ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პოეზია

მე Bellboy ვარ

ტატო ჩანგელია
31.01.2018

   


იყო იდეა, ვისაც კალამი ჯერ კიდევ გვიჭრის შეგვექმნა ლექსები მშრომელებზე, ემპათიურ და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს იქნებოდა ერთგვარი სოლიდარობის  ჟესტი. შექმნილ ლექსებს კი უნდა დაეკავებინა საჯარო სივრცეები, პოეზია უნდა შესულიყო იქ, სადაც მას არ ელიან, თუმცა სამწუხაროდ კოლექტიური შეკრება ვერ შედგა - მეკალმეებმა კალამს არტიკულაცია ვერ გაუსწორეს და პერფორმანსების იდეაც ჩაიშალა. მოცემული ლექსი, სწორედ ამ პერფორმანსებისთვის დაწერილი ლექსია და ის წარმოადგენს სოლიდარობის ჟესტს მშრომელების, კერძოდ სასტუმროში დასაქმებული ახალგაზრდა Bellboy-ების მიმართ.

 

მე არ ვარ სტუდენტი,

მე არ ვარ კინორეჟისორი,
არც კინორეჟისორის ფაკულტეტზე ვსწავლობ,
მე უბრალოდ Bellboy ვარ,
არც მეტი, არც ნაკლები - Bellboy.

ყოველ მეორე ღამე გუშაგი ვარ,
კარებს ვუღებ სხვადასხვა სილუეტს,
ვესალმები მორიდებით და ვუღიმი.
ჩემი ღიმილი გამჭოლი და თავხედურია.

მე ლიფტით დამაქვს ჩემოდანში შელაგებული
მათი მძიმე, თუმცა უდარდელი ცხოვრება.

და, ხანდახან, როცა მათთან ერთად ვარ ლიფტში,
ჰაერი მძიმდება, ბურთი იწყებს ყელში გორაობას
და ჩვენს შორის უზარმაზარი უფსკრული წარმოიქმნება,
როგორც იმ ლექსშია, ორ მენაგვე ზე და მდიდარ წყვილზე.

როცა კლიენტები ისვენებენ ოთახებში,
როცა მათი სხეულები იმეორებენ ერთმანეთს,
როცა პოტენციური კლიენტები არ ჩანან კარებთან,
ვზივარ რეგისტრატორის გვერდით
ყბაში ამოდებული მუშტით
და ვფიქრობ, რამდენად მოდის ურთიერთობაში
ჩემი გაწეული შრომა - ადამიანების ცხოვრების თრევა,
ჩემს ჯამაგირთან, რომლის ჰობიც დაგვიანებაა,
ვფიქრობ, როგორ ვუჩინარდები სამყაროდან,
როგორ ვკარგავ ადამიანის ფორმას
და როგორ ვხდები, რობოტი შინდისფერი ქუდით,
სახელად: Bellboy #21.

დილით, როცა მუშაობით დაღლილი ვბრუნდები შინ,
ქუჩებს ვუყვირი, 
შენობებს ვუყვირი, 
ადამიანებს ვუყვირი,
ისინი არ მიცნობენ და ეს მე მაღიზიანებს.

მე არ ვარ სტუდენტი,
მე არ ვარ კინორეჟისორი,
არც კინორეჟისურის ფაკულტეტზე ვსწავლობ,
მე უბრალოდ Bellboy ვარ,
არც მეტი, არც ნაკლები - Bellboy.

 

ილუსტრაცია: ლევან სამნიაშვილი