პეკინური იმპროვიზაცია





პოეზია

პეკინური იმპროვიზაცია




თარგმანი: ვაკო ნაცვლიშვილი, გიორგი ხასაია
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ , რომ ინგლისური სიტყვა ინსპირაცია მოდის ლათინური სპირიტუსიდან, სუნთქვიდან და მეც მსურს თავისუფლად ვისუნთქო
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ უოლტ უიტმენმა სამყაროს გულწფელი ლაპარაკის ნება დართო
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ უოლტ უიტმენმა აღმოაჩინა სალექსო ფორმები შეუფერხებელი სუნთქვისთვის
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ეზრა პაუნდმა დაინახა სპილოს ძვლის კოშკი, ფსონი დადო არასწორ ცხენზე, პოეტებს ნება დართო, ჩვეულებრივ სასაუბრო ენაზე წერონ
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ პაუნდმა დასავლელი პოეტები აიძულა ჩინური სიტყვის სურათ-ხატი დაენახათ
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ უ. კ. უილიამსმა რეზერფორდში დაწერა ნიუ-ჯერსული “მოდი თვალი ამოგთხარო” და იკითხა: როგორ ჯდება ეს ხუთტერფიანი იამბიკოს საზომში?
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მამაჩემი პოეტი იყო, ხოლო  დედა, წარმოშობით რუსი, გაცხადებული კომუნისტი,  საგიჟეთში გარდაიცვალა
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემი ახალგაზრდა  მეგობარი გერი სნაიდერი დაჯდა, რათა შეეხედა საკუთარი აზრებისთვის, როგორც  თათბირის მონაწილეებისთვის  1984-დან
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მტანჯავს აზრი -  დავიბადე რომ მოვკვდე, კენჭი თირკმელში, სისხლის მაღალი წნევა, ეს ყველას ტანჯავს.
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ვიტანჯები არცოდნით, რას ფიქრობენ სხვა ადამიანები
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ პოეზიას შეუძლია ნათელი გახადოს ჩემი აზრები, განკურნოს პარანოია - ჩემი და სხვისი
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემს გონებას სურს ჩაწვდეს ბუდადრაჰმას მედიტაციის სექსუალური პოლიტიკის არსს
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მსურს შევქმნა საკუთარი გონების სრულყოფილი სურათი
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ვაღიარე ბოდჰისატტვას ოთხი აღთქმა:
 
დედამიწის ზურგზე უამრავი მგრძნობიარე არსების გათავისუფლება,
 
საკუთარი გაუმაძღრობისა და მრისხანების მუდმივი უგულვებელყოფა სირთულეების დასაძლევად,
 
სხვადასხვა ურიცხვ სიტუაციაში საკუთარი თავის პოვნა,
 
გამოფხიზლების შემდეგ გონების უსასრულობის აღიარება.
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ დღეს დილით შიშით  აკანკალებულს გამეღვიძა - რისი თქმა შემიძლია ჩინელებისთვის?
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ რუსმა პოეტებმა მაიაკოვსკიმ და ესენინმა თავი მოიკლეს და მათ ნაცვლად  ვინმემ უნდა ილაპარაკოს.
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მამაჩემი ხმამაღლა კითხულობდა ინგლისელ პოეტ შელის და ამერიკელ პოეტ ვეიჩელ ლინდსეის და შთაგონებული სუნთქვის ქარიშხალს აყენებდა
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ სექსზე წერა აკრძალული იყო შეერთებულ შტატებში.
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის მილიონერები როლს-როისებით დაქრიან, ღარიბებს კი შიმშილისგან კუჭი უხმებათ
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემი გენები და ქრომოსომები გოგოების  ნაცვლად პატარა ბიჭებისკენაა მიმართული
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ არასდროს ვზრუნავ ხვალინდელ დღეზე.
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მინდა მარტო ვიყო და მინდა ადამიანებს ველაპარაკო
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ვკამათობ უიტმენთან, ვკამათობ ახალგაზრდებთან, მოხუც ბიძებთან და ბიცოლებთან, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ ნიუიარკში, ნიუ-ჯერსი
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ 1939-ში რადიოთი ლედბელისა და მა რეინის შავი ბლუზი მოვისმინე
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ შთაგონებული ვარ ახალგაზრდა მხიარული ბიტლზის მოძველებული სიმღერებით
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩუან-ძიმ ვერ გაიგო კაცია თუ პეპელა, ლაო-ძიმ თქვა, რომ წყარო მთიდან ჩამოედინება, კონფუცი უფროსების პატივისცემას ითხოვდა და მე მინდოდა  პატივი მიმეგო უიტმენისთვის
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი მონღოლეთიდან ველურ დასავლეთამდე ანადგურებს ბალახს და ეროზია შობს უდაბნოს.
 
მე ვწერ ლექსებს ცხოველის ტყავისგან შეკერილ ფეხსაცმელში
 
მე ვწერ ლექსებს პრინციპით – “პირველი აზრი საუკეთესო აზრია”
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ აზრები  მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებში ამჟღავნებენ საკუთარ თავს: არა სიტყვებში, არამედ საგნებში.
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ტიბეტელი ლამა, გურუ ამბობს “საგნები საკუთარი თავის სიმბოლოებია”
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ გაზეთები დაუფარავად წერენ შავ ხვრელზე ჩვენი გალაქტიკის ცენტრში და ჩვენც შეგვიძლია მისი დანახვა
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, ატომური ბომბი და, თუ გნებავთ, მესამე მსოფლიო ომი არაფერში მჭირდება
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემი პირველი პოემა “ყმუილი” დაბეჭდილიც არ ყოფილა და უკვე იდევნებოდა პოლიციის მიერ
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემი მეორე პოემა “კადიში” პატივს მიაგებდა დედაჩემის პარინირვანას ფსიქიატრიულ კლინიკაში
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჰიტლერმა 6 მილიონი ებრაელი დახოცა, მეც ებრაელი ვარ.
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მოსკოვმა აღიარა – სტალინმა გააციმბირა 20 მილიონი ებრაელი და ინტელექტუალი, მათგან 15 მილიონი არასდროს დაბრუნებულა  სანკტ-პეტერბურგის კაფეში “მაწანწალა ძაღლი.”
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ვმღერი, როცა თავს მარტოდ ვგრძნობ
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ  უიტმენმა თქვა: “ჩემს თავს ვეწინააღმდეგები? ძალიან კარგია, მაშასადამე დიდი ვარ, ბევრს ვიტევ ჩემს თავში”.
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემი გონება ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, აი, ის ნიუ-იორკშია, მეორე წუთას კი დინარის ალპებში
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ თავში 10 000 აზრი მიტრიალებს.
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ არ არსებობს არავითარი  რატომ და იმიტომ
 
მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა გამოთქვა ყველაფერი 6 წუთში
და არ მოანდომო მთელი ცხოვრება.

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.