• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

კატატონია

×
ავტორის გვერდი სოფი თაფლიაშვილი 06 იანვარი, 2016 2931

ხუთშაბათი

მაღალი კოშკი ვიყავი.

 ჩემი ქონგურები ღრუბლებს სწვდებოდა. უფრო მაღლაც მიიწევდა და სივრცეში იკარგებოდა. მათ გადაწყვიტეს ჩემთვის საძირკველი გამოეთხარათ. თითო-თითო აგურს მაცლიდნენ. ნელ-ნელა ჩამომფშვნეს და მტვრის გორგლად გადამაქციეს. ეს მათი ამპარტავნების ბრალი იყო.

 

ფილოსოფოსი ვიყავი.

მწირივით ვმოგზაურობდი. მათ დახმარებას ვცდილობდი, ვინც ფიქრობდა, რომ დახმარებას საჭიროებდა. მათ შემიპყრეს, ზურგზე ტვირთი ამკიდეს, ეკლებით სახე ჩამომკაწრეს, ხელისგულებში რკინას მარჭობდნენ, სახეში მაფურთხებდნენ და ჩემი სისხლით ხელებს იბანდნენ. ბოლოს, როგორც იქნა დამკლეს კიდეც. ჩემს სიკვდილს კიდევ დიდხანს ვერ იჯერებდნენ. ეს მათი უგუნურების ბრალი იყო.

 

მონადირე ვიყავი.

ყველაზე ძლიერი და მარჯვე. ისინიც კი ვერ ბედავდნენ გამტოლებოდნენ. მოტყუებით მომკლეს. ჩემს დასასჯელად მხეცი გამოგზავნეს, რომელმაც მძლია. საუკეთესო ვიყავი, ამის გამო დავისაჯე. ეს შურის ბრალი იყო.

 

ანგელოზი ვიყავი.

ყველაზე ჭკვიანი და სუფთა. მათ მომისროლეს, ფრთები სამართებლით ამათალეს და ძირს გადმომაგდეს. ესეც არ მაკმარეს. საკუთარ სისხლში ამოთხვრილს, დედამიწა თავზე დამამხეს. წყვდიადში მომაქციეს.  ეს შიშის ბრალი იყო.

ეს იმდენჯერ განმიცდია, რამდენ წელსაც ითვლის დედამიწა. ეს ის ამბებია, რომლებსაც შესაძლოა შენს ყურამდეც მოუღწევიათ, მაგრამ ამათ გარდა კიდევ ბევრია.

 

 

სამშაბათი

ქირურგის კარგად განათებულ კაბინეტში მდგარ მაგიდაზე ახალგაზრდა ქალი წევს.

ჯერ 20 წლისაც არ იქნება.

ვხედავ, როგორ გამოეყო ქალის საშოს ექიმის ხელი, სისხლიანი ხელთათმანითა და ხელში რკინით.  საშოდან ხორცის ნაგლეჯი ამოათრია. იქნებ ხელი იყო, ან კიდევ ფეხი ან კიდევ მკერდის ან სახის ნაწილი. კარგად გარჩევა ვერ მოვასწარი. ეს მოქმედება რამდენჯერმე განმეორდა. რამდენჯერმე გამოეყო ქალის სხეულს ხორცის ნაფლეთები.  სისხლიანი ფაფა და რეზინის ხელთათმანები ცელოფნის პაკეტებში ჩაყარეს და ნაგვის ყუთისაკენ წაათრიეს.

ის ხორცის მასა მე ვიყავი.

 

ძალიან ხმაურიანი ვარ და თან ძალიან შეუმჩნეველიც.

საკუთარ ფიქრებს ცეცხლის ალზე ვწვავ. იქამდე, სანამ ნახშირად არ იქცევიან. შემდეგ მათ სათითაოდ ვყლაპავ.

ხელის გულზე ვილაგებ, როგორც საძილე აბებს.

ხელის გულზე ვილაგებ და დიდხანს დავცქერი, როგორც ტოტემებს. თითქოს მათგან ველოდები, რომ შემაჩერებენ.

ისინი კი ხმას არ იღებენ. ხელის გულზე გატრუნულან, ელოდებიან როდის ჩავუშვებ საყლაპავისკენ.

აღდგომას ველოდები. თვალებს დავხუჭავ და ახალ სხეულში გამოვიღვიძებ. ისეთში, რომელსაც ჯერ კიდევ არ ასდენია სიდამპლის სუნი.

მისი გახრწნაც ჩემს კისერზე იქნება. ახალ სულს შევჭამ ან დავაჭიანებ.

სანამ ამ აბებს გადავყლაპავდე, სახის კანს ფრჩხილებით ვიხევ. ან შიგნიდან მკაწრავს ვიღაც გრძელი ბრჭყალებით.

კიდევ რაღაცას ველოდები, მაგრამ კარგად აღარ მახსოვს რას. ის რაღაც ჩემი ნაწილი იყო და გადავაგდე. ხელი ნეკნებს შუა ჩავიყავი და იქიდან ამოვიგლიჯე.

გარდაუვალი უმიზნობა მოხეტიალის სულს აღვიძებს. კედლებს ვაწყდები. მინდა კისერი მოვიმტვრიო.

მაგრამ ახლა ხელის გულზე ხუთი თეთრი აბი მიდევს. ისინი ერთმანეთზე უძრავად წვანან და არც კი მახსოვს რატომ გადავწყვიტე, რომ გამესინჯა.

 

წლების წინ ერთ ქალს ვიცნობდი, ეზოში ლეღვის ხეს ზრდიდა. დიდი, ლამაზი, ტოტებდაძარღვული და განიერფოთლებიანი მცენარე ყოველ გაზაფხულს წვნიან ნაყოფს ისხამდა. ზაფხულობით შეგეძლო იმ ხის ჩრდილში დამჯდარიყავი და მის პატრონზე სხვა და სხვა ამბები წაგეკითხა. ის თქმულებები, ყველა სხვა და სხვა იყო მაგრამ, ყველას ერთნაირი დასასრული ჰქონდა. ჯერ ის ქალი დაშალეს ნაწილებად, შემდეგ იმათ ხის მოვლაც მობეზრდათ. ხე მოჭრეს, კუნძი ძირფესვიანად ამოძირკვეს, შეშად დაჩეხეს, მანქანაზე დააწყვეს და სადღაც წაიღეს. გაზონი მოასწორეს და აღარც იმ ქალის ამბავი გახსენებიათ.

ბოლო დღეებია, საკუთარ თავს პირიდან ვარწყევ.

შემდეგ იმ ნარწყევში ისევე ვხედავ საკუთარ თავს, როგორც სარკეში.

ვენებში, სისხლის ნაცვლად  უამრავი ლურსმანი და ნემსი დაცურავს.

ოპიუმის ნაცვლადაც ისინი მოქმედებენ.

ცოცხალი ჯართი ვხდები. მოსიარულე ჯართი. ისეთი, როგორიც ყველა და ისეთი, როგორიც სხვები.

შავი და ნაცრისფერი ვარ. ადამიანის ფერი.

ისეთივე უგუნური, როგორიც კაცობრიობა, ისეთივე ბილწი როგორიც ბაბილონი.

თუმცა ბაბილონი სამოთხეა.  სამოთხე კი ვერ იქნება ბაბილონი.

იმედი მაქვს. იმედი მაქვს, ჩემში დავანებული ურჩხულებიც ისე ამოხეთქავენ, როგორც პომპეი ან როგორც მზე ამოხეთქავს შემდეგ, მომავალში.

 

პარასკევი

ალბათ უკეთესი იქნება ფიქრი არ შეგვეძლოს, ან შეგვეძლოს მაგრამ ერთი მიმართულებით.

ფერდების გამუდმებული ტკივილი მაინც აღარ შეგვაწუხებდა. მიწაზე მაინც არ გვაგორავებდა ვიღაც და ალბათ საკუთარ თავებსაც არასოდეს შევახსნებდით, რომ არამზადები ვართ.

ახლაც ძირს გავშხლართულვარ, ისე როგორც ყოველთვის. ზუსტად ისევე, როგორც ყოველდღე.

ჩემივე ძვლების ჭახანი ყურებს მიყრუებს. პირი მევსება საკუთარი სისხლით. სისხლით და ფურთხით.

ოთახის სარკეები სიბნელეს ასხივებენ. ზუსტად იმიტომ, რომ მე მირეკლავენ ან ჩემში მყოფ ვამპირს. იმას, სისხლით რომ მისვრის ტუჩებს.

ოჰ ღმერთო, სატანავ, თქვენ დღეს უკვე აღარ არსებობთ და მე შემიძლია ფეხი დაგადგათ. ფეხქვეშ გაგსრისოთ.

ისე მოგექცეთ, როგორც საკუთარ თავს მოვექცეოდი.

რაღაც ისეთი დამავიწყდა, რაც მე არაფერს მეკითხება. შიში ან მონატრება.

უფრო მონატრება, ვიდრე შიში.

მე აქ ვარ. იმდენი ხანია უკვე აქ ვარ, რომ მავიწყდება სად ვიმყოფები.

სამყაროს ყველა შეცდომისათვის გადავწყვიტე პასუხი ვაგო. ქრისტეს როლი შევასრულო საკუთარ ავანსცენაზე.

რეჟისორისა და მაყურებლის როლს ერთად მოვირგებ.

მხოლოდ ის მინდა, მუდმივად განათების ქვეშ მიწევდეს დგომა. ეს ვაღიარე.

ყველა უგუნურების გამოსყიდვა საკუთარი ტყავის გამათრახებით როცა მსურდა, ეგ დრო დაიკარგა. სადღაც მიინავლა და ჩაიფერფლა.

მუსულმანი ფანატიკოსის მსგავსად ვიცემდი ბეჭებზე რკინის მძიმე ჯაჭვს. კანსა და ხორცს ვიგლეჯდი, სისხლს ვიდენდი, ფრჩხილებს საკუთარი ხელით ვიძრობდი.

სხვათა განწმენდის თვითმხილველი არ გავმხდარვარ.

თავადც ვერ ვიგრძენი შვება იმ უარყოფით და არც ის მახსოვს, ავად როდის გავხდი.

ვიტყოდი ყოველთვის მოწამლული ვიყავი და ასეთად ვაპირებ დარჩენას მეთქი.

არ მოგატყუებ.

მე აღვდგები, ვით ადონისი

 და ჩემს აღდგომას ვარდები  სისხლით იზეიმებენ.

 

ოთხშაბათი

ძალიან ცივა. ერთბაშად, მოულოდნელად გაიყინა ჰაერი, ჟანგბადიც და სუნთქვაც.

სიცივემ კისერში დაჰკრა მახვილი სითბოს. მოჭრილი თავი ისე შორს გაგორდა, რომ აფართხალებული ტანი კიდევ დიდხანს ვერ დაეწევა.

რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომეთხრო, ამის ნაცვლად კი სუფთა ფურცლებს სისულელით ვსვრი.

კარგი იქნებოდა ასე არ მომხდარიყო. კიდევ ბევრი რამ იქნებოდა კარგი.

ფურცლებში გზა ამებნა. სითეთრეში, სიცარიელეში დავიკარგე. გრძნობების სიუხვისა და სიტყვების სიმწირის გამო.

ან ნიჭის

ან გამბედაობის

ან სხვა რამის

ან ყველაფრის ერთად.

შედეგად ის მივიღე, რომ საკუთარ ნაჭუჭს ვერ ვცდები. 

თითქოს არც წვრილმან ამბებს უჩანთ დასასრული.

უკანსკნელი სათავეში მოექცა, სათავეში მდგომი კი უკანასკნელის ადგილს იკავებს. ეს ციკლია. ეს წრებრუნვაა და მას არ აქვს ბოლო აკორდი.

შავი მელანი შევისუნთქე.

ნესტოები სითხით გამევსო, ფილტვებში კი ფიფქებია.

იქ ზამთრის სუსხი დაფარფატებს.

თოვლის კრისტალი არტერიებს წვრილ-წვრილად სერავს.

საკუთარი თავი არასოდეს შეიცოდოო, ასე მაფრთხილებდნენ.

მათ ყური არ ვათხოვე, რადგან ლაჩარი ვარ.

კარგი იქნებოდა სიზმარში ვიყო, კარგი იქნებოდა გამომეღვიძებოდეს.

კარგი იქნებოდა ასე მომხდარიყო,

კიდევ ბევრი რამ იქნებოდა კარგი.

 

ორშაბათი

მორგში არ ვარ, მაგრამ ჰაერში სიკვდილის სუნს ვგრძნობ.

ეს ერთხელ უკვე გავაკეთე. სამზარეულოს ქურასთან მდგომი ალვეოლებს გაზის ბუშტუკებით როცა ვივსებდი.

სიკვდილი პირში გვირილის სავლებივით გამოვივლე, თავი გვერდით გადავხარე და გადავაფურთხე.

შენი საუბარი თავბრუს მახვევს. გულის რევის შეგრძნებას მიჩენს, როგორც ბებრის მიერ მოთხრობილი ჭიანაჭამი ამბები და ცრუ თავგადასავლები.

მათ მიმართ მოწიწებას არ გრძნობ, არც თანაგრძნობას, მხოლოდ თავს გაბეზრებენ ხოლმე.

მე არ მომწონს საკუთარი თავი და არ მიყვარს ჩემი მშობლები.

ადრე მეზიზღებოდნენ, ახლა გულგრილობა მძლევს ხოლმე.

ისიც მგონია, ჩემისთანებს არ ჰყავთ მშობლები და არც ჰყოლიათ.

 ან შესაძლოა ისინი დიდი ხნის წინათ გადაიკარგნენ.

შუშის თვალები გაქვს და ცვილის სახე. გიყურებ და ზუსტად ისევე მეშინია, როგორც ბნელ ოთახში ჩემი მძინარე და-ძმის დანახვისას.

ადრე მიხაროდა როცა გხედავდი, ახლა უბრალოდ თვალს ვადევნებ შენი პირის მოძრაობასა და თმის ხვეულებს.

მეგობარი.

ამ სიტყვას გონებაში ვიმეორებ, ასო-ასო წარმოვთქვამ და ვმარცვლავ.

მ-ე-გ-ო-ბ-ა-რ-ი.

მაინც გვერდით მოგიტოვებ. მაშინვე წავალ, როგორც კი ვერ გამოეხმაურები ჩემი სულის უჩუმარ ღრიალს.

ჯერ პარაზიტივით ვშთანთქავ იმას, რაც ღირებული გაქვს,  შემდეგ ზურგს უკან მოგიტოვებ.

შემიძლია მთლიანად გადაგყლაპო.

ვცდილობ არ გისმინო და ირგვლივ ყველაფერს ვათვალიერებ.

ისევ იმ ხალხს ვიხსენებ, ვის გვერდითაც ოდესმე მძინებია. ყოველთვის მეშინოდა, რომ წითელ თვალებს დააჭყედნენ და ეცდებოდნენ ჩემთვის ყელი გამოეღადრათ.

ამიტომ ყოველ დღე სწრაფად ვიცვამდი, მათ გვერდით დარჩენა არ მინდოდა. არც მათ გვერდით კიდევ ერთხელ დაძინება.

შენს გვერდით დაძინებასაც არ ვისურვებდი. არ ვიცი რატომ.

ცხოვრება ჩემთვის არც დედა აღმოჩნდა და არც დედინაცვალი.

ის ზედამხედველს უფრო მაგონებს. მონათმფლობეს, მებატონეს ჰგავს.

მათრახს ჩემს თავს ზემოთ ატკაცუნებს, თანაც დამცინის.

საათს დავცქერი. მიხარია, რომ უნდა წახვიდე.

როგორც კი შებრუნდები, მაშინვე დაგივიწყებ. თუმცა უსიამო შეგრძნება თან გამყვება, დროის დაკარგვით გამოწვეული.

მცდელობის განახლება თითქმის გადავწყვიტე, მაგრამ არც თუ ისე მყარად.

არც თუ ისე მყარად.

ჩემი აზრებია ასეთი.

ჩემი ქვეყანაც ასეთია.

ცაც ასეთია და ვარსკვლავებიც. ყველაფერი არც თუ ისე მყარი მეჩვენება. ხელს შეახებ და საპნის ბუშტებივით გასკდებიან.

ალბათ იმიტომ რომ დედამიწა საპნის ბუშტია. ან ცხოვრებაა საპნის ბუშტი.

მე და შენც საპნის ბუშტები ვართ.

 

შაბათი

უსასრულო ხეტიალს მივეძალე. ფეხები ისე მტკივა, ფეხის გულით ყველა კენჭს სათითაოდ ვთვლი. აღარც ფული მაქვს, რომ დავხარჯო. არც ტაქსის გაჩერება შემიძლია, გვიანაა და ავტობუსსაც ვერ გამოვყვები. ვიფიქრე სახლმადე ფეხით მივიდოდი და იქნებ ლუდის საყიდელი ხურდაც მომეჩხრიკა. ერთ საათიანი ხეტიალის შემდეგ მივაღწიე ჩემს ქუჩას, ცოტაც და სახლის კარსაც მივადგები.

ქუჩის კუთხეში მოხუცი მაწანწალა მიმჯდარა. მომწონს ეს ადგილი. შეიძლება მოხუცი სულაც არ არის. ხშირ, მოუვლელ წვერში ისე ჩაფლობია სახე, რომ კარგად ვერ ვხედავ და ასაკის გამოცნობაც მიჭირს.

ჩვენს პირდაპირ დიდი სუპერმარკეტია. 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ასეთი სუპერმარკეტებიც მომწონს. შიგნით შევდივარ, უკან კი ორი ბოთლი ლუდით ვბრუნდები. ერთს ახალ მეგობარს ვთავაზობ, ისიც ბოთლს თავის დაკვრით მართმევს და ნებას მრთავს მის გვერდით გავიყო მიწა. ლუდს ნება-ნება ვწრუპავთ, არ ვლაპარაკობთ და მხოლოდ სიჩუმე ჩაგვწუის ყურში. სიჩუმეს კოღოს გაფრენის ხმა აქვს.  მიყვარს ასეთი სიჩუმე. ის ბობოქრობს, მე თვალებს ვხუჭავ.

ვისაც მე ვხედავ, საკუთარი ხელით წნის ეკლის გვირგვინს. სამართებლებიანი მავთულხლართის მსგავს მცენარეს გრძელ თითებს შორის იქცევს და თავზე იდგამს. ეკლები ლურჯ თმაში ეხლართება. ერთ-ერთი მათგანი კი შუბლს უკაწრავს.  მომცრო, ალისფერი წვეთი გზას წარბებისკენ მიიკვლევს, კანზე მოვარდისფრო კვალს ტოვებს და ის იღიმება. მაზოხისტურად იღიმება.

გორაკზე ასულს, გრძელი ტოგა პატარძლის კაბასავით გასთრევს. იქვე, ღობეზე არსაიდან ლურსმნები და ჩაქუჩი ჩნდება. ბრბოც არსაიდან ამოხეთქავს და გრძელ ჯვარს მოათრევს.

ის კვლავ იღიმება. ახლა უკვე მშვიდად. სიგარეტს უკიდებს და ღრმა ნაფაზს არტყამს. თეთრ კვამლად იფანტება ამონასუნთქი. შავლაქ წასმული ფრჩხილებით ნამწვს გვერდით მოისვრის.  სანამ ჯვარცმის პოზას დანებდებოდეს , ლურჯი თმიდან ისხნის სამკაულს და მის პირდაპირ მდგომს თავზე ადგამს. სხვის მხრებზე ჰკიდებს იმას, რაც საკუთარიდან ჩამოიხსნა, ტოგის კალთებს იკეცავს და გორაკიდან მიფარფატებს.

ის არც პალესტინელია და არც ბეთლემში დაბადებულა. მას ეროვნება არ გააჩნია. არ არის კუთვნილება ან საკუთრება.

ის მეორე, თავსამკაული რომ ემძიმება, საჩუქრის ავტორს თვალებით ეძებს, იქ კი სიმშვიდის გარდა მხოლოდ ცა ირეკლება.

სიჩუმემ კიდევ ერთხელ გაიელვა, დაიგრუხუნა და ვეღარ ვიგებ იმ ორიდან მე რომელი ვარ. ის ვარ, ვინც თავიდან გვირგვინს იხსნის გულაუმღვრევლად, თუ ის, ვისაც ასატანზე მეტი უტვირთავს. მგონი ორივე რიგ-რიგობით ვარ. ხან ერთში, ხანაც მეორეში გადავინაცვლებ, მაგრამ ვერ ვასწრებ ვერც ერთის გათავისებას.

ლურჯთმიანი ქრისტე მხიარულებას ეძლევა და ცეკვას იწყებს. არც ნაიარევები აქვს, არც ჭრილობები, ხელისგულებზეც ვერ შეამჩნევ განაკაწრებს. აღარც ვინმეს ცოდვა ენაღვლება და აღარც ბრალი.

მასთან ერთად გარდავისახები. გვირგვინიც ქრება, ეკლებიც და წითელ კაბაში გამოწყობილს მეღვიძება. ბაბილონელი მეძავი ვარ და მუცლად ვიღებ ყველა უწმინდურებისა და უკეთურობისაგან.

უსქესო არსება ვარ ან ორსქესიანი - როგორც ანგელოზი.

ბოთლში ოქროსფერი სითხე იწრიტება, აღარც სიგარეტი მაქვს მოსაწევი და აღარც რაიმე სალაპარაკო. ყურსასმენებში „Electric Wizard” სინათლის სისწრაფით დაჰქრის. მე მათ ვერ ვიტან.

უცხო კედელს ვაშორებ ზურგს, ფეხებს ავათრევ სახლის კიბეზე და საწოლზე პირქვე დამხობილს ისე მეძინება, მუსიკის შეცვლის ძალაც არ შემწევს.

მეტი ვარდისფერი აბი უნდა მქონდეს.

მეტი კოვზზე გასადნობი აბი.  სისხლში შესარევი მეტი საშუალება, კანის წითლად დაწინწკვლის მეტი იარაღი.

მეტი ვარდისფერი აბი და მეტი წარმოდგენა.

მეტი ვარდისფერი აბი და ბევრზე ბევრი რეალობა.

ყველა შესაძლო რეალობას შორის საუკეთესო რეალობა.

მე არ ვარ პანგლოსი. არც განტენბაინი ვარ.

ჩემში არ სახლობენ ღმერთები ან მოჩვენებები, სამაგიეროდ დღეს ლურჯ ვენებს მე ვარდისფრად ვღებავ.

 

კვირა

შიზოფრენიის ზღვარზე მყოფი მიხვდები, რომ რაღაცას სწორად აკეთებ.

შიზოფრენია

შიზოფრენია, შიზოფრენია. ლამაზად მეჩვენება სიტყვის წარმოთქმა და უსასრულოდ გამეორება.

რამდენჯერ მიყვირია ჩაძინებამდე. სულის შეძვრამდე მიღრიალია, ოღონდ ჩუმად, რომ სხვებს არ გაეგოთ.

დაითვალე, თუ შეგიძლია.

თვალებიდან წამოსული მარილი ჩამიყლაპავს და პირიდან ამოსული ყვირილი ხელებით უკან ჩამიბრუნებია.

ხმა კბილებს შორის მომიმწყვდევია და დაღეჭილი ლუკმასავით გადამიყლაპავს.

მსურს თმა გადამპარსონ, თავის ქალა ბურღით გამიხვრიტონ და ტვინი ამომაჭრან. იქნებ ასე მაინც მოეღებოდეს ბოლო ფიქრების გნიასს.

სატანა მოწინააღმდეგეს, მეამბოხეს ნიშნავს.

მოდერნიზმიც სატანიზმია (ოღონდ უფრო თანამედროვე)

შენ ყინული ხარ- სამფეროვანი.

წითელი, ყვითელი და შავი და ერთი სული მაქვს, მინდა შეგჭამო.

დიდი ხანია ჯოჯოხეთს ნება-ნება კოვზით მივირთმევ.

ჩემს წილ კერძს ბოლომდე შევჭამ და ფრთასაც ექვსჯერ დავიქნევ.

თუ რაიმეს თქმისგან თავს იკავებ, უღირსი და მშიშარა ხარ.

ხშირად პირიქითაც.

სიტყვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ გამბედაობა.

და მე არ ვამბობ, რომ ეს უბრალოდ სიმამაცე ან სიმხდალეა. ეს იქნება უბრალოდ ფაქტის აღნიშვნა.

ზოგიერთი რამ შეფასებას არც საჭიროებს.

კბილებით დაგღრღნი, როგორც იუდას და შენი კვნესა ჩამესმება უტკბეს მუსიკად.

შენ არ გაჩერდები იმის გამო, რომ მე ჩამოვრჩი და არც მე შევჩერდები იმ მიზეზით, რომ დამეწიო.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული