კაბადოკიელი მამები, ანუ სატანა მე-4 საუკუნეში





პროზა

კაბადოკიელი მამები, ანუ სატანა მე-4 საუკუნეში




(ნამდვილი ამბავი)

ეძღვნება საქართველოში ფანატიზმისა და ობსკურანტიზმის აღსასრულს

 

 

ნათქვამია, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო. ხშირად ისეც მომხდარა, პატრონიან ეკლესიასაც დაჰპატრონებიან პატრონიანი უპატრონოები!
 

ა. წ. აღ. 380 წელი იდგა. ბიზანტიის ძლევამოსილი იმპერატორი თეოდოსი ჯარისკაცებთან და მის მიერვე აღზევებულ ნაზიანზელ მოძღვართან ერთად, კონსტანტინოპოლის მოციქულთა სახელობის საკათედრო ტაძარში მიემართებოდა, რათა მას დაჰპატრონებოდა, თუმცა ისიც კარგად უწყოდა, რომ ტაძარს პატრონი ჰყავდა, - ღირსეული ეპისკოპოსი დემოფილე...
 

თეოდოსის თანმხლები მოძღვარი, მომავალში კარგად ცნობილი გრიგოლი ღმრთისმეტყველია, რომელსაც იმ დროს ჯერ კიდევ ვერ გაერკვია, რეალურად ნაზიანზის ეპისკოპოსი იყო თუ სასიმასი, რომელზეც მისმა მეგობარმა, ბასილი დიდმა დააყენა. ახსოვს გრიგოლს, როგორ გამწარდა მაშინ; რამდენიმე თვე აღარც კი ელაპარაკებოდა ბასილს, რადგან მიუხვდა, რომ კარგად გათვლილი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს... გაბრაზებამ გადაიარა, რადგან უფრო დიდი კათედრა და დიდი ძალაუფლება ელოდება წინ. განა სულ ახლახანს თავად იმპერატორმა თეოდოსმა არ გადაულაპარაკა: ჩემი მეშვეობით, ღმერთი ამ ტაძარს, შენი ჯაფის საფასურად გაძლევსო. ჯაფა მართლაც დიდი იყო, დიდი და აუტანელი. რა არ გადახდა გრიგოლს, რა არ გაიარა, რათა საბოლოოდ იმპერატორთან ერთად კონსტანტინოპოლის ყველაზე დიდებული ტაძრის გზას დასდგომოდა. იხსენებდა დედ-მამას, ღვთისმოსავ ნონას და გრიგოლს, რომელიც თავიდან წარმართი იყო, მოგვიანებით აღიარა ქრისტე და ნაზიანზის ეპისკოპოსიც კი გახდა. ღიმილს ჰგვრიდა იმის გახსენება თუ როგორ ცდილობდა დედა, მასში ამბიციების გაღვივებას; ბავშვობიდან არწმუნებდა რჩეულობაში; ამის  დასამტკიცებლად ათასგვარ ლეგენდასა და სასწაულს თხზავდა. მაგალითად, ხშირად მოუთხრობდა, ერთხელ ძილში თუ როგორ გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა: ახლა შენს წარმართ მეუღლესაც ვეცხადები და 121-ე ფსალმუნის სიტყვებს ვკარნახობო. ჩემს ქმარს ცხოვრებაში წმინდა წერილი არ გადაუშლია და რას მიხვდება-მეთქი? ჰოდა, ხვალ ზეპირად რომ გეტყვის ფსალმუნის სიტყვებს, გადაუშალე და თავისი თვალით ნახოს და წაიკითხოსო. რის ნიშანია, წმინდა ანგელოსო-მეთქი? რისიც არის, გაიგებო. დილით რომ გამომეღვიძა, მამაშენი ოთახში შეშლილივით აქეთ-იქით აწყდებოდა და სულ ამ სიტყვებს იმეორებდა: „ვიხარე, რომელთა მარქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ“. ხომ არ იცი, ვისი სიტყვებია, წუხანდლიდან ამეკვიატაო. ვიცი, როგორ არ ვიცი, ფსალმუნმომღერლის სიტყვებია-მეთქი. ეგ ვინღააო. აი, ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის დამწერი-მეთქი. რა ბიბლია, რის ბიბლია, ცხოვრებაში არ გადამიშლია, ეს სიტყვები საიდან უნდა მცოდნოდაო? ჰოდა, გადავუშალე 121-ე ფსალმუნი და თავისი თვალით ამოვაკითხე. თავში ხელები წაიშინა და იღრიალა, - ამ სიტყვების მნიშვნელობას თუ ხვდებიო. ვხვდები, როგორ არა, ფსალმუნმომღერალს უხარია უფლის სახლში შესვლა-მეთქი. ჰოდა, ეგ ფსალმუნმომღერალი მე ვარო!- და გიჟივით გავარდა სახლიდან. მოგვიანებით გავიგე, ნიკეაში გაქცეულა, დაუჩემებია, - იქ ბევრი წმინდანია შეკრებილიო, - შევარდნილა დიდ დარბაზში, სადაც მართლაც ბევრი წმინდა მამა ყოფილა და დაუყვირია, - მწამს ქრისტე, მომნათლეთო! იქ ერთი ახალგაზრდა დიაკვანი შემოჰგებებია, დაჩოქილი ფეხზე წამოუყენებია და მოსანათლად ტაძარში წაუყვანია. საოცრება ის არის, ჩემო შვილო, რომ მამაშენი იქედან მარტო მონათლული კი არა, მღვდელი დამიბრუნდა, მღვდელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ის კი არა, ნიკეიდან ახალი მოძღვრებაც ჩამოიტანა, რომლის მნიშვნელობაც დღემდე ვერ შევიცანი, თუმცა ვიცი, რომ ქრისტე ჩვენი ღმერთია. განა არ არის ეს სასწაული, - წარმართი მამაშენი ერთ დღეში გაქრისტიანდა, მე კი ქრისტეზე ახალი მოძღვრება მოვისმინე სწორედ მამაშენისგან, გრიგოლისგანო? მიუხედავად იმისა, რაც შეემთხვა, მამაშენმა დღემდე ვერ დაიჯერა, რომ იმ ღამეს ანგელოსი ერთდროულად გამოგვეცხადა. იმედია, უფალი შეუნდობს მცირედმორწმუნეობასო… იხსენებდა გრიგოლი ამ მონათხრობს და ეღიმებოდა, სიყვარულით ეღიმებოდა დედამისი ნონას მონათხრობის გამო, რომლის სიმართლეშიც, რა დასამალია და, თავადაც ეჭვი ეპარებოდა. იმედია, უფალი მასაც შეუნდობს!..
 

შვილო, შენ უფლის რჩეული ხარ, დიადი საქმეებისთვის მოწოდებული, ისევე, როგორც დიდი წინასწარმეტყველი სამუელი, - განაგრძობდა ნონა პატარა გრიგოლის წაქეზებას. - თუ იცი, რატომ ხარ დედისერთა? - პატარა გრიგოლი თავს გააქნევდა, დედა კი განაგრძობდა: - მე და მამაშენს, გრიგოლს, შვილი არ გვიჩნდებოდა. ასე გადიოდა წლები, ღმერთისადმი ლოცვა არასდროს შეგვიწყვეტია, აღთქმაც დავუდეთ უფალ იესოს, თუ შენს თავს გვაჩუქებდა, შვილს მასვე მივუძღვნიდით. ჰოდა, ერთხელაც, ღვთისმსახურების დროს, დილის ხილვაში ანგელოსი ეჩვენა მამაშენს და უთხრა: შვილი გეყოლებათო. ეგ როგორ მოხდება, ჩემს ცოლს დედათა წესი შეწყვეტილი აქვსო (ეს რასაც ნიშნავს, რომ გაიზრდები, გაიგებ). რადგან ურწმუნოება გამოავლინე, ნაზიანზელო ეპისკოპოსო, და ჩათვალე, რომ იმას ვინც ბუნება შექმნა, ბუნების კანონების შეცვლა არ შეუძლია, ღმერთი თავის განგებულებას მაინც არ გადავა და გეყოლება ვაჟი, რომელსაც გრიგოლს დაარქმევ, შენ კი დამუნჯდები და, იმისგან განსხვავებით, ვინც ერთხელ უკვე დავამუნჯე, შვიდი წელი ვეღარ ამოიღებ ხმას. ამის გამო ეპისკოპოსის ტახტს ჩამოშორდები, შვიდ წელიწადში კი კვლავ დაუბრუნდები. შენი შვილი გრიგოლი ნაზიანზელი იმდენად დაჩრდილავს მამას, გრიგოლი ნაზიანზელს, რომ შენი ხსენება ისტორიაში მხოლოდ იმდენად იქნება, რამდენადაც მისი მამა ხარ. ახლა შენ ხარ დიდი, ის კი პატარა. მომავალში ის იქნება დიდი, შენ კი პატარაო!.. აი, ეს ქნა მამაშენის მიერ უკვე მეორედ გამოვლენილმა ურწმუნოებამ. შემდეგ იგივე ანგელოსი გაბრიელი მეც გამომეცხადა და მითხრა, - ერთი კარგი ამბავი მაქვს, ერთი ცუდიო. კარგი ის, რომ უფალმა შეიწყნარა შენი ვედრება და გაისს ამ დროს ბიჭი გეყოლება, რომელსაც აღთქმისამებრ, ისევ უფალს დაუბრუნებ. ცუდი კი ის, რომ შენმა ქმარმა კვლავ ურწმუნოება გამოავლინა და დავამუნჯეო. დაე, იყოს, როგორც არის-მეთქი! დიდ რწმენას ვხედავთ შენში, დედაკაცოო, - ეს თქვა და გამშორდა. გავიდა ერთი წელი და შენც გვეყოლე. აგერ, აქ დაიბადე, სადაც ვცხოვრობთ, სოფელ არიანზში. მამაშენმა დაფაზე ამოტვიფრა შენი სახელი. აი, ამ დაფაზე. დღემდე შენახული მაქვს. და იმის შემდეგ სულ ვცდილობ, უფლის სიყვარული ჩაგინერგო აღთქმისამებრ, ჩემო საყარელო შვილო. მამაშენმაც ახლახან ამოიდგა ენა და ეპისკოპოსის ტახტსაც დაუბრუნდა, შენ კი უფრო დიდი ტახტი გელოდება დედამიწაზეც და სასუფეველშიც, თვით უფალმა მაუწყა ამის შესახებო. - ეუბნებოდა დედამისი პატარა გრიგოლს.  გრიგოლს ისიც კარგად ახსოვდა, მოგვიანებით როგორ ბრაზდებოდა დედ-მამაზე, - ნეტა, რა უფლება ჰქონდათ ჩემ მაგივრად რომ დებდნენ აღთქმებსო. აკი, არასდროს მქონია ლტოლვა ღმრთისმსახურებისკენ, არიანელმა მამაჩემმა მღვდლად ძალით მაკურთხა, ალბათ, ასე შეეცადა ჩემ მაგივრად დადებული აღთქმის შესრულებას, თან რჩეულობის მნიშვნელობაც შესძინა ჩემი ცხოვრების გზასო...
 

