ღვინის სისწრაფით





პოეზია

ღვინის სისწრაფით




თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
       ჭიქა საჰაერო ბურთი, ხვეულა—
რა არის ღვინის შიგნეულობის სახე?
 
                                                 გაშეშებული, მტრულმა
მწერებმა წამიღეს და ჩამტენეს თავიანთ კომპოსტში,
კარგი მასალა ბუდის სამაგრებისთვის, ალბათ საწვავი
კალიის მწვადისთვის. და მაინც, ძილის დროსაც სმას
განვაგრძობდი, ღვინის სისწრაფით მძინარე,
რადგან მომეწყო ჩემი სიზმარსხეული სრული მღვიმით
იქ ქრეინი იყო!  ზურგით მოქმედებისკენ,
დამახინჯებებს თხრიდა ფალსტაფის მუცლიან მათარებში.
თავისი თვითმკვლელობის დანები გასაოცარ წნელჯოხებად დაახვავა
          როცა დავჯექი,        და მკითხა,
ისე, თითქოს მიცნობდა, რომელს ავირჩევდი.
ის მომწონს კურდღლის ყურს რომ წააგავს, ვუთხარი მე,
ან ის უჩვეულო გროვის ფსკერზე,
მიქელანჯელოს ხის ქანდაკება
რომელშიც თავისი თავი გამოუსახავს, დამწუხრებული, ჯვარს დაყრდნობილი
 
უშველებელი ბაყაყი
პანჩინო პალასის სამზარეულოდან ამოხტა
თან უზნეობის ლანგარს იწონასწორებდა ცალ მოცახცახე ფეხზე.
 
ჩემი იდეა ისაა, ვუთხარი ჰართს, რომ უძუძუებო ქალი დავკერო,
ფრთებით ძუძუების ნაცვლად,
რომლის მკერდიც უდედიერად ტკაცუნა ზეთის ტაფაა,
მოკლედ, ჩვენი სული,    რატომ არ ვცადოთ საკუთარი სულის დაკერვა, მრავალფეროვნებისთვის
კვამლსადენში კოჭისებრ შეცურების ნაცვლად?
 
ქრეინმა წყვილი ციცქნა მაკრატელი ამოპუტა თავისი შიდა პერანგის ჯიბიდან და ცხვირი წაიჭრა,
შემდეგ შემომიბრუნდა, ზრდადი წითელი ველით თვალებს შორის.
მაშინღა დავინახე მისი კიბის ჭრილი, და რამდენად იკლაკნებოდა ის მის ტვინში.
 
ასანთს გამოვკარი, და სისხლი გაშავდა,
გამოვკარი მეორეს, და უმწეო კურარემ იწყო მის თვალთაგან ღვენთა.
 
„პოეტებს სიკვდილში სჭირდებათ პოეტები სიცოცხლეში,“ აქვითინდა,
„არა პარაზიტულად, ჩემო ძვირფასო გოგონა,
ჩვენ თქვენ აქ გვჭირდებით, სახე-ხატის წისქვილის ქვეშ,
სადაც სამსონის ფეხისგულები ერთგვარი ლიქიორია ჩვენი თვალებისთვის,
აქ, ჩრდილო ამერიკული ქვესკნელის სიცარიელეში,
ნებისმიერი სახე-ხატი, რომლესაც თქვენ გრეხთ მომწიფებული ზეთოვანების საწურში, წმინდა წყლის საჭიროებით დაჭიმულს,
მანანაა ჩვენთვის,
არა სახე-ხატი = არა საჭმელი,         ყველაფერი ასე მარტივადაა!“
 
ხელები ჯადოქრისმაგვარ voilà’დ აღმართა!
გრაფინი გაჩნდა, უფერული სითხის კრისტალური ბურთი
რომლის მიღმაც უნდა დამენახა. „ეს მიდუესტერნული მეორე მხარეა,“
განაგრძო ქრეინმა, „არგუმენტი, რომ იმის ნახევარი ხარ,
რაც შენი თავი გგონია, და რომ ამის დასაცავად
50 კილო მაინც უნდა დაიკლო,
რათა სამყაროს თითქმისკაცად ევლინებოდე,
რევმატულ თვალის კაკლის ჟელედ თვალბუდის ცილინდრში, ერთგვარ ღმერთად, ამ
დასავლური ღამის ტლალოკად.    —მოიცა, დამამთავრებინე.     მე ნაკადს ვკამათობდი
ჩემივე კასრების გავლით, უიტმენის მობილურ ხელზე გამობმული.
როთკოზე გიფიქრია?  ნახატები, რომლებითაც
ის ცდილობდა, სურრეალისტებს შეერთებოდა, სხვების მიერ იყო დახატული.
მერე შიგთავსი წაშალა თავისი ნაშრომებიდან.
რაც მანამდე სცენას წარმოადგენდა დრამისთვის
ახლა თვითონ იყო დრამა—სტატიკური, მართვადი, უწონო საბურავების ზვინები
რომელთა ინექციაც თავისი ორფული სისხლით შეეძლო.
საფასური საშინელი იყო, რომლის გაცვლაზეც მე უარი ვთქვი. ჩვენ ორივენი თვითმკვლელები ვართ,
მაგრამ მე ერთი კარიდან გავედი, როთკო - მეორიდან.“
 
შენ ნაპერწკალი ხარ, ქრეინ! და არა ქვესკნელი!
მე შემიძლია, თანაგიგრძნო და განვიცადო ამხანაგობის ჯაჭვი,
მაგრამ გონებას რომ ვიკრებ, შენს მიღმა ფი დელტის „ჯოჯოხეთის ოთახს“ ვხედავ
ვიცი, შანსი, საგნები შიგნიდან გარეთ დამენახა, 19 წლისამ დავკარგე,
როცა ხარისყლე ყელზე დავიხვიე და ვიდექი ასე, დამცირებული,
ისე, რომ ხელი არ შემიბრუნებია. კარიკატურა შეიძლება ოქსიმორონული შხამი იყოს,
და ჩემი სურვილი მაშინ დამარცხდა—თუნდაც მართალი იყოს, რომ ამ ფსევდო-სატანური ნადიმის ტკივილმა და უცნაურობამ
მომაბრუნეს, 3 წლის შემდეგ, ამ საქმისკენ.
ამრიგად, ქვესკნელის უმწიფარი სატირა
ჩემი პოეზიის მამად უნდა ვაღიარო. ანდა შეზღუდვად, რომელმაც გაწყვიტა ჩემი მოშვებულობა.
მაგრამ ამგვარია არავითარი მხარდაჭერა ქვესკნელის მხრიდან,
არავითარი პო განგრენესცენციური მეტროს შესასვლელთან . . .
მეორემხრივ, პო რიგითი პიროვნებაა და არა სისხვავის მწიფე ჭაობი,
თავის წევრობას რომ ყურში ჩასსისინებს მძინარე ცოცხალ ადამიანს.
ჩვენი იმაგინალური დანატოვარის ბირთვი ესაა: მაია, ბერძნები და ეგვიპტელები
არ გადმოგვცემენ თავიანთ ზღაპრულ წვენთა აყიროებს, რომლებშიც
ჭინკები ანათლებენ კობოლდებს, მართულნი პირქუში ფერიების მიერ. კაისაკუს ვფიცავ!
ისინი სლაიდებივით არიან, პროეცირებულები ჩვენ სახე-ხატთა ეკრანებზე!
ამ მიზეზით დავუბრუნდი, აგრარული მიწის გავლით, იმათ
ვინც, როგორც ჩანს, 20,000 წელი გაატარეს
ჭიდაობაში, რომ განედევნათ და შეეთრიათ ცხოველი თავიანთ თავებში . . .
ხვრელებით განსაზღვრული ხალხი!  მათ ისე ქვეგამოგვთხარეს
რომ ახლა თითქოს ყოველი ქვა სიცარიელეს ფარავდეს.
შენი და ჩემი რწმენის უკუსაყრდენი ეს იყო: ზედაპირი მყარია.
 
ქრეინმა თავი გადახარა.  „მე სივრცის მწოველი ვიყავი—
და შენ, შენ სიღრმის მწოველი ხარ, სიღრმეს
        იწოვ?“
 
მახეს მიგებდნენ, რათა ღამის მფურჩქნავი უფსკრული დამეცვა?
მხრები, რომლებზეც ყოველი დგას, მხრები, რომლებიც არ არიან?
მუზა ანგელოზი დუენდე გაყინული 1000 ფსკერის სიღმრე ლეზ ეზიში?
 
„შენ ღორივით სკდები ქვესკნელური მონაჩმახით,“
დაიჭყანა ქრეინი, „გინდა შენი თავის ნაკლული ამბავი იპოვო
და არცერთი პერსონალური თუ ტრანსპერსონალური მითი ან ფსიქოანალიზი არ გამოდგება.
უჩვეულო ისაა, რომ პოტენციურ მე’დ
ორმაგი ცემის გზით გამოიკვეთე: მამაშენის და ფი დელტ ‘აქტივების’.
შენთვის, შემოქმედება კატასტროფაზე კონტრ-შეტევაა
და სადაც კი წახვალ მემკვიდრეობას თან წაიღებ.
შენი გასაჭირი ის აღმოჩენაა, რომ მამით-ჩახერგილი კარის მიღმა
ხელკეტიანი ვაჟები დგანან.“
 
ის თავის სახეზე ჯღაპნიდა, თითქოს შავი ფურცელი ყოფილიყო—
თვალებს ერთად აამოძრავებდა, ანდა ცალ წარბს შეიჭამდა, მერე ყურიდან გამოიღებდა.
„ახალი ანატომიები,“ დაიკრიჭა, „აჰა, ცარცი გამომართვი . . .“
მერე ცხვირი დაიპინოქიოვა, და თქვა:
„იესო, რომელიც ხორცში მუშაობდა, ყველა პოეტისთვის გამოწვევაა.
სურვილი, როგორც ის არტომ მოთხრო, ადამიანის სხეულის გარდაქმნაა,
მისგან ორგანოების მოშორება, მისი ნამდვილი ცეკვისთვის აღჭურვა.
ჩემი ტრიუკით ორიზაბას მიღმა რომ შევისანსლე,
დასაშლელ სივრცეში ამოვყავი თავი,
ბრაგაბრუგით თავჩაქუჩას ხორხისმიერებში
რომელმაც ჩემი ტრაკი მოსწყვიტა—რა უნდა მეთქვა, ‘მსუბუქ ქურთუკს’?
დიონისური მოძრაობა თვითნებური პერისტალტიკაა, საკუთარი სიზმრების მასაჭევებელი,
სადაც უიტმენი და დიკინსონი იკვეთებიან, ქერა გველი იჩეკება,
შენი თეთრი აპოლონის ბუდობისა. თვალებში ჩამხედე, მის ძმებს იხილავ.“
 
რომ ჩავხედე მის ირისებს დალურჯებული ქუთუთოების მიღმა,
ტყუპმა მარჯნის გველმა, პირში კუდებით, იწყო ტრიალი
იმის გარშემო, რაც დარჩენილიყო ქრეინის დამფრთხალი, შემბრალებელი თვალის გუგებისგან.
ისინი იყვნენ მისი ნაკლული ამბავი? ის, რომელიც ყველას გვაკლია,
სანამ უფსკრულის ფიცს არ დავდებთ და არ ვაკურთხებთ იმ სივრცეს
რომელშიც მკვდრები გვწვდებიან და გვაფრთხილებენ თავიანთი ბზრიალა თვალებით
რომ არასრული სარკინიგზო ნიშნები განლაგებულია ყველგან, სადაც კი მივიხედავთ?
ქრეინმა კლანჭები მომიღერა, მე უკან გავხტი, მისმა კლანჭმა
კი სრული წრე შეკრა და მის მეორე მხარში ჩაჯდა.
მერე მან მოიგლიჯა თავის ბრჭყალ-მხარი და ცალ თვალში გაირჭო,
მეორე თვალი კეფიდან დაიჭირა,
ჩასანსლა, ელვა გაიგლიჯა და თვალთა მწკრივი მოფსა.
მობიუსის ეფექტი, რადგან არაფერი გამქრალა.
„ქვესკნელში ყველაფერი სხვა ყველაფერს ერგება,“
გაიცინა მან. ვან გოგზე ვფიქრობდი,
ვუთხარი მე, ყვავები ხორბლის მდელოს თავზე მისი ბოლო ნახატი არ იყო.
ყვავები 2 კვირით ადრე დახატა, ვიდრე დობინის ბაღების 2 ვარიანტი.
 
       „ნაყვავილარი ნაყარი ქვემო
ცენტრალურ ნაწილში მძვინვარეა,“ აღმოხდა ქრეინს, „თითქოს ვინსენტს
მასში დაემარხოს თავი, არა ველურ ბუნებაში,
არამედ სხვა მხატვრის ეზოში!  ბოლოს და ბოლოს, უმეტესობას საშუალო ფენა ეძვირფასება ყველაზე მეტად.
მითუმეტეს რომ ხელოვანთა უმეტესობა საშუალო ფენიდანაა.
შელი ქარიანი და წმინდაა, თითქოს მისი სიტყვები სამყაროთაშორის,
ან სიტყვათაშორის მოტივტივე სივრცეებია, მარადიულის მოთხოვნა მეტისმეტად გულუბრყვილოა.
იერუსალიმი ბლეიკის მუშათა კლასის სტამბითაა გაპოხილი.
ჩემთვის ცნობილია, რომ ბანტინგმა გითხრა, ბლეიკი „პოეზიის სისაძაგლეაო“.
ბანტინგი შიშობდა, რომ ბლეიკი გამოცდილებას თაბაშირის სხმულში ტენიდა,
რელიგიურ ყალბისმქმნელობად აქცევდა. ამიტომაც
მოათავსა ბლეიკის მოჩვენებამ ორივე კონტაქტური ლინზა ბეზილის მარჯვენა თვალში იმ ღამით,
რათა ეჩვენებინა, რომ ბეზილმა მხოლოდ ზერელედ გადახედა ნახევარს, მეორე ნახევარი კი საერთოდ არ დაუნახავს.
მაგრამ, მოდი, გვეყო ლიტერატურაზე.
ამით მხოლოდ ის მტკიცდება, რამდენად გვაღელვებს შეუსაბამობა
იმას შორის რაც განგვეზრახა, და რაც, როგორც ჩანს, ვქენით.
პეგი ქაულის საოცარი მუტელი ჰქონდა. ვერასდროს შევძელი მისი აღდგენა
როგორც არ უნდა გარდავქმნა ჩემი სხეული“
მერე ლორა რაიდინგი დააციტირა: „სანამ ჩვენივე თავების ნაკლული ამბავი არ გამოითქმება,
არაფერი სხვამხრივ თქმული საკმარისი არ იქნება: ჩუმად განვაგრძობთ მის წადილს.“
 
ეგ ქალი მოტყანი, ჰართ?
 
„აბა რა, მაგრამ არა იმგვარად როგორც შენ შემთხზავდი.
შენ გავიწყდება: მე ცეცხლის ფსიქოანალიზამდე ვიშვი,
და ასე შევინარჩუნე ჩემი პრომეთეული საგუშაგო. ბრალეული ვიყავი, უოლტის ქვეშ,
მწვავე ბრალით, მაგრუნტირებელი,
სხვა არრა იყო—ტიტანური განზრახვა!
კომიკური, სულაც, მაგრამ ხელოვნება ამბოხია წინასწარგანსაზღვრული ძრწოლის წინააღმდეგ.
რითმები? გრეისის და კლერენსის—გაკრიალება!—ხელბორკილები, გალოკილ-გაკრიალებული მადლი, ორიზაბა ვარდნა!“
 
შენს „ქრისტეს ცრემლებს“ 2000 წლიანი თავსატეხის ძალა აქვს,
ან აჯობებს ვთქვა, მე ვიღვარე მის დალურსმნულ ფეხებად 20 წლის მანძილზე
და ჯერაც წინ მაქვს მისი სითხისგან დაცლის ხილვა.
სულ მაღლა ღრმად ჯვარცმული გედი და თხაა,
და რაც მის თავს შეეხება, მაგონდება კოატლიკუეს ღვთისმშობელი,
რომლის თავიც 2 პირისპირ მიკრული ჩხრიალა გველის თავისგან შედგება—
ის ერთ-ერთი მათგანის მარცხენა თვალით გვიყურებს, ერთ-ერთის მარჯვენათი,
რათა მიგვანიშნოს, რომ ყოველი რამის ბოლო ახალი წყევლის დასაწყისია.
 
„განვითარება ფოლადის წვიმაა,“
ჩაფიქრდა ქრეინი, „ჩვენ მაშინ ვწერთ, როდესაც ფსიქე აღიძვრება.
ესაა ჩვენი ბირთვი, სატაცური უნდა გვევრცელებინა,
და გვეპოვა სილამაზე ყოველ მიწიერ განვრცობაში,
გუანოს ატოლებში, კარავაჯოს ხეშეშ ქუსლებში.
ახლა სულს ის მოეთხოვება, აკურთხოს ეს ძალები, ჯერაც ადამიანურ ფორმას არ ღირსებულნი,
გარეთ გაიტანოს სხეულის ქვედა ნაწილი მანამ, სანამ მისი მთრგუნველი ღუმელები ყველა სამყაროს არ დაანთებენ.
მაგრამ შენ აქ დაამთავრებ“—შემომაშტერდა—
„ამ უსაზარლეს დროში, მიუხედავად. მიუხედავად ბავშვებისა,
მატლების მიუხედავად. მიუხედავად, ამერიკის სახელწოდება,
არ გინდა შენს ლექსს „მიუხედავად“ დაარქვა?“
 
არ გინდა შენს საფლავის ქვას „წამლეთ“ მიარჭო?,
ვთქვი დაუფიქრებლად, გაღიზიანებულმა მისი ამპარტავნებით.
მაგრამ ჭიქა ღვინომ გაავსო, და მის დალაქულ განზრახვებში სიმკვრივე დავინახე.
როგორც სპაისერი, ისიც ყველა თავის ლექსთან იწვა.
სპაისერზე რომ გავიფიქრი, ქრეინმა მომაჯადოებელი აქტი შეასრულა:
ბარის შიგნით რკინის ქურა გამოჭრა, რომლის ერთ გვერდზეც ამოქლონილიყო: ლ ე ქ ს ი
მერე, სახის ისე გამოყენებით, თითქოს საშლელი ყოფილიყო,
აცოცდა კიბეზე და გადაეშვა,
თითქოს ქურაში, რომლის მთლიანი გადახდილი თავიც წითლად ღვიოდა.
გადამხტარმა, ფრენაში გამოკიდულმა, თავი შემოაბრუნა და შემომხედა
სრულებით გასაოცარი გამომეტყველებით: თავი ისე მაგრძნობინა, თითქოს მისი პირველყოფილი ადგილი ვიყავი,
ვგულისხმობ, მის შემოხედვაში იყო მოწიწება სიძულვილი განცვიფრება სიხარული—და ლასკო!
რადგან იმ მარჯნის გველების უკან, მისი მზერა რომ ეყრდნობოდა, ბიზონები გროვდებოდნენ,
ისე, თითქოს მე, როგორც მოკვდავი არა-სისხვავე, ხელოვნებაში ნარევი ძუძუმწოვარი ვიყავი—
ხორცის ნაწილები ვიყავი? მისი კავშირი სასაკლაოსთან?
მერე უეცრად შეტრიალდა, თავისი ვარდნილი ნახტომი ’დ აქცია,
რა წამსაც ქურა Giant Steps’ად დაიშალა!
ერთი წამის შემდეგ, ქრეინთან ერთად ვიყაბი ქურაში,
მის ჩრდილო კედელზე მიდუღებული, ერთგვარი მაყურებელი, თუმცა თავი როტონდის რკინაზე
მიქლონილი მეჩვენებოდა. ქრეინი ალებში გახვეულიყო, ან ტალღებში, ან ზვირთებში, მოთამაშე და ხსნადი,
ზოგიერთ ალებს აყენებდა და გამოარჩევდა, როგორც ჯიქნებს, ან სირებს,
აგრძელებდა, შპილებად, სანთლებად, მერე გამოებმოდა,
სხეულის ნებისმიერი ნაწილით, ჭიპით, პირით, და ბრუნავდა,
ბზრიალებდა უმწეოდ, ექსტატურად, კაცი-პროპელერი,
მერე განიკამარებდა გედყვინთვურად და დაიწვებოდა მერე სხვა კენწეროზე.
უმეტესწილად თავი იყო, მისი ტანი - კოლიბრი.
ფრენდა, ერთდროულად თავისი თავის შიგნით და გარეთ,
ალებს ანექტარებდა, ტრიალიკვროდა.
ისე, თითქოს მთლიანად ნიღაბი ყოფილიყო, ტრიალებდა და ერთ ადგილას ეკიდა
უმსხვილესი ალის თავზე, სულ ერთი ბეწოთი. ქუთუთოები ეღუნებოდნენ, გარეგან და დაბლა,
ბებერ მომაკვდავ ახალშობილს ჰგავდა! 6 თვის ჩერჩილს!
ნელ-ნელა უკან-უკან განფეთქდა, ფიცის წინააღმდეგ, მის მეფობას რომ განავრცობდა,
შეიკუმშა ფეტალურ ზენიტად, და მერე გაიბერა, ციცქნა გამჭვირვალე დირიჟაბლი,
ელექტრული ქარით, და ამ წამს ქრეინის შიგნით ვიხილე
ატიკაის მახვილი, ძველ უმწეო ვარსკვლავთა, ნაკვერცვეთილთა,
კვლავ რომ აღიძვროდნენ შეწირულ პარკში—შეწირულ?   ჰო,
რადგან პოეზია პირველქმნილი გამახვილებაა, და თავის გაკერილ მკლავებში აღმართავს
წინამორბედი შემწყვილებლებით გატენილ პეონურ საწოლს,
მედუზას თეფშს, როგორც მაკარონულ ელვას.  მერე ჰართი კვლავ თავის სასიკვდილო კანში ჩაიღვარა
და მე შემომხედა, ისე, თითქოს ვაშლებს ყიდდა.
 
„ასკეზი“ თქვა აგდებულად, „ბლუმის ტკბობა ისაა, რომ კრიტიკული რენტგენით აჩვენოს
ლექსის კონტრა-ნატურუმ, მაგრამ რადგან თვით მას პოეზია არ დაუწერია,
უწევს უაროს-ატაროს, გესმის, აუმანკოვოს მისი კვერცხისებრი ჩასახება.
როგორც მე და შენ ვიცით, ლექსები მურენაპრალებიდან უნდა გამოათრიო,
ეს ბრაილის ნატვიფრები დავიწყებული ჩვილი ბრტყელთევზებისთვის,
მათი ფერმჭერები ერთობლივი ვალდებულებაა.
წიგნი ყოველთვის გვიანაა; წიგნი, სინამდვილეში, ნაგვიანებობაა.
ლიტერატურის კვამლი სიტყვიერ ნაკვერჩხალზეა დამოკიდებული. გვიანი 1960’იანების
ნაძარცვ ქუჩებში მოდის ჰაროლდ ბლუმი,
თან მოაქვს დაკარგული სამოთხის თავისი განთქმული წაკითხვა—
ისევე ამაღელვებელი, როგორც ჯეიმს ბოლდუინი, მოარული ჰარლემის დამსხვრეულ მინის ფურცლებში, ფიქრობს
მამამისის უსიტყვობებზე, მთელი ცხოვრების მანძილზე, თავის სულ ახლახან მომკვდარი მამის, ერთხელ რომ არ უთქვამს ალერსიანი სიტყვა ჯეიმსისთვის.
ნუ დავივიწყებთ, რომ ლასკოს კარქსოვილში,
კრიტიკოსი განუსხვავებელია პოეტისგან.
ჩვენ დამჭკნარი—თუ ზრდადი?—მოქანავე ლობიოს ღეროებით ვსაზრდოობთ,
რომელთა ფესვებიც დაფარულია, მიღებადი ემანაციებად,
მაგრამ უძრავი თანამედროვე რადიოებისთვის . . . კოკტოს ორფეოსი,
როლს-როისის რადიოსთან მოკალათებული, ხმაურიდან აზრის გამოტანას ცდილობდა,
ისევე, როგორც ყველა ჩვენგანი, საუკუნეების მანძილზე! აცნობიერებდა ორფეოსი,
რომ განავალი ოკეანოსის აფეთქებული ნაწილაკები იყო,
რომ რაც იფრქვეოდა, მისი რადიოს გზით, ღვთიური მასალა იყო
პყრობილ-მიმობნეული პანის სიკვდილიდან მოყოლებული?
ჩემი შავ-ბნელი გადმოსახედიდან, შენ მიერ ჩემი, როგორც ემანაციის,
და არა მოჩვენების, აღმოჩენა შენს ღვინონაკადში, მონაპოვარია შთაგონების მხრივ
და ცხოვრებაში ახალი უფსკრულის აღიარება.
მე თავი იმიტომ მოვიკალი, რომ ძირითად კოსმოსს გამოვთიშვოდი,
სირცხვილს ვგრძნობდი, არა როგორც ყლისმწოველი ან მოკრივის ტომარა მეცეცხლურთათვის . . .
მე გავიხლიჩე, რადგან მექსიკაშიც კი ვერ მივაგენი მერყევ ცის კამარას, ჩემი ბედის აწმყოში რომ მივეჭედებინე“.
 
მან დააბზრიალა თავისი La tache და დაიბრდღვინა:
„რამეთუ სმენა მხეცში რჩება,
და მხეცისაა, და მხეციდან უნდა გამოიტყნას,
პირდაპირი მნიშვნელობით, უნდა გამოიწუროს იმ მუშტისებრი ქისიდან,
ცოდნას რომ გაუმჭვირ შეინახავდა, იმ სათესლე-სადგურიდან,
იმ დუდუნბირთვიდან, ჩვილთა ღვთის გმობის კოშკი რომ ამოაბრუნა,
„გამოუთქმელი სისასტიკე იმისა,
რომ ცხოვრობდე და არავინ გყავდეს შენს გასამართლებლად . . .“
—ღვთის კარგვა? მაგრამ ჩვენ ღმერთი არასდროს გვყოლია, არც ღმერთები,
როგორც დასავლეთის პლაგიატორები, ეკლესიაში დავდიოდით,
არავის გველი არ შეუყვანია ჩვენს უნაზეს ნახვრეტში 12 წლის ასაკში,
და ღამე?  ღამე ოფელიურია,“ დაიღრიალა,
„მისი სხეული წყალში ღამის შეგრძნებაა
ჩვენს მიღმა რომ მისრიალებს,    ჩვენსკენ,     სანამ საგანთა კრობა
ისევ და ისევ ათავისუფლებს, სანამ უმანკო სილამაზე
ისევ და ისევ იძირება ჩვენი ღვარძლისა და დაბნეულობის ტბორულ შრეებში . . .“
 
ვამჩნევდი, რომ დაღლილიყო, რომ ნელ-ნელა სუბლიმაცია იპყრობდა.
რაღაც დროის მანძილზე არაფერი უთქვამს. მე ამდროს შიშველ კაცზე ვფიქრობდი ჰიროშიმადან
რომ დგას იმ ინფერნოში, თავისი ხელისგულით რომ იშვერს თავის თვალის კაკალს.
მე ვფიქრობდი ჩემს კოშმარზე, რომელშიც ეგ თვალის კაკალი
ცაზე აცოცდა და უშველებლად ჩემს თავზე გადმოეკიდა, ეგ თვალის კაკალი
ჩვენს მთვარეზე ძლევამოსილი, სინდისის სატელიტი,
ძირს ანათებდა, როგორც შვეულმფრენის სხივი, ყველაკაცის სახლის ეზოში . . .
 
ქრეინმა თასი პეშვში მოითავსა და პარალიზება კვლავ თავის მხრებში გაამტვრია,
მოუჭირა რა ჭიქას მანამ, სანამ ზურგში არ გადატყდა.
შემდეგ მოაგროვა თავისი ანატომია, თავი მომცროდ მოაქუჩა,
უთმო არსება თასის ძირას.
მეზღვაურივით გამომესალმა, ჩალად დაიგვერდა,
კიდემდე ჭოკად გადახტა, წამოიმართა და
თვალის ჩაკვრით ჩაყვინთა, თითქოს ამბობდა, ეს მანამდეც მიქნია!
და გაქრა ციცქნა ლაგუნის მეწამულ გრეხილსა თუ ლეთეში,
ალისფერი ძალმომრეობა რომ იგონებდა წრიულ თვითრწმენაში.
ახლა სად ყვინთავდა?  ღეროში რომ შეაღწია, მე ვარსკვლავები დავინახე.
ნუთუ ამ ხილვას ვრცელ ვულგარულობაში უნდა მივეშვი?
სალანძღავი სიტყვების თხევადი კუილი გამოიკლაკნა, და ის გამქრალიყო,
ვულგარული და მგლოვიარე, ვულგარული, ბულგარისა, ვულგარი და სრული.
 
 
 
 
 
 
 
[კომენტარი: რაც აშკარაა, ლექსის ტრაექტორია არქეტიპულ პოეტურ აქტს, მკვდრების საუფლოში / ქვესკნელში / ჰადესში დაშვებას ინსცენირებს (განსაკუთრებით, ალბათ, ოდისევსის დაშვებას და ტირესიასთან შეხვედრას ოდისეის XI სიმღერაში) - გასათვალისწინებელია ისიც, ალბათ, რომ ეს ტრაექტორია, ზოგადად, ეშელმანის (და, იქნებ, საერთოდ ყველა) პოეზიის მთავარი თემაა: დაშვება ქვესკნელში, როგორც არაცნობიერში, როგორც საკუთარ სხეულში, და, განსაკუთრებით მის პოეზიაში, როგორც დაშვება ქვესკნელის პირველქმნილ ნიმუშში: ზედა პალეოლითურ მოხატულ გამოქვაბულებში. (თავად ლექსის ფორმაა, ცხადია, ვერტიკალურად დაბლა დაშვება) რაც შეიძლება ნაკლებ თვალში საცემი იყოს ისაა, რომ ამ ლექსს სხვა თანამგზავრი თუ მოდელიც ჰყავს: ჩეხი პოეტის, ვლადიმირ ჰოლანის გრძელი ლექსი ღამე ჰამლეტთან, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთი მთავარი ლექსია და რომელიც ეშელმანმა ინგლისურად თარგმნა (ჰოლანთან პოეტს ღამით ეცხადება ჰამლეტის აჩრდილი და, გათენებამდე, გრძელ საუბარს აბამს მასთან).
„ჰამლეტის“ (ან ტირესიასის) ნაცვლად, მხლებელი მკვდარი აქ ჰართ ქრეინია, ეშელმანისთვის უმნიშვნელოვანესი ამერიკელი პოეტი („ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ჰართ ქრეინი იყო. ლექსებმა „ქრისტეს ცრემლები“ და „ღვინის სამხეცე“, ისევე შემძრეს, როგორც ბლეიკის ზოგიერთმა თხზულებამ. ეს ლექსები ჩემგან ითხოვდნენ, თავი განმევრცო, რათა ჩემში დატეულიყო საგანთა უჩვეულო აღქმა, რომელიც, ინტუიცია მკარნახობდა, არ იყო ნონსენსი ანდა უმიზნოდ რთული და გაუგებარი. ქრეინის მეტაფორული ცვლები მაგონებენ ბად პაუელის უწესრიგო ბიბოპ რიფებსა და ხაიმ სუტინის მიწისმძვრელ რუმბა პეიზაჟებს“ -- კ.ე.). ქრეინის ვიზიონერული პოეზია ორომსშორის პერიოდის ამერიკული პოეზიის ერთ-ერთი მწვერვალია; ამ ლექსის კითხვა შეიძლება გააღრმავოს და განავრცოს ქრეინის პოეზიისა და ცხოვრების ცოდნამ, მაგრამ აქ იმის თქმას ვიკმარებ, რომ პოეტმა 1932 წელს, 32 წლის ასაკში მოიკლა თავი - გადახტა გემი ორიზაბა’დან.
სხვამხრივ, აქაც, როგორც ყოველთვის, ეშელმანი ეყრდნობა გამოცდილებებს და ხდომილებებს საკუთარი ცხოვრებიდან, რაც ხანდახან ართულებს ცალკეული პასაჟების გაგებას კონტექსტის ცოდნის გარეშე. ვფიქრობ, აქ შეიძლება, აღინიშნოს ერთი ასეთი: კოლეჯის პერიოდში, ეშელმანი იყო ამერიკაში გავრცელებულ საძმოთაგან (fraternity) ერთის, Phi Delta Theta’ს წევრი; „აქტივებს“, რომლებსაც ლექსში ახსენებს, საძმოში გაწევრიანებულებს ეძახიან. ადამიანს, რომელსაც უნდოდა საძმოში გაწევრიანება, უნდა გაეარა არათუ მონური და სადისტური დამოკიდებულების გრძელი პერიოდი, უნდა გადაეტანა, აგრეთვე „ჯოჯოხეთური კვირა“ (hell week), რომლის დროსაც მისდამი დამოკიდებულება განსაკუთრებით სასტიკი იყო. თავად ეშელმანმა სამი წელი გაატარა ერთ ასეთ საძმოში, რისადმი ალუზიაც ფიგურირებს ამ ლექსშიც.]

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.