ჩვენი დროის ხატი (მალევიჩის დაბადების 140 წლის აღსანიშნავად)





ფილოსოფია

ჩვენი დროის ხატი (მალევიჩის დაბადების 140 წლის აღსანიშნავად)




(უდაბნოთა სიცარიელე (ან) საგანთა საგნობრივობა)

მალევიჩის სუპრემატიზმმა მიზნად დაისახა საგნობრივი სამყაროსაგან გათავისუფლება, მისი მემკვიდრეობის ერთგვარი უარყოფა,  იდეალი ტოტალური აბსტრაქცია, უსაგნო სიცარიელე გახლდათ. ყოფიერების შეცნობის გზაზე დამდგარი ცნობიერებისათვის ობიექტებს, საგნებს უნდა დაეკარგათ პირვანდელი არსი, რაღაც თვალსაზრისით დაევიწყებინათ საკუთარი თავის არსებობა, ამით ისინი მათ არსში არსებულ მისტიკურ საძირკველს მიუახლოვდებოდნენ. „ სუპრემატიზმი“ ახალი ხელოვნების, უფრო მეტიც ახალი მგრძნობელობის მეტაფიზიკურ ფუნდამენტს ქმნიდა, იგი საგნის კვინტენსენციას საგნობრიობისაგან, როგორც მუდმივი მდგომარებისაგან, ფენომენოლოგიური შემოსაზღვრულობისაგან ათავისუფლებდა და ერთგვარად ახლიდან ქმნიდა, ამზადებდა თავისუფალი ფრენისათვის. ხელოვანის მიერ შემოთავაზებული, ნოვატორული, შეცნობის არაკლასიკური ფორმა სრულებით ემყარებოდა გეომეტრიულ ფორმათა შინაგან წესრიგს, კონსტრუქციათა ონტოლოგიურ კოსმოსს, რომელიც საკუთარ თავში პოტენციის სახით გულისხმობდა ქაოსის, როგორც საგანთა არსობრივი უკიდეგანობის, უსასრულობის იდეას. ამ ონტოლოგიურ უწერსიგობაში სტატიკური ელემენტები თანდათანობით დინამიკურნი უნდა გამხდარიყვნენ, ამით არ ვგულისხმობ იმას, რომ საგნები თავად უნდა გადაადგილებულიყვნენ შეიძლება ითქვას, რომ მათი არსი, მათი იდეური კონსტრუქცია უნდა ამოძრავებულიყო. 

ხელოვანის გონი, რომელიც სამყაროს და ყოფიერებას იმეცნებს ნელნელა სრულებით ცარიელდება ყოველგვარი მატერიალურისაგან, სწორედ ამ გზით ეზიარება ის მდგომარეობას, რომელსაც თავად მალევიჩი „ უდაბნოთა სიცარიელეს „ არქმევდა, ამ სიცარიელეს ხედავს და გრძნობს დიდი ხელოვანი, რადგანაც იგი მის საიდუმლოს ეზიარა, ყური დაუგდო მის ყოვლისმომცველ მეტაფიზიკას, სწორედ ამ მგრძნობელობის ყველაზე უფრო ფორმალისტურ ფეიერვერკად მოგვევლინა  „ შავი კვადრატი „

მალევიჩის ფილოსოფიის, მისი ესთეტიკის ცენტრალური თემა ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის პრობლემაა. თავის ნაშრომში სუპრემატიზმის შესახებ ის წერდა, რომ ღმერთის არსი მისი ნულოვანი მდგომარეობაა. ნული, როგორც „ ყოველივე საგნობრივის უსაგნოდ გარდაქმნის ბეჭედი“. გამოდის რომ, ღმერთი მალევიჩთან გაიგივებულია დასაწყისთან, რომელიც საკუთარ თავს თავის წინააღმდეგობად გარდაქმნის, იმისათვის რომ ეზიაროს სულიერ სიმშვიდეს, ნულოვან ყოფას. შავი კვადრატი, მას თავისი დროის ხატად, ნულოვან ფორმად ესახებოდა.

გასაგებია, ფორმა მივუახლოვეთ ნულს, ის გავხადეთ აბსტრაქცია, მაგრამ რა გველის ამ ტოტალური უსაგნობის მიღმა? ამ კითხვას გენიალური მხატვარი ასე პასუხობს: არაფერი, არსებობა მიზნის გარეშე, სუფთა ცნობიერება, შემოქმედებითი პროცესიც მისთვის ამ საზღვრებს გარეთაა, ის არასდროსაა მიმეტიკური, როგორც უწინ გვასწავლიდნენ, პირიქით ის არის პირველქმნილი, „ სუფთა ქმედება „, რომელიც გვევლინება ერთგვარად ბიბლიური შესაქმის რეინტერპრეტაციად, ამ მოქმედებაში თავს იყრის ან იღვიძებს სამყარო, გამოღვიძებას კი არ აქვს მიზანი, იგი არ ეფუძნება კაუზალურ პრინციპებს, მას არ გააჩნია საგნობრივი წარმოდგენა დროსა და სივრცეზე. ერთის მხრივ მუდმივი მოძრაობა, მეორეს მხრივ კი კოსმიური სიმშვიდე, ამ ორ ფუნდამენტზე დგას მალევიჩის მსოფლაღქმა. „ ღმერთი - სიმშვიდეა, სიმშვიდე - სრულყოფილება“ , „ ღმერთმა სამყარო ჩაიფიქრა და შექმნა, რათა სამუდამოდ გათავისუფლებულიყო მისგან „ , „ აღარაფერია ამიერიდან სააზროვნო, ყოველივე უკვე შექმნილია. „

უსაგნობის პრინციპს ხელოვანი ერთდროულად შეცნობის ფორმად და ფერწერული რეალობის ფორმალურ-ფუნქციონალურ გამოხატულებად აღიქვამს. მალევიჩი სამყაროს საწყისი ელემენტების ერთგვარად ახალ სისტემას გვთავაზობს, რომელშიაც ყოველი კონკრეტული ნაწილაკი ინტელექტუალური აღქმის პრინციპებს ეფუძნება. თეთრი კვადრატი - „ სუფთა ქმედების „ ნიშანია, ახალი სამყაროს მშენებლობის შესაძლებლობა, შავი კვადრატი -  „ ეკონომიური ნიშანი „ , წითელი - „ რევოლუციის სიმბოლო „

შავი კვადრატი - ყველაზე ცხადი სუპრემატისტული სინამდვილეა, სამყაროს მთელი არსობრივობის სიმბოლო, პირველადი ფორმა, საწყისი სივრცე და ფერი. უნივერსალური ინსტრუმენტი, რეალობის იდეური და პრაქტიკული ფერიცვალებისათვის.

მიუხედავად იმისა , რომ საგნობრივობის მონუმენტური გაქრობა შავი კვადრატის სახით მეოცე საუკუნის კულტურის ერთერთი ცენტრალური მოვლენა გახლდათ, უკვე ათიანი წლების შუა პერიოდში მალევიჩი საკუთარ შემოქმედებაში კიდევ ერთ იდეურ ნახტომს აკეთებს და რადიკალური აბსტრაქციის ნაცვლად, ერთგვარი დინამიკური სუპრემატიზმის შესაძლებლობაზე იწყებს ფიქრს. პირველი ეტაპების მსგავსად ეს პერიოდიც განუსაზღვრელობის აპოლოგიაა, ისიც უსაგნობაა, მაგრამ მალევიჩისეული ახალი უსასრულობა უკვე  მჭიდროდ უკავშირდება ფერს და მის ასევე უკიდეგანო შესაძლებლობებს. ჩვენ წინაშეა სუფთა ფერის ხელოვნება, ფერწერა, რომელიც ფერადოვანი არქიტექტურიდანაა ამოზრდილი, სწორედ ამ პროცესით აღწევს ის საკუთარ თავისუფლებას და დამოუკიდებელ ერთეულად იბადება. აქედან იქმნება დინამიკური ფერთა სიბრტყე, რომელზედაც ან მოძრაობის ვექტორის დანახვა ან კოსმიურ სივრცესთან ზიარებაა შესაძლებელი. მალევიჩის მხრიდან, ეს დროის და სიჩქარის ახალი მგრძნობელობის გადმოცემის მცდელობა იყო, რადგან ყოველი კონკრეტული ფერი, საკუთარი კომპოზიციური სტრუქტურითა და შინაგანი კონცენტრაციით თითქოს მიზიდულობის ძალის წინააღმდეგ, მისი გადალახვისა და ღია სივრცეში გაფრენისაკენ იყო მიმართული. თუკი ქაოსი - მუდმივი  მოძრაობაა, სიმბოლურობის ნეგატიური მაქსიმუმი, რომელიც შავი ფერის სახითაა გადმოცემული, მაშინ კოსმოსი - ყველანაირი შესაძლებლობის აბსოლუტური იდეა გახლავთ, უსაზღვრო სიმშვიდე, რომელსაც ცნობიერება უტილიტარული სამყაროსაგან გათავისუფლების შედგომ ეზიარა. ე.წ. „ თეთრი სუპრემატიზმი „ შავი ფერის და მისი დინამიკური განუსაზღველობის უმაღლესი ფორმაა. თეთრი ტილო  ემპირიული შემოფარგლულობიდან მეტაფიზიკური გასვლის შესაძლებლობას ინარჩუნებს, ეს კი მალევიჩისათვის შინაგანი მსოფლმხედველური კოორდინატების განულებასთან ასოცირდებოდა, გამოდის, რომ ამ საოცარი სანახაობის დასასრული არ შეიძლებოდა  მხატვრობის კვლავაც ნულოვანი მდგომარეობა არ ყოფილიყო, ისე როგორც „ შავი კვადრატის „ პერიოდში.

