ფანჯრის თარო





პოეზია

ფანჯრის თარო




მე და ჩემი ძმა, სამზარეულოს ფანჯარაზე
ვსხედვართ, გაზაფხულია
და დედას ველოდებით.
წარმოსახვითი დეტექტივები ვართ,
ამიტომ მთელი ის დროა
გარეთ ვიყურებით
ბლოკნოტები გვიჭირავს და
დაკვირვებებს ვიწერთ.
ვხედავთ კატებს 
სახურავზე ნელა დადიან
ერთი წამოწოლილია, მეორე ჩუმად ეპარება
ალბათ დედა მალე მოვა.
ყველაფერი მომზადებული გვაქვს წინასწარ
რამე რომ დაგვჭირდეს, ჩანთებში გვიდევს
თუ უფრო დიდი ხანი მოგვიწევს ლოდინი.
დედა მოდის, ღია ფანჯრიდან ნიავი უბერავს და 
მერე მახსოვს
მარწყვებს ვრეცხავ. 
 
**
- ზღვაზე,
მე და ჩემი ძმა კარადაში ვსხედვართ 
და დედას ველოდებით.
ისევ დეტექტივები - ვართ
და დამნაშავე უნდა დავიჭიროთ
მნიშვნელოვან შეხვედრაზეა
შესაფერის დროს ველოდებით როდის დავაპატიმრებთ.
აქამდე ხუთი უკვე დავიჭირეთ,
სახელებით მოვუფიქრეთ
ჩამოვწერეთ ყველა პირადი მონაცემი
ვიცით ამის გარეშე ზღვაზე ვერ გავალთ.
 
**
შუადღის მზეზე ისევ დამნაშავეს ვეძებთ.
ზღვის სანაპიროს მივუყვებით და ყველა კენჭს
ვაკვირდებით, ყველა მნიშვნელოვანია.
ნაპირზე ამოტანილ ნავთან მივდივართ,
გარშემო ვუვლით. ჩემი ძმა
ზედ ახტება. ,,აქ ნამდვილად იყო’’
მე ქვეშ ვიყურები ,,ვისკის მარტო მიკი სვამს’’
საღამოს ვხვდები რომ მზემ ძალიან
დამწვა.
 
**
მარწყვის და მწვანე სალათის ფურცლების
სუნია, სამზარეულოში რომ იდგა.
სურსათის პარკებში თავის ჩაყოფა
დიდი თავგადასავალი იყო. 
 
                                                                                                                                  გაზაფხული, 2015
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.