ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პოეზია

შენ აღარ ხარ იმ პატარა ქალაქში

ბექა ჩანტლაძე
21.08.2017

   


შენ აღარ ხარ იმ პატარა ქალაქში, სადაც ერთადერთი ქალღმერთი იყავი.
შენ ახლა რეკლამების, კაზინოების,
ჰიპერმარკეტების, 
სწრაფი კვების ობიექტების, აუშენებელი კორპუსების
და მიწისქვეშა გადასასვლელების ღმერთების ქალაქში ცხოვრობ. 
აქ მხოლოდ დღისით ხარ ბედნიერი, 
როდესაც ღამის საქმეებით გადაღლილ ღმერთებს, მშვიდად სძინავთ, 
შენ კი კედებით, ჯინსით, რომელიმე როკ-ჯგუფის 
მაისურით და ზურგჩანთით თავისუფლად  დააბიჯებ ქალაქის ქუჩებში.
მხოლოდ დღისით ხარ მარტო 
საკუთარ ცხოვრებასთან, 
საკუთარ ოცნებებთან
საკუთარ მიზნებთან
საკუთარ მფარველ ანგელოზებთან
ყველაზე სუფთა თუ ყველაზე ეროტიულ ფიქრებთან.
მხოლოდ დღისით გრძნობ, 
რომ სულაც არ ხარ 
ისეთივე უსარგებლო, 
როგორც რომელიმე აუშენებელი კორპუსი 
და შენი თვალებიც, 
ნებისმიერ რეკლამაზე მეტად ანათებს. 
მაგრამ ღამით, როდესაც ღმერთები იღვიძებენ 
და  სანადიროდ გამოდიან,
შენ ხვდები, რომ აქ არაფერს წარმოადგენ, 
ამიტომ, საძინებელში,ოდინის მსგავსად, მსხვერპლად ეწირები საკუთარ თავს: 
იხდი მაისურს, ბიუსტჰალტერს, ორივეს იატაკზე აგდებ და ასე, ნახევრად შიშველი  
დგები ფანჯრის წინ აღმართული, ნეონით განათებული 
სარეკლამო ბილბორდის პირისპირ.
დგახარ თვალებდახუჭული სანამ ნეონის სინათლე არ შემოიჭრება ფანჯარაში, 
შუაზე არ გაგჭრის, 
გულს არ ამოგაცლის და თავისთან არ წაიღებს. 
შენც, გულამოცლილს, არაფერი გრჩება გარდა იმისა, 
რომ საწოლში ჩაწვე 
და სექსით დაკავდე მომავლის იმედთან, 
რომელსაც უყვარს, როცა ძუძუსთავებზე გკბენს.
ამ დროს გრძნობ, 
რომ ცოცხალი ხარ 
და აღარ დარდობ 
გადახსნილ გულ-მკერდს.
მაგრამ იცი, რომ გამთენიისას, როდესაც 
უკანასკნელი სარეკლამო ბილბორდი ჩაქრება, 
ის მიგატოვებს საწოლში ემბრიონის 
პოზაში მწოლიარეს.
შენ წამოდგები საწოლიდან მხოლოდ მისი წასვლის 
შემდეგ, 
გადახსნილ გულ-მკერდს რომელიმე როკ-ჯგუფის მაისურით დაიფარავ,  
ჩაიცვამ ჯინსს, კედებს, 
აიღებ ზურგჩანთას, 
გახვალ სახლიდან 
და ისევ იგრძნობ, 
რომ სულაც არ ხარ 
ისეთივე უსარგებლო, 
როგორც რომელიმე 
აუშენებელი კორპუსი 
და შენი თვალებიც, 
ნებისმიერ რეკლამაზე მეტად ანათებს.