წიგნი სპირიტუალური ინსტრუმენტი





პროზა

წიგნი სპირიტუალური ინსტრუმენტი




თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
წიგნი სპირიტუალური ინსტრუმენტი
 
                                        ეძღვნებათ ედმონ ჟაბესს & ელისონ ნოულსს
 
   მე მას წიგნში ვხვდები—ან იმაში, რაც მას ჰგონია წიგნი.
   ან მე მას ვხვდები წიგნში, რომელიც მან შექმნა & მასთან ერთად, კონსტრუქციას ვუმღერი ქებას.
   ეს შენ ხარ, როდესაც ყველაფერი ითქმება & გაკეთდება.
   ეს შენ ხარ & შენი ძლიერი ხმა
   რომელიც გვათავისუფლებს.
   ამათთვის სიზმრის წიგნი სხვა საქმეა, ის არის აღმნიშვნელი, რომელსაც გონებასთან მიჰყავხარ ან მიჰყავხარ იქ, სადაც გონება გადაკვეთს დღის შუქს.
   ის პლატფორმას აშენებს ფანჯრებს შორის.
   მზის შუქი იჭრება ორივე მხრიდან
   მზის შუქის წიგნი.
   მაგრამ ჩვენ ამ ყოველივეს გვერდს ვაქცევთ: ჩვენ გავურბივართ მას და ვხედავთ, როგორ მორბის ის ჩვენთან ერთად.
   ქუჩაში, ხის & ხმლის გამო რომ მიეცა სახელი, ჩვენს მეგობარს უდაბნო ესიზმრებოდა.
   ეს იყო უდაბნო განსხვავებული იმ უდაბნოსგან ჩვენ რომ ვიცოდით,
   განსხვავებული თავისი არყოფნით.
   როგორ შეიძლება, ოდესმე უდაბნოს ადამიანი ვყოფილიყავი?
   როგორ შეიძლება, უდაბნოს ხალხისგან გამოვსულიყავი,
   უსახლკარო,
   უვნებელი,
   მაშინ, როდესაც ერთადერთი, რაზეც ისინი ლაპარაკობდნენ, ტყეა?
   უდაბნო წიგნში მართლა სხვანაირი იყო
   & მხოლოდ წიგნში იყო.
   წიგნი იყო სადაც ის ცხოვრობდა & სადაც ჩვენ დავდიოდით.
   ხეები იყვნენ მის გვერდებზე,
   ფოთლითბნელები.
   ედმონი ჩემთან ერთად იყო სიზმარში & ტყეში
   & წიგნიდან კითხულობდა.
   ტყე სავსე იყო უცნობებით.
   უდაბნო ერთი ცხოვრების მოშორებით იყო.
   ჩვენს დაბლა, მინდორში, ვიხილეთ კვამლის ღრუბელი—სისხლისფერი—ამოწვერილი ეული საკვამურიდან.
   მასში იდგა ქალი როგორც წიგნში.
 
   წიგნის შიგნით სამყაროები ერთდებოდნენ.
 
 
კომენტარი
წიგნი (როგორც სპირიტუალური ინსტრუმენტი), აქ, ცხადია, სწვდება სტეფან მალარმეს (Le livre), როგორც წიგნის ყველაზე მნიშვნელოვან და რადიკალურ გამაზრებელს, ისევე, როგორც (ზოგის აზრით) თანამედროვე პოეზიის შემქმნელს (vide, განსაკუთრებით, მისი Un coup de dés jamais n'abolira le hasard); როგორც თავის წინამორბედს და მალარმეს ერთ-ერთ უმთავრეს გამგრძელებელს, როთენბერგი ტექსტში მოუხმობს ედმონ ჟაბესის სახეს, სახელს და მყოფობას (სხვა კავშირებისთვის ორ პოეტს შორის: ედმონ ჟაბესის ცოცხლების წიგნი). ედმონ ჟაბესი: „წიგნი ისევე ძველია, როგორც ცეცხლი და ყინული“. წიგნი, მაშინ, არა ვიწროდ კულტურული, დასავლური ან ჰუმანისტური „ინსტრუმენტი“, არამედ უძველესი ხელსაწყო, რომელიც არსებობს კულტურის (ჩვენი კულტურის) და დამწერლობის მიღმაც. ამრიგად, ზეპირსიტყვიერი მასატეკი შამანი / პოეტი, მარია საბინა, გვაუწყებს თავის ხილვას:
 
წიგნი ჩემს წინაშე იყო. მე მას ვხედავდი მაგრამ ვერ ვეხებოდი. მაშინ მისი ჭვრეტა დავიწყე და, ცოტახანში, ლაპარაკი. მაშინ გავაცნობიერე, რომ ენის წმინდა წიგნს ვკითხულობდი. ჩემს წიგნს.
მე ვისწავლე წიგნის სიბრძნე. მოგვიანებით, ჩემს მომდევნო ხილვებში, წიგნი აღარ ჩნდებოდა, რადგან მისი შიგთავსი უკვე ინახებოდა ჩემს მეხსიერებაში.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.