• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სახლობანას თამაში

×
ავტორის გვერდი სანდრო კობახიძე 11 იანვარი, 2018 2415
სულ იქ იჯდები და დაელოდები
უყურე როგორ ასდის ჭიქას ორთქლი
ვფიქრობდი როგორ შეიძლებოდა 
ყოფილიყო ტყუილი.
ორ ნაბიჯს გადადგამდი უკან
რომელი
                   მხარე
                                 აირჩიე
შენ? 
ახლა შენ საყვარელ ადგილას ხარ
ნაცნობ სურნელებაში
გემოებზე და სუნებზე იყავი მიჯაჭვული.
აქვე მომკალით იტყოდი.
საერთოდაც რატომ გათენდა გუშინდელი დღე
რომ შემდეგ მომკვდარიყავი? 
გაქრები
ჩუმად
ნელ-ნელა
შენ რატომ გიყვარდა ავოკადო
ვფიქრობდი.
დაიბადე ჩემზე ცოტათი ადრე
რომ შემდეგ მე გადაგერჩინე.
გაქრებოდი ფიქრობდი,
როგორც საკუთარი ანარეკლი ფანჯარაში
როდესაც შორს გაიხედავ
ქრება წარსული.
ეს პოლიციელები რატომ არიან აქ? 
შენ არაფერი დაგიშავებია,
რამდენმა ადამიანმაც არ უნდა ჩაიაროს
შენ მარტო ხარ.
თვითონ ქმნი წიგნს
მაშინ ეს სახლიც შენ გამოიგონე? 
სად წავიდა ცრემლები, რომლებიც თვალით არ გინახავს,
ვიცი სევდა ამ ადგილას მალე მნახავს.
და თუ გაქრები რა დარჩება
რა იქნება შენი ქმნილების ღირებულება.
უკან დაბრუნდები,
თავიდან წაიკითხავ,
ზეპირად იცი ამ გზის ყველა,
შესახვევი, მოსახვევი, ღრიჭო,
კუთხე-კუნჭული,
ის ხე იქ დგას და ეს ქვა აქ აგდია.
თქვენ მოგონილ თამაშს გავს,
ყოველთვის თავიდან იწყება.
ქრება წარსული.
ფიქრობდი
და მაშინ რას ველოდი, როდესაც დაუფიქრებლად 
გავრბოდი
ყველაფერი რაც მითხარი
ყველაფერი რაც მინდოდა მეთქვა
რომ მეთქვა, რა მეთქვა, ვთქვი
რა? 
მეგონა დღეს შენ დაგინახე
გული გამიჩერდა.
ასეთი იყავი მაშინ? 
მინდოდა მცოდნოდა.
ჩანთა დარჩა და უკან დაბრუნდა
ვუყურებდი, თვალი არ მომიშორებია.
რა ბედნიერი ვარ დღეს, ჩემს საყვარელ ადგილას
მიცნეს. ასევე, ახლა, აქ ვფიქრობდი
ყოველთვის მიყვარდა შემოდგომა
ვუყურებდი ფოთლებს და
ვფიქრობდი. ჩვენც ასე 
ვართ. ვიკვალავთ გზას
                         მაღლიდან
                           დაბლა
რომ შემძლებოდა სულ ასე ვიქნებოდი.
იჯდები, დაელოდები. უბრალოდ
ადგილები იცვლება
დააკვირდი? სამჯერ შეიცვალა
აქ უკვე მეოთხეჯერ (უფრო ყურადღებით იყავი).
ადამიანები რატომ ლაპარაკობენ ხმამაღლა? 
ნათქვამი იმდენად მნიშვნელოვანია
სურთ ყველამ გაიგოს? ალბათ ასეა, ფიქრობდი
როგორც შენ უკან მჯდომი ადამიანი
ის - უბრალოდ ხმამაღლა!
საოცრად ისტერიული გარემო 
და საოცრად მშვიდი შენ
და სიმშვიდე ორ წამში ქრება
გული ხელით გიჭირავს
(საშინელი მეტაფორა) 
მსხვერპლი გაიღე
რომელი ხარ აბრაამი თუ ისააკი? 
(საშინელი მეტაფორა) 
მე აქ ვარ!
შორს გაიხედე, შენ გაქრი და
ის დაინახე.
ფიქრები ტალღებივით მოდიან (შემომხედე!)
კუთხეში დაგელოდები (არ გაჩერდე!)
შეგაწუხებენ უკან მოისვრი,
აღარ იფიქრებ მეტს,
რომ შეიძლებოდეს აქ მოწევდი სიგარეტს.
რომ იცოდე როგორ ცივა ამ საშინელ ადგილას,
ისევე გეყვარებოდა ეს სტროფები, როგორც სხვები? 
,,ო, ნურასოდეს, ნურასოდეს მე
ნუ მიხილავენ (ამ ადგილას) მოირები’’.
მე არ მესმის რატომ არ წახვედი? 
რაც დაგხვდებოდა იმის შეგეშინდა? 
ბნელდება, 
იოცნებე, როდესაც დღე იწურება
დარწმუნდები
ტკივილი გაივლის.
ხელოვნებაა დაკარგო საკუთარი თავი,
რთული არ არის დაკარგვაში დახელოვნება,
ალბათ თავიდან ვეღარ იპოვი.
ასე მალე დამივიწყე, საყვარელო? 
ვფიქრობდი.
ასეთი მტკივნეული იქნებოდა შენი გადავიწყება
იმდენი რამე მაქვს სათქმელი, ხმას ვერ ვიღებ
შენ რაზე ფიქრობდი? 
მალე ყველაფერი დამთავრდება.
და მაინც საკუთარ თავში დარწმუნებული არასოდეს ხარ
მაშინ ყველა დაგივიწყებს
არავის ემახსოვრები
მნიშვნელოვანი არ ხარ,
არადა ეგ სიტყვა შენი სახელისგან შედგება.
დაივიწყე, აღარ იფიქრო, 
სადაც მე ვარ იქ შენ არ ხარ
აქ ვართ და ცალ-ცალკე
ერთ ადგილას და სხვა დროს 
სხვა ადგილას ერთ დროს
ჩემს დასჯასაც ასე ჩუმად აპირებ? 
უკან ვიხედები და არაფერი ჩანს
მორჩა, წავედით
ადექი                                                      
 
 
 
                                                                      (დასასრული)
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული