ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა

ანგელოზები პანიკური აშლილობის ზღვარზე

ტატო ჩანგელია
13.06.2017

   


მოქმედი პირები: 
ჩვეულებრივი - 15 წლის გარდაცვლილი გოგონა.
ანგელ1 - ანგელოზი.
ანგელ2 - ანგელოზი.
ანგელ3 - უხმო ანგელოზი.
ექო - ჩვეულებრივის შემდგომი ხმა (სამოთხისეული)
 
არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მოქმედება სამოთხეში ხდება.
 
მარჯვნივ ანგელოზების მწკრივი. მარცხნივ ექო. განათების გამო მისი სახის კონტურების გარჩევა თითქმის შეუძლებელია.
 
ანგელ1: აქ რა გინდა?
ჩვეულებრივი: პური.
ანგელ2: მაგისთვის მოხვედი? 
ჩვეულებრივი: მშია.
ანგელ1: ჩვენთან საჭმელი არ არის.
ჩვეულებრივი: მითხრეს, რომ მხოლოდ თქვენთან არის საჭმელი.
ანგელ1: მოგატყუეს.
ჩვეულებრივი: მომატყუეს?
ანგლ1: დიახ. 
ჩვეულებრივი: მაგრამ ისეთი თვალები ჰქონდათ.
ანგელ2: როგორი? 
ჩვეულებრივი: გულწრფელი.
ანგელ1: გაიმეორე როგორი თვალები ქონდათ?
ჩვეულებრივი: გულ-წრფე-ლი. (ღრმად ჩაისუნთქავს) გულწრფელი თვალები ქონდათ.
ანგელ2: ეგენი ყველაზე კარგად იტყუებიან.
ჩვეულებრივი: კი მაგრამ...
ანგელ1: ჩვენთან მხოლოდ განათებაა.
 
შუქი იწყებს ციმიმს.
 
ანგელ1: არც სითბო.
 
ჩვეულებრივი: გათბობაც არ გაქვთ?
ანგელ2: არანაირი სითბო. 
ჩვეულებრივი: ზამთარს გამოვექეცი.
ანგელ2: ...
ანგელ1: ...
ჩვეულებრივი: ცეცხლი მაინც დაანთეთ. პატარა. სულ პატარა ცეცხლი. (ტირილი) ზამთარს გამოვექეცი.
ანგელ1: (მიმართავს ანგელ3-ს) მიდი მოეხვიე. მკერდზე ქვითინი განმუხტავს მის გარდაცვალებას.
ჩვეულებრივი: არ დამტანჯოთ.
ანგელ2: დაბადების შემდეგ ტანჯვაა.  
ჩვეულებრივი: ნუ მაიგონორებთ, მომეცით რაც მჭირდება. დამეხმარეთ.
ანგელ1: (მიამრთავს ანგელ3-ს) ერთს დააიგნორებ და უკვე მარტოსულია. დაეხმარე. 
ანგელ2. კი, პატარა გოგოებს მარტოობა ყველაზე უკეთ გამოსდით.
ჩვეულებრივი: ვიყინები.
ანგელ1: აქ, ყველა იყინება, ტყუილად მოხვედი. აქ მხოლოდ სინათლეა. 
 
(შუქი ქრება. სიბნელეა. გრძელი პაუზა)
 
მხოლოდ პედესტალია განათებული. ანგელოზები იწყებენ გალობას. შუქი ანათებს იმას, ვინც ლაპარაკობს.
 
ექო: ქრისტეს ნაძვის ხე ვარ
შობის ღამეს დედებს ვჩუქნი შვილებს.
ჩვეულებრივი: ვერაფერს ვგრძნობ.
ექო: ჩემი შურს მიტოვებულ ტყეს
მას გვამი ჰყავს
მე სათამაშო.
ჩვეულებრივი: არაფერი მესმის.
ექო: მე იმხელა ნაძვის ხე ვარ 
იმდენი სათაშო ეტევა ჩემზე 
როდესაც ახლებს ვკიდებ 
შვილები ეფერებიან დედებს 
თავიანთი პატარა ხელებით
ჩვეულებრივი: თუ შეიძლება გამოიჩინეთ ცოტაოდენი ყურადღება.
ექო: დიახ მე ყველაზე 
ბრწყინვალე ნაძვის ხე ვარ 
რადგან ქრისტესი ვარ 
და არასოდეს ვქრები 
ჩვეულებრივი: ნუ დამცინი, რამე მაჭამე, შეშა შეაგროვე, ცეცხლი დამინთე.
ექო: პირიქით რაც დრო გადის
უფრო მემატება სინათლე.
ჩვენთან სამოთხეში კარგი გაყვანილობაა.
 
ანგელოზები გალობას წყვეტენ.
 
სიბნელე.