ტყიბული - პასაჟები გამოქვაბულის კაცებზე





კრიტიკა/ესსე

ტყიბული - პასაჟები გამოქვაბულის კაცებზე




„აღვირახსნილი ორგიის დროს, N1 ყურთან უჩურჩულებს N2-ს: - ორგიის შემდეგ რას შვრები?“
J. Baudrillard
 
მითოლოგია 
 
გამოქვაბული უცოდინრობის ადგილია. სადაც არ იცი, რომ ხარ, ან; ვარიანტი N2 რატომ ხარ, უბრალოდ, იქ ყოველდღე უნდა მიხვიდე. მიირთმევ ღმერთების საკვებს, უყურებ [ა]ჩრდილებს და ყოველ საღამოს სისხლს და ოფლს გადიხარ განავალთან, ალკოჰოლთან, იაფფასიანი ნარკოტიკის ნარჩენებთან და ნიკოტინთან ერთად. ხანდახან, მონელებული პარაცეტამოლი და ანალგინი; წამალი/საწამლავი აქ სხვა არ არსებობს, დანარჩენი რომშია. აქ გამყოფებს მოძალადე ან გამყოფებს „ძალადობა თავისთავად“; და ცოდნისა და მცოდნე-განათლებულების ვალია შენ დაგიხსნან გამოქვაბულიდან; მოგცენ ცოდნა და სმარტ ფონი; რედუცირებული სექსისა და დეკონსტრუირებული სექსუალობის იდეები, რელიგიური ტოლერანტობა, მოქალაქის აღიარება, იდეები ლიბერალურ ნარკოპოლიტიკაზე, ასევე ცდილობენ დაუკითხავად შეგიცვალონ ჩანგრეული კბილები ინპლანტებით [ლამაზად რომ იღიმებოდე] და სხვა. მოგცენ ზოგადად „ცენტრი“ ტვინში და დასავლური ღირებულებების უსასრულო სიმულაციები (რისთვისაც, როგორც ამბობენ, ნამდვილად ღირს სიცოცხლე).
 
Step 2: რელიგია
 
ნელ-ნელა გამოქვაბულში ღმერთი ავიწყდებათ, გამოქვაბულში ჯერ ისევ ყველას ყავს თავისებური ღმერთი და მის ადგილს შიში იკავებს. ეს არაა შიში Evil-ის, ანუ, ისევ მეტაფიზიკური კანკალი - ეს მატერიალური შიშია; სიკვდილის მატერიის შიში; მიწაში ცოცხლად დამარხვის ან საკუთარი ფილტვების ჭამის შიში (ამავე დროს, შენ ცოცხალი ხარ და შენი ფილტვების გემოს გრძნობ). იდეებს მომავალზე ანაცვლებს შიმშილი და უფულობა საფულეში.
ცენტრი და ცოდნები - ანუ, Le Confort Moderne
 
თანამედროვე განმანათლებლობა/განმანათლებლები, ანუ, ახალი დროის აკადემია/აკადემიკოსები; პოლიტიკა/პოლიტიკოსები, ინოვაცია/ინოვატორები ან პირიქით, უკვე დიდი ხანია ზარ-ზეიმით აღნიშნავენ ფუნდამენტალიზმის დასასრულს და ლიბერალური დეცენტრალიზაციის დასაწყისს. ის/ისინი ხოტბას ასხამს/ასხამენ ეკლესიის და შესაბამისდ ნებისმიერი ინსტიტუციის შესუსტებას და სხვადასხვა მიკრო ტომების ემბლემების კონსტრუირებებს ქალაქებში [რაციონალიზმი კალკულაციების გარეშე].
 
თუმცა, საკითხი ასეც დგება: 
 
ყველა დისკურსი რიზომაა, რომელსაც თან ახლავს შიზო/პარანოია. ეს მონადები საკუთარი ფუნდამენტალური სპერმებით გამოირჩევიან და ყველა თესლობას საკუთარი დრო და სივრცე სჭირდება სააზროვნოდ; ყველა დისკურსი საკუთარ სიცოცხლეზე მსჯელობს და საკუთარ დროს და სივრცეს ქმნის. რეალურად, ის ფუნქციის სიმულაციას აწარმოებს და რეალურ დროს ფლანგავს, სივრცეებს კი აკავებს. ამ დროს, თითქოს გამოქვაბულში აღარაა სიცოცხლე, ან გამოქვაბული აღარაა სიცოცხლის ღირსი [ეს ერთი და იგივეა] - დრო და სივრცე სიცოცხლისთვის. დახსნილი წარმოსახვისთვის იქ მხოლოდ მუშები ჯვამენ და ეს შეიძლება ესთეტიკამდე გავამარტივოთ, სინამდვილეში კი მოქალაქის ვალი წუწუნია - ნწ; ნწ; ნწ...
 
გარიგებები
 
სმოკინგიანი პოლიტიკოსები ვიწრო დისკურსების შიზოებს უსმენენ და კულისებში „მამის“, „დედის“, „სიდედრის“ და „სიმამრის“ ნაჩუქარ [დეკლარირებულ] ფულს ითვლიან. რეალურად ყველაფერი კუპიურაში იცვლება და როგორც ჩანს ჯერ კრიპტო მხოლოდ შეგროვებისა და გამოგონებების სტადიებშია [რამდენიმე მატერიალური მოკვდინება, როგორც გვსმენია მის გამოც უკვე მოხდა]. თუმცა, ისიც იცვლება კუპიურებში, უბრალოდ არამყარი ცვლადით ... შიზო დისკურსები ქალაქში ამ საკითხზეც მსჯელობენ და გუგუნებენ. მხოლოდ ქალაქში; გამოქვაბულში დრაივერებსა სერვერებს ვერ გავაგრილებთ - ჰაერი არაა.
 
ისევ რელიგია
 
პარტიარქი უბრალოდ დაბერდა და საპატრიარქოს არ სცალია მისი წმინდა გვამი აქეთ-იქით ამოძრაოს ერთი-ორი სიტყვის სათქმელად; აგერ, თან შავი (და იმედია მალე დიდი) მანქანებიც იკრძალება. საპატრიარქოში ნერვიულობენ პატრიარქის უეცარ გარდაცვალებაზე, საქმეებია მოსასწრები. სიკვდილზე პასუხისმგებლობა ეროვნულმა სულიერებამ დიდი ხანია მოიხსნა, სწორედ ამიტომა წაერთვათ ღმერთი ღარიბებსაც კი.
.. თანაც, ჯერ ერთი, ქრისტე აღდგა და მეორეც „ეშმაკი დეტალებშია“ - ანუ, აქვე შეგვიძლია უცბად, ცოტა ხნით [წა]ვიმსჯელოთ/[წა]ვიტყნაუროთ აღდგა-ა სწორი ფორმა თუ აღსდგა? რომელია ტრადიცია და რომელი გრამატიკა? ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია და ყველა თემაზე .. საოცარი დროება დგას! თავისუფლების დროება!
.........................................
თუმცა, საპატრიარქოში ძალაუფლებები გადასანაწილებელია, ჯერ შეთანხმევა არ მომხრადა [ყოველშემთხვევაში საჯაროდ]. ამიტომ, საპატრიარქო სიკვდილის საკითხებში ვერ ჩაერევა. დიდი გარდაცვალებისთვის ემზადება და ბიზნესებს ვერ შეზღუდავს [ამისათვის ბიზნესები ქეშს იხდიან] ...
 
ოჯახი
 
გმირებს დამარხავენ. ერთი მკვდარი გმირის ოჯახი მეორე მკვდარი გმირის ოჯახს მიუსამძიმრებს. ერთი მეორესთან მივა და ასე შემდეგ. მისვლა-მოსვლა მითოლოგიებთან ახლოსაა. გმირებისთვის კი უსასრულო სივრცეებია ეკრანებზე და ქუჩებისა თუ სოფლების სახელებიც, სადაც დამშეული ტრადიციული [და არა ურბანული] ტომები ბინადრობენ გვამებსა და გმირებს ითხოვს სახელთა ცვლილებისთვის - რეალობის რეპროდუქციისთვის. ის საჭმელი კი, რომელსაც ჯერ კიდევ ქალი ამზადებს ოჯახში [ქალაქგარეთ ეს ჯერ ისევ ასე ხდება] და როლემიც, კაცს მიაქვს გამოქვაბულში მთელი დღე რომ იკმაროს - მის ქეშბექში გადაცვალოს - შესაწირის სახეს იღებს და იმდენად იაფია, რომ სიმბოლო ხდება - სამსხვერპლოა საბჭოთა რკინის ჯამში მკაცრი გამოქვაბულისთვის.
 
რიტუალი
 
„საზოგადოებას“ რადიკალურ წერტილად უკვე აქვს აღებული და მონიშნული ტერიტორია, სადაც რიტუალი იწყება და მთავრდება და პირიქით, მთავრდება და ახალი იწყება. იქ ერთხელ სიკვდილმა უკვე მიაფსა და ყველა გარკვევით გრძნობს მის სუნს, ანუ, ხედავს საგანს სადაც უნდა გაჩერდეს. იმის იქით ნამდვილი სიკვდილია და მასზე ლაპარაკი ხომ რეალურად შეუძლებელია, რატომღაც წინ წასვლა აღარ შეგვიძლია. ამიტომ, სიკვდილი და მისვლა-მოსვლა საკმარისია, მასზე მხოლოდ შეგვიძლია ვიჭორაოთ. აქ მთავრდება ჩვენი სიკვდილები ჩვენთვის. მერე მიწა და ისევ გამოქვაბული, უბრალოდ ჰორიზონტალის ნაცვლად აქ ვერტიკალია ტენდენციური, ან ცეცხლში ფერფლად ტრანსფორმაცია და უსასრულო, ჰორიზონტალური ოკეანე [„დეკონსტრუირებული“ პატრიოტიზმის შემთხვევაში ფერფლი შავი ზღვაში ხვდება] - ასეთი სიკვდილი ნამდვილად მითოლოგიური გარღვევაა, ვეღარაფერს იტყვი. თუმცა, რატომღაც გვეჩვენება, რომ ეს სეკულარული სიკვდილია. 
 
საზოგადოება
 
ნებისმიერ ფუნქციურ საზოგადოებას ერთი რამ ახასიათებს; დაწყებულს პრიმიტიულიდან დამთავრებულს ჩვენით - „დასავლურითა და ცივილურით“  - სწრაფად გაცვალოს და გაავრცელოს/მოიხმაროს ინფორმაცია. ადრე, როდესაც კონცენტრაციების დრო არსებობდა ავტომატურად არსებობდა ინფორმაციებიც, რომელიც პრაქსისში ტრანსფორმირდებოდა და მისი გადაწყვეტაც უკვე მხოლოდ დიალექტიკური მომენტი იყო, ანუ სინთეზირებული ფინიში. დღეს კი, ნებისმიერი ინფორმაცია უკვე ძველია, მისი ამბავი კი ავტომატურად ცარიელი ნარაცია - ფოტოები, ხატები და იმიჯები; და რეფლექსიაც მოძალადე იმიჯების ტემპებიდან გამომდინარე უკვე შეუძლებელი ხდება. აზროვნებას გართობა და თვითპრეზენტაცია ჯობნის, სუბიექტური თავგადასავლების დროში ძნელია მატერიალურ და მაშასადამე მართალ/მეცნიერულ/ეკონომიკურ ნარატივზე ფიქსაცია. ამ ყველაფერს კი მზარდი და უფრო და უფრო აჩქარებული სიმულაციური ორბტა აძლიერებს. ის მზადაა წამის მეასედში ნებისმიერი ძალაუფლებრივი ტრაგედია თუ გარღვევა მისი კლონით - ფარსით ჩაანაცვლოს, აზრი შეცვალოს, შინაარსი დააკორექტიროს [მაგალითად დამამცირებელი სერიული მკვლელობები, რომელიც ახლა და ადრეც მოხდა გამოქვაბულში და რომელიც სისტემურია, რეალური მიზეზი აქვს, მიწისძვრას შეტენოს - აქ დამნაშავე ბუნებაა, ანუ, გვაქვს ცოდვა და ეს მართალია, თუმცა, არ გვყავს ცოდვილი (ცოდვა ცოდვილის გარეშ). ბუნება კვლავ დაუძლეველი და უმკაცრესი ბარიერის მითოლოგიურ კონოტაციას იძენს, თუმცა ვხედავთ ქვეყანაში ხეთა მიგრაციებსაც...]
 
ამიტომ, აქ მთავრდება საზოგადოებაც და ეს ლოგიკურია, სუბიექტის სიკვდილს მისი [საზოგადოების] გარდაცვალებაც ავტომატურად უნდა მოჰყოლოდა - ასეც მოხდა. საზოგადოება ფუნქციონირებს მაშინ, როდესაც ის ქმედითი მედიუმია და მასში მიმოცვლილი ინფორმაცია არ ძველდება, არამედ, ვითარდება და გამუდმებით რეაბილიტირდება, ანუ [თუნდაც რეაბილიტირებულ] სუბიექტებში იცვლება და ქმნის ერთ, კონკრეტულ და მოწინავე აზრს. დღეს საზოგადოება „საჯარო სივრცეებისა“ და ამ „სივრცეების“ ნარატივების ქაოტური გაბნევაა, რომელსაც სამართალი ზღუდავს. 
 
სამართალი
 
სამართლის იდეა სიმეტრიული აღიარების ცნებაა; სადაც წესით მე=მე-ს. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ „მე“ მოკვდა და დისკურსი/საჯარო სივრცე არ უდრის დისკურსს/საჯარო სივრცეს. მოწოდება, რომ -  ყველა ყველას ტოლი და სწორია - დაიყვანება ფორმულამდე: ჩემი სხეული ჩემი საქმეა [და ნებება]. დღეს სამართალში ტექნოლოგიები შემოდიან და ხდებიან ისინი ღმერთების თანასწორნი. ყველა ერთად მივესალმოთ სოFიას - ემანსიპირებული არაბი ქალის ტექნოლოგიას.
 
Salut!
 
(ყველაფერი ეს კავშირშია მომხდარ ფაქტთან)
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.