მართალია, ამ ყველაფრის გახსენებაზე ღმრთისმეტყველებაში ღრმად განსწავლულ ნაზიანზელ ეპისკოპოსს, კონსტანტინოპოლის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე, მსუბუქად და უხერხულად ეღიმებოდა, მაგრამ იმასაც აცნობიერებდა, რომ დედამისის მონათხრობიდან მოსმენილმა რამდენიმე ფრაზამ თუ სიტყვამ დიდწილად განსაზღვრა მისი მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესი. მაგალითად, სიტყვამ „ნიკეა“ იგი ნიკეის სიმბოლოს ფანატიკოს დამცველად გადააქცია. ვერ ვუღალატებ იმ ადგილის რწმენას, სადაც მამაჩემი ქრისტიანი გახდაო, - უყვარდა ხოლმე გახუმრება. „...იქ იყო ერთი ახალგაზრდა დიაკვანი, რომელმაც დაჩოქილი მამაშენი ფეხზე წამოაყენა“, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს დიაკვანი ათანასე დიდი აღმოჩნდა, რომლის ბრმა განმადიდებელიც გრიგოლი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. ბევრჯერ თავის მეგობარ ბასილთანაც მოუვიდა უსიამოვნება ათანასეს გამო. ერთხელ, როდესაც მამაზე გაბრაზებულმა გრიგოლმა ბასილს პონტოში, საგვარეულო მამულში, მის მიერვე დაარსებულ მონასტერში ჩააკითხა, რათა იქ მეგობართან ეპოვა სულის სიმშვიდე, - უკვე აღვნიშნეთ, მამამისმა გრიგოლი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაუგებარი მიზეზებით (ამბობენ ძალაუფლების სიყვარულის გამოო) მღვდლად აკურთხა, - ბასილმა უარესად გააგულისა, რადგან უთხრა, - დიდი უცოდინარი ვინმეა ეგ შენი ათანასეო. ვისზე ამბობ ეგრე, ათანასე რომ არა, აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ჭეშმარიტება დაიღუპებოდაო. ჭეშმარიტებაზე ღმერთი ზრუნავს, ათანასემ კი ბევრი ბუნდოვანება შეიტანა სამების დოგმატის გაგებაშიო. რა ბუნდოვანებაზე ლაპარაკობო. იმაზე, რომ ათანასე ფილოსოფიურ-თეოლოგიურ ტერმინოლოგიაში საერთოდ ვერ ერკვეოდა, ის კი არა, შობასა და ქმნას, არსს და ჰიპოსტასს ვერ განასხვავებდა ერთმანეთისგან; ისე გაგვირთულა საქმე, მოდალისტებისა და საბელიოზის მწვალებლობასთან გვაიგივებს დღემდე მრევლიო. მერე რა, არ გახსოვს მწვალებელმა ევსევი კესარიელმა შემოიტანა მრწამსის ძირითადი ნაწილი, ის კი არა, „ერთარსი“ მართლაც საბელიოზის მიერ დამკვიდრებული ტერმინია, რომელსაც 325 წელს მხარი თვით ათანასემ დაუჭირაო. ჰოდა, მეც მაგას ვამბობ, - არ ცხრებოდა ბასილი, - ვერ ერკვევა აპოლინარის მეგობარი ათანასე მნიშვნელოვან საღმრთისმეტყველო ნიუანსებში. მამას და ძეს თითქმის აიგივებს ერთმანეთთან. სანამ ჩვენ არსის და ჰიპოსტასის გამიჯვნას არ მოვახდენთ, ყოველთვის საბელიოზის მიმდევრებად მიგვიჩნევენ. ვერ ხედავ, სულიწმინდის ღმერთად აღიარებაც კი იმდენად ახალი მოძღვრებაა, საჯაროდ ვერც კი ვაღიარებ. უამრავი რამ არის ტერმინებში გამოსათქმელი, ათანასე კი საქმეს გვირთულებსო... - ეს თქვა და გრიგოლმა, უარესად ნაწყენმა და გულგატეხილმა, მიატოვა პონტო და კვლავ ნაზიანზს დაუბრუნდა. ღვთისმსახურებას შეუდგა მამამისის ტაძარში, რომელიც (რა თქმა უნდა, მამამისი და არა ტაძარი), როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას თურმე ეპისკოპოსობისთვის ამზადებდა. იხსენებდა გრიგოლი და შემდეგ შეკითხვაზე გადადიოდა: რატომ არ გამოსდიოდა არასდროს უდიდეს კაბადოკიელ მამასთან ურთიერთობა? (თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევას, - მაგალითად, როდესაც გრიგოლმა ბასილს პირველად უამბო მისი სასწაულებრივად ჩასახვის ამბავი. ბასილს გულიანად გაეცინა და უთხრა, - დედაჩემი ემილიაც ზუსტად იმავე ამბავს მომიყვა ჩემზე. ის კი არა, ჩემს და მაკრინეზეც იმავეს მიამბობდა, - ანგელოზმა სახელიც კი შეურჩია და თეკლა უწოდაო. და ძალიან ბრაზდებოდა ხალხზე, რომლებმაც რატომღაც ანგელოსის მიერ შერქმეული სახელი უგულებელყვეს და დღემდე მაკრინეს ეძახიანო. დიდად მხიარულობდნენ ახალგაზრდები ამ ამბების გახსენებაზე.) ისინი ხომ ბავშვობის მეგობრები იყვნენ?! სულ რაღაც ერთი წელია გარდაიცვალა ბასილი და, ისე ჩავიდა სამარეში, კრინტი არ დაუძრავს გრიგოლთან ურთიერთობაზე. იხსენებდა გრიგოლი ათენის აკადემიაში ბასილთან ერთად გატარებულ ბედნიერ წლებს და ცდილობდა, მიეგნო მიზეზისთვის, რის გამოც ბასილმა ჯერ ათენიდან წასვლა არ შეატყობინა თავის საუკეთესო მეგობარს, შემდეგ კი მთელი ცხოვრება ეკამათებოდა და თითქოს ცდილობდა, რაღაც წყენა მიეყენებინა მისთვის. რა იყო ამის მიზეზი, განა ათენში ჩამოსვლისთანავე გრიგოლი არ დაეხმარა და დაიცვა დაცინვისაგან და იმ განსაცდელებისაგან, რასაც პლატონის მიერ დაარსებულ ფილოსოფიის აკადემიაში აყენებდნენ ახალ ჩასულებს იქ დახვედრილი სტუდენტები? და, აი, მიხვდა, მიხვდა გრიგოლი, რაც ხდებოდა, - აკი ისტორიულად ქართველებს და სომხებს ყოველთვის ქიშპობა და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, ბასილი კი ძალიან დიდ პატივს სცემდა, მოწიწებით მოიხსენიებდა ქვეყანას, საიდანაც იყო წარმოშობილი, ვერ აპატიებდა სომხებს თავისი სამშობლოს აბუჩად აგდებას. მას შეეძლო, პირადი წყენა ჩაეყლაპა, ყურადღება არ მიექცია, მაგრამ რაკი ხვდებოდა იმ დამოკიდებულების მიღმა, რასაც აკადემიაში სწავლის დროს სომხები ამჟღავნებდნენ, ეროვნული მოშურნეობა იდგა, იგი შეუვალი გახდა, შეუვალი და დაუნდობელი! ბასილი კესარიელი წარმოშობით ბერძენი არ ყოფილა, - მაშინ ეს ყველამ კარგად ვიცოდით. ჯერ კიდევ იოსებ ფლავიუსი წერდა, - კაბადოკიელები ეროვნებით მესხები არიანო. მესხები, მოგეხსენებათ, კოლხთა უდიდესი ქვეყნის მკვიდრნი იყვნენ მარადჟამს. იმ კოლხეთის, სადაც არგონავტებმა იმოგზაურეს და სულ ახლახან კი სწორედ კაბადოკიიდან მოჰფინა მარიამ ღმრთისმშობელმა ქრისტეს ნათელი, რითიც ხშირად ამაყობდა ბასილი! დღიდან ბასილის ათენში ჩამოსვლისა, იმის გამო, რომ ნიჭით, ცოდნით და გაგების უნარით ყველას აღგვემატებოდა, სომეხი მოსწავლეები მტრულად განეწყვნენ მის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფიის შესწავლა წლებით ადრე გვქონდა დაწყებული, სულ რამდენიმე თვე დასჭირდა ბასილს, ფილოსოფიის, რიტორიკის და სოფისტიკის ცოდნაში უპირატესობა გამოეჩინა ყველა სტუდენტთან შედარებით. ამას სომხები ვერ აპატიებდნენ და შეფარვით, ისე, როგორც სადუკევლებს სჩვეოდათ, შეთქმულება მოუწყვეს ბასილს, მისი სიტყვიერ პაექრობაში გამოწვევით, ვითომ ათენის დიდების დასაცავად. აი, აქ უნდა ვეძებოთ მიზეზი იმისა, რისი შენდობაც ბასილმა ვეღარასდროს შეძლო... მოვტყუვდი, მე უგუნური, როცა ვიფიქრე, რომ სომხებს გულწრფელი მოტივები ამოძრავებდათ და კამათში მათ მხარეს დავდექი. მაშინ, როცა ბასილი კედელთან მიიმწყვდევდა მოწინააღმდეგეთ და ისინი უკვე გასაქცევად ემზადებოდნენ, კამათში ვერეოდი და მოპაექრეთა ძალებს ვათანაბრებდი. საუბედუროდ, გვიან მივხვდი, რა მზაკვრობა იმალებოდა ამ მოჩვენებითი სიკეთის მიღმა და სომხებს დავუპირისპირდი, მაგრამ გვიანღა იყო, ბასილმა ამ ღალატის პატიება ვეღარასდროს შეძლო და მართალიც იყო. მე კი ახლაც, მთელი არსებით მეჯავრება სომხები, - ეს მზაკვარი და იმ კლდეს მიმსგავსებული ხალხი, რომელზეც ხომალდები იმსხვრევა. აი, მიზეზი იმისა, თუ რატომ მტკენდა ხშირად გულს ბასილი კესარიელი, ბევრჯერ უმიზეზოდაც, თუმცა ძმასავით ვუყვარდი. გარდა ამ მიზეზისა, არის კიდევ ერთი, - მისი მძიმე ხასიათი. იგი მეტისმეტად მელანქოლიური ადამიანი იყო, იმდენად, რომ მისი მელანქოლია ხშირად მიზანთროპიაში, კაცთმოძულეობაშიც კი გადაიზრდებოდა ხოლმე. ხასიათის ამგვარი ცვლილებები მისი სუსტი ჯანმრთელობით უნდა აიხსნას, - ბავშვობიდან დაჰყვა სუსტი სხეული; ხშირად ავადობდა, რის გამოც ისე შეისწავლა მედიცინა, რომ კაბადოკიაში პირველი ექიმი გახდა. ეს გამოადგა კიდეც მომავალში, რათა ბევრ ავადმყოფსა და კეთროვანს დახმარებოდა. მას ჰქონდა ფერმკრთალი სახე, გრძელი წვერი. წყნარი სიარული, დინჯი, დაფიქრებული საუბარი იცოდა, საკუთარ თავში ჩაღრმავებული. თუმცა ლაპარაკი დიდად არ უყვარდა, არც მხიარულებისა და გართობისა გაეგებოდა რამე. ხშირად საყვედურობდა ადამიანებს, თუმცა გულწრფელი ღიმილიც ახასიათებდა, რაც ვინმეს შექებას ნიშნავდა. ის იყო სრული ანტიპოდი ათანასე დიდისა, ათანასესი, რომელსაც ემოციური აღტყინება და სწრაფი, ხისტი გადაწყვეტილებების მიღება სჩვეოდა. არავითარი სიდინჯე, მოფიქრებულობა. იყო რისკიანი, აგზნებული, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული, ბასილისაგან განსხვავებით, რომელიც სიდინჯით, კარჩაკეტილობითა და პესიმიზმით გამოირჩეოდა. ათანასე ცხოვრებაში უფრო კარგს ხედავდა, ვიდრე ცუდს, ბასილი კი - პირიქით. ალბათ, აქ უნდა ვეძებოთ ის დიდი შინაგანი მიუღებლობა და დაპირისპირება, რაც ბასილს ამოძრავებდა ათანასეს მიმართ.ყოველთვის ეცინებოდა ბასილს, როდესაც იხსენებდა, თუ როგორ გაექცა ნავით ათანასე იმპერატორ იულიანე განდგომილს, რომელიც ჩვენთან ერთად სწავლობდა ათენის აკადემიაში და წარმართობის მიმართ ყოველთვის დიდ სიმპათიებს გამოხატავდა, რის გამოც ჩვენი მეგობრობა ვერ დაიმსახურა. ვიდრე მდევარი დაეწეოდა, ათანასე დიდმა ნავი მისკენ შემოაბრუნებინა და შეკითხვაზე, - ათანასე ხომ არ გინახავთო, - თავადვე მიუგო: - ვნახეთ, თუ სწრაფად გაცურავთ, დაეწევით კიდეცო. ეცინებოდა, მაგრამ ეს სიცილი უფრო დაცინვა იყო, ვიდრე კეთილგანწყობა ათანასეს მიმართ. აკი, ადამიანის განწყობის და ჰუმორის გრძნობის შეფასება სწორედ მაშინ არის შესაძლებელი, როცა მას რამეზე ეცინება, და არა მაშინ, როდესაც ის საერთოდ არაფერზე იცინის. იუმორის გრძნობა არა აქვსო, - არ ითქმის მასზე, ვინც პირქუში და გაუცინარია, უფრო იმაზე, - ვინც ხშირად იცინის. ჰოდა, ამ დაცინვაში იყო სარკაზმი. განა შეიძლება, დიდი წმინდანი უფლის მიერ დადგენილ ხელისუფალთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ატყუებდეს და თან ასე ცერცეტა ბავშვივით იქცეოდესო? რამდენიც უნდა ირბინოს რომში, მისგან ღმრთისმეტყველი მაინც არასდროს დადგებაო, -ოხუნჯობდა ბასილი. უნდა ითქვას, ამ დაპირისპირებაში ბასილი დიდმა გაიმარჯვა, მაგრამ, როგორც დედაჩემმა მასწავლა, ყველა გამარჯვებას როდი მოაქვს დიდება. დიდების შარავანდი სხვა გზით მოიპოვა ჩემმა უძვირფასესმა მეგობარმა ბასილმა, რომელიც სულ რაღაც ერთი წელია გარდაიცვალა და სამუდამოდ დაამწუხრა ჩემი სული... რა იქნებოდა, ახლა ჩემს გვერდით ყოფილიყო და ერთად გაგვევლო დიდებისკენ მიმავალი ტაძრის გზა?! ახსენდებოდა გრიგოლს ბასილი დიდის ძმაც, გრიგოლ ნოსელი, - ბასილზე უმცროსი და თავქარიანი, რომელიც გულზე არასდროს ეხატებოდა. ბასილისგან განსხვავებით, გრიგოლს მთელი ცხოვრება გაუნათლებლობა და ამის შედეგად გამოწვეული არასრულფასოვნების შეგრძნების მძიმე ტვირთი სტანჯავდა, ამიტომ იყო ასე გადარეული ფილოსოფიაზე. ჩვენს დროში თითქმის ყველა უსწავლელ ადამიანს დიდ ფილოსოფოსად მოაქვს თავი, სიბრძნისმოყვარეობის ხიბლში იხარშება, აღფრთოვანებულია პლატონის და არისტოტელეს ზედაპირული და მეტად თავისებური, გულუბრყვილო წაკითხვით. არადა, რა დიდებულია პლატონი, შესაძლოა, არისტოტელე - კიდევ უფრო დიდებული. რომ არა მისი უკვდავი პარაგრაფი („მეტაფიზიკა“ 5, 15.):
„ი გ ი ვ ე ო ბ რ ი ვ ი ა  ის საგნები, რომლებსაც ერთი  ა რ ს ი  აქვთ,
მ ს გ ა ვ ს ი ა  ისინი, რომელთაც ერთი  თ ვ ი ს ე ბ ა  აქვთ.
ტ ო ლ ე ბ ი ა, რომლებსაც ერთი  რ ა ო დ ე ნ ო ბ ა  აქვთ.“ -
მეტ-ნაკლებადაც კი ვერასდროს ჩავწვდებოდით სამების არსს, ტერმინებში გამოთქმა ხომ საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ მგონია, რომ ლოგოსი ათენელ ფილოსოფოსებშიც მოქმედებდა, აკი სულ მალე თავად ლოგოსი დედამიწაზე უნდა განხორციელებულიყო და სჭირდებოდა გარკვეული ისტორიული წანამძღვრები მის დიდებულ სწავლებას. იოანე ნათლისმცემელმა იუდეაში, ხოლო პლატონმა და არისტოტელემ საბერძნეთში მოუსწორეს უფალს ბილიკები...ისევე, როგორც ნათლისმცემელი, პლატონი და არისტოტელეც შეგვიძლია ქრისტემდე არსებულ ქრისტიანებად მივიჩნიოთ, განა მთელი ჩვენი მომავლის დოგმატური ღმრთისმეტყველება პლატონს, არისტოტელეს და სტოელებს არ დაეფუძნა? რად ღირს დიდი პლატონის მოძღვრება იდეებზე, რომელიც ერთარსება ერთამდე ადის; ასევე არისტოტელესი -კოსმიურ გონზე და ზენონ კიტიელის მოძღვრება ლოგოსზე, სამყაროს სულზე - დიდი, წარმართული სამება, რაც სულ ახლახან, დიდმა პლოტინუსმა გააერთიანა ტერმინით „ჰომოუსიოს“ (ერთარსება) და ვისაც დაეყრდნო თანამედროვე ტრინიტარული დოგმატური ღმრთისმეტყველების დიალექტიკა!  განა მათ წინასწარ არ განჭვრიტეს ეს უდიდესი, გონით მიუწვდომელი საიდუმლო? დიდად არის დავალებული ქრისტიანული სამყაროს ღმრთისმეტყველება ამ ოთხი უდიდესი წარმართი მასწავლებლისგან, რომლებმაც უამრავი სკოლა და სააზროვნო მიმდინარეობა შვეს... მე და ბასილს ხშირად გვისაუბრია ამ და სხვა ფილოსოფიურ საკითხებზე გრიგოლ ნოსელის თანდასწრებით და, როგორც გაირკვა, ეს სრულიად ზედმეტი გამოდგა მისი მოუმწიფებელი სულისთვის, განვითარდა რა მასში მოშურნეობის, მეტოქეობის, პატივმოყვარეობისა და დაპირისპირების სული. გრიგოლს იმდენად შურდა თავისი ძმისა, რომელთან გატოლებაც ვერასდროს შეძლო ვერც სიტყვით და ვერც საქმით, რომ, როდესაც კესარიის ეპისკოპოსი ევსევი გარდაიცვალა, ბასილის ეპისკოპოსად ხელდასხმა კი მეტისმეტად სათუო იყო (ძალიან კი სურდა კესარიის ეპისკოპოსობა!), რადგან იქ უმრავლესობას არიოზელები წარმოადგენდნენ, ისინი კი მხარს არასდროს დაუჭერდნენ ნიკეის მრწამსის მაღიარებელს, ბასილმა დახმარებისთვის უმცროს ძმას მიმართა. იცოდა, რომ მისი ავტორიტეტი დიდად შეეწეოდა მეზობელი რეგიონებიდან ხმების მიღებაში. გრიგოლმა ძმის დასახმარებლად კესარიაში ჩასვლაზე უარი განაცხადა, რაც პირდაპირ ღალატს ნიშნავდა არამარტო ძმისა, არამედ ქრისტეს ეკლესიისა. მიზეზად კი ის მოიდო, ვითომც „ფილოსოფოსად დარჩენა“ სურდა... რომ არ წამექეზებინა მაშინ მამაჩემი, ნაზიანზელი ეპისკოპოსი, და მას წერილებით არ მიემართა ევსევი სამოსატელისა და კესარიელებისთვის, ბასილის არჩევის მოთხოვნით, გრიგოლი ნოსელის ღალატის გამო, ბასილს არასდროს აირჩევდნენ. ბასილის წარუმატებლობაც დასავლეთის ეკლესიასთან ურთიერთობაში, გარკვეულწილად მისი ძმის აუხსნელ საქციელს უნდა დავაბრალოთ, - შორებელი არასდროს დაგეხმარება თუ მან იცის, რომ ახლობელმა გიღალატა! შეუძლებელია, ყოველთვის აღფრთოვანებული არ ვიყო ჩემი საყვარელი მეგობრის დიდსულოვნებით, რომელმაც შეუნდო უმცროს ძმას და მოგვიანებით, უკვე კესარია-კაბადოკიის მღვდელმთავარმა, თავისი ხელით აკურთხა იგი ქალაქ ნისის ეპისკოპოსად, უფრო იმ მიზნით, რომ, როგორც მწერალი, გრიგოლი ერესებთან ბრძოლაში დახმარებოდა და არა როგორც სასულიერო მოღვაწე. ვერც იქ ისახელა თავი გრიგოლ ნოსელმა, რაღაც წვრილმანი დანაშაულები დაუმტკიცეს და დემოსთენეს ბრძანებით დააპატიმრეს. თუმცა მოახერხა, ფიზიკური სიძლიერის წყალობით, მცველებს დასხლტომოდა და სამი წლის მანძილზე მიმალვაში ყოფილიყო ნოსის ყოფილი ეპისკოპოსი, რომელსაც საეკლესიო ქონების გაფლანგვისა და უკანონო ხელდასხმის ბრალდება წაუყენეს და ეპისკოპოსის ხარისხი ჩამოართვეს. სხვა ჯერ დიდი არაფრით გამოუჩენია თავი გრიგოლი ნოსელს, დაველოდოთ, რას იზამს მომავალში...
 

ამ ფიქრებში იყო ღრმად წასული წმინდა გრიგოლი ნაზიანზელი, როდესაც იმპერატორმა გადაუჩურჩულა, - მოემზადეთ, ტაძარს ვუახლოვდებითო. მართლაც, გრიგოლმა შორიდან მოჰკრა თვალი დიდებულ ტაძარს. ტანში ჟრუანტელმა დაუარა და საბოლოოდ აეშალა მოგონებები, ექსტაზურ ფანტაზიებს მისცა თავი. მის გარშემო საგნებმა მოძრაობა დაიწყო, როგორც დედამიწის ირგვლივ მბრუნავმა ცთომილებმა, აკი, ასე სჯეროდა პლატონს და გრიგოლმაც დაიჯერა. რა ძალაა, მითიურო დიოტიმა, რაც სამყაროს წრებრუნვას და დიდებულებას განაპირობებს? რა დააქროლებს ამ გზააბნეულ კოსმიურ სხეულებს, თითქოს ქაოტურად მიმობნეულ ვარსკვლავთა ხომლში?  მშვენიერო დიოტიმა, ამ მარადიულ ლტოლვას, ყოველი არსის, ყოველი სიცოცხლის ამ ინტიმურსა და ნათელ კანონს სიყვარული ჰქვია სახელად. ერთი მრავალია და სიყვარულის წყალობით მრავალი ერთიაო, - ამბობდა ემპედოკლე. სამყაროს ერთიანობის კანონი სიყვარულია! „შენ ვარსკვლავებს უმზერ, ჩემო ასტერ; ნეტა შემეძლოს ცად ქცევა, რათა მირიადი თვალით გიმზირო შენ!“ - ასე მიმართავდა დიდი პლატონი თავის მოწაფეს, ამ სიყვარულის პოეზიაზე ააგო ჩვენმა უფალმაც ჭეშმარიტება. პოეზია და მშვენიერება ერთადერთი რამაა, რასაც კაცი უანგაროდ ემსახურება, რისთვისაც მზადაა თავი სამსხვერპლოზე მიიტანოს. ანტიკურ სილამაზეს პიროვნულობა აკლდა, ებრაულს კი - პლასტიკურობა, ქრისტემ გააერთიანა ხსნის დიად იდეაში ეს ორი რამ და მიიღო უზენაესი სიკეთის იდეალი, რაც არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; სიცოცხლე, უანგარო და ვნების ფანტომებისგან დაცლილი; სიკეთე, რომელიც არის არა ბედისწერა, არამედ - ჰარმონია, ერთიანობა და ადამიანი; ტაძარი ღვთისა, სადაც დავანებულია იგი, - ვინც იყო, ვინც არის და ვინც იქნება! დაანგრიეთ ტაძარი ესე და მე აღვადგენ მას, დაამსხვრიეთ ძველი ტიკები, რადგან ახალი ღვინო მოგიტანეთ, შესვით, ეს ჩემი სისხლია, შემოიძარცვეთ ძველი ტანისამოსი, აგერ ხელთუქმნელი კვართი, ზეციურ სამანებში და ეთერის თეთრ ჰორიზონტებში ქროლვით განმტკიცებული, ნუღარ ჩაიცმევთ იმას, რასაც ჩრჩილი ჭამს, და ნურც იმას დააგროვებთ, რასაც ქურდები მოგპარავენ, მე ჩაგიდგამთ ახალ გულებს ახალი სისხლის გასატარებლად, მოგცემთ ახალ ყურს, ახალი მუსიკის სასმენად, ახალ თვალებს სასუფევლის დიდებულების დასანახავად, შეიმოსეთ წმინდა გრძნობით, რომელიც არის სიყვარული და თავმდაბლობა!..

უახლოვდებოდა გრიგოლი წმინდა ადგილს, სადაც ის ქრისტეს ძმათა შორის პირველი უნდა გამხდარიყო და უყურებდა ტაძრიდან ამომავალ კვამლს, რომელიც ნაზად, ლბილად, მაგრამ გასაოცარი სიჯიუტით ერწყმოდა წვიმას და ამოუცნობ ნელსურნელებად ეფინებოდა ღრუბლებს. მის ყურამდე ტაძრიდან მომავალი ღვთაებრივი გალობა აღწევდა, რაც მიუთითებდა, რომ იქ, ახლა, ამ წუთებში, საკრამენტული ღვთისმსახურება აღევლინებოდა. გრიგოლის აღელვებულ სულში, ყოველივე ამის წარმოდგენისას, ერთდროულად შემზარავი ძალით ერთიანდებოდა შიშის, ხელოვნებისა და მისტიკის განცდა, რაც კიდევ უფრო აღაგზნებდა და ლტოლვას უღვივებდა წმინდანს ძალაუფლების მწვერვალებისკენ! ახლა მასში სიკვდილიც კი აღარ იყო დამარცხება, ისევე, როგორც არც სიცოცხლეა გამარჯვება. მისმა დიდმა მეგობარმა სწორედ მისსავე მოედანზე, სიკვდილის სარეცელზე დაამარცხა სიკვდილი, როდესაც მოსანახულებლად სამედიცინო ხელოვნების ბრწყინვალე მცოდნე, ურწმუნო იოსები ესტუმრა. ამ ებრაელმა პირდაპირ და დაურიდებლად გამოუცხადა ბასილს, - თუ შენ ხვალამდე იცოცხლებ, ქრისტეს ვირწმუნებო, - და რა ქნა დიდმა წმინდანმა?! - სიკვდილშეპარული ხელები ზეცად აღაპყრო და თქვა, უფალო, მომეცი შანსი სიკვდილის წინ კიდევ ერთი სული გადავარჩინო წარწყმედასო და უფალმაც შეისმინა, ისე, რომ მეორე დღეს, მკურნალი იოსები ბასილმა თავისი გაყინული ხელებით მონათლა, ღმერთს კი უთხრა: შენს ხელებს გადავცემ, სულს ჩემსასო, - და სული განუტევა. საბედნიეროდ, სამყაროში არის განზომილებები, სადაც დაპირისპირებულნი ერთმანეთში გადადიან და უზენაეს ერთიანობას აღწევენ, როგორც გვასწავლიდა დიდი ეფესელი დიალექტიკოსი. რა არის სიცოცხლე, ანდაც სიკვდილი იმ ტაძართან თანაფარდობაში, რომელიც ახლა ჩვენს წინაა და რომლიდანაც არსაამსოფლო ხმები გამოდის, ტაძართან, რომელიც ზედმიწევნით იმეორებს ადამის არსის იდუმალებას, სხეულის ასოებს და ამ ასოებში განფენილ, დანაწევრებულ ხუთ გრძნობას და სულის დაუნაწევრებელ ღვთაებრივ სიმარტივეს, რომელიც დღიდან დაბადებისა, პირველწყაროს ხატებაა, მიმსგავსებას კი ცდილობს... ცდილობს, ტაძარი იყოს ქრისტეში და ქრისტე იყოს მასში, და საბოლოოდ ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში, რათა სამყაროს დიდებული ერთიანობის მისტერია განხორციელდეს, რომელსაც ჰქვია სიყვარული!..
 

მეუფევ, უკვე მოვედითო, - მოკრძალებით გადაუჩურჩულა ტრანსში გადასულ წმინდანს თეოდოსიმ და, მართლაც, იმპერატორის დახურული კარეტა ოდნავ მოშორებით, ზედ მოციქულთა სახელობის ტაძრის შესასვლელის პირდაპირ გაჩერდა. გრიგოლი გამოერკვა, ეკლესიას გახედა და დაინახა ტაძარს გარსშემოტყმული უამრავი ადამიანი, რომლებმაც, როგორც გაირკვა, შესანიშნავად უწყოდნენ, რისთვისაც მოესურვებინა იმპერატორს მათთან სტუმრობა. იმპერატორმა სიფრთხილის ზომები მოიმიზეზა და მოძღვარს გარკვეულ დრომდე კარეტაში დარჩენა ურჩია. სინამდვილეში, ამით გრიგოლის გამოჩენით მოსალოდნელი უხერხულობა აირიდა. მოძღვარი მიუხვდა და დაემორჩილა. თავად კი კარეტიდან გადმოვიდა. ნაწილი ჯარისკაცებისა განლაგდა იმპერატორის ირგვლივ, დანარჩენებმა კი რაღაც უცნაური მანევრის განხორციელება დაიწყეს. ხალხში თავიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, ისინი, თითქოს დაბნეულნი და გაკვირვებულნი, უცნაური სიმშვიდით და უშფოთველობით შეჰყურებდნენ დაუპატიჟებელ სტუმრებს, თუმცა, როდესაც შეატყვეს, რომ იმპერატორის კარგად გაწვრთნილმა ჯარისკაცებმა მათი მიმართულებით დაიწყეს მოძრაობა, გაუვალი კედელი შეკრეს და, როდესაც მრევლიდან ერთ-ერთმა დაიძახა, - შეჩვენებულ იყოს იმპერატორი, მწვალებელ გრიგოლთან ერთადო! - დაიწყო და რა დაიწყო! - თითქოს ხმათა ერთიანმა ქუხილმა კონსტანტინოპოლის მოციქულთა სახელობის ტაძარი შეაზანზარა. მ წ ვ ა ლ ე ბ ე ლ ი !!! მწვალებელი! მწვალებელი! - სკანდირებდა ხალხი და ტაძრის შესასვლელთან უფრო და უფრო ძლიერ ზღუდეს კრავდა. ჯარისკაცები კი, იმპერატორის ბრძანებისამებრ, ტაძრის შესასვლელისკენ ჯიქურ მიიწევდნენ. ტაძარში, თითქოს გარეთ არც არაფერი ხდებოდა, ჩვეულებრივ გრძელდებოდა საერთო ღმრთისმსახურება. ჯარისკაცები კიდევ ერთხელ გადაჯგუფდნენ, გაიშალნენ, შეერთდნენ, თითქოს სამკუთხედის ფორმა მიიღეს და სვლას უმატეს. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ტაძრის შესასვლელს, მით უფრო უჩქარებდნენ სვლას ისე, თითქოს მთელ უკანა რიგს  ჯარისკაცებისა, წინა რიგი ხელში ჰყავდა აყვანილი და კოლოსალური ძალით, ხალხის მიმართულებით მიაქროლებდა. წინა რიგის ჯარისკაცებმა ფარები ოდნავ გვერდულად გადახარეს, შეკრეს და არაადამიანური ძალის დარტყმა მიაყენეს შესასვლელში მდგარ მრევლს. თითქოს კლდე შუაზე გააპესო, ხალხი აქეთ-იქით მიმოიფანტა და თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, ჯარისკაცების დარჩენილი ნაწილი მივარდა შესასვლელთან და იმპერატორს უსაფრთხო კორიდორი გაუხსნა. იმპერატორმა, ვითომც არაფერი მომხდარაო, თავი ამყად აწია, ხელში რაღაც ეტრატი გაშალა და ტაძრის შესასვლელისკენ გაემართა ისე, რომ პირად დაცვას კვლავ ალყაში ჰყავდა მოქცეული. ტაძარშიც ბევრი ხალხი იყო, დაჩოქილნი და თავჩაღუნულნი, მათ თითქოს არც კი შეუმჩნევიათ იმპერატორის სტუმრობა, ქრისტეს რაღაცას შესთხოვდნენ და ხმადაბლა გალობდნენ. მოხუცი ეპისკოპოსი საკურთხეველთან ზურგშექცევით იდგა, საკმეველს აკმევდა, პირჯვარს იწერდა და რაღაცას ბუტბუტებდა. წარმოშობით ესპანელი იმპერატორი თეოდოსი უცებ მიიჭრა, საკურთხეველზე პერგამენტი დადო, რომელზეც ნიკეის მრწამსი ეწერა და მოხუც ეპისკოპოს დემოფილეს ხელის მოწერა მოსთხოვა. თან დაამატა, - სასწრაფოდ აღიარე ნიკეის კრება საჯაროდ ან ახლავე დატოვე კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის კათედრაო! ღირსეული ეპისკოპოსი დემოფილე ნელ-ნელა, ძალდაუტანებლად შემობრუნდა, ოდნავ დაფიქრდა, პირჯვარი გადაიწერა და ისე, რომ საკურთხევლისთვის არც დაუხედავს, იმპერატორს მიუგო: ეკლესია, რომელიც ქრისტემ დააფუძნა, სულისაა და არა ხორცისა. შენი ძალაუფლება, იმპერატორო, ვრცელდება ხორცზე და არა სულზე; შენი ძალაუფლება ვრცელდება ტაძარზე, როგორც ნაგებობაზე, და არა ეკლესიაზე, რომელიც ქრისტეს სხეულია, ამიტომ დამითმია შენთვის ეს ნაგებობა, ჩვენ კი ღმრთისმსახურებას ქალაქგარეთ გავაგრძელებთო. ეს თქვა და ტაძრის გასასვლელისკენ გაემართა, მრევლი კი ტალღისებური სინქრონულობით, თითქოს წინასწარ იყო მომზადებულიო, ფეხზე დგებოდა და მოჰყვებოდა ეპისკოპოსს ისე, რომ ეპისკოპოსის ზურგი სამწყსოს სიმრავლით, დიდებით და მადლით ივსებოდა. ამ სცენის შემსწრე იმპერატორის ჯარისკაცებშიც კი გაიღვიძა განსაკუთრებულმა ჰეროიკულმა განცდებმა, მათ კორიდორი გაადიდეს და თავაწეულებმა გამოატარეს ნეტარი ეპისკოპოსი მრევლთან ერთად... დაბნეული იყო გრიგოლი, ვეღარ გაეგო, რა ექნა, რამდენ ხანს უნდა მჯდარიყო კარეტაში და აი, რას ხედავს: ეპისკოპოსი დემოფილე, მრევლთან ერთად, მისკენ მოემართება. თავიდან ცოტა შეეშინდა, - ნეტა, იმპერატორს მისთვის დაცვის დატოვება ხომ არ გადაავიწყდა, მაგრამ, როდესაც კარეტიდან ოდნავ, შეუმჩნევლად  გამოყო თავი, დარწმუნდა, რომ მას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, - ჯარისკაცების ნაწილი, ფარებით და შუბებით, გარს ერტყა კარეტას. ახლა კვლავ ტაძრის შესასვლელისკენ გაიხედა გრიგოლმა, დამშვიდებულმა და საბოლოო გამარჯვებაში დარწმუნებულმა. აკი, დიდი მიხვედრა არც სჭირდებოდა იმას, რომ იმპერატორმა ეპისკოპოსი დემოფილე ტაძრიდან გამოაძევა... უყურებდა მისკენ მომავალ ეპისკოპოსს, რომელიც საკმევლის კმევით მოუძღვოდა მრევლს და თან კარეტის ფარდებს თვალს არ აშორებდა. აქ გამოსცადა გრიგოლმა თავისი თავი: იგი, დიდი ჭკუისა და ნებისყოფის ნაზიანზელი ეპისკოპოსი, შეძლებდა თუ ვერა ფარდების გადაწევას და საკუთარი ქრისტესმიერი ძმისთვის თვალებში შეხედვას?! გრიგოლის მოღვაწეობის მანძილზე არ ყოფილა ამაზე ამაღლებული წუთი, ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი შანსი იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რაც დღესაც აწუხებს ნებისმიერ ღვთისმოსავ ადამიანს - იმსახურებდა თუ არა, გრიგოლი დიდი კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსობას? ღრმა სულიერ განცდებში იყო გრიგოლი, არადა, დროც აღარ ჰქონდა, სასწრაფოდ უნდა მიეღო გადაწყვეტილება. იქნებ, არც იცოდა დემოფილემ, რომ იგი დახურულ კარეტაში იჯდა? მაშინ რატომ უყურებს ასე დაჟინებით კარეტის ფარდებს, რატომ მოაბიჯებს ასე მტკიცედ მისი მიმართულებით, თან საკმეველს აკმევს, ეს რას უნდა ნიშნავდეს? გრიგოლმა ფარდები გადაწია და აშკარად და ნათლად დააკვირდა ეპისკოპოსის სახეს. ეპისკოპოსიც თავდაუხრელად თვალებში უყურებდა გრიგოლს. არ დახარო სახე, გაუძელი, გაუძელიო, - თავისთვის იმეორებდა გრიგოლი, - უფალო იესო ქრისტე, მომეცი ძალნი, რადგან, რაც ახლა ხდება, ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. ამით მივხვდები, რომ ღირსი ვარ. იქნებ, ახლა ეპისკოპოსი დემოფილე ჩემი ხელდასხმის რიტუალს ატარებსო... და იგი მივიდა შესაძლებლობის უკანასკნელ ზღვართან და აი, მან თავი უნდა დახაროს. თითქოს მიუხვდა ბრძენი ეპისკოპოსი და მრევლს ხელით ანიშნა რაღაც. ისინი მორჩილი ფარასავით ორად გაიყვნენ, გაარღვიეს იმპერატორის ჯარისკაცების კორიდორი; ზოგი მარჯვნივ წავიდა, ზოგიც მარცხნივ გაჰყვა ეპისკოპოსს და ახლა უკვე კარეტის მეორე მხარის ფარდებიდან ხედავდა გრიგოლი, სადღაც შორს, სივრცეში, კვლავ როგორ ერთიანდებოდა ხალხი ისე, რომ ჰორიზონტზე დასადნობად განწირული თოვლის გუნდა გეგონებოდა. გრიგოლი კარეტიდან გადმოვიდა და ზუსტად ის გზა განვლო, რაც დემოფილემ ცოტა ხნის წინათ გამოიარა და აი, შევიდა იგი პირდაპირ საკურთხეველსა ღმრთისასა, პირველი წირვაც ჩაატარა, მხოლოდ და მხოლოდ იმპერატორისა (რომელიც ღმერთს და ბიზანტიას ერთდროულად წარმოადგენდა) და ჯარისკაცების თანდასწრებით და კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსადაც „ეკურთხა“, როგორც იმპერატორს თავიდანვე ჰქონდა განზრახული. ასე დაეპატრონა წმინდა გრიგოლი ნაზიანზელი სხვის ეკლესიას.
 

ამ მოვლენების შემდეგ, აგერ უკვე თითქმის 19 წელი გავიდა, 70 წელს მიტანებული გრიგოლი, როგორც ხდება ხოლმე, ისევ იმ ადგილს დაუბრუნდა, საიდანაც ქვეყანას მოევლინა, - სოფელ არიანზს. მამისეულ პატარა სახლს მიაშურა, რომელსაც გარს ხშირი და ჩრდილმრავალი ბაღი ერტყა. იქ განმარტოვდა გრიგოლი, ყველასგან მიტოვებული და ნაღალატევი, კვლავ უღრმავდებოდა წარსულს, მომავალი თაობებისთვის კი საღმრთისმეტყველო შრომებს ქმნიდა, სადაც ნეოპლატონიკოსთა (ამონიოს საკა, პლოტინი და სხვა) და დიდი სტაგირელის ფილოსოფიის წანამძღვრებზე დაყრდნობით, ახალ ორთოდოქსიას აყალიბებდა. მთელი ცხოვრება იმის დასაბუთებას მოანდომა „ახალი ნიკეელების“ თვალსაჩინო წარმომადგენელმა, რომ „ძე არსებითად მამის თანასწორია“. ხვდებოდა, რომ ამით პირდაპირ უპირისპირდებოდა მისი და ბასილის უდიდესი მასწავლებლის ორიგენეს სუბორდინიზმს და ასევე ყველა სწავლულ და აღმოსავლეთის ეკლესიის მნათობად აღიარებულ წმინდა მამას, რომლებიც მამის ძეზე უწინარეს და დაუსაბამოდ მყოფობას აღიარებდნენ. თუმცა მას არ შეეძლო ავტორიტეტებს დაჰყრდნობოდა. აკი, ბასილთან ერთად თავად უნდა გადაქცეულიყო ყველაზე დიდ ავტორიტეტად!.. ფიქრობდა ქრისტეს ბუნებაზეც, თუმცა ვერ შეძლო, ამ საკითხში ბოლომდე თანმიმდევრული ყოფილიყო... როგორაა შესაძლებელი, შემოქმედი ქმნილება გამხდარიყო? ამის დაშვება ხომ ორივეს ბუნებას ეწინააღმდეგება, - ქმნილებისაც და შემქმნელისაც. ალბათ, აქ რჩება ადგილი რწმენისთვის, უფალი ყველაფერს თავის დროზე გაგვიმჟღავნებსო, - იმშვიდებდა თავს გრიგოლი და ყველანაირად ცდილობდა, გაჰქცეოდა აზრს, რომელიც კარგა ხანს აწამებდა, - ვაიმე, ხომ არ ვცდები ჩემს შეხედულებებშიო? ამ აზრის დაშვებას გაურბოდა გრიგოლი და იწყებდა გამოსავლის ძიებაზე ფიქრს ისეთი არაბიბლიური, ფილოსოფიური ტერმინების გააზრებით, როგორიც არის: „ჰიპოსტასი“, „ერთარსი“, „ღვთაებრივი ბუნება“ და ა. შ. თუმცა ამ ძიებას კვლავ ეჭვებთან მიჰყავდა და იხსენებდა წმინდანად შერაცხული ლუკიანეს „ფორმულას“, - იქნებ, ეს იყო მართალი და ჩვენ, ალექსანდრიელებს, ანტიოქიელებთან დაპირისპირებაში მეორე უკიდურესობა დაგვემართაო... თითქოს თავის თავს ეპაექრებაო, ნაშრომების წერაში ცდილობდა გრიგოლი ეჭვების ჩაკვლას, ეჭვების, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ უმძაფრდებოდა, როდესაც იგონებდა ავადსახსენებელ კონსტანტინოპოლში იმპერატორის და მისი ინიციატივით მოწვეულსაეკლესიო კრებას, სადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა და გაიმარჯვა ფორმულამ, რომელსაც მოგვიანებით „ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლო“ ეწოდა. რა ადვილად მოატყუა და უღალატა მართლმადიდებელმა იმპერატორმა, თეოდოსი დიდმა, რომელმაც ასე ტრიუმფით შეაბრძანა კონსტანტინოპოლის ტაძარში, იქიდან ეპისკოპოსი გამოაძევა და მის ტახტზეც ააბრძანა... თან რა დროს, - როდესაც იგი კრებას თავმჯდომარეობდა. ეჰ, რატომ არ მყავდი გვერდით, ჩემო დიდო მეგობარო, რამდენ განსაცდელს ავაცილებდით ქრისტეს ეკლესიას, რა ნაადრევად დამტოვე და შემატოვე მტაცებელ მგლებს, რომლებიც სამწყსოს არ ინდობენ. გვერდით რომ მყოლოდი, როგორ გაბედავდა შენი უმცროსი ძმა გრიგოლ ნოსელი ასე მომქცეოდა. კრებაზე სიტყვით გამოვიდა და ალექსანდრიის მიმართ ღალატში და მტრულ დამოკიდებულებაში დამადანაშაულა. უბედურება ის არის, რომ ამ გამოხდომას აჰყვა ალექსანდრიის ეკლესია, - შენ ცდილობ, დიპტიქში კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს განსაკუთრებული ადგილი მოუპოვო რომის შემდეგ და ამით ჩვენი ღვაწლის უგულებელყოფა და დაჩრდილვა გინდაო! - მთელი რომი და ალექსანდრია ამიმხედრდა მაშინ. რა იყო ეს, თუ არა ბრძოლა ძალაუფლებისთვის?! საკითხი ასე დააყენეს: მოდით, განვიხილოთ, როგორ იქნა არჩეული გრიგოლი ნაზიანზელი კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსად და ეპისკოპოსის არჩევის წესიც განვსაზღვროთო. ბრალდება ორ საკითხს მოიცავდა: 1. მე ვიყავი სასიმას მოქმედი ეპისკოპოსი და 2. ეპიკოპოსთა თანხმობის გარეშე, იმპერატორის მიერ დანიშნული. ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდი ამ საკითხის განხილვას, ვფიქრობდი, რომ ამ თემის წინ წამოწევა ეკლესიას მხოლოდ ვნებას მოუტანდა, მაგრამ უმრავლესობამ იმარჯვა და მიიღეს კონსტანტინოპოლის კრების მე-4 კანონი, რომელმაც ეპისკოპოსად ჩემს მსახურებას წერტილი დაუსვა. იმპერატორი თეოდოსი კი, რომელიც მანამდე ძმურ ქრისტესმიერ სიყვარულს მეფიცებოდა, სასწრაფოდ დათანხმდა მიღებულ დადგენილებას და კათედრა დამატოვებინა. მეც რა გზა მქონდა, ასეთი სიტყვით მივმართე კრებას: „ქრისტეს ეკლესიის მწყემსნო! არ გმართებთ კამათი ჩემ გამო, რადგანაც უკეთესი როდი ვარ იონა წინასწარმეტყველზე. გადამაგდეთ მე ზღვაში, ოღონდ კი თქვენს შორის მშვიდობა სუფევდეს!“. ზღვაში გადამაგდეს, როგორც იონა, თუმცა მგონია, რომ ეს ხალხი უფრო ვეშაპს ჰგავდა, რომელმაც იონა გადაყლაპა... და მივატოვე კათედრა და კრებაც დავტოვე... ჩემო განუყრელო მეგობარო, ძვირფასო ძმაო ბასილი, დადგა გადამწყვეტი წუთი: ან მომავლისთვის უნდა შევინახოთ ჩვენი წმნიდა დოგმატი, ან კიდევ იგი განხეთქილებისაგან უნდა დაეცეს. დაე, გაიმარჯვონ ჩვენზე მცირედში, რათა ჩვენ თვითონ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვოთ, გადავრჩეთ ღმრთისთვის და გადავარჩინოთ სამყარო... ყველა გამარჯვებას როდი მოაქვს დიდება. კეთილად მოკლება კი უმეტესია ცუდად შეძენაზე! საბოლოოდ მაინც უნდა დავივიწყოთ ის, რაც დროებითია, იმის სასარგებლოდ, რაც მარადიულია. პირადი წყენა გვერდზე გადავდოთ და თავაწეულებმა, ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ! მრწამსმა, რომელიც სულს ღაფავდა აღმოსავლეთში და რომელსაც ჩვენ ვიცავდით, გაიმარჯვა, - ეს დედა ეკლესიის გამარჯვებაა! ახლა, ასე მიტოვებული, მარტოდმარტო, ჭეშმარიტების სულში ჩაძირული, სრულ ჭვრეტაში დანთქმული, განღვთობამდე ამაღლებული, მშვიდად წამოვალ შენთან, დაღლილი და დაბერებული, უფალ იესოს სასუფევლის წიაღსა შინა...
 

და აი, კვდებოდა წმინდა გრიგოლი იმ კანონებთან და წესებთან სრულ შესაბამისობაში, რაც ჯერ კიდევ დღიდან ადამის შეცოდებისა ეუწყება დათრგუნვილ კაცობრიობას და რომლის შინაარსიც რამდენიმე სიტყვით ასე გამოიხატება: რა ილუზიებითაც უნდა კვებოთ გონება, სიკვდილი მაინც, თავისი სიდიადით, საშინლად და შემაძრწუნებლად ძნელი რამაა! თუმცა, გრიგოლი რჩეულობის შეგნებას არასდროს მიუტოვებია, ის კი არა, დაჰქროდა იგი აპოლონთან ერთად პოეტური ლიცენციის სრულ სისავსეში. პარნასზეც არაერთხელ შედგა ფეხი, ალბათ, ორგანიზმმა დიდი რაოდენობით ენდორფინის გამოყოფაც დაიწყო; სპერმის უკანასკნელი წვეთებიც დაიძრა სხეულის მისატოვებლად. ასე ხდება სიკვდილის წინ, - ყველა და ყველაფერი გტოვებს, რაც უდიდესი ბედნიერებაა. იძირები განწმენდილ სხეულში და თავისუფლდები განავალისაგან, შარდისაგან, სურვილებისაგან, დარდისაგან, მეგობრებისაგან, სინდისისაგან და სპერმისგანაც კი... - უკანასკნელი აკორდი, დამაგვირგვინებელი კაიფი სიკვდილის წამს!.. მაგრამ, როგორც სხეულში ეკალი, რომელიც თავს გახსენებს და მუდმივად გაშხამებს ნეტარებას, ასე არ ასვენებდა მის სულს დაუკმაყოფილებლობის და ეჭვის გრძნობა. სიკვდილის წუთებშიც კი პარნასიდან არაერთხელ დაენარცხა დედამიწაზე, თითქოს რაღაცა აზრი სულის სხეულთან გაყრას აფერხებდა, კვლავ მწარე რეალობაში აბრუნებდა და სიკვდილს დევნიდა მისი მკვდარი სხეულიდან... რა იყო ეს ეჭვი, ეს ეკალი? - ეკალი იყო ბასილი დიდი, რომელიც უჩინარი აისბერგივით მოულოდნელად ამოსრიალდა მისი ქვეცნობიერის ბნელი წიაღიდან და გაფართოვდა, გაფართოვდა და მთლიანად მოედო მის ტვინში დარჩენილ ფრაგმენტულად მიმობნეულ სასიცოცხლო იმპულსებით ჯერ კიდევ მფეთქავ ნაწილს. ო, რა შემზარავად გააცნობიერა დედამისი ნონას მიერ, მისი რჩეულობის შესახებ ბავშვობაში მოყოლილი ზღაპრების სრული უაზრობა. მისმა მეგობარმა სიკვდილის სარეცელზეც კი შეძლო სასწაულის მოხდენა და კიდევ ერთი წარსაწყმენდად განწირული სულის გადარჩენა. მას კი, გრიგოლს, არათუ არავინ გადაურჩენია, ერთი სასწაულიც არ მოუხდენია თავისი რელიგიური მოღვაწეობის განმავლობაში. განა შეიძლება წმინდანმა, ღმრთისმეტყველმა, ეპისკოპოსმა ერთი სასწაულის მოხდენაც კი ვერ შეძლოს?! ბასილმა სიცოცხლეში ყველაფერში გადააჭარბა და ახლა სიკვდილიც კი ვერ ათანაბრებდა მათი მოღვაწეობის მნიშვნელობას. მხოლოდ ხალხის ლეგენდებზე და თქმულებებზეა ჩემი მომავალი ჩამოკიდებულიო. ვიცი, ათასი ცრუმორწმუნე უამრავ ლეგენდას შეთხზავს, ახალ რეალობას შექმნის ჩემ შესახებ. ნუთუ მხოლოდ ეს არის ჩვენი სულიერი მოღვაწეობის მთავარი მიღწევა, რომ ჩვენი ყოფნა-არყოფნა რამდენიმე ბრიყვის მოშლილ ფანტაზიებზე იყოს დამოკიდებულიო? ნუთუ ასე დაუნდობლად გადაყლაპა ბასილმა გრიგოლი? ჯერ მაშინ არ დაინდო, როდესაც იძულებით დაასხა ხელი სასიმას ეპისკოპოსის ტახტზე, პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, რამაც საბოლოოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტახტი დააკარგვინა და ავტორიტეტიც გვარიანად შეურყია. ახლა კი, სიკვდილის შემდეგაც უნდა შთანთქოს, გაანეიტრალოს მისი მოღვაწეობის სიდიადე, არად აქციოს მისი ღმრთისმეტყველება და, როგორც მამამისი გრიგოლი, რომელმაც ძალით აკურთხა მღვდლად, შემორჩება ისტორიას შვილის წყალობით, ასევე უნდა შემორჩეს ისიც ისტორიას, ბასილთან მეგობრობის წყალობით. შემდეგ შეეცდებიან, მეგობრები ჭკუით, ზნეობით და სარწმუნოებით ერთმანეთს გაუთანაბრონ, - „კაბადოკიელ მამებს“ შეარქმევენ ან რაღაც ასეთს. აბა, ბასილს თავს ხომ არ მოჭრიან, აკი რამდენჯერმე ისიც და მეც შევცდით მეგობრების არჩევაში... და შეთხზავენ მასზეც (გრიგოლზე) ათასგვარ ლეგენდას და ზღაპარს, ისეთებს, როგორსაც დედამისი თხზავდა ხოლმე რჩეულობაში დასარწმუნებლად. და გამოკეტავენ და ამოხუთავენ და ამოახრჩობენ მის ხსოვნას შეთხზული ადამიანის ჩრდილში, რომელსაც სახელს იმავეს დაუტოვებენ - წმინდა გრიგოლი დიდი, ნაზიანზელი! მომაწერენ ათას „სიბრძნეს“ და უამრავ სასწაულს, სულების და სხეულების განკურნების უნარს და მილიონები დაიჯერებენ ამ სიცრუეს... და ვარ ასე მიტოვებული, მარტოდმარტო ვკვდები მამისეულ სახლში, ბასილის ჩრდილში გამოკეტილი, მომავალში კი ბრბოს მიერ აბუჩად ასაგდებად განწირული. ამ ფიქრებში დანთქმული გრიგოლი სიკვდილს ვერ ახერხებდა და ახალ-ახალი მოგონებებით ივსებოდა, რაც კიდევ უფრო აწამებდა მის გატანჯულ გრძნობას და გონებას. ის კი არა, მოაგონდა: ერთხელ მისმა მეგობარმა ბასილმა, სასიმას ეპისკოპოსად კურთხევიდან რამდენიმე დღეში, გაბრაზებულ გრიგოლს ნაზიანზში ყმაწვილკაცი ჩაუყვანა, რომელიც ყრუ-მუნჯი აღმოჩნდა, - შენი მოსმენა სწადიაო. - ის არ მეყოფა, რა წყენაც მომაყენე, გული მომიკალი, ახლა დამცინი კიდეც. ყრუ-მუნჯმა, რომელსაც სასმენელნი უფალმა დაუხშო, ჩემი მოსმენა როგორ უნდა შეძლოსო, - გაგულისდა გრიგოლი. ეს ყმაწვილი ანტიოქიაში, ტაძრის შესასვლელთან დაჩოქილი აღმოვაჩინეო, - მიუგო ბასილმა და განაგრძო, - სანამ აღმოვაჩენდი, ხილვა მქონდა: უფლის ანგელოსი გამომეცხადა და მითხრა, - მიხვალ ტაძარში, იქ ყმაწვილკაცი დაგხვდება, მუხლებზე დაჩოქილი, წლებია უკვე ასე შემოგვღაღადებს, ბაგე და სასმენელნი დახშული აქვს დედის მუცლიდან. დედამიწაზე მისებრ დიდი რწმენა ვერსად ვპოვეთ, ვერც შენში, მხოლოდ ერთია, ვისაც ამის განკურნება შეუძლია, -ასეთივე დიდი რწმენით გამორჩეული, სიბრძნის მოყვარე გრიგოლი. წაიყვანე ნაზიანზში და წადი. ეს ყმაწვილი, ჩვენი რჩეული, გრიგოლივით დიადი საქმეებისთვის მოწოდებული, ჯერ ტაძარში მკითხველი იქნება, მერე მქადაგებელი და მწყემსმთავარი გახდებაო. მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო, - განაგრძობდა ბასილი. - აბა, სად გაგონილა, ანგელოსს უბრალო მოკვდავთან ამდენი ელაპარაკა და ასე უხვად მოეყოლებინა ახსნა-განმარტებები. მეც სასწრაფოდ მივედი ანტიოქიის ტაძართან. ხელი შევახე თუ არა, არც შემოუხედავს, თავდახრილი დასაკლავი ცხვარივით წამომყვა, თითქოს ვიღაცას წინასწარ ჰყოლოდეს გაფრთხილებული და აი, შენთან მოვიყვანე. მჯერა, შენს ქადაგებებს მოისმენს და აქედან ისე წავა. შენ, ერთადერთს შეგწევს ამის ძალა, როგორც ანგელოზმაც მითხრა. მოგეხსენება, ანგელოზს სიცრუის თქმა არხელეწიფებაო. დაუტოვა ბასილმა ყმაწვილკაცი და პონტოში დაბრუნდა, - ასე, ორმოც დღეში დავბრუნდებიო... რა გზა ჰქონდა გრიგოლს, ახლაც ის აირჩიეს და უფალს უარს ხომ ვერ ეტყოდა? თან, ცხოვრებაში პირველად, ბასილზე უპირატესობის მოპოვების შანსი მიეცა. ყმაწვილკაცთან ერთად იჩოქებდა, ლოცულობდა, ფსალმუნებს კითხულობდა, ბაგეზე ბაგით ეხებოდა, ხოლო ყურებზე ხელებს ადებდა, მაგრამ შედეგი თვალსაჩინო არ იყო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რწმენა არ დაუკარგავს. ის კი არა, დღიდან დღემდე ემატებოდა დარწმუნება იმაში, რომ ყმაწვილს განკურნავდა. აკი უფალმა წინასწარ გაამჟღავნა თავისი განზრახულობა... და აი, ორი კვირის თავზე დადგა ნანატრი და გარდაუვალი დღეც, - ყმაწვილკაცმა პირველი სინქრონული და თანმიმდევრული ბგერებიც გამოთქვა! მართლაც საოცრება იყო ეს სასწაული! როგორც ზოგადად სასწაულებს ახასიათებს, სწრაფად და სპონტანურად კი არ მომხდარა, ნელ-ნელა, დიდი შრომისა და ლოცვის წყალობით ვითარდებოდა ისე, როგორც ბავშვი სწავლობს ლაპარაკს... მესამე კვირის თავზე ბიჭი სრულად ამეტყველდა. ის კი არა, ისეთ ბრძნულ აზრებს აფრქვევდა, გრიგოლი გაოგნებისაგან კინაღამ თავად დამუნჯდა. ბიჭი, ჩამოყვანიდან ოთხი კვირის თავზე, გამართულ ქრისტიან მქადაგებლად გადაიქცა. ცოტაც და, ათენური მჭევრმეტყველების კორიფეებს გადაასწრებდა. მართლაც, რა დიდებული ხარ, უფალო ჩვენო, ისო ქრისტე, რაოდენ მიუკვლეველნი არიან გზანი შენნი და რა გამჭვირვალე და წმინდაა შენი განგებულება და მადლის ყოვლისშემძლეობა! - იმეორებდა გრიგოლი, ჯერ ჩუმად, მერე ხმამაღლა, ბოლოს ყმაწვილიც აჰყვა და ახლა უკვე ერთად განადიდებდნენ უფალს სიტყვითაც და საქმითაც. ზუსტად მეორმოცე დღეს ბასილიც დაბრუნდა და ბიჭს უკვე, არა უბრალოდ სასმენელნი ჰქონდა განხმულნი, არამედ ღმრთისმეტყველებაშიც დახელოვნებულიყო. ღმერთს მადლობა შესწირა, მეგობარს გადაეხვია, დაკოცნა და ყმაწვილკაცთან ერთად ანტიოქიაში გაემგზავრა. ამ შემთხვევის მერე გრიგოლს წყენამ დიდი ხნის მანძილზე გადაუარა, საკუთარ შესაძლებლობებშიც განმტკიცდა და ღვთივრჩეულობაც თითქოს საბოლოოდ დაიჯერა. ახლა მიხვდა, სიკვდილის სარეცელზე გააცნობიერა, რაც მოხდა სინამდვილეში. დრო რომ გადიოდა ანტიოქიიდან ხმები აღწევდა ბიჭის საოცარი ნიჭიერების შესახებ, მისი გონების გაფურჩქვნისა გრიგოლთან განსწავლის შემდეგ. აკი, არცერთ ანტიოქიელს აზრადაც არასდროს მოსვლია, გრიგოლისთვის ეთქვა, ეს რა სასწაულებრივი განკურნება მოახდინე, რა ბიჭი აჩუქე ანტიოქიის ეკლესიასო. სასწაულს არავინ ახსენებდა, მხოლოდ ღმრთისმეტყველებაში განსწავლაზე და მჭევრმეტყვლებაზე აკეთებდნენ აქცენტს. ის კი არა, მაშინ ყურადღება არც მიუქცევია, ერთმა ანტიოქიელმა ქრისტიანმა პილიგრიმმა როგორ უთხრა, - ყმაწვილი იოანე, სანამ შენთან განისწავლებოდა, ფოლადის ბაგენი ჰქონდა, იქიდან გადმომავალი, გულის განმამტკიცებელი, რკინის სიტყვებით ნაჭედი. ხოლო შენთან სტუმრობის შემდეგ ოქროს პირი გაუხდა, სულის აღმაფრთოვანებელი, ვერცხლის სიტყვებით მოვარაყებულიო... როგორ ვერ მიხვდა მაშინ ალექსანდრიის სკოლის წარმომადგენელი ამ ალეგორიული შეფასების მნიშვნელობას. ბასილმა მაშინაც გააცურა. ვითომ მისი გულის მოგება სცადა, სასწაულის სცენა რომ გაათამაშა. რა ბრიყვულად და უგუნურად დააბრმავა ნონასგან ჩანერგილმა რჩეულობის ამპარტავნულმა იდეამ?! ახლა კი ხვდება, ახლა ხვდება ყოველივეს გრიგოლი, მაგრამ რაღა დროსია, ყველაფერმა გაიარა, ჩაიარა მისმა ცხოვრებამ. მომავალი კი ოქროსბაგიანი ახალგაზრდებისაა, სწორედ მათ მიერ შეთხზულმა ლეგენდებმა უნდა გადაარჩინოს გრიგოლის ხსოვნა. ისინი თავიანთი მჭევრმეტყველებით, ფეერიულად მოქარგულ-მოოჭვილი სიტყვა-თქმანით გადაარჩენენ გრიგოლებს, რომლებიც არასდროს გამოელევა ეკლესიას. რას იზამს გრიგოლი, უნდა შეეგუოს მარადიულ გახვევას სიცრუის საბურველში. ეკლესიის გულისთვის ღირს, ნამდვილად ღირს, ის ხომ ქრისტეს მისტიკური სხეულია. მერე რა, რომ ზეცაში სხვა გრიგოლი ავა, დედამიწაზე კი სხვა დარჩება, განა ჩვენ მუდმივ ცვლილებას არ განვიცდით? განა ერთი წუთის წინათ ვინც ვიყავით, ერთი წუთის შემდეგაც იგივენი ვართ? ხომ შეიძლებოდა სხვანაირები ვყოფილიყავით? განა ხსოვნა, თავისი არსით, წარმავალი და მოძრავი არაა? ჰოდა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვიყავი, მთავარია, ვინ ვიქნები! მეგონა ერთი სასწაული მაინც მქონდა მოხდენილი, არც ეს აღმოჩნდა მართალი. წმინდანად ქცევის უკანასკნელი შანსიც კი დაკარგულია. ჩემი სხეული, გაციებული არც ვიქნები, ხრწნას რომ დაიწყებს, საშინელ მყრალ სუნს გამოუშვებს. აი, ბასილმა კი სიკვდილის სარეცელზეც შეძლო სასწაულის მოხდენა. ცოტა ხნის წინათ საფლავიდანაც აღმოუყვანებიათ და სხვაგან გადაუსვენებიათ. ამბობენ, სხეული ისეთივე იყო, როგორც სიკვდილის დღესო: ფერმკრთალი, გაყვითლებული სახე, გრძელი წვერი და მარადიული მელანქოლია  სახეზე აღბეჭდილი... მკვდარსაც კი სასწაული მოუხდენია. კეთროვანთათვის შეხების ნება დაურთავთ, აკი, უყვარდა ძალიან კეთროვნები, უვლიდა, ეფერებოდა... და ყველა განწმენდილა და განკურნებულა... განკურნებულან კი? იქნებ, ბასილმაც ისეთივე სასწაულები მოახდინა, როგორიც მე იმ ერთხელ? უფალო, არ განსაჯო მკაცრი სამართლიანობით შენი მსახურნი, არამედ მოეფერე მათ. მოგვეფერე შენი გულმოწყალებით და მიგვიღე წმინდა სასუფევლის ნეტარების წიაღსა შინა!.. ეს რომ გაიფიქრა გრიგოლმა, ეგონა მოვკვდიო, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სურვილი რეალობას არ დაემთხვა, - იგი კვლავ ცოცხალი იყო, უფრო სწორად, სიკვდილ-სიცოხლის მიჯნასთან მყოფი. მაინც როდის ითვლება ადამიანი გარდაცვლილად? - როცა ტვინი საბოლოოდ წყვეტს ფუნქციონირებას თუ როდესაც იგი უფალს ხედავს? გრიგოლი უფალს ხედავდა და ბასილსაც, უფლის ფერხთით მჯდომარეს, შარავანდედით მოსილს. უახლოვდებოდა გრიგოლი ბასილს, ხელები ჰქონდა მისკენ გაშვერილი და გრძნობდა, რომ სიყვარულის უდიდესი ძალა მიაქანებდა უკიდეგანო, უწონად სივრცეში და აი, წინასწარმეტყველებაც გაქრა, ცოდნაც დასრულდა, რწმენას საფუძველი გამოეცალა, იმედმა ფასი დაკარგა, დარჩა გრიგოლი მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იყო მასში სიყვარული და სიყვარულში - გრიგოლი. სიყვარულში, რომელიც ზეადამიანური ძალით, კოსმიური სისწრაფით ღვთისკენ, მეგობრისკენ და იმ რაღაც გაურკვეველი შავი წერტილისკენ მიაქროლებდა, რომელიც მიახლოებასთან ერთად მის თვალწინ უსასრულოდ იშლებოდა, ფართოვდებოდა და ყველაფერს თვალისმომჭრელ სითეთრეში ახვევდა... და შეერწყა გრიგოლი რძისფრად აელვარებულ გაუმჭვირვალე ეთერს, - რა მოსატანია მზის სინათლე ამ დიდებულ, ღვთაებრივ, წმინდა ნათელთან!.. და აი, სპერმის უკანასკნელმა წვეთმაც დატოვა მისი სხეული.
 

P. S. და მაინც, სად იყო და რას აკეთებდა სატანა მთელი ამ დროის განმავლობაში? ღმერთზე ბევრი გველაპარაკა, ეშმაზე კი კრინტიც არ დაუძრავს გრიგოლ ღვთისმეტყველს. სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს ამ რიტორიკულ კითხვაზე გულში პასუხის გაცემა…


 

*ტექსტს აქვს დანართი, სადაც განმარტებულია ზოგიერთი სიტყვა, ფრაზა, ცნება და ისტორიული ფაქტი. იგი პირობითად არის დანომრილი. დანართს შეგიძლიათ გაეცნოთ ტექსტის წაკითხვამდე, წაკითხვის პროცესში, წაკითხვის შემდეგ ან სულაცარ წაიკითხოთ. 

დანართი.
განმარტებები:

1.      ეკლესია - მორწმუნეების კრებული, რომელიც დღეს უგემოვნოდ ნაგები შენობები ჰგონიათ.

2.      ბიზანტიის წმინდა იმპერატორები - ღმერთები დედამიწაზე.

3.      იმპერატორი თეოდოსი - ეს ის თეოდოსია, რომელმაც მოგვიანებით ალექსანდრიის პატრიარქ თეოფილეს* უფლება მისცა, გაენადგურებინა ალექსანდრიის უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელშიც, მართლმადიდებლობისთვის დამღვუპველი ნაშრომები ინახებოდა. წმინდა თეოფილე* კი ის პატრიარქია, რომელმაც 403 წელს მოწვეულ სინოდზე, თავის ძმისშვილთან, წმინდა კირილე ალექსანდრიელთან* ერთად წმინდა იოანე ოქროპირი* დააგმობინა და გადაასახლებინა.

4.      ბიბლიოთეკა - წარსაწყმენდელი, საზიზღარი რამ.

5.      მართლმადიდებლობა - მითვისებული სახელწოდება, რომლითაც არიანელებიც სარგებლობდნენ. ყველა რელიგია იჩემებს...

6.      წმინდა - ტერმინი, რომელიც მხოლოდ ღმერთს მიემართება. წ მ ი ნ დ ა ნ ე ბ ი - ხალხი, რომელიც ღვთის დიდებას ეპოტინება და მათ ეკლესია ეთანხმება.

7.      წმინდა თეოფილე ალექსანდრიელი* - აგრესიული ეპისკოპოსი. ბიბლიოთეკების და იოანე ოქროპირის დაუძინებელი მტერი.

8.      წმინდა კირილე ალექსანდრიელი* - არსებითად ბიძამის თეოფილესნაირი. ცოტა უფრო განვითარებული.

9.      წმინდა იოანე ოქროპირი* - კაცი, რომელსაც ლაპარაკი ძლიერ უყვარდა, რის გამოც საქართველოში გადმოასახლეს (სასჯელიც ამას ჰქვია!).

10.  ეპისკოპოსი დემოფილე - არიანელი, რაც იმას ნიშნავს, რომ 325 წელს ჩატარებულ ნიკეის კრებას და ქრისტეს უზენაეს ღმერთობას არ აღიარებდა. ბევრი აქებს.

11.  ნიკეის საეკლესიო კრება - ადგილი, სადაც იმპერატორ კონსტანტინეს და იესო ქრისტეს უსამართლოდ მიანიჭეს ყოვლისშემძლე ღმერთის სტატუსი.

12.  გრიგოლი ღმრთისმეტყველი (ნაზიანზელი) - „კაბადოკიელი მამა“, დიდი მნათობი, რომლის სიკაშკაშემაც, აგერ უკვე 1600 წელია, დააბრმავა ეკლესია, რათა არ ებრწყინა მისთვის სახარებისეულ ნათელს. პრინციპში, ეს ადამიანია ამ მოთხრობის მთავარი გმირი.

13.  ბასილი დიდი (კესარიელი) - მისი დაკრძალვის დღეს მოხდა სამარცხვინო და ტრაგიკული ფაქტები. შეშლილ ფანატიკოსთა ბრბო მის სხეულს დასდევდა და ჭყლეტაში უამრავი ადამიანი დაიღუპა, რასაც ასე სამარცხვინოდ აღწერს და ამართლებს გრიგოლი ნაზიანზელი: „დავასრულებ იმით, რომ გლოვა ნამდვილი უბედურებით დასრულდა. მასთან ერთად ამ სოფლიდან არა მცირე რიცხვი სულთა განვიდა. შედეგად შეხლა-შემოხლის ძალისა და ჭყლეტისას მათ ნეტარი აღსასრული მიიღეს, რადგან აქედან ბასილთან ერთად განვიდნენ, ან როგორც ვინმე უფრო მგზნებარე იტყოდა, საფლავზედა მსხერპლად შეეწირნენ. როცა სხეული, როგორც იქნა, მტაცებელთაგან დააღწიეს და გამცილებელნი უკან ჩამოიტოვეს, მამათა საფლავს მიაბარეს...“
დანარჩენში იხ. გრიგოლი ღმრთისმეტყევლი (ნაზიანზელი).

14.  პოლიტიკური მიზნები - ის, რითიც ხელმძღვანელობს ეკლესია ა. წ. აღ. 313 წლიდან დღემდე.

15.  ტაძრის გზა - იხ. ფილმი „მონანიება“.

16.  ნონა და გრიგოლი - გრიგოლი ღმრთისმეტყველის ფანატიკოსი მშობლები.

17.  წარმართი - დამამცირებელი ტერმინი.

18.  ლეგენდები და სასწაულები - ის, რასაც მარტიროლოგი (იხ. ლექსიკონი) ეფუძნება.

19.  გამოცხადება - ის, რასაც ვერასდროს გადაამოწმებ. ჯობს გჯეროდეს.

20.  ანგელოსი - ვინც გვეცხადება.

21.  ფსალმუნი - პოეზია, რომელიც ღმერთს განადიდებს.

22.  ბიბლია - წიგნი, რომლის გავრცელებასაც საუკუნეების განმავლობაში ხელს უშლიდა ეკლესია და არც ახლაა მაინცდამაინც ბედნიერი მისი გავრცელებით.

23.  სალოსი - იგივე სულელი. ადამიანი, რომელიც ქრისტესთვის რატომღაც თავს იგიჟიანებს („თუ სრულყოფილად ასრულებ გიჟის როლს, ე. ი. გიჟი ხარ!“ - ჟან ბოდრიარი).

24.  ნათლობა - ის, რაც ბავშვებისთვის არ შეიძლება.

25.  დიაკვანი - ადამიანი, რომელიც მღვდლობაზე ოცნებობს.

26.  ღიმილი - ცინიზმის ერთ-ერთი სახეობა.

27.  დაჩოქვა - ქრისტიანი ქალბატონების საყვარელი პოზა. მოჩვენებითი თავმდაბლობა.

28.  მღვდელი - ადამიანი, რომელიც ეპისკოპოსობაზე ოცნებობს.

29.  ღამე - დღის მისტიკური პერიოდი, როდესაც განსაკუთრებულად სწამთ ღმერთი. საპირისპიროა - დილა.

30.  მცირედმორწმუნეობა - იგივეა, რაც საღი აზრი.

31.  შენდობა - ლამაზი სიტყვა.

32.  რჩეულობა - აკვიატება.

33.  წინასწარმეტყველი - ადამიანი, რომელიც ხშირად ნახულობს შთამბეჭდავ სიზმრებს.

34.  შვილი - პირობითი სახელწოდება. თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალება.

35.  ლოცვა - მდგომარეობა, როდესაც სხვა გზა აღარ გაქვს.

36.  ღვთისმსახურება - რიტუალი, როდესაც გგონია, რომ ღმერთს ემსახურები.

37.  დედათა წესი - იხ. წიგნ ლევიანნის მე-12 თავი.

38.  ურწმუნოება - დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე.

39.  ბუნების კანონები - შეჩვევა აღქმის ტყუილებთან.

40.  ღვთის განგებულება - შეეკითხეთ მღვდელს.

41.  აღთქმა - ემოციური დაპირება, რომელიც არასდროს უნდა დადო.

42.  ტახტი - ადგილი, რომელიც არასდროს არის ცარიელი.

43.  სასუფეველი - თავმდაბლობით მოამაყეთა საოცნებო ადგილი.

44.  კურთხევა - იგივეა, რაც თვალთმაქცობა.

45.  ღმრთისმეტყველება - უსაქმურთა და ყბედთა თავშესაფარი.

46.  კონსტანტინოპოლი - ქალაქი, სადაც სატანამ მინიმუმ სამჯერ გაიმარჯვა.

47.  მსოფლმხედველობა - სუბიექტურის ობიექტივიზაციის ჯიუტი მცდელობა.

48.  ფანატიზმი - ერთობ მარტივი და სასიამოვნო რამ. იწვევს დამოკიდებულებას.

49.  ათანასე დიდი - ღვთისმეტყველების ოხუნჯი.

50.  მონასტერი - უსაქმურობით დაკავდი და ყველა საქმე შენთან მოვა.

51.  ჭეშმარიტება - ეკლესიის საფირმო ნიშანი.

52.  სამება - ანტინომიურ-პარადოქსული მოძღვრება რიცხვებზე.

53.  დოგმატი - ჩვენს მაგივრად ნაფიქრი და გადაწყვეტილი ჩვენი ფიქრი და გადაწყვვეტილება.

54.  ფილოსოფია - წარმართული ჩირაღდანი ქრისტიანი თეოლოგების ხელში. ბევრ უსწავლელს გაარეკინა, მაგ. გრიგოლ ნოსელს.

55.  ელინური ტერმინოლოგია - ქრისტეს მოძღვრების დამახინჯების გამართლება.

56.  არსი და ჰიპოსტასი - არაქრისტიანული ტერმინოლოგია.

57.  საბელიოსი - მწვალებელი, რომლის ძირითადი იდეაც ეკლესიამ მიიღო.

58.  ევსევი კესარიელი - დახვეწილი, ღრმად განსწავლული ისტორიკოსი. რა თქმა უნდა, დაგმობილი და გადასახლებული ეკლესიის მიერ.

59.  ეპისკოპოსი - ადამიანი, რომელიც პატრიარქობაზე ოცნებობს.

60.  ემილია და ბასილი - ბასილი დიდის მშობლები. იხ. ზემოთ - ნონა და გრიგოლი.

61.  მაკრინე - წმინდა ბასილის წმინდა და. 7 წმინდანი ერთი ოჯახიდან. იხ. წმინდანები.

62.  გარდაცვალება - კარგი რამ.

63.  ათენის აკადემია - სახარებისეული ჭეშმარიტების გილიოტინა.

64.  დაცინვა - ძირითადი თეოლოგიური კატეგორია.

65.  პლატონი - ქრისტესმიერი ძმა ეკლესიისა. ეკლესიის ფაქტობრივი დამაარსებელი.

66.  ქართველები - დიდებული ერი!

67.  სომხები - სამარცხვინო ხალხი!

68.  ბერძნები - კარგი ხალხი. მართლმადიდებლები.

69.  იოსებ ფლავიუსი - ადამიანი, რომელიც, რასაც გვინდა, იმას წერს.

70.  კაბადოკიელები - იგივე მესხები და პირიქით.

71.  მარიამი - ქრისტესა და საქართველოს მშობელი დედა.

72.  სოფისტიკა - პატრისტიკის (იხ. ლექსიკონი) ფუძე.

73.  სადუკევლები - დაახლოებით იგივეა, რაც თანამედროვე მღვდლები.

74.  კამათი - ტაძარი, სადაც ლოცულობდა ყველა წმინდა მამა.

75.  მოჩვენებითი სიკეთე - იხ. პლატონის სახელმწიფო.

76.  ჰუმორი - ის, რაც ცხოველისგან განგვასხვავებს.

77.  დიდება - ეპისკოპოსების საყვარელი სიტყვა.

78.  გრიგოლი ნოსელი - ბასილი დიდთან და გრიგოლი ღმრთისმეტყველთან ერთად (ჰომოუსიოს) მესამე და საბოლოო ჰიპოსტასი, „კაბადოკიელი მამა“. ბასილი დიდის ხორციელი ძმა.

79.  არისტოტელე - იხ. პლატონი.

80.  ლოგოსი - სიტყვა, აზრი, რომელიც თავდაპირველად ღმერთთან იყო და ახლაც მასთან არის.

81.  სტოელები - ქრისტემდე არსებული ქრისტესმიერი ძმები, სამების მესამე პირის გამომგონებლები.

82.  პლოტინი - წარმართი ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსი, სამების იდეის ავტორი. არაბიბლიური ტერმინის „ერთარსის“ (ბერძ. ჰომოუსიოს) გამომგონებელი.

83.  ეპისკოპოსად ხელდასხმა - სანუკვარი მომენტი. მანამდე გულისხმობს ყველა მეთოდით კონკურენტების ჩამოცილებას.

84.  არიოზი - სასულიერო პირი, რომელიც ქრისტეს ღმერთობის იდეას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. მოგვიანებით, ათანასე დიდის გარდა, მთელი აღმოსავლეთის ეკლესია არიანელი გახდა.

85.  ღალატი - იერარქების ძირითადი იარაღი იმპერატორების და ერთმანეთის წინააღმდეგ.

86.  დასავლეთის ეკლესია - პაპის ეკლესია, რომელმაც ეშმაკის მესამე ცდუნებას ვერ გაუძლო (დოსტოევსკი).

87.  საეკლესიო კრება - მოვლენა, რომელიც შვიდჯერ კი არა, თითქმის ყოველ წელს იმართებოდა. იღებდნენ ურთიერთგამომრიცხავ გადაწყვეტილებებს. მოგვიანებით, რომელიც აწყობდათ, იმ კრებას აღიარებდნენ. ზოგს ადგილობრივს არქმევდნენ და ზოგსაც - მსოფლიოს.

88.  ფანტაზიები - ის, რითიც მდიდარია თითქმის ყველა „წმინდა მამა“.

89.  დიოტიმა - იხ. პლატონის „ნადიმი“.

90.  სიყვარული და თავმდაბლობა - ძირითადი ქრისტიანული თვისებები, რომლებსაც თავისი წიაღიდან დევნის ეკლესია.

91.  წმინდა ადგილის მოლოცვა - კერპთაყვანისმცემლობის ერთ-ერთი მიმზიდველი ნაირსახეობა.

92.  ძმათა შორის პირველი - ძალაუფლების შესანიღბად და გასამართლებლად გამოგონილი უწყინარი ფრაზა.

93.  ებრაელები - ხალხი, რომლიც დასასჯელად დაარჩინა ღმერთმა და სამაგალითოდ, საჩვენებლად იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, - განმარტავენ წმინდა მამები.

94.  ეფესელი დიალექტიკოსი - ჰერაკლიტე, რომელიც ლოგოსს განიხილავდა, როგორც საყოველთაო კანონზომიერებას.

95.  მეუფევ - მითვისებული ტიტული. ფარისევლური მიმართვის ფორმა.

96.  ტრანსი - თავდავიწყების ცრუ მდგომარეობა, რომელსაც აქტიურად იყენებს ეკლესია, ღმერთთან შერწყმის მისტიკური ილუზიის შესაქმნელად.

97.  მწვალებელი - სახელი, რომელსაც არსებითობას მწოდებელი ანიჭებს.

98.  იმპერატორის ბრძანება - ის, რის უკანაც ყოველთვის ეკლესია დგას.

99.  პირჯვრის გადაწერა - თავის მოტყუების ეფექტური საშუალება.

100.      სუბორდინიზმი - სამების წევრთა ურთიერთდაქვემდებარებულობა.

101.      საკმევლის კმევა - მადლი კვამლში ან პირიქით.

102.      „სამება“, „ჰიპოსტასი“, „ერთარსი“, „ღვთაებრივი ბუნება“ - არაბიბლიური ტერმინები.

103.      „ლუკიანეს ფორმულა“ - სამების დოგმატის ერთ-ერთი ვარიანტი. ლუკიანე მოწამეობრივად აღესრულა.

104.      ალექსანდრია და ანტიოქია - დაპირისპირებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლები, სადაც უამრავ უაზრო ფორმულას აყალიბებდნენ.

105.      381 წლის კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრება - ჩამოაყალიბეს და დაადგინეს სამების სიმბოლო.

106.      იონა წინასწარმეტყველი - სამი დღე იყო დიდი თევზის მუცელში.

107.      პარნასი - პოეტების წმინდა მთა, სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდე.

108.      ილუზია - საეკლესიო რიტუალების ძირითადი თავშესაფარი.

109.      „კაბადოკიელი მამები“ - სამი ადამიანი, რომლებმაც ეფექტურად შეფუთეს სიცრუე და ჭეშმარიტებად შემოგვასაღეს. არც ის არის გამორიცხული, რომ თავად ეს ადამიანები შეფუთეს... აღსანიშნავია, რომ „კაბადოკიელი მამები“ მონათლულნი და ხელდასხმულნი იყვნენ სწორედ არიანელი ეპისკოპოსების მიერ, რომლებსაც შემდეგ მთელი ცხოვრება ებრძოდნენ. მანამდე „მოციქულთასწორი“ იმპერატორი კონსტანტინეც არიანელმა ეპისკოპოსმა ევსევი ნიკომედიელმა მონათლა.

110.      სიკვდილი - რასაც ვერაფერი დაიჭირავს. ის, რატომაც არსებობს რელიგია, ხელოვნება, ზნეობა, წმინდა მამები და ეს მოთხრობაც (ასევე იხ. ჟოზე სარამაგუს რომანი „სიკვდილი ისვენებს“).

111.      კოსმოსი - იგივეა, რაც ჯოჯოხეთი.

112.      სპერმა, იგივე თესლი - კაცობრიობის მამოძრავებელი თეთრ-რუხი ფერის სითხე.

113.      სატანა, ეშმაკი - შერქმეული სახელი, რაც გამრთობს ნიშნავს.


 

 

 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.