• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

აუდიტორია C 303

×
ავტორის გვერდი ოთარ ჯირკვალიშვილი 14 აპრილი, 2018 3570
ეძღვნება ქმრების მიერ მოკლულ ცოლებს
 
...შე ბოზო! - რას გულისხმობს ამგვარი მიმართვა? ვიდრე აუდიტორიაში შემოვიდოდი, შემოსასვლელთან, სადაც სტუდენტთა ერთი ჯგუფი იდგა, მსგავს ფრაზას მოვკარი ყური და ამიტომაც დავიწყე ლექცია ასეთი მკვეთრი შეკითხვით, რომელიც ჩვენს დღევანდელ თემას - „სოციალური სტერეოტიპები“ - კარგად ესადაგება. 
 
შეიძლება ის სტუდენტი, რომელმაც ეს რეპლიკა ისროლა, ახლა აქ ზის, ან სხედან ისინი, ვისაც არაერთხელ შეუმკია და მომავალშიც შეამკობს ქალს ასეთი ეპითეტით. ამიტომ გადავწყვიტე, მეკითხა, ეს მიმართვა - „შე ბოზო“, რას უნდა გულისხმობდეს თანამედროვე საზოგადოებაში და ემთხვევა თუ არა ამ ფრაზაში ჩადებული აზრი იმას, რასაც სხვა ეპოქებში გულისხმობდნენ? ან გულისხმობს თუ არა ყველა ინდივიდი ერთი და იმავე რამეს, როდესაც ამ სიტყვას წარმოთქვამს? ან სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებები თუ არიან ერთ საერთო აზრამდე მისულნი ამ საკითხთან დაკავშირებით? მხოლოდ ის არის მორალური, რაზეც საზოგადოება შეთანხმდა? რითი იზომება მორალი, - ქმედების მიზანშეწონილობით თუ მოტივაციის სისწორით? რა უფრო მორალურია, - როდესაც გაჭირვებულს ეხმარები, მაგრამ ვერ გრძნობ ამ დახმარების აუცილებლობას, თუ ვერ ეხმარები, მაგრამ ძალიან გინდა, დაეხმარო? მორალი საზოგადოებრივი ფენომენია თუ ინდივიდუალური? 
 
მოგეხსენებათ, რეალობა მეტისმეტად დეფორმირებულია საიმისოდ, რომ ჩვენი აღქმა მას დაემთხვეს, ან პირიქით, ჩვენი აღქმაა დეფორმირებული... ჩვენ ხომ ენობრივი კონსტრუქციების აგებით ვახდენთ რეალობის სიმულირებას. თითქოს, ცნობიერებაში არსებობს წერტილი, რომელიც მყარია საიმისოდ, რომ მივხვდეთ, - ის, რაც სიტყვები, ასოები და ნიშნებია, სემიოტიკური კატეორიებია, - მართალია თუ, არა. მართალი მხოლოდ ცნობიერების ეს წერტილია. თუმცა ეს წერტილი არაფერს ამბობს მორალზე, ცხოვრების წესზე, ის არ არის ე. წ. „სინდისი“, იგი მხოლოდ იმის მიხვედრით აღგვჭურვავს ახლა, რაც საგნების ზემოქმედებით ჩემს შეგრძნებებში დაიბადა, ტყუილია თუ მართალი. რაც შეეხება ინფორმაციის მიმღეობის საკითხს, ჭეშმარიტებად ან მცდარობად, ამას უფრო ჩვენი სურვილები განაპირობებს, ვიდრე ცნობიერებაში არსებული აპრიორული „წმინდა ცოდნა“. ასე რომ, შეიძლება ითქვას, - ჩვენი აღქმა ჩვენი ცნობიერების წინაშე მუდმივ „დანაშაულს“ ჩადის და არღვევს ძირითად ქრისტიანულ მცნებას: „არა იცრუო“. მაშინ, რატომ არ გვქენჯნის სინდისი? - იმიტომ, რომ სინდისი ცნობიერების უფრო დაბალ საფეხურზე წარმოშობილი განცდაა და ის სწორედ გონებაში მიმდინარე იმ დაფარული (ბნელი) პროცესების პროდუქტია, რომელიც ბოლო ინსტანციაა! იცით, რომ ქრისტეს ქადაგებებში საერთოდ არ გვხვდება სიტყვა „სინდისი“, პირველად იგი პავლე მოციქულმა ახსენა თავის ეპისტოლეებში. სამაგიეროდ იქ ხშირად გვხვდება სიტყვა „თავისუფლება“! მაგალითად: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“, - აქ არ არის დადგენილი „ჭეშმარიტება“, რადგან ასეთ შემთხვევაში შეიზღუდებოდა „თავისუფლება“, ამიტომ ამ კონტექსტში გამოყენებული სიტყვები „ჭეშმარიტება“ და „თავისუფლება“ რაღაცნაირად გამომდინარეობს ერთმანეთიდან და ავსებს ერთმანეთს - თავისი განუსაზღვრელობით განსაზღვრავს იმას, რასაც ჩვენ მორალურ არჩევანს ვუწოდებთ. არჩევანს კი ყველა თავის თავში ადგენს და არ ავრცელებს ნორმების დიქტატს სხვებზე, რადგან ამ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა ძირითადი ქრისტიანული კატეგორიები: „ჭეშმარიტება“ და „თავისუფლება“! მოდი, დავუშვათ გამონაკლისი და ამ ლექციას „ჩემი აღსარება“ დავარქვათ. აღსარების პირველი თეზისი კი ასეთია: „მივმართავ ქართულ საზოგადოებას: მე მეშინია, დიახ, დიახ, მეშინია... როგორც ქალს, მეშინია ფრაზის:„შე ბოზო!“ - ეს სიტყვა ხომ არაფერს გულისხმობს, ჩაქოლვის გარდა?! გახსოვთ, ქოლავდნენ ქალს მოსეს რჯულის კანონის მიხედვით, რომელიც ქრისტემ გადაარჩინა, საქართველოში კი ჩაქოლეს მარიტა ქრისტეს სახელით და ვერავინ გადაარჩინა, რადგან არ იყო იქ ქრისტე, რომელსაც არავისთვის უწოდებია „ბოზი“... მოვიდა მარიამი, შეეხო მის ფეხებს, ცრემლით დაბანა და თმით შეუმშრალა... თავად კი მივიდა სამარიელ ქალთან, ესაუბრა და თავის მიმდევრად აქცია... - გვახსოვს ალბათ ეს ეპიზოდები სახარებიდან. ჩნდება კითხვა, ვისი სახელით მოქმედებს დღეს ქართული საზოგადოება? ახლა მეორე ეპიზოდი ჩემი აღსარებიდან (დღეს რაღაც უცნაური დამთხვევებია): ორი კვირის წინ მეუღლეს დავშორდი. რა უფრო მნიშვნელოვანია, - ღირსება თუ სოციალური სტატუსი? ბედნიერება თუ მოლოხისთვის მსხვერპლად შეწირვა? ბედნიერებისკენ სწრაფვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებათაგანია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფენომენი (ბედნიერება) მეტისმეტად სუბიექტურ მისწრაფებებზეა დაფუძნებული, არ არსებობს ობიექტური კრიტერიუმი, ან დეფინიცია, რომელიც მას დაადგენდა, მაგრამ არაერთი განვითარებული ქვეყნის კონსტიტუცია ობიექტურად ცნობს და უმაღლეს რანგში აჰყავს ეს ძირითადი ადამიანური მისწრაფება... 
 
... და ამ დროს, როდესაც აუდიტორიაში ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით, გაისმა ზარი, ყველა შეკრთა, რაღაცნაირად დაიზაფრა. ქალბატონმა ელენე აფციაურმა, რომელიც უნივერსიტეტში სოციოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა, ჯიბიდან მობილური ამოიღო (მას ეს არ სჩვეოდა, რადგან ყოველთვის გამორთული ჰქონდა ტელეფონი ლექციის მიმდინარეობისას). სტუდენტებმა იფიქრეს, - ალბათ გამორთვა დაავიწყდა და ახლა გამორთავსო, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, ქალბატონმა ელენემ აუდიტორიას ბოდიში მოუხადა და ტელეფონს უპასუხა ისე, რომ ყველას ესმოდა: ჰო, დედა, კი, კი, არ ინერვიულოთ, მშვიდობაა, ყველაფერი კარგადაა, ახლა ლექციაზე ვარ... კი, დედა, დამირეკე, აბა, დროებით... ტელეფონი გათიშა, არ გამოურთავს და ლექცია გააგრძელა: - დიახ, სად ვიყავი? ჰო, ბედნიერების უფლებაზე ვლაპარაკობდი... მოდი, რადგან ტელეფონზე დამირეკეს, ჩემი აღსარების მესამე პუნქტით გავაგრძელოთ საუბარი: გაგიკვირდათ ალბათ ტელეფონი გამორთული რომ არ მქონდა?! დიახ, შეგნებულად არ გამოვრთე. ყოველ საათში ჩემმა მშობლებმა უნდა დამირეკონ და მე უნდა ვუპასუხო. თუ არ ვუპასუხე... - აქ პაუზა გააკეთა, - ჰო, არაფერი, ვხუმრობ. მოკლედ, ჩემი ყოფილი მეუღლის ეშინიათ... ცოტას აჭარბებენ, მაგრამ მათი სიმშვიდისთვის... ხომ გესმით? ისე კი, მეტისმეტად უცნაურ სოციალურ ატმოსფეროში გვიწევს ცხოვრება. ნებისმიერი გამოკვლევა ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ქალები უფრო აქტიურად უჭერენ მხარს მათი სქესის წარმომადგენლებზე ძალადობას, ვიდრე მამაკაცები. ეს, ალბათ, ერთგვარი სოციალური კომპლექსია: „- მე თუ დიასახლისი ვარ, მხოლოდ საოჯახო საქმეებით ვარ დაკავებული, სახლიდან ცხვირს არ ვყოფ, შენ კი ძალიან აქტიურობ საზოგადოებრივ ასპარეზე, წესით, ცუდად უნდა იყო! არ ხარ ცუდად? ჩემზე ხშირად იღიმები? არა, მაგას ვერ ავიტან, ქალი ხომ ძირითადად ყოფითი პრობლემების მოგვარებისთვისაა გაჩენილი. შენ რა, კარგად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი სტრუქტურების წინააღმდეგ მიდიხარ? მათ დამსხვრევას ესწრაფვი? მერე, ჩვენ გვაქვს იმდენი რესურსი, რომ ასეთ ახალ გარემოში ორიენტირება, რესოციალიზაცია შევძლოთ? არა, ასე არ გამოვა, ამიტომ გავანადგუროთ სოციალურად აქტიური ქალბატონები!“ - ეს დევიზი აერთიანებს დღეს ქართულ საზოგადოებას. მეორე მხრივ, არსებობს მამაჩემი (მაპატიეთ, საკუთარი მშობლის შექება რომ მიწევს), რომელიც  ჩემი ყოფილი მეუღლის სრული  ანტიპოდია! - ესეც ჩემი აღსარების მეოთხე ასპექტი... მახსოვს, ერთხელ მე და მამა საღამოხანს ქალაქში ვსეირნობდით. ქუჩიდან, რომელსაც ჩვენ ვუახლოვდებოდით, საშინელი ყვირილი და ლანძღვა ისმოდა. შევამჩნიეთ, რომ მამაკაცი ქალს თავში რაღაც საგანს ურტყამდა. როდესაც უფრო ახლოს მივედით, გამოიკვეთა, რომ ეს საგანი დანა იყო. საბედნიეროდ, დანის ტარს ურტყამდა და არა პირს... თან აგინებდა, ლანძღავდა. იქვე ბავშვი, პატარა ბიჭუნა იდგა და ამ სცენის შემხედვარეს, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. ეტყობოდა, პირველად არ იყო ასეთი სცენის თვითმხილველი. ქანდაკებასავით იდგა, ფერდაკარგული, მუშტებმომარჯვებული, კანკალებდა... მამაჩემმა მთხოვა, - აქ დამელოდეო. მივიდა და მათ გაშველებას შეეცადა.