მოგისმენია დედის ტირილისთვის დახურულ კარს მიღმა?





პოეზია

მოგისმენია დედის ტირილისთვის დახურულ კარს მიღმა?




მოგისმენია დედის ტირილისთვის დახურულ კარს მიღმა?
მოგისმენია როგორ ნატრობს დედა სიკვდილს?
გაუღვიძებიხარ ადუღებული ჩაიდნის წივილს?
დედის წივილს თუ გაუღვიძებიხარ?
დაგსიზმრებია ოდესმე რძისფერი მდინარის ზედაპირზე მოტივტივე ლურჯი თევზები?
კატა გყავს? ძაღლი?
იცი სად დამარხავ როცა მოკვდება?
ნიჩაბი გაქვს?
რომელ პირსახოცში გამოახვევ?
თუ დაგენანება პირსახოცი და პარკში ჩადებ ნაგავივით?
მიხვალ ოდესმე მის საფლავთან?
ახალ ცხოველს თუ იყიდი?
რას დაარქმევ?
გახსოვს დედაშენის ყოველდღიური საფენი სალფეთქში გამოხვეული, გადამალული ალუბლის მურაბა რომ გეგონა?
გახსოვს ჩალურჯებულ თვალზე აფარებული იების კონა?
გინახავს დაჟაგული ლურსმნებით სავსე ბავშვის პლასტმასის აბაზანა?
გინახავს მამა წაქცეული?
ხშირად თვრებოდა მამა?
ჩასძინებია ტელევიზორთან?
დაგიკეცავს მისი ტანსაცმელი?
გადაგიყრია გადავსებული საფერფლე?
ნამწვი მოგიწევია?
ტრუსი თუ ჩამოგიწევია მამაშენისთვის გაშიშვლებულ ყვერზე?
გიცდია გალეშილი მამის ზეზე წამოყენება?
გჭერია მისი მძიმე ფეხი ხელში?
მოგისმენია მისი სუნთქვისთვის? 
მოგიწმენდია მისთვის დორბლი?
ნისლში დაკარგულხარ?
დაგილაგებია მკვდრის უჯრა? 
გადაგიგდია გარდაცვლილის კბილის ჯაგრისი?
ჯართი შეგიგროვებია?
გინახავს კოკისპირულ წვიმაში აივნის ქვეშ შეყუჟული ოჯახი?
ჩაყუდებულხარ ნაგვის ურნაში? 
შეხებია შენი თითები რაღაც ლორწოვანს და მყრალს? 
ლოთები რა ფამილიარულები არიან არა ასფლატთან? 
შენ თუ წოლილხარ საკუთარ ნარწყევში?
და პარლამენტში თუ ყოფილხარ?
და პარლამენტთან?
2012 წლამდე სად იყავი? 
ვისთან ტყნაურობდი?
რამდენად ხშირად განგიცდია ორგაზმი? 
მამაო გყავს? 
დაგსიზმრებია შენი მამაო ტანგაში?
ვარდისფრად შეღებილი წვერით და ოქროს დიდი ჯვრით?
რომელი ბანკს ანიჭებ უპირატესობას, ცისფერ ლოგოიანს თუ ნარინჯისფერ ლოგოიანს? 
სად უკეთ გემსახურებიან?
კორპორატიულებზე რომელი ბანკის თანამშრომლები უკეთ ერთობიან?
ვის კორპაროტიულზე ატყორცნილი ფოირკვეკი იშლება ცის უფრო ფართო მონაკვეთზე?
სად არიან მიუწვდომელი აბონენტები?
შვილები სად არიან?
მოყოლილხარ დაბომბვაში? 
გადაგვლებია თავს ჩამსხვრეული მინის ჩანჩქერი?
შეგიკვეთავს სიმღერა და მიგიძღვნია ყველა მარტოსულისთვის?
გინახავთ თავის ქალა ქალაქის მთავარ მოედანზე, კოპწია პოლიციელები ყვითელი ლენტებით და აკრძალვის სინქრონული ტანვარჯიში?
იცოდი რომ გულის გადანერგვისას მინიატურული ნასოსი კოსმოსური ხომალდის ძრავისთვის შეიქმნა?
ჩაკვირვებიხარ მძღნერს?
გიპოვნია მძღნერში რაიმე? 
მოგნატრებია მძღნერი? 
მკვლელისთვის ხომ არ მოგიკრავს თვალი?
გაგიღიმია მკვლელისთვის? 
იცი რომელ თვალთან გდია წამწამი?
წარმოგიდგენია პირველი წვიმა რომელსაც კუბოში დახვდებით?
დედამიწა ხომ არ არის საცერი, რომელშიც მხოლოდ ჩვენი გვამები ეჭედება
და ცხოვრება მართლაც ფქვილივით, მსუბუქად, ცეკვა-ცეკვით იფანტება?
ბოზთან ყოფილხარ? 
გიფიქრია, რომ ეს ბოზი რომელიმე პარალელურ რეალობაში დედაშენია?
გინახავს სათამაშოების კონვეირი? მილიონობით უგენიტალიო თოჯინის კარაქივით ყვითელი ტანი, სლიპინა, უყლეო და უმუტლო, უთავო ტანი, რომელსაც ღარიბი ჩინელი ქალები არგებენ ფეხებს და ხელებს? 
გინახავთ სიზმარში ბოქვენზე გადასხმული სპერმის დესანტი და მარგალიტები? 
ოჯახში როგორ ხართ?
იცი რომ ერთხელ ყველა ცხელი ხაზი დადუმდება?
როცა ზიხარ მაშინ გტკივა თუ მაშინ გტკივა როცა დადიხარ? 
როცა ხურდები გიამდება თუ არა ტკივილი?
შეიძლება თუ არა შენს ზემოთ ცხოვრობდეს სომეხი ცოლ-ქმარი. შეიძლება, რომ ცოლს ერქვას ბაო და ქმარს ლიბო. ლიბოს ჰქონდეს ბელაია. და ერთ დღესაც გამოვიდეს აივანზე და ჩიტების ჭიკჭიკს გამოდევნებული დაასკდეს ასფალტს. შესაძლოა თუ არა ამ დროს სკოლიდან მოდიოდეს გოგონა და იფიქროს, რომ ლიბო პომიდვრით სავსე, ბინძური ტომარასავით დაასკდა მიწას და წითელი გუბე მის გარშემო ჰგავს ერთ-ერთ ტბას, რომლის ფოტოც მას უნახავს გეოგრაფიის სახელმძღვანელოში?
შეიძლება მერე ბაო და მისი შვილი გარი ადგნენ და წავიდნენ. გრძელცხვირა, გაძვალტყავებული შავგვრემანი ბაო და მისი გრძელცხვირა, გაძვალტყავებული შვილი გარი აყვავებული ხის ქვეშ ელოდონ ავტობუსს და წავიდნენ და აღარასოდეს დაბრუნდნენ?
შეიძლება შენც წახვიდე? 
იცი ოდესმე ყველა მისამართს დამიზნებული ყველა გზა აცდება?
შესაძლებელია, რომ რეკდნენ ჩიტები ხეთა ტაძრებზე მომლოცველი ნიავი შედიოდეს და გამოდიოდეს თეთრჯინსიან ხეებთან ირხეოდეს საქანელა და არაფერი ხდებოდეს?
შეიძლება ვიდგე სარკესთან და წლების ხარბი ფრინველი სარკიდან კენკავდეს ჩემს ანარეკლს, სანამ ნაოჭებად არ დამეფარება და დამისკდება სახე, როგორც უნაყოფო მიწა სკდება?
შეიძლება თუ არა ცხოვრების ბოლო სიზმარი იყოს ასეთი: ქალაქში გარეგანათებების ჩართვის მომენტში ვიღაცას კოცნი და ასფალტზე დაცემული არმატურის ხმა და ყვითელი პეპლის ფარფატი ერთმანეთს ფარავს?
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.