• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

კალიფორნიული შეპარდის პატარა ჩანაწერები

×
ილუსტრაცია: Mariana Mizarela
ავტორის გვერდი გიორგი წითური 12 აპრილი, 2018 3117
„შეუქცევადი პროცესია“ - დასძინა თეთრებში გამოწყობილმა  ბორისმა - “გენერალურ რეპეტიციამდე ვერ მიაღწევს.”  ერთი ხელის მოსმით გადაჭრა ჩემი ცხოვრება ამ ვითომ პროფესორმა. ექიმი მაინც იყოს, დიპლომი მაინც ქონდეს. თეთრები ჩაუცვია და ღმერთის ფუნქცია უკისრია ამ ნაძირალას. სცენაზე წამომჯდარა, მაღლიდან გვიყურებს და წყვეტს, ვინ ისუნთქოს და ვინ — არა.
 
„გეუბნები, ეგ ისეთ დღეშია, ვერ გაუძლებს, მალევე დაიცლება“, - წამოაყრანტალა კიდევ ერთი სიბრძნე ამ უნამუსომ. მერე შემამჩნია, ღრმად ჩაახველა და თითქოს აქაც არაფერიო , შეცვალა საუბრის თემა. ვერ გავძელი და უმალვე დავტოვე იქაურობა. გარეთ ისეთი მზე იყო, ისე ვყავდი მიზანში აყვანილი, ჩემს წინ არსებული ქუჩა ჩქარა რო არ გადამერბინა, ალბათ, ქვაფენილზევე დამტოვებდა. სულსაც გაადნობდა, მითუმეტეს, თუ იგი ცელოფანში იყო გახვეული. ჩემი სული რომ პატარა ცელოფნიდან სუნთქავდა და სადღაც კუჭსა და ყანყრატოს შორის იყო მოთავსებული, ეს მაშინაც ვიცოდი, სანამ ენას ამოვიდგამდი. ახლა, ამ სიცხეში, ჰო, წამიერად ვიგრძენი მისი სიმხურვალე, როგორ შეიკუმშა, დაპატარავდა და საერთოდაც გაქრებოდა ქვაფენილიდანვე, პატარა მაღაზიისთვის რომ არ შემეფარებინა თავი.
 
კალიფორნიაში ზოგადად ცხელა, მაგრამ ისეც არა, ფილმებში რომ უყვართ ჩვენება. დღეს ეტყობა მზესაც ზედმეტი მოუვიდა, სხივები ისე გააძლიერა, თავს მაღაზიაში ვუშველე. რატომღაც გახურებულზე ცივი წყლის მიღება შემეშინდა, ამიტომ ცხელს ცხელით ვუმასპინძლე და ყავა ჩამოვისხი. არ შემცდარვარ, ამ ქალაქში რამეს თუ შეიძლება ნამდვილი ვუწოდოთ,ზუსტადაც რომ ყავაა.
 
ზოგადად, ქალაქი მიგიღებს თუ არა, ამას უმალვე ხვდები. მე და ლოს-ანჯელესი კი წამის მეასედში დავმეგობრდით. არც წყლის გიჟი გახლდით და ვერც სერფზე წარმომედგინა საკუთარი თავი, თუმცა აეროპორტიდან ჰოლივუდის ნაქირავებ ბინამდე მე და ჩემი ცელოფანში გახვეული სული ისე შევეზილეთ ამ გამოგონილ ქალაქს, ეს მოზრდილი გზის მონაკვეთიც ბოლომდე ჩვენი გვეგონა. 
 
 „აღმოსავლეთით არაფერია“ - საღამოს ასე დაიწყო თავისი გამოსვლა დიმამ. ექთნის როლი უნდოდა ეთამაშა, თუმცა რეჟისორმა შენი პროგრესული აზროვნება ჩემთვის მიუღებელია, ამიტომ დაკმაყოფილდი, რასაც გაძლევო. დიმა თავიდან მოიღუშა, მაგრამ გადმოგდებულ ლუკმაზე მაინც ვერ თქვა უარი. აქ, ზოგადად, უარს არაფერზე ამბობენ, ხოლო თავს სხვისი ინსტაგრამის გვერდებით იმშვიდებენ. დიმაც ასე შვრებოდა, ნახევარი ჰოლივუდის ვარსკვლავეთი ჰყავდა თავის მობილურში გამოწერილი და როგორც კი დეპრესია შეუტევდა, ამ გვერდებს ისე ჩამოუვლიდა, გეგონებოდათ ყველას პირადად იცნობდა. არ ვამტყუნებდი, ყველას გადარჩენა გვსურდა და რაც უნდა ელაპარაკა ბორისს, მეც მათ რიგებში ვიყავი გაწევრიანებული — ვისაც სუნთქვა მაინც ყველაფერს ერჩივნა. 
 
ჰოლივუდში ყველა მსახიობები ვართ - მეც, დიმაც, ბორისიც, ჩვენი რეჟისორიც. როგორც კი აუტანელი ნაბიჭვარი მორჩებოდა ჩვენთან რეპეტიციას, წამიერად გარდაისახებოდა წარმატებულ არტისტად და არც ერთ გასაუბრებას არ გამოტოვებდა. ავტობუსის მძღოლი გინდათ? ინებეთ, ბატონო. დამლაგებელი? ითამაშებს, ბატონო. ყოფილი მზვერავი? არც ესაა დიდი პრობლემა! მართალია, ინგლისურში ცოტა ვკოჭლობდით, თუმცა ისეთი დარწმუნებული გახლდათ ჩვენი რეჟისორი თავის ძალებში, ხანდახან მეც ვტყუვდებოდი.
 
ამ ქალაქში უპატრონო ძაღლები არ არსებობს. უპატრონო ხალხი რამდენიც გინდა, ხოლო ძაღლი - ნურას უკაცრავად, რაც სრულებითაც მართალია. ალბათ, ლოს-ანჯელესი პირველი ქალაქია ქალაქთა შორის, რომელიც ზუსტად მიხვდა, კაცობრიობის შეცოდებას და მასზე ზრუნვას აზრი რომ არ აქვს. ამრიგად, სამყაროს მთავარ სიმბოლოდ ზუსტადაც ძაღლი აირჩია. ჩვენც ხშირად ვდგებოდით ოთხზე  და იმის მოლოდინში რომ ვინმე ყელსაბამს შეგვაბამდა, ქუჩაში დავძრწოდით. ეს კარგად იცოდა ჩვენმა რეჟისორმაც, რომელმაც დასაწყისშივე სათითაოდ ყველა არტისტს დაგვირიგა თითო სათამაშო ძვალი და ასე სიმბოლურად გადაწყვიტა მიზანსცენა, სადაც მე თავი გერმანულ ნაგაზად უნდა გამესაღებინა, ხოლო დიმა მოზდრილი შავი პუდელი უნდა ყოფილიყო. 
 
ბორისმა პროფესორის სახელი თავად შეირქვა, არადა ჩვეულებრივ ვეტექიმს თამაშობდა. წამოიმართებოდა და მეფე ლირის მზერით გადმოგვხედავდა, ხოლო ტექსტს ისეთი მონდომებით ჩაგვიკითხავდა, მართლაც ლირის მონოლოგი უფრო გეგონებოდა ვიდრე იმ ადამიანის, რომელიც თავის ოთხფეხა მეგობრებს ესაუბრებოდა. მე ტექსტი არ მქონდა, მხოლოდ ვყეფდი. რეჟისორმა, დიდი მისია გაკისრია - თვალებით უნდა მოიტანო შენი სათქმელიო. თვალები ისეთი დაღლილი მქონდა, იმდენ სიტყვას იტევდა, უეჭველი ჰამლეტის როლსაც მოვერეოდი. ამიტომ შევთავაზე რეჟისორს „ყოფნა-არყოფნაზე“ ვიფიქრებ და მაყურებლს ყველაფერს მივახვედრებ-მეთქი. ხუმრობა საქმეა, ორ წელიწადში უკვე სცენაზე ვიდექი და ჰამლეტს ვთამაშობდი! მართალია, ძაღლი ვიყავი, სახელიც არ მქონდა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი,სცენაზე ვინ ვიყავი.
 
დიმას ხშირად ეძინებოდა. არა, ყველას გვეძინებოდა, მაგრამ დიმას განსაკუთრებულად. მთელი დღე მიტოვებულთა თავშესაფარში მძღნერით სავსე ქოთნები დაჰქონდა, მერე რეპეტიციაზე მოვარდებოდა, ხოლო რეპეტიციის შემდეგ, რამეს თუ ხელს გამოვკრავდით, კიდევ იქით ვიყავით გასაქცევები. ბოლოს, ძილის წინ არაყი ჰო მაინც უნდა დაგველია? გადაღლილს უფრო არ გეძინება ხოლმე, არადა, დიმას გრაფიკში ძილი აუცილებელი მოცემულობა იყო. მას კი არასდროს ყოფნიდა არც ძილი, არც საჭმელი, არც არაყი. არასდროს არაფერი ყოფნიდა.
 
ერთხელ, იმ იშვიათ დღეს, როცა ძაღლები არც სცენაზე უნდა გვეთამაშა და არც ქუჩაში, ორი ბოთლი იაფფასიანი კალიფორნიული ღვინით დამადგა. უცნაური იყო, რომ არ შიოდა. ეტყობა, თავისი უკანალისთვის ჯიშიანი პარტნიორი აეგდო, რომელმაც გამრჯეობისთვის ორმაგად დააფინანსა და დააპურა კიდეც. 
 
ორი ჭიქის შემდეგ, დიმამ საყვარელი სიტყვები გაიმეორა: „აღმოსავლეთით არაფერია“ და ისე სევდიანად ამოისუნთქა, გული გადამეწურა. ვერასდროს ვხდებოდი, რას ნიშნავდა ეს სიტყვები, სანამ თვითონ არ გამომიტყდა - არც არაფერს, სადღაც სიმღერაში მოვისმინე და ჩამყვაო. 
 
ორი ბოთლის შემდეგ, რომელიც რათქმაუნდა არ გვეყო, ცოტა ჯინი დავაწიე სუფრას. ცალკე ჯინი ჩემმა მტერმა დალია, მაგრამ სხვა მაინც არაფერი იყო. „ერთჯერადი სუპები მაქვს, ამასობაში მოგშივდებოდა“- მეთქი. სასტიკი უარი განმიცხადა, სამოთხეში იყო და მისი შენარჩუნება სურდა, ხოლო სამოთხეში ალბათ ყველანაირი საკვები არსებობდა ერთჯერადი სუპების გარდა.
 
გვიანობამდე დარჩა. ბოლოს, მოდი ტაქსი გამოვიძახოთ და ვენისისკენ დავაწვეთო. ჩანს, არც თუ რომანტიულ ხასიათზე გახლდით, ამიტომ არ გავყევი. მეეჭვება, მარტო წასულიყო. ალბათ, ჩემგან შორს, კიდევ ერთი ბოთლი კალიფორნიული შეიძინა და მშვიდად მიაღწია სახლამდე. მეჩემთვის პირადად შენახული ლუდის გახსნა გადავწყვიტე, თუმცა, მალევე გადავიფიქრე. ხვალ დიდი საქმეები მელოდა.
 
პირველი, რაც მახსოვს, ოქროსფერი დიდი ცელოფანი ჩამომაცვეს თავზე, პირთან ოდნავ გახიეს და წითელი საწრუპი მომითავსეს შიგნით. საწრუპი რა ფერის იყო, ვერ ვხედავდი, თუმცა სანამ დამაბრმავებდნენ, იატაკზე მოყრილი წითელი ფერის საწრუპების მთელი ჯარი შევნიშნე, ლოგიკურად კი წარმოვიდგინე, თუ რა მედო პირში. 
ჩემთან ბნელოდა და ყურში მხოლოდ ათასგვარი სიცილი აღწევდა.
 
„საზერაკია!“ - ამათ მე სახლიდან გამოგდებული გოშია ჰო არ ვგონივარ-მეთქი, თან გავიფიქრე, როცა პირველი კოქტეილი გამოვიცანი და ჩემი გამარჯვებით გახარებული, ოდნავ არტისტული, თუმცა ზედმეტად ხელოვნური სიცილი გავიგე.
„პინია კოლადაა!“ - დაიყვირა ჩემმა მეზობელმა.
 
ჩემი ჯერი იყო. პირის რეცეპტორები დავძაბე, თუმცა სრულიად ტყუილად. წითელი საწრუპიდან ისეთი სითხე ჩამეღვარა, მის გამოცნობას დიდი ცოდნა ნამდვილად არ სჭირდებოდა. 
 
„ავიაცია!“ -ესენი ძალიან გამოცდილები არიან, კლასიკურ კოქტეილებს უნდა შევეშვათო-დასძინა ვიღაც უცნობმა.
პირველად ვიფიქრე, რაღაც ძალიან რთულს ამზადებენ-მეთქი, მაგრამ ასე 20 წუთის შემდეგ მივხვდი - საერთოდაც მობეზრებოდათ თამაში. მე ჩუმად ვსუნთქავდი, დრო მიდიოდა, ესეიგი ფული იწერებოდა, სანერვიულო არაფერი იყო. ასე ჯდომა სჯობდა, თორემ ამ იდიოტებს კიდევ რა დაარტყამდათ თავში, კაცმა არ იცოდა. 
 
სიბნელეში ფიქრებმა თავისით დაიწყეს თავში ბორიალი: მშობლიური ქალაქი, პირველი სიყვარული, სკოლის კიბეები, სოფლის ნათესაობა, ყველი და ლობიო. ისე, ლობიოს მართლაც შეჭამდა კაცი. ამათაც გაასინჯებდა, დიდ მათლაფას დავურიგებდი სათითაოდ ყველას და შედეგსაც იქვე დაველოდებოდი. 
 
თავზე რომ გადამხადეს, იდიოტივით მეღიმებოდა.
 
მერე ყველამ გავიხადეთ და ოთახის შუაში მოთავსებული სათამაშო კოსმოსური ხომალდის ირგვლივ რაღაც უცნაური ჟესტიკულაციით ხტუნვა დავიწყეთ. გეგონებოდა, ოთახის მთავარ წერტილში ქალღმერთი შობილიყოს, რომლის გაზრდასაც მხოლოდ ჩვენი შიშველი ცეკვა თუ უშველიდა. ერთ წამს მართლაც მომეჩვენა, რომ ჩემს წინ არსებული ხომალდი შიშველ ფიგურას დაემსგავსა, თვალები ჭერისკენ აღეპყრო და ფართოდ გაშლილი ხელებით არაამქვეყნიურ ძალებს უხმობდა. მეჩვენებოდა... რასაც ვერ ვიტყვი სათამაშო პატარა მფრინავ ობიექტზე, რომელმაც ჯერ გაანათა, დატრიალდა და ძალიან ნელა, უმნიშვნელო ბიძგებით იატაკს მოშორდა. მასპინძლებმა ღრმად ამოისუნთქეს, საოცრება მოხდაო, აწი სამყარო თავის ღერძს დაუბრუნდებაო, კაცობრიობა აღარ გადაშენდებაო. სულ ამაოდ, მაინც არაფერი გვეშველებოდა, მითუმეტეს, როცა ჩემგან მარჯვნივ მყოფ ასე, 42 წლის, ერთდროს ათლეტური მონახაზის პაროდიას, ხელში მწვანე ღილაკებით სავსე პულტი დავუნახე. უცნაურად ერთობოდნენ, ყველას თავისი აწუხებდა. მე მაგალითად - უმალვე სადმე თუ არ მოვშარდავდი, წნევა დამარტყამდა თავში.
 
სახლში მოსულს მალევე ჩამეძინა. იმ საღამოს არც ერთ სიზმარს არ გავხსენებივარ.
 
ყავით ხელში ავტობუსს ველოდებოდი, მობილურზე დიმამ რომ შემოუშვა ზარი. მიწაზე სამოთხესაც თავისი ლიმიტი აქვს ეტყობა. გადავურეკე. მომიკითხა და ფარულად შემაპარა - გუშინდელ დღესასწაულზე მოსახვედრი ბილეთი რომ გაგიხერხე, მაქედან 10 პროცენტი მე მეკუთვნისო. 20 დოლარისთვის თავს არ შევირცხვენდი და ზარს არ გამოვუშვებდი, რასაც თვითონვე მიხვდა და დააყოლა - ვიხუმრე, მხოლოდ ყავა წამომიღეო, ორი კოვზი შაქრით. 2 დოლარში გამოვძვერი.
დღეს გადაღება გვქონდა. ვინმეს სამშობლოდან რომ დაერეკა, ასეც ვეტყოდი: არ მცალია, გადაღებები მაქვს-მეთქი. არ მოვატყუებდი, უბრალოდ, ეს ის შემთხვევა იყო, კადრში საერთოდაც თუ არ გამოვჩნდებოდი,ზედმეტად გამიხარდებოდა. 
 
მე და დიმას ვიღაც ენერგიული, პატარა ზომის, ქერად საშინლად შეღებილი ქალბატონი მოგვიახლოვდა, გვარები გადაამოწმა და ხელის ეფექტური მოძრაობით გვანიშნა: წამომყევითო. ეს მოძრაობა,უეჭველად, დიდი ხნის დამუღამებული ჰქონდა. ჰოლივუდი ფუსფუსებდა: ზოგი განათებით დარბოდა, ზოგი კამერით ხელში, ზოგი კიდევ ისეთი ამოუცნობი ინსტრუმენტებით, კინოს გადაღებას ვგეგმავდით თუ მთვარეზე გაფრენას - არ ვიცოდი. 
კოსტიუმების მხატვარი ჩემი თეთრი კეტების შავი ნაჭრის შარვალთან შეხამებით კმაყოფილი დარჩა, ხოლო მუქი მწვანე მაისური ვარდისფრით შეცვალა.იმაზეც მადლობელი დავრჩი,სკაფანდრი რომ არ ჩამომაცვა თავზე. დიმას ბოლომდე გახადეს და რაღაც ველვეტის მაგვარი მოყავისფრო კოსტიუმით გამოპრანჭეს.
 
ვარსკვლავებს ველოდებოდით. გადაღება დახურულ ბარში უნდა გამართულიყო. ზუსტად ვინ უნდა მოსულიყო, არ ვიცოდით. დიმას დიდი იმედი ჰქონდა, ვარსკვლავი მისი მეგობარი ინსტაგრამელი იქნებოდა. მაშინ თავისუფლად ეტყოდა: შენს ფოტოზე ყველაზე მაგარი კომენტარის ავტორი მე ვარო და აუცილებლად აჩვენებდა. მერე შესაძლოა ცხოვრებაშიც დამეგობრებოდა, პროდიუსერზეც გასულიყო და სულ რამდენიმე წელიწადში უკვე მას დაველოდებოდით და არა ვიღაც ჰოლივუდელ უნამუსოს, ასე უპრობლემოდ რომ შეეძლო დაგვიანება. 
 
მაგიდაზე წყვილებად დაგვსვეს. მე ვიღაც ვლადივოსტოკელი, გვარიანად ნათრევი ქალბატონი შემხვდა, რომელმაც ზუსტად ისე იცოდა ინგლისური, როგორც მე ჩინური. არ იმჩნევდა, ხოლო რამეს თუ ჰკითხავდნენ, მხოლოდ თავს აქიცინებდა უცნაურად. სიმართლისთვის უნდა ითქვას - არც კითხვებით დაუღლიათ დიდად. 
 
საბჭოთა წარსულის გამო რუსული ვიცი და ვიფიქრე, გავამხნევებ-მეთქი. არანაირი რეაქცია, მხოლოდ ღიმილი.
„პაშლა ვ ჟოპუ“ - ცოტა მოურიდებლად ჩავილაპარაკე. მგონი ყველაფერ სიკეთესთან ერთად, ყრუც იყო, შემეცოდა და მზერა ბარისკენ გადავიტანე. მოქმედი ბარი იყო და არა დეკორაცია, რაც მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ სასმელიც ბუტაფორია არ იქნებოდა. დიმა ჩანაფიქრს ზუსტად ვერ მიმიხვდა და ბარს ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა. გამოცდილება აკლდა. ეგ არაფერი,იქ არ ვიყავი?!
 
სარდაფში ძალიან სწრაფად აღვმოვჩნდით, სადაც ხუთი კარიდან ხუთივე ღია აღმოჩნდა. მეგობრის თვალებში შიში ამოვიკითხე. რა უცნაური გრძნობაა შიში: მაშინაც შეუძლია მოგაკითხოს, როცა დასაკარგი არაფერია. მე და დიმას დასაკარგი ნამდვილად არაფერი გვქონდა, მაგრამ როცა მის მზერაში თხოვნაც გაერია „აქედან წავიდეთო“, მაშინ დანამდვილებით ვიცოდი, ვერაფერი გამაჩერებდა. პრიმიტიულმა ძალამ ყველა კუნთს დაუარა.
 
„ნუ გეშინია, არავინ ჩამოვა“ - დავამშვიდე დიმა, როცა მორიგი ვისკის ბოთლი შევათვალიერე და შარვალში ძლივს ჩავუტენე.ძვირი და უნიკალური ვერაფერი აღმოვაჩინე, რაც ნამდვილად საწყენი გახლდათ. კონიაკი რომ კონიაკია, ისიც 150 დოლარზე მეტი არ ეღირებოდა. ამრიგად, თამამად მოვხადე თავი და მოვიყუდე. დიმას შიშისგან დალევაც არ უნდოდა, მაგრამ სულმა ვერ მოუთმინა და ისეთი ძალით შეხვრიპა ნექტარი, ვიფიქრე, მთლიანად გამოცლის-მეთქი.
მალე დავთვერით და იქვე ჩამოვსხედით, არავის გავხსენებივართ. სამსახურში, რომელშიც საათობრივად გიხდიან, არავის რომ გაახსენდები, ესეიგი მართლაც დაკარგული ხარ, არა მარტო ხალხისთვის,არამედ ზოგადად სამყაროსთვისაც. ამას ორივე ვაცნობიერებდით, ამიტომ ხმას არ ვიღებდით და სულელურად ერთმანეთს ვუცინოდით. უცნაურია, მაგრამ ერთმანეთისთვის ამჟამად ძმებიც ვიყავით, ნათესავებიც და ყველაფერი, რაც ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენდა. 
სარდაფიდან დათვებივით გამოვძვერით, რომლებმაც დიდი ზამთარი გადაიტანეს და ახლა დამშეულები ყველაფერს მოედებოდნენ. სიმართლე გითხრათ, დიდი სიამოვნებით დავერეოდი ახლად გამოჩეკილ ჰოლივუდელებს, მაგრამ საღმა აზრმა გაიმარჯვა, მითუმეტეს, რომ დიმას ჩუმად ყოფნა ერჩივნა და ორი ბოთლი ვისკი ისე ჩაეტენა შარვალში, არქეოლოგიური ჯგუფი ვერ მიაგნებდა მათ.
 
მაგიდასთან დაბრუნებულს ხმა არ ამომიღია. თუმცა ვლადივოსტოკმა ალკოჰოლის სუნი უმალვე იგრძნო და თავი ხელებში ჩარგო. პირველი - მისი თავიდან წამოსული, სწორი შავი ხაზები შევამჩნიე, ერთმანეთში გადახლართვას რომ ლამობდნენ, შემდეგ თეთრი მტვერი, სადღაც მაღლიდან  რომ აცვიოდა შავ კონტურებს. „ალკოჰოლური მოწამვლა“ -ზუსტად ეს აზრი მეწვია თავში, როცა დიმას ხელი ზურგზე ვიგრძენი. ვარკვლავავები დღეს არ გვწყალობდნენ. უფრო ზუსტად კი, მთავარი გმირი ავად გამხდარა და გადაღებები გაურკვეველი ვადით შეჩერებულა. ჩვენთვის სულერთი იყო, უფულოდ მაინც არავინ გამოგვიშვებდა. ვლადივოსტოკის თავზე კი მთელი თოვლი მოსულიყო. გეფიცებით, უკვე დათოვლილი ხეების ჯარს ვხედავდი და შორეულ მზესაც შიგნით. დანამდვილებით ვიცოდი, სასმელთან ერთად არანაირი ჰალუცინოგენი არ მქონდა მიღებული. ტყე კი საპასუხოდ ფესვებს ზრდიდა დროებითი პარტნიორის თავზე და სადაცაა სულ დაფარავდა მის გრძელ, ხვეულ,ოდნავ დასაბან თავს.
 
„შენც ხედავ? “ -  შევჩივლე შეშინებულმა მეგობარს.
„მგონი, არ სუნთქავს“ - ზედმეტად გაკვირვებული სახით გადმომხედა დიმამ.
დიმას ტყე არ უხილავს, არც ის გაუგია როგორ გვითხრეს,სამართალდამცავების მოსვლამდე აქაურობას ვერავინ დატოვებთო. 
 
ღამის 12-ამდე პოლიცია ყოველი მხრიდან მიტევდა. ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს და ქალაქის არ დატოვების პროტოკოლზე ხელი მომაწერინეს. სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებამდე დროებით დათხოვილი ვიყავი. 
თავზე თოვლით - მაშა ყოფილა, ებრაელი გოგონა ვლადივოსტოკიდან. ეს მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შევიტყე. გარეთ გამოსული, მთელი გულით ვწუხდი, ასე მოურიდებლად ერთ ადგილას რომ გავუშვი, მაგრამ აბა საიდან უნდა მცოდნოდა სულ წამები  დარჩენოდა და სადაცაა სამუდამოდ იმ ტყეში მოხვდებოდა, ასე საოცრად რომ ჩანდა მის თავზე.
 
დიმამ, არაფერი გაქვს სანერვიულო, უეჭველად ამფეტამინის ზედოზა მიიღო მაგ საწყალმაო. თანაც, ამ ბოლო დროს იმდენი უხარისხო ნაგავი შემოყარეს, გასაკვირიც არაფერიაო. ახლა ზუსტად მივხვდი, რა მტვრით ივსებოდა ჩემს მიერ წარმოსახული ტყე. ეს ფანტელები არ გახლდათ, ეს უხარისხო ამფეტამინის მორიგი დოზები იყო.
 
იმ ღამეს ბევრი აღარ გვილაპარაკია. მე სახლისკენ წამოვედი ჩემი პორცია ვისკით, დიმა თავის გზას დაადგა.ზუსტად ვიცოდი - ხვალ დილით, მოპარულ ბოთლებს სიგარეტის რამდენიმე ბლოკში გადაცვლიდა. არ ვამტყუნებდი, მეც იგივეს ვიზამდი, მაშას ისტორია ასე რომ არ ჩამრჩეონოდა. დამალული ერთი ბოთლი ავტობუსშივე გავხსენი. წამით ვიწამე ღმერთი, ვლადივოსტოკელი გოგონას სახელი წარმოვთქვი და სითხე კუჭში გადავუშვი. ხვალ დიდი დღე იყო: სცენაზე ისევ ძაღლი უნდა მეთამაშა.
 
არ გაგიკვირდებათ და სიზმრებმა იმ ღამით ჩემზე, ფაქტობრივად, ძალა იხმარეს. ჯერ იყო შიშველი რომელიღაც მთის წვერზე შემომაგდეს, რომლიდანაც ნახევარი ღამე ვერ ჩამოვძვერი; ხოლო როცა ფეხი სასურველ მიწაზე უნდა შემედგა, მთელი ძალით იმ მტვერში მომისროლეს, ასე მოურიდებლად რომ უთეთრებდა თმას  ჩემს პარტნიორს. არაფრის მეშინოდა, პირიქით, რაღაც ძალითაც ვიყავი აღსავსე. გულში ამოუცნობი იმედი სუფევდა. მაშა არ მოსულა, თუმცა სიზმრის ყველა მონაკვეთში მის გამოჩენას ველოდი. 
 
რეპეტიციაზე დიმა ჩემზე ადრე მისულიყო. ყველამ ყველაფერი იცოდა და ისეთი გამომეტყველებით მიმზერდნენ, ეგრევე სცენაზე უნდა ავსულიყავი და ყეფის მაგივრად, მომეყოლა, თუ როგორ ჩამაკვდა ხელში უცნობი არსება. ოთხზე დადგომა ვამჯობინე. ეწყინათ, მაგრამ რას გააწყობდნენ.
 
„უფლის სახელით მოგიწოდებთ, ეწვიოთ ჩვენს კლინიკას“, - წამოიწყო მონოლოგი ბორისმა. ფორმაში არ იყო.„სამსახური დაუკარგავს“ - მოგვიანებით მახარა რეჟისორმა, როცა სცენის კუთხეში ჩემი პერსონაჟის სულიერ მდგომარეობას განვიხილავდით.
 
თავისი ერთადერთი მონოლოგი ისეთი მორიდებით წარმოთქვა, ვიფიქრე, მთვარი არტისტი ჩუმად შეგვიცვალეს-მეთქი.მომხდარი არავინ შევიმჩნიეთ, ბოლოს და ბოლოს იშოვიდა ახალ სამსახურს და კვლავ დაიბრუნებდა ძველ დიდებას, მაგრამ როცა შესვენებაზე მომიახლოვდა და ძმური სითბოთი თვის ბოლომდე ფული მთხოვა, მაშინ ნამდვილად დავიძაბე.
 
სახლიდან გააგდებდნენ, შიმშილით მოკვდებოდა, რეპეტიციამდე ვერ მოაღწევდა - წინ გადამიშალა თავისი მომავალი დღეები ბორისმა და ჩემს პასუხს მოუთმენლად დაელოდა. ვერ გავახარე და მის მომავალზე ჩემი ჭუჭყიანი კეტებით მოურიდებლად გავიარე, მაგრამ რჩევა არ დავიშურე და დიმასკენ გადავიმასამართე, მეც ხომ ადამიანი ვიყავი. იცოდა, დიმასგანაც ვერაფერს ეღირსებოდა, მაგრამ მაინც სცადა, დაიჯერა ჩემი ადამიანობის. ზოგადად, როცა გიჭირს, ყოველთვის ყველაფრის და ყველასი გჯერა, ასე უფრო კომფორტულად ხარ. 
 
რეპეტიცია ჩაგვეშალა. ბორისი ხასიათზე არ იყო. ხოლო როცა რეჟისორმა შენიშვნა მისცა, ყველას  მოგვდგა, სიცილისგან კინაღამ გავიგუდე. მე ორგული ვირიშვილი ვიყავი, დიმა ქალაჩუნა ნაბიჭვარი, ხოლო რეჟისორი ამბიციური ანუსი. ბოლოში, რაც ძალა ჰქონდა, ნახველი ამოიღო და პირდაპირ სცენას აჩუქა. გადაფურთხება ღმერთებსაც კარგი სცოდნიათ. 
დიმამ, ახალი ძაღლი ვიპოვოთ, მაგის მონოლოგს მეც მშვენივრად მოვერევიო.
 
საღამოს ჩვენებურებთან ვიყავი სადილზე დაპატიჟებული. გამოვეწყვე და ბევრი ტყუილისთვის მოვემზადე. რათქმაუნდა, მთელი დღის მანძილზე, არანაირ საკვებს არ გავკარებივარ, ვიცოდი, რამე გემრიელს მოამზადებდნენ. აი, ისეთ კერძებს, წარმოდგენა რომ არ გაქვს, რა ჰქვია, მაგრამ ისე გემრიელად გამოიყურება, სულსაც მისცემ, ოღონდ თითი-თითო კოვზი გადმოგიღონ. 
 
ქართული არაფერი იქნებოდა. რაც უფრო წარმატებულია ხოლმე ადამიანი, მით უფრო ახალი და უცნაური აინტერესებს და არა ის, რაზეც გაიზარდა. ლობიო მხოლოდ მე თუ მომენატრებოდა, აბა ესენი იტალიურზე ნაკლებს როგორ იკადრებდნენ.
 
მე გახლდით, ასევე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გაგებაში რომ არ იყვნენ, ლოს-ანჯელესში როგორ მოხვდნენ, და ჩვენი მასპინძლები.
 
საკმაოდ შეძლებული ოჯახი, აქ პოლიტიკური თავშესაფარი რომ ჰქონდათ მოთხოვნილი, სინამდვილეში კი იმდენი მოეპარათ და წამოეღოთ, სად დაეხარჯათ, აღარ იცოდნენ. ისხდნენ და ამზადებდნენ კერძებს, შიგადაშიგ კი ჩვენი ტყუილებით თავს ირთობდნენ.
 
პირველმა მე დავიწყე, საოცარი სამსახური მეპოვნა და სადაც იყო, საცხოვრებლად სანტა მონიკაში გადავინაცვლებდი. შენზე ნაკლები ვინ არისო. ჰოდა, რომ მოაღეს პირები მიჯნურებმა, იმდენი ილაპარაკეს, იმდენი ილაპარაკეს, ბოლოში ყველას ერთდროულად მოგვერიდა. სუფრაზე სიჩუმე ჩამოვარდა, ასეც იცის ბევრმა ტყუილმა.
 
ვუყურებდი და ვგრძნობდი, როგორ წამის მეასედში იხატებოდა ჩემს წინ მათი მომავალი. მიჯნურებს ვერაფერი უშველიდა, ისინი განწირული იყვნენ, მათ აღარაფერი გადაარჩენდა. ერთმანეთს ჩამოკიდებულები, ხევში ერთად გადავარდებოდნენ და იმასც ვერ მოიფიქრებდნენ, ერთურთი გაეწირათ, ხელი გაეშვათ, ასე მაინც იყო პატარა შანსი ცალ-ცალკე ხმელეთზე ამოსვლის. ვურჩევდი რამეს, დავუნგრევდი იდილიას, მაგრამ ჯერ საკუთარი თავი უნდა გადამერჩინა, სხვისთვის არ მეცალა. სამწუხაროდ, მთავარი ჭეშმარიტება არ იცოდნენ: მარტოობისთვის გაჩენილები რომ გახლდით და თუ გადარჩენა იყო მთავარი მიზანი, ამას მხოლოდ მარტო თუ მოვახერხებდით. 
 
„სპექტაკლზე როდის დაგვპატიჟებ ?“ - მკითხა მასპინძელმა, როცა პატარა სიგარების მოსაწევად აივანზე გავედით.
„მალე, კარგი პიესაა, მოგეწონება.“ - აბა ჰო არ ვეტყოდი, დღეს მთავარი მსახიობი დავკარგეთ-მეთქი.
„ჯენიმ“, - ასე ერქვა მის მეუღლეს, - „შენთვის სპეციალურად გადაალაგა გემრიელი საკვები.“
გაიხარე-მეთქი, უნდა მეთქვა, მაგრამ გავჩუმდი და სიგარას ზედმეტად ძლიერი ნაფაზი დავარტყი.
უკან წამოსულმა ფეხით გამოვისეირნე, გვიანი იყო, გზაზე ყველაფერი დაკეტილი დამხვდა, სიგარეტსაც ვერსად შეიძენდი. ერთ ხელში ბოლო 20 დოლარიანს ვათამაშებდი, მეორეში პატარა ცელოფანი მეჭირა, გემრიელი საჭმლით სავსე. არსად მეჩქარებოდა, ხვალ რეპეტიცია არ იყო, არც გადაღებაზე დაურეკავს ვინმეს, მოვსეირნობდი და ველოდი წამს, როცა სახლამდე კიდევ ერთხელ მომშივდებოდა,რათა მოურიდებლად ჩავმძვრალიყავი ნაჩუქარ ცელოფანში. 
მეტრომდე ნელი ნაბიჯებით მოვაღწიე. არავინ იყო, ერთ მთვრალ, საკმაოდ კარგად ჩაცმულ, ასე 50 წლის აზიური წარმოშობის მამაკაცს თუ არ ჩავთვლიდით. თავისთვის იჯდა, სავარაუდოდ ეძინა. წამიერად საყვარელი ამერიკელი მწერალი - ბეროუზი გამახსენდა და მისი ისტორიები. მეც ვიფიქრე, ამ ჩემისას გვერდით მივუჯდები და თუ ძალიან მთვრალია, საფულეს ამოვაცლი მეთქი. 
 
მივუახლოვდი, ალკოჰოლის სუნი უმალვე ვიგრძენი და ფრთხილად გვერდით დავუჯექი. კიდევ კარგი, გამახსენდა, ყველგან კამერები რომ განეთავსებინათ. აბა, ბეროუზს კამერების პრობლემა ნაკლებად თუ შეაწუხებდა. ზოგადად, პროგრესი რომ დაგვღუპავდა, ვიცოდი, დღეს კი ეს საკუთარ თავზეც ვიგრძენი. ვერაფერს ვიზამდი, მეორე დღეს იდიოტივით დამიჭერდნენ. რაღაც სხვა იყო მოსაფიქრებელი. ვუყურებდი პოტენციურ ფულს და თავში ათას გეგმას ვხატავდი. 
 
მატარებლის ხმა რომ გავიგე, გადაწყვეტილება თავისთავად მოვიდა. ერთგული მეგობარივით გავუყარე ხელი და ძლივძლივობით წამოვაყენე. ერთი შემომხედა, რაღაც წაიბურტყუნა და მთელი ძალით ძველი საყვარელივით მომეკრო. 
მატარებელში რამდენიმე უსახლკარო იყო. თითქმის ყველას ეძინა, ერთის გარდა, რომელიც ისე მომშტერებოდა, ხელსაც ვერ გავანძრევდი. ხუთი გაჩერება ასე გაუნძრევლად ვისხედით, სანამ ჩემი ჩასვლის დროც არ დადგა. მეგობარი წამოვაყენე, ნელა გამოვედი ბაქანზე. უსახლკაროც ისეთი ნაბიჯებით წამომყვა, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა. მზერა გავუსწორე, საჭმლით სავსე ცელოფანი დავდე და ფეხით მისკენ გავაჩოჩე. მოვშორდი თუ არა, უმალვე მისკენ დაიძრა. მე, ჩემი მეგობრითურთ, ესკალატორზე შევდგი ფეხი. 
 
გარეთ ნიავი უბერავდა, ქუჩას ჩამოვუყევი და ცარიელ, ოდნავ ბნელ კუთხეში ბორდიურზე ჩამოვსვი. ჯერ კიდევ გათიშული იყო. მართალია, შიგადაშიგ თვალებს ახელდა, თუმცა გონზე არც ერთხელ მოსულა. საფულეს ადვილად მივაგენი და გაუხსნელად ჩემს ჯიბეში დავაბინავე. უმალვე დავტოვე იქაურობა და სწრაფი ნაბიჯებით სახლისკენ გავქუსლე. 
 
200 დოლარი არ იყო ის თანხა, რომლისთვისაც ამდენი წვალება ღირდა, თუმცა როცა არც ახალი როლი ჩანს და არც ჰოლივუდელი ვარსკვლავის მალე გამოჯანმრთელების პერსპექტივა, ეს თანხაც დიდი საქმე იყო.
ხვალ ორი კალიფორნიულით დიმას დავადგებოდი. არ მენატრებოდა, უბრალოდ საშინლად მწყურდა კიდევ ერთხელ გამეგო რომელიღაც მივიწყებული სიმღერის ტექსტი იმის შესახებ, აღმოსავლეთით რომ არაფერი იყო დასაჭერი. მართალი გახლდათ ავტორი, აღმოსავლეთით მართლაც აღარაფერი იყო.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული