ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პოეზია

№115

ანა კამლაძე
15.04.2017

   


I

მალე ყველა კარი გაიღება და

ღია კოსმოსში აღმოვჩნდებით.

იქამდე უნდა გამოვცადოთ

როგორია იზოლაცია,

იზოლაცია ტკბილია.

ალბათ გარეთ აუტანლად ცივა,

აქ სულ სხვაგვარადაა.

კიდევ დიდხანს ვიდგებით მაგრად,

ომს ჩვენ დავამთავრებთ,

ციხესიმაგრე აღებულია.

ერთმანეთს მოვუყვეთ ტკივილებზე,

ტკივილი გაგვაერთიანებს,

გასაქცევიც არსადაა.

რთულია იყო გმირი

თავიდან არ უნდა ამოგივარდეს, რომ სამაგალითო ხარ,

ასე ვერავინ იბრძოლებს, ასე ვერავინ გაიმარჯვებს,

მხოლოდ შენ.

ყველაფერი მწყობრშია,

დასაზღვრული სამყარო არ არსებობს

ვერავინ გაგვაკონტროლებს,

აქ ბრძანებებს ჩვენ ვიძლევით.

კონტროლის მექანიზმი ჩვენს ხელშია,

უნდა გავაკონტროლოთ ერთმანეთი და სხვები,

წესრიგი იმას დაერქმევა, რასაც ჩვენ შევქმნით.

ვიმეორებ, დასაზღვრული სამყარო არ არსებობს,

საზღვრების გავლება ახლა იწყება.

რას წავაგებთ? ერთმანეთი ხომ მაინც დაგვრჩება,

ეს ერთობა შეურყვნელია.

და საერთოდ, რა დროს ხვალინდელი დღეა,

რაც მთავარია, ერთად ვართ

ვფლობთ კონტროლს და ერთმანეთს

ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ტკბილია იზოლაცია.

 

II

გავიმარჯვეთ.

შეუძლებელი იყო, დავმარცხებულიყავით.

ახლა ლუდი დავლიოთ

ესეც პირველი პოლიტიკური აქტი მას შემდეგ,

რაც გარეთ გამოვაღწიეთ.

ზოგს ისე უმართლებს, მსოფლიოში ცნობილ ტიპსაც შეიძლება გადააწყდეს

რომელიმე ბარში, ლუდის ბოთლით ხელში.

იღბლიანები ვართ, მოგვესალმა,

წრეში დავსხდეთ და გავირინდოთ, ცოდნა ასე ცოცხლობს,

იგი ლაპარაკობს, ჩვენ ვუსმენთ,

ეს ხუმრობა არაა.

ლუზერები ახლა ჩვენზე ლაპარაკობენ,

ჩვენ მნიშვნელოვნები გავხდით,

ისტორიას გამარჯვებული წერს.

ხვალ, იგივე დროს

ისევ ლუდი.

გართობაც პოლიტიკურია,

ოღონდ 12-მდე

მერე მეტრო იკეტება.

ხვალ მე გპატიჟებ.

 

III

ჩემი ღალატი იდეის ღალატია,

იდეა ჩემზეა შეზრდილი.

შემახსენე, რისთვის ვიბრძოდით?

ყველას ხელები შორს შენგან,

ნუ მაიძულებ კონიუნქტურა დავარღვიო,

ნუ იქნები ამორალური,

მე შენზე პასუხს ვაგებ.

უცხოსთან კონტაქტი ღალატია,

მტერთან არასდროს გადაიკვეთო,

იზოლაცია არასდროს უნდა დასრულდეს,

ნუთუ ვერ ხვდები,

ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,

იცოდე, დიდებას შენთან აღარ გავიყოფ.

ხომ არ გავიწყდება ვინ ხარ?

უნდა გავაკონტროლოთ ერთმანეთი და სხვები,

ეს ახალი წესრიგია.

 

IV

მე გაგაფრთხილე, ახლა დაისჯები.

უფლება არ გქონდა ნდობის ძაფები გაგეწყვიტა,

რა გაუგონარი სითავხედეა.

თავიდან არ უნდა ამოგივარდეს, რომ სამაგალითო ხარ

ასე ვერავინ იბრძოლებდა, ასე ვერავინ გაიმარჯვებდა.

თავს გმირს ნუღა დაუძახებ,

ერთხელ მოპოვებულს შენარჩუნება სჭირდება,

შენ მოღალატე გქვია.

სიყვარულის ახსნა დაგვიანებულია,

ახლა საჭიროა შეგიძულონ

ვერავის ვერაფერს დააბრალებ,

მხოლოდ საკუთარ თავს.

ჩემი ღალატი იდეის ღალატია

იდეა ჩემზეა შეზრდილი.

შემახსენე, რისთვის ვიბრძოდით?

ყველაფერი მწყობრშია,

უკვე ჩვენს მიერ დასაზღვრულ სამყაროში ვცხოვრობთ

იზოლაცია დასრულდა,

ახლა ღია კოსმოსში ვართ და ხელებზე შენი სისხლი მაქვს შემხმარი.