ანტიპოეტი





პოეზია

ანტიპოეტი




თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
[ორი თვის წინ, 2018 წლის 23 იანვარს, 103 წლის ასაკში მოკვდა ნიკანორ პარა, ჩილელი (ანტი)პოეტი; ბევრი წლის განმავლობაში ის ერთგვარი ავატარი იყო იმ ანარქისტული, ხულიგნური სულისკვეთების, რომელიც მის ანტიპოეზიაშია გამოხატული. ის შეიძლება პირველ პოეტად ჩაითვალოს, რომელიც, სამხრეთ ამერიკაში, გასცდა მოდერნიზმს. მისი ენერგია მალე გასცდა სამხრეთს და ჩრდილო ამერიკაშიც იპოვა მიმდევრები: მის ლექსებს თარგმნიდნენ ალენ გინსბერგი და ლორენს ფერლინგეტი. . . მისი ანტიპოეზიის უნიკალურ ბუნებას ალბათ კარგად ახასიათებს მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოყვარულის, რობერტო ბოლანოს სიტყვები: „რამდენადაც ვიცი, მხოლოდ მექსიკელმა პოეტმა, მარიო სანტიაგომ შეძლო მისი ნათლად წაკითხვა. დანარჩენებმა მხოლოდ ბნელი მეტეორი დავინახეთ“.
 
თავად ანტიპოეტის ცნება პარამ თავისი ჩილელი წინაპრისგან, ვისენტე ჰუიდობროსგან აიღო, რომელიც, თავადაც თანაბრად ანარქისტი ხულიგანი, წერს: „თანამედროვე პოეზია ჩემით იწყება“; ხოლო პარა, თავისმხრივ ამატებს: „პოეზიამ კარგად შეასრულა თავისი მოვალეობა / მე საშინლად მოვიქეცი / პოეზია ჩემით მთავრდება“. და კიდევ: „ნახევარი საუკუნის მანძილზე / პოეზია / სერიოზული შტერის სამოთხე იყო. / მერე მე მოვედი.“
 
ნიკანორ პარამ მთელი საუკუნე იცხოვრა და ახლა მკვდარია. და არავინ გაბედოს, მშვიდად განსვენება უსურვოს.]
 
 
 
ინდივიდის მონოლოგი
 
მე ინდივიდი ვარ.
თავიდან კლდის პირას ვცხოვრობდი
(რაღაც ფიგურები ამოვკაწრე მასზე)
მერე რამე უფრო შესაფერისი ადგილის ძებნა დავიწყე.
მე ინდივიდი ვარ.
თავიდან ჩემთვის საკვების მოპოვება მჭირდებოდა,
მენადირა თევზებზე, ჩიტებზე, მენადირა ხეებზე
(დანარჩენზე მერე ვიზრუნებდი)
ცეცხლი დამენთო,
ხეები, ხეები, სად მეშოვა ხეები,
ხეები ცეცხლის გასაჩაღებლად,
მე ინდივიდი ვარ
იმ დროს ჩემს თავს ვეკითხებოდი,
ჰაერით სავსე უფსკრულთან მივედი;
ხმამ გამცა პასუხი:
მე ინდივიდი ვარ.
მაშინ სხვა კლდისკენ წავედი,
იქაც ამოვკაწრე რაღაც ფიგურები,
ამოვკაწრე მდინარე, კამეჩები,
მე ინდივიდი ვარ.
მაგრამ მომწყინდა რასაც ვშვებოდი,
ცეცხლი მაღონებდა,
მეტის ნახვა მინდოდა,
მე ინდივიდი ვარ.
მდინარით მორწყულ მდელოზე დავეშვი,
იქ მივაგენი რასაც ვეძებდი,
ველურების ჯგუფს,
ტომს,
მე ინდივიდი ვარ.
ვნახე რომ რაღაცებს აკეთებდნენ,
ფიგურებს კაწრავდნენ კლდეებზე,
ცეცხლს აჩაღებდნენ, ისინიც ცეცხლს აჩაღებდნენ!
მე ინდივიდი ვარ.
მკითხეს საიდან მოვდიოდი.
ვუპასუხე, რომ ჰო, არ მქონდა ჩამოყალიბებული გეგმები,
ვუპასუხე, რომ არა, რომ აქედან სხვაგან.
კაი.
მერე ავიღე ქვა რომელიც მდინარეში ვიპოვე
და მისი დამუშავება დავიწყე,
მოვაპირკეთე,
ჩემი ცხოვრების ნაწილად ვაქციე.
მაგრამ ეგ გრძელი ამბავია.
რამდენიმე ხე მოვჭერი ტივის დასამზადებლად
და თევზები ვეძებე,
ათასი რამე ვეძებე,
(მე ინდივიდი ვარ.)
სანამ ისევ არ მოვიწყინე.
ქარიშხლები მოსაწყენდება,
ჭექა-ქუხილი, ელვა,
მე ინდივიდი ვარ.
კაი.
ცოტ-ცოტა ფიქრი დავიწყე,
სულელური ფიქრები მომდიოდნენ აზრად,
მივედ-მოვედებოდი.
მაშინ ტყეებში ბოდიალი დავიწყე,
ხეს მივადექი, მერე სხვა ხეს,
ნაკადულს მივადექი,
სოროს რომელშიც ერთი-ორი ვირთხა იყო;
აი მეც მოვედი, ვთქვი მე,
ვინმეს ტომი ხომ არ გინახავთ,
ველური ხალხი, ცეცხლს რომ ანთებენ?
ასე გავეშურე დასავლეთისკენ,
სხვებთან ერთად,
ანდა არა, მარტო,
უნდა გწამდეს იმისთვის რომ დაინახო, მითხრეს,
მე ინდივიდი ვარ.
სიბნელეში ფორმები დავინახე,
შეიძლება ღრუბლები,
შეიძლება ღრუბლები დავინახე, ან უეცარი გაელვება, შეიძლება
ამასობაში რამდენიმე დღეს ჩაევლო,
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვკვდებოდი;
რაღაც მანქანები გამოვიგონე,
საათები შევქმენი,
იარაღები, დანადგარები,
მე ინდივიდი ვარ.
დრო ძლივს მყოფნიდა ჩემი მკვდრების დასამარხად,
დრო ძლივს მყოფნიდა საქსოვად,
მე ინდივიდი ვარ.
წლების შემდეგ რამდენიმე რამ მოვიფიქრე,
რამდენიმე ფორმა შევნიშნე,
საზღვრები ვკვეთე,
და ერთგვარ ნიშში გავიჭედე,
ნაჭუჭში რომელიც ორმოც დღეს მიცურავდა,
ორმოც ღამეს,
მე ინდივიდი ვარ.
მერე გვალვები,
მერე ომები,
ფერადკანიანები მოადგნენ მდელოს,
მაგრამ მე უნდა განმეგრძო,
უნდა მეწარმოებინა.
შევქმენი მეცნიერება, უდავო ჭეშმარიტებები,
ტანაგრული ქანდაკებები შევქმენი,
გამოვაცხე ათასგვერდიანი წიგნები.
სახე გამისივდა,
გამოვიგონე ფირსაკრავი
საკერავი მანქანა,
გამოჩნდა პირველი ავტომობილები,
მე ინდივიდი ვარ.
ვიღაცამ გამოკიდა პლანეტები,
ხეები წამოიჭიმნენ!
მაგრამ მე შევქმენი ხელსაწყოები,
ავეჯი, საწერი ნივთები,
მე ინდივიდი ვარ.
აშენდა ქალაქებიც,
გზატკეცილები,
მოდიდან გადავიდა რელიგიური ინსტიტუტები,
ეძიეს სიხარული, ეძიეს ბედნიერება,
მე ინდივიდი ვარ.
ამის მერე მოგზაურობას მივუძღვენი თავი,
ვისწავლე, ვისწავლე ენები
ენები,
მე ინდივიდი ვარ.
მე გავიჭყიტე ჭუჭრუტანაში,
უდავოდ, გავიჭყიტე, რას ვამბობ, გავიჭყიტე,
ყველა ეჭვისგან განსაძარცვად, შევიჭყიტე
ფარდის უკან,
მე ინდივიდი ვარ.
კაი.
იქნებ აჯობებს მდელოს დავუბრუნდე,
იმ კლდეს რომელიც სახლი იყო,
და თავიდან დავიწყო ფხაჭნა,
ყველაფერი უკან-უკან ამოვჩხაპნო,
სამყარო უკუღმა.           მაგრამ ეგ უაზრობა იქნებოდა.
 
 
 
 
ტესტი
 
რა არის ანტიპოეტი:
 
ურნებითა და კუბოებით მოვაჭრე?
საკუთარ თავში დაეჭვებული გენერალი?
მღვდელი რომელსაც არაფრის სჯერა?
მაწანწალა რომელიც ყველაფერს დასცინის
            სიბერესა და სიკვდილსაც კი?
უხასიათო მოსაუბრე?
მოცეკვავე უფსკრულის პირას?
მთელ მსოფლიოზე შეყვარებული ნარცისი?
ძალით უბედური
            სისხლიანი ხუმარა?
პოეტი რომელსაც სკამში სძინავს?
ჩვენი დროის ალქიმიკოსი?
მისაღები ოთახის რევოლუციონერი?
პეტი ბურჟუა?
შარლატანი?
          ღმერთი?
                             უმანკო?
ჩილელი გლეხი სანტიაგოდან?
გახაზე ვარიანტი, რომელიც სწორად მიგაჩნია.
 
რა არის ანტიპოეზია:
 
ქარიშხალი ჩაის ფინჯანში?
თოვლის ლაქა ქვაზე?
სალათის ჯამი სავსე ადამიანის განავლით
          როგორც ეს ფრანცისკანელ მამას სწამს?
სარკე რომელიც სიმართლეს ამბობს?
ქალი გაშლილი ფეხებით?
მუშტი მწერალთა საზოგადოების
            პრეზიდენტის ცხვირში?
(ღმერთმა უშველოს მის სულს)
გაფრთხილება ახალგაზრდა პოეტებს?
პროპელერიანი კუბო?
კუბო მართული ცენტრიდანული ძალით?
პარაფინის კუბო?
დამკრძალავი სახლი სხეულის გარეშე?
დაუსვი X განმარტებას რომელიც სწორი გგონია.
 
 
 
 
 
მშვიდად განისვენე
 
კაი—მშვიდად განისვენე
მაგრამ ნესტზე რას იტყვი?
                        და ხავსზე?
                                 და საფლავის ქვის წონაზე?
და მესაფლავეთა სიმთვრალეზე?
და ხალხზე, ყვავილის ქოთნებს რომ იპარავს?
და ვირთხებზე, საფლავებს რომ ხრავენ?
და წყეულ მატლებზე
აქეთ-იქით რომ ძრწიან
ისინი ჩვენთვის შეუძლებელს ხდიან სიკვდილს
თუ მართლა გგონია
რომ არ ვიცით რა ხდება . . .
 
შენ რა გიშავს, თქვი მშვიდად განისვენე
მაშინ როცა მშვენივრად იცი რომ ეგ შეუძლებელია
უბრალოდ გაუთავებელი ტლიკინი გიყვარს
 
ცნობისთვის
ჩვენ ვიცით რაც ხდება
ობობები, ჩვენს ფეხებთან რომ ფაციფუცობენ
ზრუნავენ ამაზე
 
მოდი გვეყო ეგ ბაზარი
როცა ფართოდ დაღებულ საფლავთან დგახარ
დროა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა:
შენ შეგიძლია ქელეხზე ჩაიხრჩო შენი დარდები
ჩვენ ორმოს ფსკერზე ვართ გაჭედილები.

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.