რაზე ფიქრობს ადამიანი, როცა კორპუსიდან ვარდება





პოეზია

რაზე ფიქრობს ადამიანი, როცა კორპუსიდან ვარდება




რაზე ფიქრობს ადამიანი, როცა კორპუსიდან ვარდება?
ის არ ფიქრობს ოჯახზე, მიუხედავათ ყველაფრისა -
არ ფიქრობს, რომ დღეს ვერ მივა სახლში,
ჭუჭყიან ხელებს ვერ გადაუსვამს შვილს თავზე,
არც იმაზე ფიქრობს, რომ ალერსს ვერ გაუყოფს ცოლს,
არც იმაზე ფიქრობს, რომ ვერ დაურეკავს
დედას და მამას და უბრალოდ მოიკითხავს
და ეტყვის: ყველაფერი კარგად არის, არ ინერვიულოთ.
არც იმაზე ფიქრობს, მეგობრებთან რომ ვერ გავა,
ვერ ითამაშებს კარტს, ან ვერ დალევს ერთ ორ ჭიქა ღვინოს მათთან ერთად,
არც იმაზე ეფიქრება, როგორ შეაკოწიწოს
თვის ბოლოს ბანკში გადასახდელი ფული.
როცა ადამიანი ვარდება უზარმაზარი კორპუსიდან,
მხოლოდ ჩიტების სიმღერა ესმის
და მას წამით ჰგონია, რომ ბავშვობის ოცნება აიხდინა,
თითქოს ფრთები აქვს, გააქნევს და ყველგან გაფრინდება.
თუმცა ეს ფიქრები დროებითია.
როცა ადამიანი კორპუსიდან მოფრინავს,
თითქოს ციდან მოფრინავს, როგორც წვიმა
და მისი ფიქრი ერთადერთია,
ის გულში წამის განმავლობაში მილიონჯერ იმეორებს -
ჯერ კიდევ არ დავცემულვარ,
ჯერ კიდევ არ დავცემულვარ,
ჯერ კიდევ
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.