ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
რეცენზია

საღეჭი განთიადები - რეცენზია

ტატო ჩანგელია
21.01.2018

   


            “თრიფის საათია! თრიფის და თავდავიწყების” - შარლ ბოდლერი
 

უეცრად, რომელიღაც საინტერესო ადგილას გადამავიწყდა, რომ რომანს ვკითხულობდი, დავიწყების ჟამს კი გამახსენდა სწორედ ეს დავიწყება და ის, რომ რომანი, როგორც მოვლენა საქართველოში საგამომცემლო მარკეტინგის მთავარი იარაღია. გონებას ვძაბავ, უფრო ღრმად შევდივარ ფიქრში, მახსენდება ქართველი გამომცემლობების გასროლები - სხვადასხვა რომანი, რომელიც რეალურად მოთხრობაა, სტრუქტურასა და ფორმას თუ დავაკვირდებით. მახსენდება წლის ბესტსელერი რომანიც, რომელშიც მოთხრობილი ამბები მოთხრობის სახით ბევრად საინტერესო და ხარისხიანი გამოდგებოდა, მწერლის წერის გაბარიტებს თუ გავითვალისწინებთ, თუმცა რომანია, ხომ ხვდები, მკითხველო, სხვა ჟანრისგან განსხვავებით, ასე თუ ისე იყიდება. უეცრად, როცა ტექსტის კითხვისას გადამავიწყდა რომანთან შეხების ვნებები და სიტყვის მელოდიურ სინტაგმურ ქსოვილში გადავეშვი, საიდანაც ნელ-ნელა ამოძრომა დავაპირე, თუმცა სულ ტყუილად, მივხვდი საქმის აბსურდულობას და გამახსენდა ბორის გროისის დაკვირვება კითხვაზე “რა არის ხელოვნება?”, რომელსაც ფილოსოფოსი ასე განმარტავს: ხელოვნების ნაწარმი, რომელიც ჰგავს ხელოვნებას, არ არის ხელოვნება და ხელოვნების ნაწარმი, რომელიც არ ჰგავს ხელოვნებას ასევე არ არის ხელოვნება, მისი აზრით, ხელოვნების ნაწარმი, რომ იქცეს ხელოვნებად ერთდროულად უნდა ჰგავდეს და არ უნდა ჰგავდეს ხელოვნებას. გროისის ეს ნააზრევი გადავიტანოთ სხვა, უფრო კონკრეტულ დისკურსში, ე.ი. ხელოვნება შევცალოთ პოეზიით; როცა უეცრად მკითხველს გადამავიწყდა რომანთან შეხების ვნება, ვიგრძენი, რომ ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო წიგნი “საღეჭი განთიადები - უშაქროდ” ერთდროულად, თავისი ჰარმონიულობითა და დინამიკურობით ჰგავს პოეზიას და თავისი სტრუქტურითა და სურვილებით ყველაზე ნაკლებად ჰგავს მას. მოკლედ, ჩემი აზრით, მოცემული წიგნი არის უზარმაზარი პოემა, ალტერნატიული რეალობის გამოგონების მცდელობა და ვერავინ დამარწმუნებს ჩემი აზრის მცდარობაში, მით უფრო გამომცემლობა.
 

ზურა, როგორც არტისტი, სწორედ პოეზიით გავიცანი. წლების წინ ინტერნეტში გადავაწყდი მის ლექსებს, რომელიც კიბერნეტიკული ლექსიკითა და სემანტიკური ბადეებით იყო აგებული და ჩემზე საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მახსოვს დაუვარცხნელი ტექსტები იყო, მიტოვებულ შენობებზე და ადამიანებზე, ობობების მიერ შექმნილ იმპერიებზე, დედაზე, რომელმაც ღმერთს ავტომოპასუხეზე უნდა დაუტოვოს რამდენიმე სიტყვა, ტელევიზორებზე, რომლებიც უნდა მივატოვოთ, რადგან ჩვენ არ გვაჩვენებენ, იმიტომ რომ ტომის არც ერთი წევრი არ ვართ ფეშენ-თივი და არც ჯანსაღი კბილების რეკლამა. შემდეგ, დროის გასვლასთან ერთად ლექსები ფორმულირდნენ და პერმანენტულად, როგორც სიო გაზაფხულის განთიადზე ისე მოშრიალებენ ჩვენს კიბერნეტიკულ სივრცეებში ბლოგების სახით.
 

ლუკა ნახუცრიშვილმა თქვა ზურას ბლოგებზე, (უფრო სწორად პოემებზე) რომ ყველაზე კარგად იაზრებენ 90-იან წლებს. ლუკას ნათქვამს სრულიად ვეთანხმები, თითქმის მთელი ქართული ხელოვნება მაგ თბილ და ტკბილ პერიოდს უტრიალებს, თუმცა ამაოდ, ვერავინ ბედავს აპკების გახეთქვას და თემებში ღრმად ჩაღწევას, ამას კი მისი ტექსტები ახერხებენ, თანაც ძალიან კარგად, მოურიდებლად შედიან კომპლექსის შრეებში და გარეთ გამოაქვთ ყველაფერი, ასეა წიგნშიც, ერთი შეხედვით, შორიდან ესკაპისტური ნაშრომი ჩანს, თუმცა საქმე სხვანაირადაა, ავტორი მოქნილი ენის დახმარებით ჩადის პრობლემის შრეებში და მსუბუქი იუმორით, ალუზიებითა და ინფანტილური შედარებებით გამოაქვს გარეთ პრობლემები და მკითხველს კითხვის ნიშანივით უტრიალებს წინ, ესე იგი ქმნის პრობლემის გარშემო სხვადასხვა დისკურსს და ასრულებს იმ ფუნქციას, რასაც ჟილ დელიოზის აზრით უნდა ასრულებდეს მოაზროვნე, ჰქმნის საინტერპრეტაციო, ანუ სააზროვნო სივრცეს მკითხველისთვის.
 

როცა სოციალური თემა და ავტორი შეეჯახნენ ერთმანეთს ვიგრძენი, თითქოს აუცილებლობის გრძნობით იყო ავტორის სიტყვების მოხაზულობა გაკეთებული, მან დაიწყო ქალაქის ურბანიზაციის კრიტიკა. (აქ აღსანიშნავია ერთი ამბავი, ზოგადად თბილისის ურბანული ესთეტიკა უამრავ მწერალს აქვს გადაღეჭილი და თითქოს ყველა მცდელობა ერთი დადგენილი ესთეტიკის გადახარშვას წარმოადგენს, თუმცა აქ საქმე სხვანაირადაა, თბილისის სიმულაკრი ჯიშკარიანთან სხვანაირია, ქაოტური და ამავე დროს კონტროლში მყოფი, როგორც კომპიუტერულ თამაშებში.) პროტაგონისტი უკმაყოფილოა ტროტუარზე სოკოებივით ამოსული მანქანებით და აქ მკითხველს ერთგვარი დისკომფორტი მექმნება, თითქოს ავტორი სოციალურ ვალს ასრულებს, თუმცა რამდენიმე ფურცლის შემდეგ, როცა მთავარი გმირი ტაქსიში მოხვდება ყველანაირი ნაივივური წარმოდგენა ქრება და წიგნის დასასრულამდე ერთი ტემპით - პრიხოდებზე პრიხოდების დამატებით მიმდინარეობს მოგზაურობა ზურას მიერ გამოგონილ ალტერნატიულ რეალობაში.
 

წიგნის პირველი ნაწილი სწორედ სოციალურ პრობლემებს, სამომხმარებლო საზოგადოების, ბანკების, პოლიციელების და სხვა მუწუკების კრიტიკას ეძღვნება, მეორე ნაწილში კი ნარატივი რადიკალურად იცვლება, თითქოს ავტორი მთელი დროის განმავლობაში ამ მომენტს ელოდა (რა დამთხვევაა, მკითხველიც) და წიგნის პირველ ნაწილში, მიუხედავათ იმისა, რომ ყველაფერი შესანიშნავად მისდის, თავს კარგად არ გრძნობს, უფრო სწორად ისე არა, როგორც მეორე ნაწილში, მაშინ, როცა ზაზა კარამაზოვა შეუხვევს და თრიფი ბევრად უფრო საინტერესო, სხივებითა და ფერებით სავსე ხდება.
 

პერსონაჟები ჯერ მეტაფორებად იქცევიან, შემდეგ კი მეტამორფოზას განიცდიან და გმირ ხელოვნურ ინტელექტებად ყალიბდებიან, რომლებმაც უნდა იხსნან სამყარო. აქ, დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს თხრობის ესთეტიკის გაზრდას და აყვანას უმაღლეს ლეველამდე. ასევე იგრძნობს ბიტნიკთა ვარსკვლავის უილიამ ბეროუზის ესთეტიკურ კოდებს, ის პირველ ნაწილშიც იგრძნობა და ზოგადად ყველგან, სადაც არტიკულირება სექსის მდგომარეობაზეა მიმართული. ზოგადად, ბიტნიკების ხელწერაც ჩანს, განსაკუთრებით ერთ-ერთ ყველაზე კომიკურ თავში, “შამუგიას კვალდაკვალ”, სადაც ბიტკინების სტილში იღვიძებს და პერსონაჟი ხდება რეალურ ცხოვრებაში, (რომელიც ყველაზე დიდი ნარკოტიკია) არსებული მწერალი, კერძოდ ორი “საბას” მფლობელი და აჭარული ხაჭაპურის მოყვარული პაატა შამუგია.
 

მეორე ნაწილში ზურა ასე ვთქვათ პარაშუტს ხსნის და ფრენას იწყებს - ფილოსოფოსობს. ასე მგონია გამოსავალს გვთავაზობს, (ბრეხტი) რომელიც სიკვდილსა და მოუქნელ მოძრაობებს შორის - ცეკვაში იმალება, რომელიც კარგად იგრძნობა წიგნის ყველაზე ტრუისტულ ადგილას, როცა ჩუჟოი კითხვას სვამს: “კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიცეკვოთ, კრიშნა?”, კრიშნა კი აუღელვებლად პასუხობს: “თუ ცეკვა ჭეშმარიტია, ის აუცილებლად რევოლუციით მთავრდება, თუ არა და დილისკენ ადამიანები ტოვებენ კლუბებს მწარე ატხადნიაკით და მელანქოლიით იმის გამო, რომ რევოლუცია ისევ არ შედგა.” ასეა, ამ ჯადოსნურ რიტუალში მეტაქმედებების შესაძლებლობები იმალება, და ბოლოს გავიხსენოთ ნიცშე: “We should consider every day lost on which we have not danced at least once.” !!!