• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

გოგონა, რომელიც მელოდა

×
ავტორის გვერდი ზელიმხან უძილაური 08 აპრილი, 2018 5667
ის უნივერსიტეტის წინ, გაჩერების სათვალთვალოზე იდგა და მე მელოდა. მე? იქნებ მე კი არა, ვიღაცას!? ცალი თვალით ანი სულ ტროლეიბუს-ავტობუსებს ზვერავდა, საიდანაც ის ‘მეკიარავიღაც’ უნდა გადმოსულიყო. ვინ იცის, იქნებ არც სცხელოდა იმ ‘მეკიარავიღაცას’ სიყვარულისათვის? ანდა ანი მარტო მე, თუნდაც მხოლოდ მე რატომ არ უნდა დამლოდებოდა? მაშინ მეეჭვებოდა, ახლა კი აღარ მეეჭვება რომ ნამდვილად მე მელოდა. თუმცა, ‘მაშინ თუ ახლა’ სადღაც დამეკარგა... ნეტავ უფრო როდის? ამაზე კარგად უნდა დავფიქრდე! ის მე ყველაფერს, ყველა დროს მავიწყებს, ამიტომ დროს ვაუქმებ:  მელოდა, მელოდებოდა, მომელოდა... მაგრამ ამავდროულად გათხოვდა, პროფესია შეიცვალა, იყოჩაღა, კიმენ-მეტაფრასების კვლევას შეეშვა და ჯანმრთელი ანუ ოჯახისთვის ვარგი სფერო იპოვა... იქმარშვილიანა და იშვილ-იქმრიანა, გემრიელადაც იკოტრიალა, ქმარიც გამოიცვალა და ცხოვრების სტილიც, ბარე ერთი-ორი საყვარელიც ზედმიაყოლა, მიაჩაროზა, არ ჩაირაზა ქმარსა და ქმარსშუა, კეთილდღეობასაც მოკბიჩა გემრიელად, საყვარელ საქმესაც მიაგნო და სხვა და სხვა. 
 
მაგრამ მთავარი ეს კი არაა, ეს ამოდენა რაღაცა, რაც მან გამოიარა, რომ არ დაიზარა და მოიცხოვრა, მთელი კუთვნილი დრო და საქმიანობა რომ თავის ღონიერ ლაჯებქვეშ მოიყოლია აქლემზე ამხედრებული რაქელის ღმერთუნიებივით... არა, ეს ყველაფერი ამაოა, არაფერია, არმომხდარია. მას ხომ ეს ყველაფერი არც კი შეუმჩნევია, უფრო ზუსტად და გასაგებად, მთავარი აქ ისაა რომ მან არ იცოდა თუ ამ ყველაფერს იქმოდა, არ იცოდა თუ ისაც ისე ცხოვრობდა როგორც ერთი ქალთაგანი. არა, მას ერთი წუთითაც კი არ გაუვლია გულში ლოდინის ღალატი, არც ჩემი ლოდინისა და არც იმ ვიღაცის ლოდინისა თუ მე არ მივიდოდი... ის სულ ისევ ისე, სულ იქვე  იდგა და მელოდა მუქწითელი და განიერი ტუჩებით, საუბრისას რომ ერთმანეთზე უწებდებოდა; მსახიობის მანერებითა და დახვეწილი, მშვენიერი ნაკვთებით; ოდნავ სევდიანი ღიმილით, წვრილი წელით, აცქვეტილი მკერდით; ლამაზად გამოყვანილი მუხლისთავებით, აბრეშუმის ჭრელი კაბითა და რაც მთავარია, მუხლებქვეშ მოტკეცილი შავი გეტრებით. ეტყობა ძალიან უჭერდა მას ის გეტრები, რადგან შესამჩნევად უწითლებდა იმ მუხლისქვეშეთს... ხან ოდნავ ქვემოთ ჩაიწევდა ხოლმე გეტრებს და მერე წითლად მოჩანდა რეზინის ის მონაჭერი: მოჭიკჭიკებული, ქალის ხორცის ფერშეცვლილი, გადაზოლილი მონაკვეთი ...
 
დიახ, ის იქ იდგა და გველოდა, - მოდი დავთმობ ეჭვიანობას, - მეც და ალბათ სხვასაც, გველოდა. დიდი დრო გავიდა, დიდძალი, იმდენი და ცოტა მეტიც,  რამდენისაც მაშინ ვიყავით მე და ანი. ამ ხნის განმავლობაში სულ რაღაცას მეჩურჩულებოდნენ ეს ჩემი ხელისგულები და გამაგონეს როგორც იქნა, რაც უნდოდათ... როგორც იქნა, ამიყოლიეს ამ ხელისგულებმა, ერთ მშვენიერ დღესაც წავყევი მათ, რათა მოჰფერებოდნენ იმ დატანჯულ ზოლს ანის მუხლთაქვეშეთში.  
 
ჩემი ხელისგულების ერთმა მოფერებამ  დააბრუნა ანი ნამდვილ ცხოვრებაში და მოარჩინა უსასრულო ლოდინის ტანჯვისაგან, დაუამა მას შეწუხებული კანი, ხორცი და სული. მოვიგლოთნე, მოვიურვე, შევირიგე, შევირგე. სიყვარულის ახსნაც კი არ დამჭირვებია, ისედაც იცოდა, და გულწრფელად შემინდო ანიმ ამდენხანს რომ ვალოდინე, ამდენხანს რომ  მრცხვენოდა უცებ  დავხრილიყავი, რათა ჩემი ხელისგულებისა და ჩვენი გულების ნებას ავყოლოდი!... 
 
6 აპრილი, 2018, თბილისი.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული