ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა

სიყვარულის მაღაზია

ქრისტინე ბებია
23.03.2017

   


            სიყვარულის მაღაზია გაიხსნა. ყველანაირი სიყვარული იყიდებოდა: სეირნობის, ჭორაობის, სამსახურის, ცურვის, ძილის, წვიმის, პოეზიის, ჯაზის, ზამთრის, აჯაფსანდალის... სულო და გულო, რა სიყვარული გინდა, არ გეპოვა ამ მაღაზიაში!

            მიაწყდა ხალხი. ვიღაც სამშობლოს სიყვარულს ყიდულობდა, ვიღაც _ თაფლის, ვიღაც _ ქსოვის. ვის რა უნდოდა ან რა სჭირდებოდა. ზოგიერთს ისედაც ჰქონდა ესა თუ ის სიყვარული და ახლა სხვა სიყვარულს ყიდულობდა. იმატებდნენ. რაც მეტი სიყვარული გაქვს, მით უკეთესი! მე კი, არანაირი სიყვარული არ გამაჩნდა. სწორედ ჩემთვის იყო ის მაღაზია, თუ იყო გახსნილი, მაგრამ ძალიან ღარიბი ვიყავი, კაპიკიც არ მებადა. ეგ, ფულის სიყვარული რომ არ მქონდა, იმიტომ.

            ვიფიქრე, წავალ, ეგებ, არც ისე ძვირია სიყვარულები, ფულს ვისესხებ, ცოტას კი მასესხებენ-მეთქი. გზას გავუდექი. იმდენი ხალხი ირეოდა ქუჩაში! იმ კაცს ცოლის სიყვარული მიჰქონდა. ნეტავ, უსიყვარულოდ შეირთო თუ მერე გადაუყვარდა? ახალგაზრდა ყმაწვილს ღვინისა და ლუდის სიყვარული უყიდია; იმ ქალს _ მეცადინეობის. შვილისთვის უნდა ეჩუქებინა, სავარაუდოდ; ამას კიდევ _ ჭურჭლის რეცხვის... მოკლედ, ძლივს გავიგენი გზა მაღაზიამდე.

            დიდი რიგი იყო. ორი დღე-ღამე მომიწია რიგში დგომამ მხოლოდ იმისთვის, რა ფასები იყო, გამეგო. სიძვირფასე, ხარისხი და სხვა მახასიათებლები განსაზღვრავდა ფასს. რამდენიც გინდოდა, იმდენ სიყვარულს აგიწონიდნენ.

            ყველაზე ნაკლები მოთხოვნით თავად სიყვარულის სიყვარული სარგებლობს, თითქმის საერთოდ არ გვეყიდებაო, _ გამყიდველის სიტყვებს მოვკარი ყური.

            ტყუილად ვიდექი მაღაზიაში, არაფრის მყიდველი მე არ ვიყავი. სხვებს ვუშლიდი ხელს. ,,გაიწი რა, თუ არაფერს ყიდულობ!“ _ მრისხანედ შემომიბდღვირა ვიღაცამ. შენ, პირველყოვლისა, ადამიანის სიყვარული იყიდე-მეთქი, _ ვურჩიე და გამოვედი.

            რამდენსაც მასესხებენ, იმდენს ვისესხებ და ცოტ-ცოტა სხვადასხვა სიყვარულს ვიყიდი, _ ვთქვი ჩემთვის ჩუმად გულში.

            არავინ მასესხა ფული. ახლა ძალიან გვჭირდება, არ გეწყინოსო. რა უნდა მექნა?! დავნაღვლიანდი. ეგ თუ შემეძლო მხოლოდ.

            ბოლოს გამიჭრა გონებამ. განცხადება გამოვაქვეყნე გაზეთში, ვეძებ ადამიანს, ფულის გასესხების სიყვარული რომ აქვს-მეთქი. ან არავის წაუკითხავს განცხადება ან საერთოდ არ არსებობს ადამიანი, ფულის გასესხების სიყვარული რომ ჰქონდეს.

            ერთი კვირა ვიფიქრე, რა გზას დავდგომოდი. ხალხი კი ყიდულობდა და ყიდულობდა სიყვარულებს. მეორე კვირაც ფიქრში გავატარე. მაღაზიას კი არ ელეოდა მუშტარი. პირიქით!

            კარგი მოგება ნახა სიყვარულის მაღაზიამ. კლიენტებიც რომ არ აკლდებოდა?!

            აუცილებლად უნდა გაიხსნასო ფილიალი, _ ჭორი გავარდა. ფილიალი გაიხსნასო?! თავში დამკრა შუქმა. ალბათ, გამყიდველებიც დასჭირდებათ-მეთქი. ,,ხელფასს რომ ავიღებ, მერე ვიყიდი რაღაც-რაღაც სიყვარულებს. თან, ცოტ-ცოტა ყველა მომხმარებელს მოვუტეხავ, ძაან არ მიხვდნენ! ერთ-ორ გრამს რას შეატყობენ?! ჩემთვის ეგ გრამებიც ბევრს ნიშნავს და მნიშვნელოვანია!”, _ გავიფიქრე იმედმოცემულმა.

            მართლაც გამოცხადდა ვაკანსია.

            თავი არ დამიზოგავს, თავი მომეწონებინა, მაგრამ ვერ აგიყვანთო, _ მითხრეს. იმდენი ვეხვეწე, დავუჩოქე კიდეც, მაგრამ მაინც არა და არაო, შენ მუშაობის სიყვარული არ გაგაჩნიაო. პირველივე ხელფასით ეგრევე მაგ სიყვარულს ვიყიდი, პირობას გაძლევთ-მეთქი. როდის, ერთი თვის შემდეგო? მანამდე, ნახე, რამდენი მუშაობის სიყვარულის მქონე ადამიანი დგას რიგში, მათგან საუკეთესოს არჩევაც კი გვიჭირსო. გამომაბუნძულეს.

            მოწყენილი უაზროდ დავხეტიალობდი ქუჩაში. ხალხის ბედნიერება კიდევ უფრო მაუბედურებდა. ჩემს ჯიბრზე რა გაცისკროვნებული სახეებით ბრუნდებოდნენ ნავაჭრით მაღაზიიდან?! ზოგიც, შოპინგის სიყვარული რომ ჰქონდა, ახლა მიდიოდა სიყვარულის მაღაზიაში უზომოდ გახარებული, წინ რომ დიდი სიამოვნება ელოდა.

            ფილიალიც გაიხსნა და ფილიალებიც!

            სამი - ოთხი თვე ისე გავიდა, ერთი გრამი სიყვარულიც კი არ მიყიდია. ეეჰ!.. შვიდ თვეში გული ისე დამისივდა, ლამის კაპილარები დახეთქა და ნეკნები დაბზარა. სასოწარკვეთილებისგან გადაღლილს არც ფიქრის თავი მქონდა და ასე ბედს მიბარებული ვაგრძელებდი ცხოვრებას. ალბათ, მან თუ მიმიყვანა ერთი წლის შემდეგ სიყვარულის მაღაზიაში.

            _ შეიძლება, უფროსს დაველაპარაკო?

            _ რა გნებავთ?

            _ კონფიდენციალური საქმეა. პირადად მასთან მსურს საუბარი.

            _ კი, ბატონო!.. ორ წუთში დავბრუნდები.

            გავიდა და ბევრი არ მალოდინა, მართლა ორ წუთში დაბრუნდა. პუნქტუალურობა ჰყვარებია.

            _ გამომყევით.

            კაბინეტში შემიძღვა.

            _ შემობრძანდით... დაბრძანდით... აბა, რა საქმეზე მოსულხართ?

            _ ძალიან მინდა, რაღაც სიყვარული შევიძინო თქენთან, თუნდაც, სულ მცირედი, მაგრამ კატასტროფულად ღარიბი ვარ... ძალიან გთხოვთ, ჩემი სიყვარულიც გაყიდოთ თქვენს მაღაზიაში.

            გაოცებულმა შემომხედა. რაიმე რომ არ ეთქვა, ეგრევე გავაგრძელე:

            _ თუ გაიყიდა ჩემი სიყვარული, ხომ კარგი! ფულს რომ ავიღებ, იმით ვიყიდი სიყვარულს. თან, ჩემს სიყვარულს რომ იყიდიან, მერე დამეხმარებიან კიდეც და მეშველება მეც!

            _ კი, მაგრამ...

            _ არავითარი ,,მაგრამ”, გემუდარებით. უმორჩილესად გთხოვთ, უარს ნუ მეტყვით... პროცენტებს თქვენც აიღებთ, რასაკვირველია.

            დაფიქრდა.

            შევთანხმდით. ფასი დაადო ჩემს სიყვარულს _ იაფი. არც იმდენი ვღირდი, ალბათ, მაგრამ მასაც ხომ უნდა დარჩენოდა რაღაც, არა?!

            ასე გამოვჩნდი სიყვარულის მაღაზიის ვიტრინაში, მაგრამ ზედაც არავინ მიყურებდა. ტყუილ-უბრალოდ ვუჟუჟუნებდი სევდიან, ძალით გამხიარულებულ თვალებს დამთვალიერებლებს. ერთი - ორმა კი შეაჩერა ჩემზე დაფიქრებული მზერა, თითქოს ვერ გადაეწყვიტათ, ღირდა თუ არა ჩემი სიყვარულის ყიდვა. არა, ეს არაფერში გამოგვადგებაო, _ დაასკვნიდნენ ბოლოს. ფულის გაფლანგვააო ამ სიყვარულის  ყიდვა, _ ერთის სიტყვებმა ჩამიკლა გული. ერთსაც ბავშვი ეხვეწებოდა, დედი, დედი, ეს მიყიდე რაო. სადა მაქვსო უაზროდ გადასაყრელი ფული, რაც გამოგადგება, იმას გიყიდიო. დედი, გთხოვ რა, არ დამწყვიტოო გული. შენ ფულის ყადრი არ იცი და პირველ რიგში, ფულის სიყვარულს გიყიდიო.                                                                                                               

            _ უკაცრავად, ფულის სიყვარული რა ღირს?

             გავიდა ხანი და ჩამოაფასეს ჩემი სიყვარული. რომც გავსაღებულიყავ, მაინც გროშები შემხვდებოდა. მაგ ფულით ძაან ცოტა სიყვარული თუ მომივიდოდა, მაგრამ სულ არარაობას ცოტა არა ჯობია?! სეილმაც ვერ მოიზიდა ჩემკენ ხალხი.

             ამას წინათ ჩემს ფეხებთან ხურდა დაუვარდა ვიღაცას და ვერ შენიშნა. არც მე მოვქცეულვარ ისე, წესიერი ადამიანი რომ მოიქცეოდა ასეთ ვითარებაში. ფრთხილად, სხვას რომ არ შეემჩნია, ისე ავიღე ხურდა. კი შემეშინდა, ეჭვი არ აეღოთ, ხომ არ მოიპარაო და სხვა რამ მსგავსი, მაგრამ იმავე დღეს, მაღაზია რომ იკეტებოდა, მაშინ გამყიდველს მაინც ვუთხარი, ამ ფულით რამდენიც მომივა, იმდენი ყველაზე იაფფასიანი სიყვარული ამიწონეთ-მეთქი. მაგით არაფერი მოგივა, დაიტაცეს იაფფასიანი სიყვარულებიო.

             ახლაც სიყვარულის მაღაზიის ვიტრინას ,,ვამშვენებ“. ან მიყიდიან, ან არა, მაგრამ მაინც იმედით უდგას კაცს პირში სული. ერთ დღესაც გამოივლის, ალბათ, ვიღაც მადლიანი და იყიდის ჩემს სიყვარულს, ან რა ვიცი, ეგებ, კიდევ დაუვარდეს ვინმეს ხურდა და შევაგროვებ, სანამ რაღაც სიყვარული არ მომივა, მანამ თუ არ მომისროლეს სანაგვეში, ტყუილად იკავებს ადგილს, მაინც არავინ ყიდულობსო.