სიბნელის სიჩქარე





პოეზია

სიბნელის სიჩქარე




თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
     I
ვისაც კი კლიტორი სძულს, სძულს პენისი
ვისაც კი პენისი სძულს, სძულს მუტელი
ვისაც კი მუტელი სძულს, სძულს ბავშვის სიცოცხლე.
 
მკვდრეთით აღდგომის მუსიკა,      მდუმარება,      და ტალღა.
 
     II
აღარ ვლაპარაკობ
ვუსმენ მთელი სხეულით
და სისხლის ყველა წვეთით
მდუმარებით შეპყრობილი
 
მაგრამ სწორედ ეს მდუმარება იქცა მეტყველებად
სიბნელის სიჩქარით.
 
     III
უძრაობა ომის ჟამს, ტბა.
უძრავი ნაძვები.
ბრჭყვიალები წყლის ზედაპირზე.
სახეები, ხმები.       შენ შორს ხარ.
ხე რომელიც თრთის.
 
მე ვარ ხე რომელიც თრთის და თრთის.
 
     IV
მას მერე რაც ნისლი აიწია
მას მერე რაც მძიმე წვიმებმა გადაიღეს
ცა მოიწმინდა
და ქალაქის ყვირილები აღემართნენ დღეს
მახსოვს შენობები მოსაზღვრული
სივრცეა, რათა სივრცეს სიცოცხლის უფლება მიეცეს
ვაზრობ ეს ოთახი სივრცეა
ეს წყლის ჭიქაა სივრცე
რომლის შუშის საზღვარიც
ნებას მაძლევს გასვა და სივრცე მივცე სასმელად
შენს ხელს, ჩემს ხელს რომელიც სივრცეა
შემცველი ცების და თანავარსკვლავედების
შენი სახე
ატარებს ჰაერის წვდომებს
ვიცი სივრცე ვარ
ჩემი სიტყვები ჰაერია.
 
     V
შუაში             შუაში
კაცი  :  ქმედება      ზუსტი
ქალი  :  მრუდედ           გრძნობები თავიანთ ლაბირინთში
მყიფე ორბიტები, მწვანე ცდები,      ვარსკვლავების თამაში
სხეულის მოყვანილობა მეტყველებს თავის სიცხადეს
 
     IV
გადავყურებ ნამდვილს
მოწყვლადს      ჩართულს        შიშველს
მიძღვნილს ყველაფრის აწმყოსადმი რაც კი მადარდებს
მისი ისტორიის სამყარო მოდის ამ წამთან.
 
    VII
სიცოცხლე გამომცხადებელი.
გარწმუნებ
ბევრნაირად შეიძლება, ბავშვი გყავდეს.
მე დედა ნაბიჭვარი
გპირდები ამას
ბევრი გზა არსებობს დასაბადებლად.
ყველა მათგანი საკუთარი
მადლით გამოდის.
 
     VIII
დედამიწის მიზნები ერთდებიან ამაღამ
მოელვარე ვარსკვლავებით, როცა ხვდებიან.
 
ეს ვაჟები,       ეს ვაჟები
მწველად ეცემიან აზიაში.
 
      IX
დრო შემოდის მასში.
თქვი.           თქვი.
 
სამყარო ამბებისგანაა ქმნილი
და არა ატომებისგან.
 
     X
წამოწოლილი
მწველი ჩემს გვერდით
ყალყზე დგები მშვენიერებით და ზე—
შენი სახე ფიქრობს—
ეროტიკული სხეული სწვდება
მთელი თავისი ფერებითა და სინათლეებით—
შენი ეროტიკული სახე
შეფერილი და ანთებული—
არა შეფერილი სხეული-და-სახე
არამედ მთელი ახლა,
ფერები      სინათლეები     სამყარო მოაზროვნე და გამოწვდენილი.
 
       XI
მდინარე მიედინება ქალაქის მიღმა.
 
წყალი ხვალამდე ეშვება
ქმნის თავის ბავშებს      მე მესმის მისი არდაბადებული ხმები
მე ვიფიქრებ ჩემი მდუმარების სიტყვის კონას.
 
       XII
დიდძვლება კაცი ნორჩი და ჩემი სიზმრის
წვალობს ცოცხალი ჩიტის თავისი ყელიდან ამოსაღებად.
მე ვარ ის ვარ მე?       მესიზმრება?
მე ვარ ჩიტი ვარ მე?        მე ყელი ვარ?
 
ჩიტი გამრუდებული ნისკარტით.
ყველაფრის გაჭრა ძალუძს, ყელჩიტას.
 
ნელა აღმართული.       მრუდე დანის პირები, არცთუ დიდები.
ჩიტი იკვეთება     სველი        დაბადებისგან
სიმღერას იწყებს.
 
       XIII
ჩემს ღამეს ღვიძავს
შესცქერის ვრცელ უხეშ სამკაულს
სპილენძის სახურავი გზის გადაღმა
ფიქრობს პოეტზე
ჯერ არდაბადებულზე ამ ბნელში
რომელიც იქნება ამ საათების ყელი.
არა.       იმ საათების.
რომელიც იტყვის ამ დღეებს,
თუ მე არ,
თუ შენ არ?

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.