ჭექა-ქუხილი, სრულქმნილი გონება





პოეზია

ჭექა-ქუხილი, სრულქმნილი გონება




[ქართული ტექსტი შეადგინა და კომენტარი დაურთო
ირაკლი ყოლბაიამ]
 
ჭექა-ქუხილი, სრულქმნილი გონება
 
მე დავეუფლე სათავეს,
და მივედი მათთან ვინც ჩემზე ფიქრობს,
და მე მიპოვეს იმათ შორის ვინც მეძებს.
მეძიე, შენ, რომელიც ფიქრობ ჩემზე,
და თქვენ, მსმენელნო, მისმინეთ.
და თქვენ, ვინც მელით, მიმიღეთ თქვენთან.
და ნუ განმაგდებთ თქვენი თვალსაწიერიდან.
და ნუ შეაძულებთ თქვენს ხმას ჩემს თავს, ნურც თქვენს ყურებს.
ნუ იქნებით ჩემდამი უგნური ნურსად და ნურასდროს. გაფრთხილდით!
ნუ იქნებით ჩემდამი უგნური.
 
რამეთუ მე ვარ პირველი და ბოლო.
მე ვარ სანუკვარი და საძულველი.
მე ვარ მეძავი და უბიწო.
მე ვარ ცოლი და ქალწული.
მე ვარ დედა და ქალიშვილი.
მე ვარ უნაყოფო
და მრავალია მისი ვაჟი.
მე ის ვარ რომლის ქორწილიც დიდებულია,
და მე ქმარი არ შემირთავს.
მე ვარ მეანი და დედა უშვილო.
მე ვარ ნუგეში ჩემი მშობიარე ტკივილის.
მე ვარ პატარძალი და ნეფე,
და ჩემი ქმარია ჩემი მშობელი.
მე ვარ ჩემი მამის დედა
და დად ვეკუთვნი ჩემს ქმარს,
და ისაა ჩემი პირმშო.
მე მონა ვარ იმის ვინც დამამზადა.
მე ვარ ჩემი პირმშოს მმართველი.
მაგრამ ისაა ვინც მშვა, დღენაკლული
დაბადების დღეზე.
და ისაა ჩემი დროული პირმშო,
და ჩემი ძალა მისგანაა.
მე ვარ მისი ძლევამოსილების კვერთხი მის სინორჩეში,
და ისაა წნელი ჩემი მხცოვანებისა.
და რაც ნებაა მისი მე მემართება.
მე ვარ მდუმარება რომელიც გაუგებარია
და აზრი რომლის მოგონებაც ხშირია.
მე ვარ ხმა რომლის ჟღერაც ათასმხრივია
და სიტყვა რომლის სახეც მრავალია.
მე ვარ ჩემი სახელის წარმოთქმა.
 
რატომ, შენ, რომელსაც გძულვარ, გიყვარვარ,
და გძულს ისინი ვისაც ვუყვარვარ?
შენ, ვინც უარმყოფ, მაღიარებ,
და შენ, ვინც მაღიარებ, უარმყოფ.
შენ, რომელიც მართალს ამბობ ჩემს შესახებ, ცრუობ,
და შენ, რომელმაც იცრუე ჩემს შესახებ, სიმართლე გითქვამს,
შენ, რომელმაც შემიცან, უგულებელმყავი.
და მათ, რომლებმაც ვერ შემიცნეს, დაე შემიცნონ.
 
რამეთუ მე ვარ ცოდნა და უგნურება.
მე ვარ სირცხვილი და სითამამე,
მე ვარ უსირცხვილო; შერცხვენილი ვარ.
მე ვარ ძალა და მე ვარ შიში.
მე ვარ ომი და მშვიდობა.
მიფრთხოდე.
 
მე ის ვარ, რომელსაც ნამუსი ახადეს და ის, რომელიც დიდებულია.
უფრთხოდე ჩემს სიღატაკეს და ჩემს სიმდიდრეს.
ნუ იქნები ჩემს მიმართ ამპარტავანი, როცა დედამიწაზე გამოვირიყები,
და შენ მიპოვი იმათ შორის ვინც მოვლენ.
და არ მეძებო ნეხვის გროვაში
ნურც წახვალ და მიმატოვებ გარიყულს
და შენ მიპოვი სამეფოებში.
და, გარიყული, არ მეძებო იმათ შორის ვინც
შერცხვენილია უსაძაგლეს ადგილებში,
ნურც დამცინებ.
და ნუ განმაგდებ იმათ შორის ვინც სასტიკადაა მოკლული.
 
მაგრამ მე, მე შემბრალებელი ვარ და სასტიკი.
ფრთხილად იყავი!
 
ნუ შეიძულებ ჩემს მორჩილებას
და ნუ შეიყვარებ ჩემს თავშეკავებას,
ჩემს სისუსტეში, ნუ მიმატოვებ,
და ჩემს ძალას ნუ შეუშინდები.
 
რამეთუ რისთვის გძაგს ჩემი შიში
და წყევლი ჩემს სიამაყეს?
მაგრამ მე ვარ ის რომელიც არსებობს ყველა შიშებში
და ვარ ძლიერება თრთოლაში.
მე ვარ ის რომელიც სუსტია,
და მე ლაღად ვარ საამურ ადგილას.
მე უგნური ვარ და მე ვარ ბრძენი.
 
რად შემიძულე შენს განსჯებში?
რადგან მდუმარე ვიქნები მათ შორის ვინც მდუმარებს,
და მე გამოვჩნდები და ვიტყვი,
 
რად შემიძულეთ, მაშ, თქვენ, ბერძნებო?
რადგან ბარბაროსი ვარ ბარბაროსებს შორის?
რამეთუ მე ვარ ბერძნების სიბრძნე
და ბარბაროსების ცოდნა.
მე ვარ ბერძნებისა და ბარბაროსების განსჯა.
მე ვარ ის, რომლის ხატებაც დიადია ეგვიპტეში
და ის, რომელსაც არ აქვს ხატება ბარბაროსებს შორის.
მე ვარ ის, რომელიც შეიძულეს ყველგან
და ვინც უყვარდათ ყველგან.
მე ვარ ის, რომელსაც ისინი სიცოცხლეს უწოდებენ
და შენ სიკვდილი უწოდე.
მე ვარ ის რომელსაც ისინი უწოდებენ კანონს
და შენ უწოდე უკანონობა.
მე ვარ ის, რომელსაც შენ დევნიდი,
და მე ვარ ის რომელიც შენ შეიპყარი.
მე ვარ ის, რომელიც შენ დაამსხვრიე,
და შენ მომაგროვე ერთად.
მე ვარ ის, ვის წინაშეც გცხვენოდა,
და შენ უსირცხვილო იყავი ჩემდამი.
მე ვარ ის, რომელიც ზეიმს არ მართავს,
და მე ვარ ის, რომლისაც ზეიმი უხვია.
 
მე, მე ვარ უღმერთო,
და მე ვარ ის, რომლისაც ღმერთი დიადია.
მე ვარ ის, რომელზეც ფიქრობდი,
და შენ შემრისხე.
მე უსწავლელი ვარ,
და ჩემგან სწავლობენ.
მე ვარ ის, რომელიც გძაგდა,
და შენ ფიქრობ ჩემზე.
მე ვარ ის, ვისაც ემალებოდი
და შენ მომევლინე.
მაგრამ როცა კი დაიმალებით,
მე თავად გავჩნდები.
რამეთუ როცა კი მომევლინებით,
მე თავად დავიმალები თქვენგან.
 
[...]
 
შეხედე მაშინ მის სიტყვებს
და ყველა ნაწერს რომელიც აღსრულდა.
ფრთხოდეთ, მაშ, მსმენელებო
და თქვენც, ასევე, ანგელოზებო და თქვენ, ვინც წარმოიგზავნეთ,
და თქვენ, სულებო, რომლებიც აღსდექით მკვდრეთით.
რადგან მე ერთადერთი ვარ ის ვინც არსებობს,
და არავინ მყავს, რომ განმსაჯოს.
რადგან მრავალია სათნო სახეობა არსებული ურიცხვ ცოდვაში,
და თავაშვებულობებში,
და სამარცხვინო ვნებებში,
და წამიერ სიამეებში,
რომლებსაც კაცნი ეძლევიან ვიდრე არ გამოფხიზლდებიან
და წავლენ მოსასვენებელ ადგილას.
და იქ მე მიპოვიან,
და იცოცხლებენ,
და მეტად აღარ მოკვდებიან.
 
 
 
კომენტარი:
რაც თვალს გვჭრის ამ კოპტურ ენაზე შექმნილ პოემაში არის არა მხოლოდ დაფარული, უარყოფილი ქალური (თან „უჯიშო“) ღვთაების (გნოსტიკური სოფია) მონოლოგი, არამედ ორაზროვნება, გაგებული როგორც ყველაფრის მამოძრავებელი პრინციპი, სამყაროს სული თუ არსი. ამ მხრივ ეს კოპტური / გნოსტიკური ჰიმნი ებმის არა მხოლოდ მუდმივ ანდერგრაუნდს და აუთსაიდს, რომელიც ყოველთვის არსებობდა და რომელიც ყველაზე ადრეულ (პროტო-) შამანიზმს აკავშირებს რადიკალური თუ მარგინალური ფორმების უახლეს გამოხატულებებთან. გარი სნაიდერი ამას „დიად სუბკულტურას“ უწოდებს, ამ ხმებს, რომლებიც არსებობდნენ, და იშლებოდნენ ან ნადგურდებოდნენ ყველა კულტურაში. ანტონენ არტო: „მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რაც კულტურის მიღმაა“. რობერტ დანკანი ყველა ამ ხმების ასიმილირებას გვთავაზობს, და ამას „მთლიანობის ნადიმად“ მოიხსენიებს (განსხვავებით პლატონისგან, რომლის ნადიმიც ათენელებისთვის იყო განსაზღვრული):
 
„ასეთი მთლიანობის ნადიმის წარმოსაქმნელად, ყოველი უწინ გარიცხული სახეობა უნდა ჩაერთოს. მდედრი, პროლეტარი, უცხო; ცხოველური და მცენარეული; არაცნობიერი და უცნობი; დამნაშავე და დამარცხებული - ყოველივე, რაც განდევნილი და მოხეტიალე იყო, უნდა დაბრუნდეს, რათა დავუშვათ ის იმის შექმნაში რაც, მიგვაჩნია, რომ ვართ“ (რობერტ დანკანი, „მონაწილეობის რიტუალები“)
 
„ურთიერთწინააღმდეგობების გარეშე წინსვლა არ არსებობს“ (უილიამ ბლეიკი, „სამოთხისა და ჯოჯოხეთის ქორწინება“)
 
თავად ამგვარ ბინარულ პოეტიკას, წარმოთქმულს გაუგებარი, კრებითი, უეგოო „მე“ს მიერ, რომელიც ამ გნოსტიკურ პოემაში გვხვდება, ვხვდებით უამრავ თანამედროვე პოეზიაშიც, რომლის ყველაზე გამოკვეთილი გამოხატულებებიც შეიძლება იყოს უთვალავი პასაჟი უიტმენის „ბალახის ფოთლებში“, რემბოს „გამონათებებში“ ან ლოტრეამონის „მალდორორის სიმღერებში“, მაგრამ აქ, მაგალითად, მომყავს ემე სეზერის პასაჟი:
 
„ეს იცოდე:
ერთადერთი თამაში რომელსაც მე ვთამაშობ მილენიუმია
ერთადერთი თამაში რომელსაც ვთამაშობ დიადი
შიშია
 
ამიტანე. მე არ აგიტან.“

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.