ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პოეზია

მე ვიქნები პირველი, ვინც რწყევით მოკვდება

ანდრო დადიანი
28.08.2017

   


 

გული მერევა!
გული მერევა!
დედა დამფარე შენს ზურგს უკან,
ან ისევე შენში გადამმალე.
დამიცავი ტანზე მოდებული უიმედობისგან,
პოლიციელის ხელკეტისგან
რომლის ყველა დარტყმისას გასისხლული სევდა
წვეთავს გამომხმარ მიწაზე
და ასე ყვავის ჩვენში მინდვრები.
 

რა საჭიროა სიცოცხლე თუ მას ვერ დავიცავთ?
არადა, ვისღა  აქვს ძალა წყალი ღვინოდ გადააქციოს?!
კომბოსტოსა და ვაშლის ბაღები უნდა გადავწვათ
ფრთები შევუკრათ წეროებსა და გაშლილ საშოებს           
სამშობიაროს შევუყენოთ მდინარეები და
ვიყოთ ასე,  ვიდრე ვიქნებით.
რა საჭიროა სიცოცხლე?
რა საჭიროა სიცოცხლე თუ მას ვერ დავიცავთ??
 

-თუკი არ გქონდა ძალა დედობის ამოგეკერა საშო და გამოგეხრჩვე შენში ნაყოფი...
- ამოეჭედებინა ბაგაშივე, რომ ვირთხებს ამოეჭამათ თუკი ღმერთობას ვერ გამიწევდა...
- რად არ დამიცავი პოლიციისგან რომელიც თავად უნდა იყოს ჩემი დამცველი?
რად მიილია  მთვარე,  რომ მკრთალი შუქი მაინც მოჰფენოდა უსამართლობას? 
ახლა როცა ბედი თევზივით ხელიდან გაგვისხლტა და
მის ბადეში მოგვიქცია უიმედობამ,
ახლა როცა შენი შვილი მქვია და
ვერსად წაუხვალ ამ რეალობას
მაპატიე, რომ თავს ვერ ვიცავ,
აპატიე პოლიციას რომ ვერ დამიცვა!
აპატიე თავს რომ შენი შვილი ვარ და
დამიცავი ამ დრაკონებისგან ან დამაბრუნე შენში.
რად აღარ ესმის აღარავის ჩემი ხმა ნეტავ?
სალოცავად რომ დაგყავდი ადრე ტაძარში და
მერე მითხარი გადაიწვაო, ღმერთიც დაიწვა?! 
გული მერევა, გული მერევა!
მე ვიქნები პირველი ვინც რწყევით მოკვდება...
დამეხმარე და დამიცავი!!
გთხოვ დამიცავი,
დამიცავი თორემ შვილს მოგიკლავ,
პირს მოვკუმავ და სიცოცხლეს გადავყლაპავ.

 

(23 აგვისტოს თანასწორობის მოძრაობის წევრებზე, ლევან ბერიანიძეზე და თორნიკე კუსიანზე სხვა პირებთან ერთად პოლიციამ იძალადა, სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.)