• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ფანტაზიის დასასრული

×
ავტორის გვერდი ჩეზარე პავეზე 01 იანვარი, 2015 2653

თარგმანი ინგლისურიდან:  ალექსანდრე გაბელია

 

კატებს ეცოდინებათ

როცა წვიმა სურნელოვან ქვაფენილებს კვლავ დაეცემა,

კაშკაშა წვიმა

სუნთქვისა თუ  ფეხის ნაკვალევის დარი.

როცა სიო და განთიადი  ნაფეხურების ქვეშ

შენი ხელახალი შებიჯებისთანავე  კვლავ მსუბუქად იყვავილებენ.

ყვავილებისა და რაფების შუაგულში მობინადრე

კატებს ეცოდინებათ.

 

და  იქ იცხოვრებენ  სხვა დღეები.

და იქ  იცხოვრებენ სხვა აზრები.

 შენ კი მარტოსული გაიღიმებ,

კატებს ეცოდინებათ.

და შენ ყურს უგდებ  უწინდელ სიტყვებს,

დაღლილ და ცარიელ სიტყვებს,

გუშინდელი დღესასწაულებიდან შემორჩენილი

ჩაუცმელი ტანსაცმლის მსგავსად.

 

და შენ  სათქმელს ჟესტები გამოხატავენ,

პასუხს გასცემ სიტყვებით-

გაზაფხულის სახე,

და შენ  სათქმელს ჟესტები გამოხატავენ.

 

კატებს ეცოდინებათ.

გაზაფხულის სახე;

კაშკაშა წვიმა.

იაგუნდისფრად შემოსილი  განთიადი

 ააცრემლიანებს იმ ერთის გულს,

ვისაც უფრო მგზნებარედ აღარ წყურიხარ,

 გაჩნდებიან  სევდიანი ღიმილები

და  შენ მარტოსული გაიღიმებ.

იქ იცხოვრებენ  სხვა დღეები,

სხვა აზრები და გამოღვიძებები,

და ჩვენ  განთიადისას დავიტანჯებით-

გაზაფხულის სახე.

 

სიკვდილი მოვა და შენი  თვალები ექნება

სიკვდილი მოვა და შენი თვალები ექნება,

ის სიკვდილი რომელიც ალიონიდან დაისამდე თან გვახლავს,

უძილო  და შეუსმენელი, უწინდელი მწუხარებისა

თუ სულელი ხასიათის ნაკლის მსგავსად.

შენი თვალები იქნება  უსარგებლო სიტყვა,

ცვალებადი ტირილი, სიჩუმე.

და  დაინახავ მათ ყოველ დილას,

როცა მარტოსული  მიეყრდნობი სარკეს.

ოჰ,   სათუთად მოვლილო სასოებავ,

იმ დღეს ჩვენ უნდა შევიცნოთ

რომ შენ ხარ სიცოცხლე და სხვა არაფერი.

 

სიკვდილს ყველასთვის აქვს იერსახე.

სიკვდილი მოვა და შენი თვალები ექნება,

ის იქნება  დასრულებული ნაკლის დარი,

და მოჩარჩოებულ სარკეში

დახურული ტუჩების მიყურადების მსგავსად

მკვდარ სახეს ხელახლა გამოაჩენს.

ჩვენ კი ჩავიძირებით სიჩუმის უფსკრულში.

 

შენი სახე  ამოკვეთილ  ქვას ჰგავს

შენი სახე ამოკვეთილ ქვას ჰგავს,

გამაგრებული დედამიწის სისხლს.

შენ ზღვიდან მოხვედი

ყველაფერი შეაგროვე, შეისწავლე

და ზღვის მსგავსად უარყავი.

შენ გულში ბუდობს სიჩუმე და გადაყლაპული სიტყვები.

შენ წყვდიადი ხარ

და შენთვის განთიადი ხდება სიჩუმე.

 

შენ დედამიწის ხმების მსგავსად-

ჭაში ჩაძირული ვედროს მსგავსად,

ხანძრის სიმღერის,

ვაშლის უხმოდ დაცემის,

იმორჩილებ სიტყვებს

და  ზღრუბლებზე ულაწუნებ.

ბიჭის ტირილი კი  არასდროს გაქრება!

შენ არ ხარ უსიტყვო, შენ წყვდიადი ხარ.

 

შენ ხარ ჩარაზული სარდაფი,

გალახული დედამიწა,

სადაც ერთხელ შეაბიჯა

ფეხშიშველმა ბიჭმა

რომელსაც მუდამ ემახსოვრები.

შენ ბნელი ოთახი ხარ

და მას ყოველთვის ემახსოვრები.

უძველეს  ეზოს ჰგავხარ,

სადაც განთიადმა საკუთარი თავი გააშიშვლა.

 

და მაშინ,  ჩვენ მშიშრები

და მაშინ,  ჩვენ მშიშრებს

რომელთაც  გვიყვარდა  მოჩურჩულე საღამო,

სახლები და მდინარესთან ახლოს გაკვალილი ბილიკები,

იმ ადგილების გასვრილი  წითელი  სინათლეები,

ლამაზი  უხმო სევდა-

და ჩვენ სიჩუმეში გავუწოდეთ  

ცხოვრების ჯაჭვით დატყვევებული  ხელები.

თუმცა  ჩვენმა გულმა  სისხლით აგვაფორიაქეს.

და  მაშინ ყველანაირი სიტკბოება გაქრა!

ყოველგვარი  თავისდაკარგვები...

მდინარესთან  ახლოს გაკვალილ ბილიკებზე-

არაფერი დარჩა მონობის!

ჩვენ ვიყავით მარტოსულები და ცოცხლები.

 

ფანტაზიის დასასრული

ეს სხეული ვეღარ შეკრთება.

გულში ჩამწვდომი მისი თვალების ბუდეები

გრძნობენ რომ მიწის გროვა მათზე უფრო ცოცხალია,

და ეს მიწა განთიადისას ასე ფარულად ვერ დაიმორჩილებს საკუთარ თავს,

თუმცა გვამი დაუსრულებელ გამოღვიძებებს ნეშტად აქცევს.

ჩვენ მხოლოდ ამ ძალას ვფლობთ:

რათა ყოველი დღე მიწამდე ადრე დავიწყოთ

და ჩუმი ზეცის ქვეშ  დაველოდოთ გამოღვიძებას.

განთიადის კატორღით  კი ვიღაც ძალზე  გაოცდა

და ბოლომდე გამოფხიზლდა.

თუმცა  ჩვენ  ვცხოვრობთ მხოლოდ იმისთვის

რათა  ვიკანკალოთ ძალისხმევის წინ და გავაღვიძოთ დედამიწა.

ეს ხდება ხანდახან და შემდგომ  ჩვენთან ერთად მიჩუმდება.

 

თუ გულში ჩამწვდომი  სახე აყვება კანკალს-

და ჩაუმქრალი ხელი  აჩუყდება-

თუ გამოაშკარავდება რომ სიცივე მხოლოდ

განთიადისას გაყინული მიწის სიცივეა და არაფერი სხვა.

იქნებ ეს გამოღვიძებისას მოხდეს და  დადუმებული საგნები

განთიადის ფსკერზე  კვლავ  ხმამაღლა ამეტყველდნენ.

მაგრამ ჩემი ხელი კანკალებს

და ეს ყველაფერი მაგონებს ხელს

რომელიც ვერ ირხევა.

 

ხანდახან,  განთავისუფლების ჟამს, განთიადისას  გამოღვიძებას

მოჰქონდა მშრალი ტკივილი და სინათლის ცრემლი.

დედამიწის ძუნწი სიტყვა  ორიოდე წამით გამხიარულდა

და  სიკვდილი კვლავ უეცრად დაბრუნდა.

ახლა კი მომთმენი სხეული არის ის

რომელიც  ამდენი გამოღვიძების შემდგომ  რჩება ნეშტად  და არ ბრუნდება დედამიწაზე.

გამაგრებულ ტუჩებს კი  არ შეუძლიათ ამ ყველაფრის გამხელა.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული