ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პოეზია

გზის ფორმის ადამიანები

სკა ინდიგოთი
03.01.2018

   


***
ჩვენ ვერ ვხედავთ მათ დღეებს,
ვისმა სურვილებმაც დაკარგეს დაბადების გამოცდილება, 
ვინც მიწაში არწყევს სხეულს
და მცენარედ გარდაიქმნება.
ამ დროს რომელიმე ხელი ცდილობს აიღოს პასუხისმგებლობა თვალების დახრაზე და ფიქრზე,
როგორ იზრდებიან მაგიდის ქვეშ,
რომლის გარშემოც მშობლები
ერთმანეთს მოსაკლავად დასდევენ.
მაგიდა არის მრგვალი
და ოთახიც ბლაგვი საგნებისგან ცარიელია.
მათ გაიმარჯვეს სიმშვიდეზე და ყველა შვილზე,
რომლებმაც რიგითი მზე დარგეს ჭაღში
და მის მოარულ შუქს შიშით ელოდებიან
 
 
***
მე არ მაქვს საუკუნე,
დრო, რომელიც სიძველისგან გაირღვა,
ვეღარ ამართლებს რაიმე ღირებულის არსებობას ან არარსებობას
მეჩვენება რომ მე არ მაქვს საუკუნე 
და გარს მახვევია ისრები.
ეს არის შენი ჭეშმარიტება,
ტბები მზეებივით გაყვითლებული,
წყლის გულით,
გამდინარე გრძნობებით,
ჟანგიანი ჩაფხუტებით,
უსახელო სხეულებით,
ერთნაირი ტანსაცმლით და უტანსაცმლობით.
მე ემპათია მივიჩნიე აუცილებლობად,
რისთვისაც არ დამჭირვებია გაგიჟება
ან ნაბიჟები მძიმე ფეხსაცმელებით,
უბრალოდ უარვყავი შენი ჭეშმარიტება
ადამიანის ფორმის შესახებ.
 
 
***
შენ შეგიძლია ასე იყო ბედნიერი
ყველა ბურთი გადაყლაპო
რომელსაც გესვრიან
და ითაშო ამ ბურთებით
სხვასთან
ვისაც გასაქცევად არ ჭირდება ნაბიჯები
ვინც ნავსადგურთან ფრთებს აბამს და თავს ეძებს თივის ზვინის ქალაქში
რომელსაც ჭამენ
და რომელიც მუდამ მზადაა დაგიმსგავსოს და მიგცეს უმისამართო სახლების ქუჩებს.
მეგობარი რობოტების წარმოსახვებში ცეკვავ
და მათ საკუთარ სიზმრებს აჩვენებ -
- როგორ გარბიხარ 
იწოვ სიმშვიდეს ან ქარს შორდები.
 
 
 
***
მოდი მოვიქცეთ ისე,
რომ სიზმრების დასასრულსა და დასაწყისს შორის ზღვარი გავაქროთ,
სახეებიდან ამოვიშალოთ თვალები,
მათ მაგივრად ჩავისვათ ლოკოკინები,
და მხოლოდ ხელსაყრელ მომენტებში გამოვიხედოთ ჭუჭრუტანიდან,
დავიპყროთ ყველა ნესტიანი სააბაზანო
და დერეფნები,
გავხდეთ სუფთა და დაუბანლები,
ერთდროულად მივუშვიროთ ორივე ლოყა ყველა გამვლელს და გაჩერებულს.
მე მეშინია,
რომ გზებზე დახოხავენ მუცელგაბერილი ანგელოზები და ელიან წვიმას.
ჩვენ ველოდებით მათ წასვლას,
რომ მერე ვნახოთ
აქამდე სად იყვნენ ისინი.
რადგან გზა ერთია
და ყველა ნაბიჯს ვერ იტევს,
გაჩერებები კი მხოლოდ მუხლებს იტოვებენ.
ჩვენ ველოდებით იატაკის დასვრას,
რომ მერე მოვწმინდოთ.
გვაქვს უამრავი გაუმართლებელი იმედი,
რომლებსაც ვარქმევთ ოცნებებს
და მერე ვიძინებთ.
რატომ არ ვამბობთ „ძალიან მეღვიძება“,
როცა ასეთი მკაფიოა ყველაფერს შორის ზღვარი?
ვშიშობ, რომ მარტო არ ვართ
და ამ შიშს ადამიანების ყლაპვით ვძლევთ.
 
 
***
ჩვენ გავიცანით გზის ფორმის ადამიანები
რომლებსაც სურთ ყველა ამბავი წელით ზიდონ 
და დაგვაჯერონ ნაბიჯების სიმძიმე
გვიყვირონ და იტკინონ 
როცა ფეხსაცმელს გავიხდით
ან სიამოვნებას მოვიკლებთ და გავნადგურდებით
ვერ აიტანონ თუ ფეხი დაუცდებათ საჩვენებელი ცხოვრების გზაზე
და თვალები სხვა მიმართულებით წაიყვანენ
საიდანაც ვერ გაგვარჩევენ მცენარისგან
და ჩვენს ნაწილებს გაიყოლებენ
იქ 
სადაც სხვა დღეები ვერ მოვლენ
და სხვა ამბები ვერ მოხდებიან.