ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
ინტერვიუ

მუხა

მაიკლ კრეიგ-მარტინი
28.04.2017

   


თარგმანი: გიორგი ჭანსკი
 
 
Q: უპირველეს ყოვლისა, შეგიძლიათ აღწეროთ ეს ნამუშევარი?
A: დიახ, რა თქმა უნდა. ის, რაც მე გავაკეთე, ეს არის ჭიქა წყლის გარდაქმნა სრულად გაზრდილ მუხად, ჭიქა წყლის თვისებების ცვლილების გარეშე.
Q: თვისებები?
A: დიახ. ელფერი, აღქმა, წონა, ზომა ...
Q: თქვენ გულისხმობთ, რომ ჭიქა წყალი მუხის სიმბოლოა? 
A: არა. ეს არ არის სიმბოლო. მე გარდავქმენი ჭიქა წყლის ფიზიკური სუბსტანცია მუხად.
Q: ეს ისევე გამოიყურება, როგორც ჭიქა წყალი …
A: რა თქმა უნდა, ეს ასეა. მე არ შემიცვლია მისი გარეგნული მხარე. მაგრამ ეს არ არის ჭიქა წყალი. ეს მუხაა.
Q: შეგიძლიათ დაასაბუთოთ ის, რასაც ამ ნამუშევრით აცხადებთ?
A: კეთილი, კი და არა. მე ვაცხადებ, რომ შევუნარჩუნე ჭიქა წყალს ფიზიკური ფორმა და, როგორც თქვენ ხედავთ, ეს მართლაც ასეა. როგორც არ უნდა ვეძიოთ ჩვეულებრივ ფიზიკური ცვლილების სიცხადე შეცვლილი ფორმის თვალსაზრისით - ასეთი არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.
Q: შემთხვევით, ისე, უბრალოდ, ხომ არ უწოდეთ ჭიქა წყალს მუხა? 
A: აბსოლუტურად არა. ეს უკვე აღარ არის ჭიქა წყალი. მე შევცვალე მისი ფაქტობრივი სუბსტანცია. მეტჯერ აღარ იქნება მართებული, ვუწოდოთ მას ჭიქა წყალი. შეუძლიათ დაარქვან ნებისმიერი რამ, რასაც მოისურვებენ, მაგრამ ეს არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ იგი მუხაა.
Q: ხომ არ არის ეს სწორედ იმპერატორის ახალი ტანისამოსის შემთხვევა*?
A: არა. იმპერატორის ახალი სამოსით ადამიანები აცხადებდნენ, რომ ხედავდნენ ისეთ რაღაცას, რაც არ არსებობდა, რადგან ისინი მოვალედ თვლიდნენ თავს. მე ძალიან გამაკვირვებდა, თუ ვინმე მეტყოდა, რომ მან დაინახა მუხა.
Q: რთული აღმოჩნდა გადანაცვლების სისრულეში მოყვანა? 
A: საერთოდ არავითარი ძალისხმევა. თუმცა, რამდენიმე წლის მუშაობა დამჭირდა სანამ გავაცნობიერებდი, რომ შემეძლო ამის გაკეთება.
Q: ზუსტად როდის გახდა ჭიქა წყალი მუხა? 
A: როდესაც ჭიქაში ჩავასხი წყალი.
Q: ეს ყოველთვის ხდება როდესაც ჭიქაში ასხამთ წყალს? 
A: არა, რა თქმა უნდა არა. მხოლოდ მაშინ როცა განვიზრახე მისი გარდაქმნა მუხად.
Q: მაშინ გამოდის რომ განზრახვა იწვევს გარდაქმნას? 
A: ვიტყოდი, რომ იგი აჩქარებს მას.
Q: არ იცით როგორ აკეთებთ ამას? 
A: ეს ეწინააღმდეგება ჩემს ცოდნას მიზეზისა და შედეგის შესახებ.
Q: მე ვფიქრობ, თქვენ აცხადებთ, რომ სასწაული მოახდინეთ. ეს შემთხვევაა? 
A: მეამა, რომ ასე ფიქრობთ. 
Q: ხართ კი თქვენ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რაღაც ამდაგვარის გაკეთება? 
A: როგორ შემიძლია ვიცოდე ეს? 
Q: შეგიძლიათ ასწავლოთ სხვებს ამის გაკეთება? 
A: არა. ეს არ არის ისეთი რამ, რის სწავლებაც შეიძლება. 
Q: როგორ ფიქრობთ ჭიქა წყლის გარდაქმნა მუხად წარმოადგენს ხელოვნების ნაწარმოებს? 
A: დიახ.
Q: ზუსტად რა არის ხელოვნების ნაწარმოები? ჭიქა წყალი? 
A: უკვე არანაირი ჭიქა წყალი აღარ არსებობს. 
Q: გარდაქმნის პროცესი? 
A: არავითარ პროცესს არ შეიცავს გარდაქმნა. 
Q: მუხა? 
A: დიახ. მუხა.  
Q: კი მაგრამ, მუხის ხე მხოლოდ გონებაში არსებობს.
A: არა. ნამდვილი მუხა ფიზიკურადაა მოცემული ჭიქა წყლის ფორმით. როგორც ჭიქა წყალი იყო კონკრეტული** ჭიქა წყალი, მუხაც კონკრეტულია. რომ გავიგოთ 'მუხის' კატეგორია ან წარმოვიდგინოთ კონკრეტული მუხა - არ მდგომარეობს იმის გაგებასა [მიხვედრა] და განცდაში [შთაბეჭდილება], თუ რა ვლინდება ჭიქა წყლად, როგორც მუხის ხე(დ). ისევე როგორც ეს არა აღქმადია, გონებისათვის მიუწვდომელიცაა. 
Q: არსებობდა კონკრეტული მუხა სადმე სხვაგან, სანამ იგი მიიღებდა ჭიქა წყლის ფორმას? 
A: არა. ეს კონკრეტული მუხა აღარ არსებობს უწინდებურად. ამასთანავე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მას აღარ და არც არასდროს ექნება სხვა ფორმა, გარდა ამ ჭიქა წყლისა. 
Q: როდემდე იქნება ეს მუხა? 
A: მანამ, სანამ არ შევცვლი მას.
___________________________
იგულისხმება ჰანს კრისტიან ანდერსენის - Kejserens nye Klæder (The Emperor's New Clothes).
Particular - კონკრეტული;კერძო.