"რომ შევეკითხო ევფრატის პირას ნაგებ ქალაქებს..."





პოეზია

"რომ შევეკითხო ევფრატის პირას ნაგებ ქალაქებს..."




თარგმანი გვანცა გოგილაშვილის
 
სიცოცხლის ჟამები
 
რომ შევეკითხო ევფრატის პირას ნაგებ ქალაქებს
ან თუნდ პალმირას დიდებულ ქუჩებს,
ანდაც უდაბურ უდაბნოში აღმართულ სვეტებს, უსიერ ტყეთა
- რანი ხართ ახლა?
სუნთქვათა საზღვარს
გადაბიჯებამ
სამოთხის ალად,
მისივე კვამლად გადააქცია
თქვენი გვირგვინი.
შევკედლებივარ გაფანტულ ღრუბლებს, რომელთაგანაც
ყოველს თავისი სიმშვიდე მოსავს. უძრავ
მუხების სიმწყობრეს შორის მდგომი გავყურებ
ირემთა ველებს, და გარდაცვლილი,
თან უცნაურად მშვიდი სულების
აჩრდილები მელანდებიან.
 
             
 
მორიგი დილა
 
მორიგი დილა - და ბილიკიც შესაბამისი.
ფოთოლთა შრიალით გაჟღენთილ ტყეში ვაბიჯებ ისევ,
ვსტუმრობ გაზაფხულს ან კლდეებს - რომლის სალ ზედაპირზეც ვარდები ხარობს,
ანდაც გარემოს მთელი არსებით კვლავ ვაკვირდები,
 
მაგრამ, ძვირფასო, ვერსად ვერ გხედავ 
და ქარს მიჰყვება სასოწარკვეთით ყოველი სიტყვა ჩვენი
წარსული საუბრებიდან.
 
ჩამოეღვენთა სანთელივით ჩემს თვალთახედვას შენი ნაკვთები.
შენი ცხოვრების მუსიკა ნელა და მტკივნეულად
უსხლტება სმენას
და სიმღერები, ოდესღაც ვნების ოკეანეთა იდუმალებით რომ ეხვეოდნენ
 
ჩემს გულს, დღეს ნეტავ სადღა არიან? დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ იყო ყოველი. შემომეძარცვა ახალგაზრდობა. არც სამყაროა,
მიღიმოდა რომელიც ერთ დროს,
უწინდებური. გამოსალმება - ამ სიტყვით უნდა იცხოვრო მუდამ.
 
და რადგან სული ყვირილით ცდილობს, რომ სხეულიდან გამოიზვირთოს,
რათა დაბრუნდეს, ძვირფასო, შენთან 
- ყოველდღე ცრემლად მთელ სამყაროს სცვივა ის სევდა,
რომ ვეღარასდროს დაგინახავს ჩემი გონება,
და სამუდამოდ ხელუხლებელ ბუნდოვანებად დარჩები მისთვის.
 
 
ხედი
 
პეიზაჟთა მრავალფეროვნებით - ყოველი დღე უხვია ყველასათვის.
როცა ზვირთებად ეხეთქებიან მწვანე ველები ჰორიზონტს.
და სანამ მიმწუხრს მინებდებიან სინათლეები საღამოების,
ამავ სინათლის ანარეკლები შეანელებენ ხმაურებს, დღისას.
ხშირად უხდება არსს, სამყაროსას, მუდმივი მალვა, მოღრუბლულობა,
ადამიანის გონებას ისევ მასში აღძრული ეჭვები ძირავს, აფორიაქებს.
მაგრამ ბუნების საუცხოო მშვენიერება იმედით ავსებს მისთვის ყოველ დღეს.
და ეჭვთა ყველაზე ბნელი და საზარელი შეკითხვებიც - შორს რჩება მისგან.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.