უნდოდა, მსხვერპლი მოეშორებინა მოძალადისთვის. შენ ვინღა გეკითხებაო, - იღრიალა მოძალადემ და მუშტი მოუქნია მამას. მამახელებში სწვდა, დანის წართმევა დაუპირა, მაგრამ ამ დროს მოძალადემ იარაღიანი ხელი მოუქნია და დავინახე, როგორ ჩაიკეცა მამა. მივვარდი, ვყვიროდი, შველას ვითხოვდი. რამდენიმე წუთში მოვიდა პოლიცია და აი, აქ მოხდა საოცარი რამ: ქალი, რომელიც ის-ის იყო, მამაჩემმა საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა, ხელებს მომაკვდავი მამაჩემისკენ იშვერდა და კიოდა, - მაგის ბრალია, მოგვვარდა, შეურაცხყოფა მოგვაყენა და ჩემს მეუღლეს სხვა გზა არ ჰქონდა, თავი დაიცვაო. მამას უმძიმესი ოპერაცია გაუკეთდა. საბედნიეროდ, გადარჩა. ჩვენებაში ჩააწერინა, რომ მართალი იყო ის ქალბატონი, - მართლაც, ჩხუბი მოგვივიდა კაცებს და ეს იყო, მეტი არაფერიო... ამ ჩვენებების საფუძველზე მოძალადე არ დააპატიმრეს, გამოუშვეს... დღემდე ამბივალენტური დამოკიდებულება მაქვს ამ მოვლენისადმი, - ერთი მხრივ, რატომ არ შევაჩერე მამა? ხომ ვიცოდი, როდესაც იქ მივიდოდა, შარში გაეხვეოდა. მეორე მხრივ, ვფიქრობ, იქნებ სწორად მოვიქეცი, რომ არ შევაჩერე? ან თავად სწორად მოიქცა, როდესაც მსხვერპლის საშველად გაემართა? მოდი, ეს იყოს ჩვენი მომდევნო ლექციის თემა: სწორად მოიქცა თუ არა მამაჩემი, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი იმის საპირისპირო დადგა, რისი მოლოდინიც გვქონდა? - ამ დროს აუდიტორიაში კვლავ გაისმა უსიამოვნოდ ტელეფონის ზარი. ძნელი სათქმელი იყო, ასე თანაბრად რატომ ღელავდა ყველა ამ ზარებზე... - ჰო, დედა, ჯერ ერთი  სააათი ხომ არ გასულა? დამშვიდდი, ლექციაზე ვარ. ჰო, ფრთხილად ვიქნები, ფრთხილად... კარგი. - ტელეფონი მაგიდაზე დადო. - ძალიან აღელვებულია. უნდა გამოვტყდე, ცოტა ცრუმორწმუნეცაა. - გაეცინა. - მაშ ასე, დავალება კარგად უნდა შეასრულოთ. ვინც ამ შეკითხვაზე არგუმენტირებულ და ვრცელ პასუხს გამცემს წერილობით, ჩათვალოს, რომ გამოცდა ჩაბარებული აქვს. 
 
ახლა ჩემი აღსარების შემდეგ ეტაპს მივადექით. ფეხმძიმედ ვარ იმ ადამიანისგან, რომელსაც ორი კვირის წინ დავშორდი! ეს ამბავი ჯერ არც მშობლებისთვის და არც მისთვის მითქვამს. ამას თავის მოტივები აქვს, - მინდა, ურთიერთობები მარტომ დავალაგო, ასე ვთქვათ, ბავშვის „დახმარების“ გარეშე... არიან თუ არა, ის ბავშვები ბედნიერები, რომლებსაც დედის დანის ტარით ცემას აყურებინებენ? ყველას მოგიწოდებთ, წაიკითხოთ ოთარ ჭილაძის გენიალური რომანი „გოდორი“, სადაც საუბარია გოდორში გაზრდილ თაობაზე... ბავშვები, რომლებიც გოდორში ჩასვეს და ჭუჭრუტანიდან აკვირდებიან, როგორ აუპატიურებენ მათ დედებს.  ვფიქრობ, აშკარა პარალელი არსებობს ამ ბავშვებს შორის. შედეგად ვიღებთ სულიერად ტრავმირებულ თაობას, რომელიც შემდეგ ისეთივე საშიშია, როგორც გოდორში გაზრდილი მათი წინაპრები. თაობათა ცვლა ყოველთვის იწვევს დროის შინაარსებში კორექტივების შეტანას ისე, რომ ხან დაირღვევა „დროთა კავშირი“, ხან კი მოჩვენებითი ლოგიკურობის კანონების ჩარჩოებში ექცევა. ადამიანთა ჯგუფების ქცევის სუბიექტური ელემენტი, შეიძლება ითქვას, დროზე ძლიერია. ის თითქოს დროში მიმდინარეობს. სინამდვილეში კი დროს სწორედ მიმდინარეობა, მოძრაობა განაპირობებს. ადრინდელი შუა საუკენეებიდან მოყოლებული (თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ გამონაკლისს, მაგალითად, ნეტარ ავგუსტინეს) ყალიბდებოდა დროისა და სივრცის სტატიკურობის თეორები. ამის შესაბამისად, კაცობრიობა შეეცადა შეექმნა ერთგვარი ზნე-ჩვეულებითი სიმყარეები, თითქოს ისინი ღვთაებრივი განგებულების ნიადაგზე იყვნენ აღმოცენებულნი. სინამდვილეში კი მივიღეთ ის, რისი მსხვრევაც თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში აქტიურად, მაგრამ ძალიან ძნელად მიმდინარეობს - ე. წ. „სოციალური სტერეოტიპები“. კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა, რომ ამგვარ „სიმყარეებს“ ჩვეულებრივი პირობითი საფუძვლები აქვს და შუა საუკუნეებიც ისეთივე სუბიექტური და ცვალებადი სეგმენტია კაცობრიობის ისტორიის განვითარებაში, როგორიც იყო, ვთქვათ, რენესანსი, რომელიც სწორედ შუა საუკუნეების ობსკურანტიზმიდან ამოიზარდა. ზოგიერთი თანამედროვე ქვეყნის პრობლემა სწორედ ის არის, რომ მათ არ გაუვლიათ საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა და, როგორც დრომ გვიჩვენა, აუცილებელი ეტაპები. თითქოს ისე ჩანს, რომ ბევრი ქვეყანა შუა საუკუნეებიდან, პირდაპირ 21-ში აღმოჩნდა,იგი თითქოს არ მონაწილეობდა ისტორიაში. ამას აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ფაქტორია ამა თუ იმ საზოგადოების პროგრესულობის დასადგენად, მეცნიერული თვალსაზრისით. მაგალითად, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა თუ სოციუმის წევრი, როდესაც იყენებს მეტყველებაში დამკვიდრებულ ცნებებს, ტერმინებს, ფრაზებს, ქმნის მორალურ კატეგორიებს და ა. შ. მის ცნობიერებაში წარმოშობილი ეს სურათ-ხატები შუა საუკუნეებში ნაგულისხმებ შეხედულებებს უფრო ემთხვევა თუ თანამედროვე ცივილიზაციისას? ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობ რომანში „დანაშაული და სასჯელი“, წიგნის ფინალურ სცენაში საუბარია მეძავ სონია მარმელადოვაზე, რომელსაც მკვლელი რასკოლნიკოვი სიბნელეში სანთლის შუქზე უკითხავს სახარებას. სახარების ეს პასაჟები რაღაც რევოლუციურ, კათარზისულ განცდებს აღძრავს ამ ორ ადამიანში. შეიძლება ითქვას, რომ სონიას როლი მკვლელი რასკოლნიკოვის ცხოვრებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეუძლებელია ამ ტექსტმა მკითხველში განსაკუთრებული სიმპათიები არ გააჩინოს სონიასადმი, მაგრამ საზოგადოება არასოდეს შეიწყნარებდა ამ პერსონაჟს. მას აუცილებლად სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა და, სხვათაშორის, მწერალსაც. რომ ყოფილიყო შუა საუკუნეები, დოსტოევსკის, თავის წიგნთან ერთად, კოცონი არ ასცდებოდა. აქ კი კვლავ მივუბრუნდეთ ლექციის დასაწყისში დასმულ შეკითხვას: მორალი საზოგადოების ფლობის საგანია თუ ინდივიდის? ვის ხელშია მორალი მორალური?  - რიტორიკული შეკითხვებია. შეგვიძლია ეს რომანი კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ და მომდევნო ლექციებზე ვიმსჯელოთ ამის შესახებ. ბოდიში, რომელი საათია, დრო რამდენი დაგვრჩა? 
- პირველს აკლია ოცდახუთი, 15 წუთი დაგვრჩა, ქალბატონო ელენე. - უკარნახა ერთმა სტუდენტმა წინა რიგებიდან. 
- მაშ ასე, ჩვენ ვლაპარაკობდით ეპოქებში წარმოშობილ ფანტომებზე, სურათ-ხატებზე, რომლებიც ხშირად იცვლიან სახეს...აქ მივადექი ჩემი ლექცია-აღსარების ბოლო, შემაჯამებელ  ასპექტს: როდესაც უნივერსიტეტში შემოვდიოდი, დაცვას გადავეცი ერთი ადამიანის ფოტოები და ვუთხარი... 
 
ამ დროს ისე, რომ სრულიად არავინ მოელოდა, კარზე გაუბედავი კაკუნი გაისმა და თან კარიც გაიღო. ლექტორის გარდა ყველასთვის უცნობმა მამაკაცმა შემოყო თავი და ისე, რომ აუდიტორიისკენ არც გაუხედავს, ლექტორს ანიშნა, - თუ შეიძლება, გარეთ გამოდიო. სტუდენტები დააბნია ამ მოულოდნელმა, ერთგვარი მოკრძალებით შენიღბულმა, სინამდვილეში კი თავხედურმა მოთხოვნამ. ქალბატონი ელენე გაფითრდა, მის მოძრაობებში იგრძნობოდა დაბნეულობა, დაძაბულობა, სპონტანურობა და წამიერი გაურკვევლობა. ეს ყოველივე მის სახეზე ასე იკითხებოდა: „რა გავაკეთო?“. ამ დაბნეულობის დროს თავში მხოლოდ ერთმა აზრმა გაუელვა, - ღმერთო, ამაცილე სირცხვილი! - და ინსტიქტურად გაღებული კარის მიმართულებით დაიძრა... სტუდენტებში ჩოჩქოლმა იმატა, რადგან მათი პედაგოგი, აგერ, უკვე დაახლოებით ხუთი წუთია, აუდიტორიის გარეთ იმყოფებოდა და ვიღაც უცხო მამაკაცს ესაუბრებოდა. სამწუხაროდ, დროულად ვერავინ მიხვდა, რომ მთელი ამ ლექციის განმავლობაში, ლექტორი მათ სწორედ ამ მამაკაცზე ელაპარაკა. მხოლოდ ერთ სტუდენტს, რომელიც კართან ახლოს იჯდა, არ ასვენებდა ლექტორის ბოლო დაუმთავრებელი ფრაზა: „დაცვას ერთი ადამიანის ფოტოები გადავეცი...“, და როდესაც ამ სტუდენტმა ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი, იმ კაცს დაუკავშირა, რომელმაც მისი ლექტორი გარეთ გაიხმო, ფეხზე წამოდგა და გასვლა დააპირა. მაგრამ მოულოდნელად, აუდიტორიის ოდნავ შეღებულ კარში შემოიჭრა არაადამიანური ყვირილი - „შე ბოზო“! და ამას მოჰყვა რამდენიმე გასროლა... სტუდენტი ადგილიდან მოწყდა, აუდიტორიის კარი გამოგლიჯა და ვიღაც მამაკაცის უსიცოცხლო სხეულის გვერდით წაქცეული ქალბატონ ელენეს გასისხლიანებულ სხეულს მივარდა. ცდილობდა მისი გულის ამუშავებას, პირში ჰაერს უბერავდა, ხელებით გულზე აწვებოდა და მის სისხლში მუხლებით ჩამდგარი, შეშლილივით იმეორებდა: მაპატიეთ, ქალბატონო ელენე! მაპატიეთ, ქალბატონო ელენე! მაპატიეთ, ქალბატონო ელენე!.. 
 
ეს, სწორედ ის სტუდენტი იყო, რომლის სიტყვებითაც დაიწყო ელენე აფციაურმა საბედისწერო ლექცია... ამასობაში მთელი აუდიტორია გარეთ გავარდა.გამოიძახეს სასწრაფო, პოლიცია, მაგრამ ქალბატონი ელენეს გადარჩენა ვერ მოხერხდა... დაცარიელებულ აუდიტორიაში კი მაგიდაზე, უპატრონოდ მიტოვებულ მობილურ ტელეფონზე გაბმული ზარი ისმოდა!.. 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული