ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
ინტერვიუ

მე გმირი არ ვარ (ინტერვიუ)

ვიქტორ პელევინი
25.09.2017

   


ვიქტორ პელევინი თანამედროვე მწერლობის ყველაზე უცნაური ფიგურაა. ის ერიდება ხალხმრავლობას, არ იძლევა ტელეინტერვიუებს, არ აღიარებს ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს. უკიდურესად იშვიათად იძლევა საგაზეთო ინტერვიუებსაც, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ინტერესს მსოფლიოს არაერთი ჟურნალ-გაზეთი იჩენს. წლების განმავლობაში, არსებობდა მისი მხოლოდ ერთი ფოტო. შესაბამისად, წლების განმავლობაში მკითხველები ფიქრობდნენ, რომ პელევინი, საერთოდაც... არ არსებობდა. მეტიც, ბევრის ვარაუდით (მათ შორის, ჟურნალისტ ალექსანდრ გორდონის ეჭვით), ის იყო ხელოვნური ინტელექტი, რომელიც იატაკქვეშ დაამზადეს და დააპროგრამეს კარგი რომანების წერაზე. ასევე იყო ეჭვი, რომ პელევინის მისტიკური ფიგურის უკან რუსული სპეცსამსახური იდგა. 1996 წელს მწერალმა კლარკ ბლეიზმა ჩაწერა სატელევიზიო ინტერვიუ პელევინთან, რითაც მისტიკა უნდა დამთავრებულიყო. მაგრამ მაყურებლების ნაწილმა მიიჩნია, რომ ეს იყო ვიქტორ პელევინის ორეული და არა თვითონ პელევინი. 

ეს ინტერვიუ Observer-მა ჩაწერა 2000 წელს. 

მთარგმნელისგან

 

მთარგმნელი: პაატა შამუგია

 

რას ნიშნავს თქვენი რომანის სათაური „Generation P“?

ბევრი მნიშვნელობა აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის Generation X. მეორე, ეს უკავშირდება რუსულ უხამს სიტყვას "пиздец" (пизда - მუტელი), რომელსაც წიგნის ბოლოსკენ ვიყენებ. ასე რომ, ეს არის პიზდეცის თაობა, ანუ თაობა, რომელიც კატასტროფის პირასაა. და ახლა, ზოგი გაზეთი იმასაც ამბობს, რომ ეს არის Generation Putin. როგორც გინდათ, ისე აღიქვით.

რუსეთში თქვენ ფილმის სუპერვარსკვლავის პოპულარობას მიაღწიეთ.

სუპერვარსკვლავის, რომელიც არ ჩანს. მე ყურადღების ცენტრიდან დაძრომის ოსტატი ვარ.

რა არის თქვენი პოპულარობის მიზეზი?

არ ვიცი. ხალხს უბრალოდ მოსწონს ჩემი წიგნები. მე არ ვარ საჯარო პერსონა, არასოდეს გამოვდივარ ტელევიზიით და ინტერვიუებს არ ვიძლევი. კარგი, ზოგჯერ ვიძლევი ინტერვიუებს, მაგრამ ესეც არ მგონია ნორმალური. მართლა არ ვიცი. მე მხოლოდ კარგი წიგნების წერას ვცდილობ.

როდის დაიწყეთ წერა?

20 წლისამ. თავიდან სხვა პროფესია მქონდა.

რა პროფესია?

ელექტრონიკის ინჟინერი ვიყავი.

ყოველთვის გინდოდათ მწერლობა?

საბჭოთა დროს მწერლად ყოფნა ნიშნავდა ნაბიჭვრობას. სოლჟენიცინის მსგავსი ხალხი მართლა ებრძოდა სისტემას. მე კი არასოდეს ვყოფილვარ გმირი. მე ასეთ რამეს ვერასოდეს ვიზამდი. ასე რომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ საერთოდ დავწერდი, საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო. შეიძლება რამე დამეწერა, მაგრამ არ დავბეჭდავდი.

თქვენი, როგორც მწერლის, გამოჩენა ემთხვევა საბჭოთა კავშირის დაშლას. ნაწარმოებებში ჩანს, რომ იკვლევთ ამ სისტემას.

მგონი, მართალი ხართ, მაგრამ უფრო პოსტსაბჭოთა რუსეთს ვიკვლევ.  არ მაინტერესებს საბჭოთა წარსული. ისედაც ბევრი მწერალი აკეთებს ამას და ეს გასაგებია. ძველი თაობისთვის, რომელმაც მთელი ცნობიერი ცხოვრება საბჭოთა კავშირში გაატარა, ეს ერთადერთი საფიქრალია.

არის ვინმე ადრეული რუსული მწერლობიდან, რომელმაც გავლენა იქონია თქვენზე?

ბევრია. მგონი, ყველა მწერალი ახდენდა ზეგავლენას, რომელიც კი წამიკითხავს. როცა შვიდი თუ რვა წლის ვიყავი, დავიწყე ჩეხოვის სახალისო მოთხრობების კითხვა. იცით, რომ მან მწერლობა სახალისო მოთხრობების წერით დაიწყო, რომელთაც უგზავნიდა მოსკოვურ და პეტებურგულ ჟურნალებს?

გწამთ მწერლობის მიზნის?

არა. ვფიქრობ, მწერალი თუ ხარ, უმჯობესია, ზოგად რამეებზე არ იფიქრო. თუ არ ხარ კრეატიული, შეიძლება მსგავსმა აზრებმა გაგიელვოს, მაგრამ თუ მწერალი ხარ, ზოგადი რამეები ვერ გიშველის. რაც მეტი ზოგადი, აბსტრაქტული აზრი გაქვს, მით უფრო ცუდად წერ. მე არ ვარ ლიტერატურის თეორიით დაკავებული.

თქვენ ბუდისტი ხართ?

მე სტუდენტი ვარ. პრაქტიკას ვეუფლები და ძალიან ხშირად ძენის ნირვანაში ვარ. უკანასკნელად ეს გავაკეთე სამხრეთ კორეაში, რომელიც სამ თვეს გაგრძელდა. ეს იყო საუკეთესო გზა, შემეხსნა მილენიუმის კარიბჭე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ბრინჯს და ზღვის მცენარეებს გაძლევენ. ახალი წლისთვის მოგვცეს პიცის ნაჭერი და "კოკა-კოლა".

როგორ შეაფასებთ თანამედროვე რუსულ სალიტერატურო სცენას?

მე საერთოდ არ განვიხილავ ჩემს თავს რუსული სალიტერატურო სცენის ნაწილად. ძალიან მავნებელია მწერლისთვის დაამყაროს და განავითაროს რაიმე კონტაქტი ე.წ. სალიტერატურო სცენასთან.

რას ფიქრობთ თქვენს ახალ პრეზიდენტზე - პუტინზე?

ჩემს ახალ პრეზიდენტზე? სასაცილოა, მაგრამ რუსეთს რომ ახალი პრეზიდენტი ჰყავდა, ეს აღმოვაჩინე ორი თვის დაგვიანებით, რადგან მაშინ კორეაში ვიყავი. ჩვენ ხომ საერთოდ არანაირი კონტაქტი არ გვქონდა გარესამყაროსთან. როდესაც ძენის პრაქტიკას ეწევი, გარესამყაროზე საუბარიც კი აკრძალულია. სამაგიეროდ, დღიურების წერა შეგიძლია. პუტინზე ისედაც არ ვფიქრობ ხოლმე.

ერთი რამ შემიძლია გითხრათ. ის ორი მიზეზის გამო აირჩა. ის ახალი სახე იყო საშუალო რუსისთვის. ამავდროულად, იყო კაგებეს ოფიცერი, და არ ჩანდა მედიაში, ჩრდილში იყო. როცა რუსეთში ცხოვრობ, თანდათან ყველა პოლიტიკოსს ერთი ყაჩაღური ბანდის წევრად აღიქვამ.

მეორე მიზეზი ისაა, რომ ის კომუნიკაბელურია, რუსულ სტილში. მას ეს ნამდვილად შეუძლია. მას შეუძლია ყურადღების მიპყრობა. რუსები პუტინს აღიქვამენ, როგორც ამერიკელები - რეიგანს.

თუმცა, შეიძლება მას ჩეჩნეთში ომიც დაეხმარა. ის ძალიან აგრესიული იყო და რუსებმა მიიჩნიეს, რომ მას შეეძლო პრობლემის გადაჭრა. მე გამოვიგონე ტერმინი, რომელიც, ვფიქრობ, ასახავს რუს საზოგადოებას. ესაა - dot.communism-ი.