სასტიკი ნირვანა





პოეზია

სასტიკი ნირვანა




თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
 
პოეტების სამოთხე
 
1
წიგნს იღებს თაროდან და სტრიქონებს შორის  გაურკვევლად წერს: უკანასკნელი ვარ. ეს ნიშნავს რომ სამყაროს დასრული და მისი დასასრული ერთი იქნება.
 
2
 
ინფერნოში დანტე წარმოიდგენს პოეტების სამოთხეს და მას ლიმბოს უწოდებს.
 
სულელურად ჰგონია რომ მისი ადგილი სხვაგანაა.
 
3
 
ახლა დადგა დრო, დაიწეროს ლექსი პოეტების სამოთხეზე.
 
 
 
 
პოლონეთი/1931, „ქორწილი“
 
ჩემი გონება სუფრებით & ბეჭდებითაა
გამოტენილი მაგრამ ჩემს გონებას
ესიზმრება პოლონეთი გამოტენილი პოლონეთით
წარმოსახვით მოვხვდი
შავ ქორწილში
შიშველი ნეფე დაფარფატებს
თავის შიშველი პატარძალი თავზე    შეშლილო პოლონეთო
საზარელია შენი ურიები ქორწილისას
შენი სინაგოგები ქაფურის სუნითა & ნუშით
შენი თერმოსის ბოთლები შენი ელექტრონისლები
შენი დაწნული იღლიები
შენი ფესვებით ცოცხალი საცვლები ო პოლონეთო
პოლონეთო პოლონეთო პოლონეთო პოლონეთო პოლონეთი
როგორ რეკენ შენი ზარები ყვავილებში გახვეულნი
როგორ ყოფენ ენებს რათა მთვარეს ეამბორონ
ძველო მთვარეო ბებერო დედა შენვე გაჭედილი შენსავე ცაში
ძველი ზარი უენო დაკარგული ცური
ო პოლონეთო შენი ლუდი მარად დამპალი პურით მზადდება
შენი აბრეშუმები სელისაა მხოლოდ შენი ვაჭრები
ქორწილებზე ცეკვავენ სადაც ფანატიკური ნეფეები
ჯერაც ოცნებობენ პატარძლის ხელისმომკიდეებზე ჯერაც კივიან
თავისი წითელი ულვაშებიდან პოლონეთო
ჩვენ ფხიზლად ვიწექით შენს რბილ მკლავებში სამარადისოდ
შენი მამები ტკივილს გვიამებდნენ
შენი ბალიშები ავადმყოფი საშვილოსნოებივით გვიპყრობენ & გვიცავენ
დაე გავცუროთ შენს მძვინვარე ქორწილებში პოლონეთო
დაე ვიაროთ შენს ბაზრობებში სადაც მწიფდება & სივდება შენი სოსისები
დაე ჩავკბიჩოთ შენი სანელებლები დაე შენი ხარების ნეხვი იყოს შაქარი შენი მომაკვდავი ურიებისთვის
ო პოლონეთო ო ტკბილო საზრიანო მოუსვენარო პოლონეთო
ო წმინდანების პოლონეთო ღილშეხსნილო პოლონეთო უთავბოლოდ რომ იმეორებ მარიამის სამმაგ სახელებს
პოლონეთო პოლონეთო პოლონეთო პოლონეთო პოლონეთო
ხომ არ მოგვბეზრდი შენ პოლონეთო არა რადგან შენი ყველები
არასდროს მოგვბეზრდება და არც შენი თხების თაფლი
შენი ნეფეები მრისხანედ იმუშავებენ თავიანთ შიშისმომგვრელ პატარძლებზე
მოიყვანენ ჯალათებს
იდგებიან მეფეებივით შენი სახლების შესასვლელებში
ხელებს მოხვევენ შენს ზღუდარებს
& აჩხავლდებიან
 
 
 
 
ეგ დადა მოდგმა
 
მეცნიერების ღმერთების ზიგ ზაგ
დედები გიჟი უძრავი ვარსკვლავები
& ფარმაციები
მამები რომლებმაც დაცვის გარეშე დატოვეს
ანარქიზმის კარვები
სენ ჟერმენზე ტამტამებივით
ჩამწკრივებული
არქტიკული ძვლები
ცოცხალი ნათურები
აფროდიზია
„ხელოვნება ნაგავია“ ამბობს
ურინალი „გათხარე ხვრელი
& შიგ შეცურე“
შეტყობინება უწყალო კომპიუტერიდან
„თქვენ ჰამბურგერები ხართ“
 
 
 
ლექსი ყვითელში, ტრისტან ცარას მიხედვით
 
ანგელოზმა ჩააცურა შენი ხელი
ჩემ კალათში         ჭამე ჩემი ყვითელი ხილი
ჩემი თვალი მას ნატრობს
ჩემი ყვითელი ბორბლები წუიან
ო ადამიანის თავბრუდასხმული გული
ჩემი ყვითელი ზარისცემა
 
 
 
ჯიბეში რუკა მიდევს
 
სინათლეებს ჩემს
თითებქვეშ ვეძებ.
მე ავიღებ მათ & დავაბრძენებ
სულელურ გონებს.
და რომ მივაწკიპურტებ ჩემ მოჭუტულ თვალებს
შენ ფართოდ დაგეღება პირი
& მე გავცურავ ჩემი დროშებით.
შენ ტაშს დამიკრავ
მაყუთისთვის რომ დავჩხაპნი
შენს ჩრდილქვეშ.
მე რომელიც საიმისოდ აღვიჭურვე
რომ დავამხო რასაც შენ აშენებ
შენი სახლები მოხვეტილი შენი
ფერფლივით.
მე ცას ვეძებ შენთვის.
წვიმს.
კვირა დღისთვის მეტისმეტად თბილი ქარი 
თვალებს მწვავს.
ჯიბეში მიდევს რუკა
რომელსაც ვერ ვკითხულობ.
მთელი დღე შენთან დარეკვას ვცდილობდი.
სადაც ავტობუსი გაჩერდა
ხალხმა ჩაიარა
როგორც მკვდრებმა.
ვიცოდი შენი სახლი იქ იყო
ქუჩის კუთხეში.
სახლი უზაროდ
ისეთი როგორსაც გარს ვერ
მოუვლი.
 
 
ყოველ ღამე ათზე
 
მე ქუჩა-ქუჩა დავძვრები
იმედით რომ ძაღლი
არ მომინადირებს.
უცხოებს ზურგს ვაქცევ
როცა კანი მეტისმეტად
მიმაგრდება.
გრძელ ღამეებს 
მავზოლეუმებში ვატარებ
როგორც პრინცი.
როდესაც ვკბენ ხორცს
ჩემს ცერზე
სისხლი მდის.
სიკვდილის შიში გასულ
ზაფხულს დავკარგე
& მინდა ყველა მეგობარს
ვასწავლო ეს ხრიკი.
ჩემია ორმაგი ხედვის
შემთხვევა.
გემო ჩემი ყელიდან
წარმოიქმნება
& არა
პირუკუ.
ვტირი ისე რომ
სიბრალულს ვიმსახურებ.
ვიბრძვი რომ ძილისგან
დამალვა შევძლო
მაგრამ ყოველ ღამე ათზე
ის ფეხქვეშ მთელავს.
 
 
 
სასტიკი ნირვანა
 
ნახევრად მკვდარი
მაინც ცოცხალია
& ნახევრად ცოცხალიც.
ჰოდა მიაწექი
ვაცხადებ მე.
სხვები ირევიან ოთახში
ქალაქის თავზე
სადაც ცეცხლი ანთია.
ისინი მღერიან.
მე მათთან ერთად ვმღერი.
მერე გზას ცერა
თითით ვიკვლევ.
მე ცხოვრებას
ქვიდან ვიხანგრძლივებ.
მძლავრი ბიძგებია მოსალოდნელი.
წყლის სიმღერა
მომესმის
ჩემს ყურის ძირში
& მივყვები მის კვალს
საითაც მიმიძღვის.
ზაფხულია
მაგრამ ხეები
მოკვდნენ.
უჩინარდებიან ჩვენს
დაცემულ მეგობრებთან ერთად.
ტანჯული თვალი
მათ ძირს სცემს
ყოველი გონება მცირე სამყაროა
სასტიკი ნირვანა.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.