როგორ შეიძლება მოვიდე შენთან





პოეზია

როგორ შეიძლება მოვიდე შენთან




როგორ შეიძლება მოვიდე შენთან

 

ხომ იცი გზის ამბავი,

რომელიც ყლაპავს მგზავრს.

ასე ვუჩინარდები,

მაშინ როგორც კი გადავწყვეტ მოგიახლოვდე

ხელებზე, თმებზე,

თვალით შეგეხო,

როგორც ძეგლს,

რომელიც საკუთარ სახლში დამიდგეს,

უნებართვოდ, კანონგარეშედ.

მე მივეჩვიე კიდეც ასეთ ცხოვრებას.

ფალსიფიცირებულ თავისუფლებას,

რომელშიც მოტყუებით შევსახლდი.

რადგან მეგონა სწორედ იქ  იყო ოქროს საწმისი

და მიწიდან ამოზრდილ ცეცხლისმფრქვეველ ხარებს

შენი ღიმილი დააკავებდა

და არა ჩემი  სუსტი მკლავები.

ხომ იცი გზის ამბავი,

რომელიც ყლაპავს მგზავრს

სწორედ ასე მემართება.

 და ყველამ ვინც თვალი მოკრა ჩემს უკანასკნელ სილუეტს,

დარჩა შეკითხვა;

სად გაქრა ის ?

ახლა სად არის ?

 

 

* * *

ყავისფერ სავარცხელს
ღეროები პურის თავთავებივით მოუხრია.
სარკესთან დევს, აბაზანაში და 
ჯერ კიდევ იმედი აქვს,
რომ ერთ დილას დაასრულებს ჩემი თმების გამართულ პერფორმანს,
რომელიც იმდენად ქაოსურია,
რომ მგონია სწორედ ასეთი იყო სამყარო თავდაპირველად
.
და როცა მაინც გამირბის თვალი ყავისფერი სავარცხელისკენ,
მინდა ვუპოვო ერთი პატარა ყური, სადაც ჩავძახებ,
უადგილო ხარ ჩემს ცხოვრებაში,
ვერაფერში გამოგიყენებ
და ღეროები საბოლოოდ სულ ჩაგილპება
და მხოლოდ ტარი თუ დაგრჩება,
რომელსაც ვერაფრით ვერ შეეხო ჩემი მტევნები..

 

 

        * * *

ახალ სამყაროს ვქარგავ.
დეტალები მნიშვნელოვანია.
ვყიდულობ ამერიკულ ფართო ჯინსებს
და წითელ ჯემპრს დათვების გამოსახულებით.
ვფიქრობ როგორ ავუწყო ფეხი ბედნიერ დღეებს.
ვიხსენებ რა უყვარს საყვარელ ქალს,
რომელსაც აცვია გრძელი და თხელი კაბა,
ისე მსუბუქად
თითქოს ფოთლებით გაეწყოს ტანი.
მგონი ჩემთვის პირველად დადგა შემოდგომა.
მგონი ეს ნამდვილად ჩემი ცხოვრებაა.
საღამოს მუქ ჩის დავლევ და ახალ ლექსებს დავწერ.
ყველა ოთახის კარს გამოვხურავ და წარსულს,
ახალ დღეებში გავცვლი.

 

 

 

* * *

მის ოთახში ვარ.
მზის გულზე ზის და სხივებს ანაწილებს.
თვალები უელავს ჩემი სევდიანი სახით.
როგორც კი მინდა საუბრის დაწყება
მისი პირი იკუმშება, 
თითქოს ღამდება დღის ყვავილისთვის.
მის ოთახში შესვლისთანავე ყავის დალევა მოვიმიზეზე.
„ადუღდა წყალი ?“ მეკითხება, არც კი მიყურებს.
„არა ჯერ არა.“
სინამდველეში მადუღარა არც კი ჩამირთავს,
გადამავიწყდა პატარა შავ ღილაკზე თითის დაჭერა,
წითელი შუქიც არ ანთებდა თეთრ სახელურზე.
მე უბრალოდ ყოფნა მსურდა მის საიხლოვეს,
როცა მზის გულზე იჯდა და ათასგვარ სხივებს ანაწილებდა

 

 

 

 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.