მალევიჩის და ზოგადად ავანგარდის სივრცითი სისტემა ერთგვარ ვაკუუმში ვითარდება, სწორედ ეს გახლდათ ამ ხელოვანთათვის „ ფერწერა, როგორც ასეთი“, რომელშიაც ფორმა თავისთავადაა მშვენიერი და არა იმის გამო, რომ რაღაცასთან მიმართებაში არსებობს. ასეთი პირველ რიგში გეომეტრიული ფორმებია, სწორედ მათი მეშვეობით გვესაუბრება დიდი ავტორი ცალკეულსა და მთლიანზე, ერთეულსა და მრავლობითზე... ასეთია მისი სივრცე, ფერწერული ეკონომიის ლაბირინთი, რომელშიაც ადამიანს არ აქვს ადგილი, იქნებ ის არც ყოფილა ამ ფერთა მუსიკითვის შექმნილი და ჩაფიქრებული? 

მალევიჩის მთელი შემოქმედება ერთგვარი ბუნტი იყო, პროტესტი კლასიკური ფომრებისადმი, განსაკუთრებით კი ანტიკური მემკვიდრეობისადმი, სწორედ იქ ჩნდება პირველად საგანთა სასრულობის შესახებ კონცეფცია, რომელიც ასეთი უცხო გახლდათ მისთვის, პირიქით, ის სწორედ ამ საზღვრების გარღვევას ცდილობდა, ამით კი საგნობრივობის ახალ პროექციას, ახალ მგრნძნობელობას უდებდა საფუძველს. იგი, როგორც ხელოვანი და როგორც მოაზროვე მზაობას უცხადებს სიცარიელეს, არყოფნას, არარას, რომელმაც უკვე შეიცნო ნიცშეს ღმერთის სიკვდილის შემგომ გაჩენილი ონტოლოგიური უფსკრულის საზღვრები. რა ურთიერთობა აქვს ამ სიცარიელეს ადამიანთან? მასსა და ამ მუდმივი გაუჩინარების წინარე მყოფ სივრცეს შორის, მალევიჩისათვის აბსოლუტი დგას, ღმერთი, რომელიც იერარქიულობის მწვერვალია, ამიტომაც ადამიანი ამ სიმეტრიის წესებს მისდევს, მხოლოდ ასე აქვს  შანსი გახდეს უსაგნო, გათავისუფლდეს ყოველივე არსებულისაგან, ეზიაროს სიცარიელეს, რომელშიაც თავის წინაშე ისევ აბსოლუტს იხილავს.

ფერწერის ფილოსოფიაზე ფიქრისას მალევიჩი ნელნელა ხელოვნების, როგორც შემეცნების, თვითკმარი , აბსოლუტურად დამოუკიდებელი სისტემის იდეას მიუახლოვდა. შემოქმედება მუდმივ ცვალებადობას გულისხმობს, მზა ფორმების გამოყენება, მისი ენით სამყაროს შეცნობის დროს შეუძლებელია. მალევიჩიც ამ ფორმათა ახლიდან აღმოჩენისაკენ მოგვიწოდებს, გეომეტრიული ფორმა, მას ერთგვარ ათვლის წერილად ესახება, ფორმათა გეომეტრიული წესრიგი მომენტალურად პროდუცირდება იდეალური კატეგორიების სამყაროში, რომლებიც ინდივიდუალური ცნობიერების მიერ ინტენციონალურად აღიქმება, ეს მალევიჩისეული გნოსეოლოგიაა.

როგორც ყველა უტოპიას ჩვენ შემოსაზღვრულ ყოფიერებაში, მეოცე საუკუნის დასაწყისის ადრეულ მოდერნსაც, მთელი თავისი გრანდიოზულობისა და კულტურული გამბედაობის მიუხედავად წინ იმედების გაცრუება ელოდა, კოსმიურმა აბსტრაქციამ, მალევიჩის მიზანმა, ხელოვნების ენაზე გამოეხატა უკიდეგანობისა და განუსაზღვრელობის განცდა, ნელ-ნელა ფერწერის გარდაცვალების სახე მიიღო. რთული სათქმელია რისგან რა იბადება, როდესაც ხელოვნებასა და კულტურაზე ვსაუბრობთ, ქრონოლოგიური ჩარჩოებითა და დეტერმინისტული იმპულსებით მდიდარ ისტორიას ცოტა რამ აქვს საერთო ისტორიის ფარულ, ამოუხსნელ მდინარებასთან, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ პოსტმოდერნულ მგრძნობელობაზე და კულტურის იმ ტოტალურ კრიზისზე, რომელზედაც დღეს ყველა ლაპარაკობს, ფიქრი და დაკვირვება რთული წარმოსადგენი იქნებოდა მალევიჩისა და მეოცე საუკუნის რუსული და ევროპული ავანგარდის ფანტასმაგორიული ზმანებებისათვის გვერდის ავლის გარეშე.  


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.