ხენეში





პოეზია

ხენეში




გაცლა

გიტოვებ ჩვენს ქალაქს,

ჩვენს ერთად გავლილ ქუჩებს,

ჩვენი ძაღლის საფლავს,

ჩვენს არდაბადებულ შვილებს,

ყველა წმინდანის სახელობის ქუჩას,

მთაწმინდას, ვაგზალს...

ოღონდ გორგასლის დაივიწყე 16

ოღონდ ფეხი აღარ დადგა აქ და ...

 

 

ტკივილების ბაქანზე

 

ზურგზე წამოკიდებულს მივათრევ უცხო მხარეში

ჩემს ფიტულს თუ რაღაც ამდაგვარს.

სადანღაც ჩემი ხმის კვნესა მოაქვს ქარს,

მე მე არა ვარ.

ყველა ორგანოს ტკივილს ცალ-ცალკე ვგრძნობ,

თითქოს შენს თავს სხეულიდან მაგლეჯენ.

მონატრება ძაღლყურძენასავით მუცელს მისერავს.

რომ შემეძლოს შენი სისხლის ოყნებს გავიკეთებდი,

ყველა შენი ხსოვნისგან გამოვრეცხავდი თავს

და დავმშვიდდებოდი.

ალბათ.

 

 

უწყინარი თამაშები

დავიღალე შენი გართობით,

გამომიღე, გამოიღე ეგ თოფი!

ეგ თოფი გამოიღე და

რეპროდუქციულ ადამიანებზე ინადირე.

შიშით მე ნაყოფს ვერ მოვისხამ

რამეთუ არა არს ხე კეთილი,

რომელმან გამოიღოს ნაყოფი ხენეში;

არცა კუალად ხე ხენეში,

რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი (1).

ჩემი საშო შიშით არა შობს!

გამოიღე ეგ სანადირო თოფი ჩემი მყიფე,

დახავსებული, ბერწი საშოდან.

 

ათას კონდომში და შიში გადახვეულს

როგორ გელოდი, როგორ...

უნაყოფო მიწიდან გადახვეწილ თესლს,

როგორც მიწა გაზაფხულს.

 

 

ეფემერები ნაპრალებიდან

ჩემში ჩატოვებულ პრეზერვატივებს გამოვიღებ,

გამოგამწყვდევ და გამოგგუდავ

ისე როგორც ჩვენი პოტენციური შვილები გამოგუდე მათში.

მინდა გიყურო როგორ ლპები

და წყლად იქცევი მეორე დღის სპერმასავით,

მინდა შენმა ლპობის სუნმა ცხვირი ამიწვას.

 

 

ალუზიები ცხენთევზაზე

ინდაურის ბუმბულით ნელ-ნელა ვიხსნიდი ხოლმე ჭიპს,

ვანძრევდი,

გათავებისას სისხლმდინარე ხვრელში ვიმიზნებდი

და მზესმიპყრობილი სახით ველოდი

გვამში სიცოცხლის დაძვრას,

მაგრამ მაშინაც ვერ დამაკდა,

ხე ხენეში.

 

 

სიყვარულის ‘’სტანოკი’’

შენ გეგონია ლეკვი შვილობას გაგვიწევდა ?

გგონია ძაღლები იმიტომ ტყნაურობდნენ,

რომ ჩვენ შვილები გვაჩუქონ?

რომც არ მომკვდარიყო

და ჩვენთან ყოფილიყო გგონია მის მშობლებად ვიგრძნობდით თავს?

შვილს კი არა მისგან გასართობ,

სიყვარულის მანქანას ველოდით.

ყოველდღე ნაყინის დაზგასავით

რომ მიგვეშვირა ვაფლის ჭიქა

და სიხარული პორციებად ჩამოესხა.

ამიტომაც ადგა და დაგვადო.

 

 

ინტერვიუ საავადმყოფოდან

ხმამაღლა დავფრატუნებ სახლში,

რომ მარტოობას სიჩუმე დავურღვიო.

ვალაგებ ფოტოებს, რეცეფტებს, ძველ აფიშებს, ანკეტებს, მისალოც ბარათებს, წერილებს

წლების, თვეების, მერე დღეების მიხედვით...

სხვა რაღა ვაკეთო?

წარსული გაიყოლა, აწმყოს სხვებს ურწყავს და მომავალი ...

ფოტოებზე, დიაგნოზებში და კომუნალურ გადასახადების ფურცელებზე გამოწერილი გვარ-სახელის გარდა რაღაა ჩემსგან?!

 

 

ასფიქსია (3)

ჩვენი საწოლის თავთან ვზივარ,

წარსულის ნარჩენებით ფეხებთან,

ჯანმრთელობის დამადასტურებელი ანკეტები,

გინეკოლოგის ჩანაწერები, აფიშები, ფოტოები

წლების, თვეების, დღეების მიხედვით,

კომუნალური ქვითრები უახლესი რიცხვებით,

ჩემი უკანასკნელი არსებობის დასტური.

ლენცოფას ფესვებს ვლოღნი,

აღარ მინდა დაველოდო დიაგნოზებს და რეცეფტებს.

ქალაქგარეთ წადი,

ჩვენი არ შემდგარი შვილების და ძაღლის საფლავს მიხედე,

სუსხიანი ქარი რომ დაზმუით თავზე

და მწლარტე სუნი ასდით პრეზერვატივებში გამოკეტილებს.

 

სიკვდილი მინდა...

 

ტალახიანი ფესვებით ვითხრი შხამიან ყვავილებს,

ბერწ, უშობელ მუტელში.

შხამიანი სიკვდილით მინდა ამოვიტენო სხეული,

ერთი სიმღერა შენი ღირსი რომ ვერ იმღერა.

აღარ მინდა რეცეფტებს და დიაგნოზებს ველოდო...

მოიშხამოს და განადგურდეს უნაყოფო, ხენეში ხე.

ბევრი, ბევრი ლენცოფა(3) მინდა

და ანგელოზების საყვირი (4).

 

 

 

 

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი

1 - ახალი აღთქმა მეექვსე თავი სახარება ლუკასი

43 ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.

43 რამეთუ არა არს ხე კეთილი, რომელმან გამოიღოს ნაყოფი ხენეში; არცა კუალად ხე ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი.

2 - ასფიქსია სუნთქვის შეწყვეტაა. ის შეიძლება განვითარდეს სასუნთქი ცენტრის ფუნქციის დარღვევის შედეგად . მისი ერთ-ერთი გამომწვევია ლენცოფას ყვავილი.

3 - ლენცოფა - ყვავილი რომელით მოწამვლაც სიკვდილით მთავრდება.

4- ანგელოზების საყვირი, - ყვავილი რომელიც შეიცავს ძლიერ ტოქსიკურ ნივთიერებებს, მისგან გამოყოფილ სკოპოლამინს კანი და ლორწოვანი გარსი იწოვს და მისი სახეზე შეყრაც კმარა ადამიანის მოსაკლავად.

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.