს?  ბენიამინის ფორმულის ნაივური წაკითხვის საწინაამღდეგოდ  შეგვიძლია ვიფიქროთ  პოლიტიკის  თავისთავად  ესთეტიკურობაზე. დავესესხოთ  ჟაკ რანსიერს, რომელიც ამტკიცებს, რომ პოლიტიკის ესთეტიზაციისათვისა და მისი ესთეტიკური განზომილებისთის დამახასიათებელია  რაიმე რადიკალური ემანსიპატორული პოლიტიკა.[5]   ჟიჟეკი  იღებს ამ თეზას და აკეთებს რეზიუმეს:  "ეს არჩევანი წინააღმდეგობაში მოდის  გაბატონებული ცნების აგებულების, რომელიც ხედავს ფაშიზმის მთავარ  ფესვებს  სოციალური სხეულის ორგანიზმის ზრდასა და  ესთეტიკურ-ორგანულ  მთლიანობაში”[6];  ჩვენ კი არ უნდა დავსვათ ტოლობის ნიშანი ამ ორ კინო-მოდელს შორის, რადგან ისინი განსხვავდებიან როგორც არსობრივი კუთხით, აგრეთვე მხატვრული ღირებულებით.  აიზენშტეინის, ვერტოვისა თუ კალატოზოვის კინოენა კი თავის მრავალწახნაგოვნებით, სიღრმითა და მებრძოლი სულით, ჰორიზონტს მიღმა ტოვებს ფაშისტის  წმინდა კამერას.

______________________________________________________

 

[1] ESTHER LESLIE: WALTER BENJAMIN, POLITICS, AESTHETICS

2Politicizing Art”: Benjamin’s Redemptive Critique of Technology in the Age of Fascism By Amresh Sinha

3  პერიფრაზი  ჯეიმს იანგის სტატიიდან „The Terrible Beauty  of Nazi  Aesthetics”, ფრედერიკ სპოტის წიგნის Hitler and the Power of Aesthetics  რევიუ

4  ESTHETICIZATION OF POLITICS:BENJAMIN, FASCISM, AND COMMUNISM / Jon Simons

5  Rancière, J. (2004): The Politics o f Aesthetics. The Distribution of the Sensible

Zizek, S. (2004): “Afterword” in: Rancière, J. (2004): The Politics o f Aesthetics. The Distribution of the Sensible

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული