• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ლექსები პატერსონიდან

×
კადრი ფილმიდან "პატერსონი"
ავტორის გვერდი რონ პეჯეტი 01 მარტი, 2018 4359

 

„ლექსის თარგმნა შხაპის საწვიმრით მიღებას ჰგავს.“

ჯიმ ჯარმუშის ფილმში გამოყენებულია პოპულარული ამერიკელი პოეტის,  სხვა ლიტერატურულ ჯილდოებთან ერთად, ფულბრაიტის,  გუნინჰემის და უილიამ კარლოს უილიამსის პრემიის ლაურეატისა და  პულიცერის პრიზის მფლობელი, რონ პეჯეტის  7 ლექსი, ხოლო ერთი ლექსი, „წყალი ვარდება“ , რომელიც ფილმში პატარა გოგონას ეკუთვნის, ჯიმ ჯარმუშმა თავად დაწერა.

1.    სიყვარული

სახლში უამრავი ასანთი გვაქვს და

ყველა კუთხეში  გვიდევს.

ადრე დაიმონდ ბრენდი მოგვწონდა, მაგრამ

ეს მანამდე იყო, ვიდრე ოჰაიო ბლუ თიფს

აღმოვაჩენდით და  ახლა  ჩვენი საყვარელი

ფირმა ოჰაიო ბლუ თიფია.

პატარა  ლამაზად შეფუთულ მყარ ყუთებზე

ლურჯ-ცისფერ - თეთრი იარლიყი

 მეგაფონის ფორმის ასოებით

თითქოს  ხმამაღლა აცხადებს:

„მსოფლიოში ულამაზესი ასანთი:

ერთნახევარი ინჩის  წიფლის რბილ ღეროს

ერთი მარცვალი მუქი მეწამული თავი ადგას და 

ჯანსაღი და ფიცხია და 

ყოველთვის ჯიუტად მზადაა,  აალდეს

და თქვენი საყვარელი ქალის სიგარეტს პირველად

მოეკიდოს. ეს წამი აღარასოდეს 

განმეორდება და  ამას  თქვენ ჩვენთან ერთად იგრძნობთ.“

 

შენს გვერდით თავს ისე ვგრძნობ,

თითქოს სიგარეტი ვარ, შენ კი ასანთი,

თუ  მე ასანთი და შენ

სიგარეტი, კოცნით აბრიალებული,

ცისკენ აწვდილი.

 

 წყალი ვარდება

ჯიმ ჯარმუში

 

წყალი ვარდება.

წყალი ვარდება კრიალა ჰაერიდან.

 თმასავით ვარდება

და პატარა გოგოს

მხრებზე  ეცემა.

წყალი  ასფალტზე ეცემა

და გუბეებად დგება,

მღვრიე სარკედ, სადაც

ღრუბლები და სახლები ეტევა. 

წყალი ეცემა ჩემი სახლის სახურავზე,

წყალი ეცემა დედას და მეც, თმაზე.

ამ წყალს ხალხი წვიმას ეძახის.

 

2.    კიდევ ერთი

ბავშვობაში

გასწავლიან,  რომ არსებობს

სამი განზომილება:

სიმაღლე, სიგანე, და სიღრმე.

თითქოს ფეხსაცმლის ყუთი იყოს.

მერე კი იგებ, რომ

არსებობს მეოთხეც:

დრო.

ჰმ.

მერე ვიღაც იტყვის, რომ

არსებობს  მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე...

სამსახურის მერე

ბარში

ლუდს ვსვამ.

მინის კათხას ჩავყურებ

და მიხარია.

 

 

 

 

3.     ერთი სტრიქონი

 

ერთი ძველი სიმღერა მახსოვს

ბაბუა მღეროდა ხშირად

სადაც  ისმოდა შეკითხვა

„არ გინდა, იქცე თევზად?“

იმ სიმღერაში

იგივე შეკითხვა

ეხება თხუნელასაც და გოჭსაც,

მაგრამ მე მახსოვს მხოლოდ ის სტრიქონი

ჩემთან რომ რჩება დღესაც.

თავში მიტრიალებს მხოლოდ

„არ გინდა, იქცე თევზად?“

 

თითქოს სხვა სიტყვები

იმ სიმღერაში არც  ყოფილიყო.

4.      გაქცევა.

ტრილიონობით მოლეკულა გვერდზე

იწევა და გზას მითმობს,

რომ გავიარო.

სხვა ტრილიონები

ფეხს არ იცვლიან.

ავტობუსის მინის საწმენდი

ჭრიალებს.

წვიმა  ჩერდება.

მეც ვჩერდები.

ქუჩის კუთხეში

ყვითელსაწვიმარიანმა  ბიჭმა

დედას ხელი

ჩაკიდა.

5.  ლიცლიცი

როცა შენზე ადრე ვიღვიძებ და შენ

სახით ჩემკენ ხარ მობრუნებული

და თმა ბალიშზე გაქვს გაშლილი,

გიცქერ და ვტკბები

სიყვარულით და შიშით

რომ  თვალებს გაახელ და

დილის ციალი გაქრება შენი სახიდან.

თუმცა, თუ სინათლე თვალს არ მოგჭრის,

დაინახავ, რომ თავი და მკერდი სავსე მაქვს შენით

და ჯერ  გაუჩენელი ბავშვების ხმებით გუგუნებს  -

შიშით, რომ დღის სინათლეს

ვერ იხილავს. ჭუჭრუტანაში

ნაცრისფერ-ლურჯი წვიმიანი

სინათლე ლიცლიცებს, 

ზონარს ვიკრავ და ყავის

დასალევად ჩავდივარ.

 

 

6 .  გოგრა

 

ჩემო პატარა გოგრა,

ჰო, ზოგჯერ  მინდა, სხვა გოგოებზეც ვიფიქრო,

მაგრამ სიმართლეს გეტყვი -

თუ მიმატოვებ,

გულს ამოვიგლეჯ

და უკან საბუდეში

აღარასოდეს ჩავიბრუნებ

სხვას შენნაირს ვერავის ვნახავ.

როგორ მრცხვენია.

 

 

7. ლექსი.

 

      ახლა  შინ ვარ,

 გარეთ თბილა,

 ცივ თოვლზე მზე დევს,

გაზაფხულის პირველი დღეა

ან ზამთრის ბოლო დღე.

ფეხები დაუკითხავად ჩარბიან კიბეზე და

გარბიან გარეთ,

ჩემი ზედა ნახევარი აქ ზის და ბეჭდავს.

 

თარგმნა დალილა გოგიამ

დაიბეჭდა ჟურნალში "ახალი საუნჯე"

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული