ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა

ცოდნის ნაჭრები

ანრი მიშო
07.09.2017

   


თარგმნა ირაკლი ყობაიამ
 
 
რაოდენ ნაკლებ შეგვძულდებოდნენ კაცები, ყველა მათგანი რომ სახეს არ ატარებდეს.
 
*
რვა წლის ასაკში, ჯერაც ვოცნებობდი, მცენარედ მივეღეთ.
 
*
„აქეთ მოდი,“ თქვა ზვიგენმა და მან ის შეჭამა. ზვიგენი კაციჭამია იყო, მაგრამ ეპოქა გაპრიალებული იყო.
 
*
ნესვში გული სცემდა.
 
*
სახლებს შორის მძიმეებს ვერ ვხედავთ, რაც ასე ართულებს მათ კითხვას და დამქანცველს ხდის მათში სირბილს.
ფრაზა, ქალაქებში, დაუსრულებელია. მაგრამ ის აღგვაფრთოვანებს, და სოფლები დაცარიელდნენ უწინ გულადი მშრომელებისგან, რომლებსაც ახლა სურთ, თავისით გააცნობიერონ ეს აღმაფრთოვანებლად ცბიერი ტექსტი, რომელზეც საუბრობს მთელი მსოფლიო, ისე უადვილო გასაყოლად, უმეტესწილად შეუძლებელი.
   
და მაინც, სწორედ ესაა, რის ქნასაც ცდილობენ, ეს ჯიუტი მომუშავეები, განუწყვეტლივ მოარულები, გზად რომ სვლეპენ საკანალიზაციო მილების სნეულებებს და ფასადების კეთრს, იმის ნაცვლად, რომ გამოიტანონ აზრი, რომელიც ჯერაც გაურბით. სიღატაკითა და დაღლილობით მთვრალები, ისინი დაეხეტებიან ვიტრინების წინ, დროდადრო კარგავენ თავიანთ მიზანს, არასდროს თავიანთ ძიებას. . . და ამრიგად ქრებიან ჩვენი კარგი სოფლები.
 
*
ყოველი ხანის გაცრეცილ ნამსხვრევებს შორის, ქარი, როგორც ჩანს არ ბერდება.
 
*
ყურადღება მიაქციე ყვავილობას! აჯობებს, მოკლე ჩართვებისთვის წერო.
 
*
ცხენიერი სიზმარი: ცხენი, რომელმაც თავისი ურემი შეჭამა, თვალსაწიერს განჭვრეტს.
 
*
დაე მამალმა დადოს კვერცხები, ქათამი ამეტყველდება.
 
*
კაცის ყურები ცუდადაა დაცული. თითქოს მეზობლები გეგმებში არ შედიოდნენ.
 
*
სიტყვაძვირი მთაში, მოლაყბე ბარში.
*
„მამა, შეაღონე ვეშაპი“, ამბობს თავდაჯერებული ბავშვი.
 
*
ჩემი ცხოვრება: საბავშვო ეტლის წყალქვეშ თრევა. დაღლილშობილნი გამიგებენ.
 
*
ტიბეტელმა, პასუხგაუცემლად, ამოიღო თავისი ბუკი ქარიშხლის მოსახმობად და ჩვენ ბარაქიანად გავილუმპეთ დიადი ელვარებების ქვეშ.
 
*
სიამში, იყენებენ ვეფხვის დამჯერობას თავისი სასტიკი ინსტინქტებისადმი, რათა ის მიიტყუონ კიკინა ბატკანთან ღრმა ორმოს თავზე, რომელშიც მას შემდგომ დაღუპავს რისხვა იმის გამო, რომ ასე შტერულად გააცურებინა თავი პატარა არსებებს, ნაბიჭვრებს და მხდლებს, რომლებიც არაფრით მისი ღირსნი არ არიან.
 
*
ნიანგის ყველა ნაწილი მაგარი არაა. ფილტვები ღრუბლების მაგვარია, და სიზმრები მასთან მდინარის ნაპირას მოდიან.
 
*
გადაყლაპეთ მოქლონები, კრეისერი იმსხვრევა და წყალი იბრუნებს თავის სიმშვიდეს.
 
*
ყოველ საუკუნეს აქვს თავისი მესა. და რას ელის ეს საუკუნე, საძაგლობის გრანდიოზული ცერემონიის დასამყარებლად?
 
*
ჩიტის ბოდვა ხეს არ ადარდებს.
 
*
ჩემი უკვე ხანგრძლივი გამოცდილების მიხედვით, აბობს მზიჰაერი, სამყარო დიდი ზედაპირული და რთული ამბავია, რომელიც დღის თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავე მონაკვეთში ჩნდება, და იმ ხილოლუბაში ასე კარგად ჩაკრულ წამებში, რომლებსაც „რეალობას“ ვუწოდებთ.
   ის, მართლაცდა, თითქოს კოჰერენტულია, მაგრამ მცირე ხნით და უმალ კვლავ გულგრილ უფსკრულში ენარცხება.
   ამრიგად, აღარაა საჭირო დიდი ძალისხმევა, რათა მკვდრებივით გვეძინოს.
 
*
ცდუნება, გეძინოს საკუთარი დედის საწოლში და მამა მოაშორო ცხოვრების სფინქსის პირველ მახეს წარმოადგენს, რაზეც, საჭიროა ცოდნა, ლამის წამის წინ ფორმირებული ტვინით, როგორ გავცეთ პასუხი, მახეს, რომელში გაბმასაც ვერასდროსნ გადაურჩებიან ავადმყოფური სულისანი, განწირულნი, ვერასდროს ისწავლონ წინაღობების შეფასება და მარად გადაჭარბებულად შეაფასონ სიამეები. გამოცდა, ორგულად წარმოდგენილი ბუნების მიერ, მოგვიანებით განიხილება, მაგრამ უკვე მოჩანს ნიშანი, რომ ისინი ყოველთვის შთაბეჭდილებადები იქნებიან და, მართლაც, თხუთმეტ, ოც წელიწადში ჩვენ მათ ვხედავთ, აღელვებულებს, მაძიებლებს ზურგსუკან და არა ცხვირწინ, საბრალობლად აღმსარებლებს გამომცდელი უცნობების წინაშე, რომელთა გახევებულ ნადავლადაც იქცევიან, როგორც ბავშვები, როგორც ბავშვები, როგორც მოსალოდნელი იყო...
 
*
ვინც საკუთარ შეშლილს მალავს, უხმოდ კვდება.
 
*
ფალოსი, ამ საუკუნეში, დოქტრინიორულად იქცა.
 
*
ფიქრების ქვაბი, რომელსაც ჰგონია, რომ კაცია.
 
*
სულაც მართალი იყოს, მცდარია.
 
*
თანაცხოვრება: საკუთარი მეს დაკარგვა, მაგრამ რებუსების შემცირება.
 
*
ვინც ჯგუფურად მღერის, როდესაც მოსთხოვენ, საკუთარ ძმას ჩასვამს ციხეში.
 
*
ის, ვინც კვალს ტოვებს, ჭრილობას ტოვებს.
 
*
ის, რომელმაც თავისი დემონები უარყო, თავისი ანგელოზებით გვაღონებს.
 
*
როდესაც ვაკვირდებით როგორ დააგორებენ აქეთ-იქით საფეხბურთო ბურთს სემინარისტებს, რომლები მალე თეოლოგიის დოქტორები იქნებიან, იძულებული ვართ შევნიშნოთ, რომ მეტად იოლია ვეფხვისთვის, სრულებით, ღირსეულად იყოს ვეფხვი, ვიდრე ადამიანისთვის, იყოს ადამიანი.
 
*
ორას საათიანი განუწყვეტელივი დაკითხვის შედეგად, ბუსუე აღიარებდა, რომ ღმერთის არ სწამს.
   როდესაც ის თავის რწმენას განაცხადებდა, პასუხი უნდა ყოფილიყო „არა“. როდესაც მეათასედ გაიმეორებდა იმავეს, უნდა მოეთხოვათ „კიდევ! კიდევ!“ და მოეყოლებინათ, ხელახლა, სულ თავიდან, შეუჩერებლად, ყოველთვის. მას იხილავდნენ, დაცემულს, მაღიარებელს, მისულს იმ შრემდე საკუთარ თავში, სადაც აღარ სუფევს არცერთი თავდაჯერებულობა.
   მას გაუმართლა, ამ თავდაჯერებულ ეპისკოპოსს, ეცხოვრა ეპოქაში, რომელშიც აღარ იციან, როგორ უნდა სიღრმისეულად დაკითხვა. მან მეტიჩრულად ისარგებლა ამით, ინებივრა ამ უპირატესობით.
   ამის მიუხედავად, მასაც, ჩვენსავით, დიდი მოცალეობა ესაჭიროებოდა, რათა იდეები მოსვლოდა. სხვა შემთხვევაში, ისინი მას გვერდს უვლიდნენ, როგორც სჩვევიათ. ნამდვილი ფიქრები, გესმის? და თუ კვლავ მივაგნებთ მათ, ეს უკვე ძალიან კარგია. მაგრამ, მისი თხზულებები, შეგიძლიათ ისევ და ისევ იკითხოთ: მასში არაფერი აღძრავდა ეჭვს.
 
*
მგრძნობიარეს გული მეტისმეტად იტანჯება იმისთვის, რომ უყვარდეს.
 
*
გონიერება, იმისათვის, რომ გაიგოს, უნდა დაისვაროს. უპირველეს ყოვლისა, მანამ სანამ დაისვრება, დაჭრილი უნდა იყოს.
 
*
სწორედ ის, რაც მის გარშემო არაა აადამიანურებს კაცს. რაც მეტი კაცია ქვეყნად, მით მეტია გაღიზიანება.
 
*
ის, ვინც ნაგვით იმარჯვებს, უდარდელ იერს იძენს.
 
*
ნუ იამაყებთ. რომ სუნთქავ, უკვე ნიშნავს, რომ თანახმა ხარ. სხვა დათმობებიც მოჰყვება, ერთი მეორეს მორგებული. აი ერთი მათგანი. კმარა, შევწყვიტოთ.