• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სიკვდილის ცუგა

×
Wolfgang Tillmans
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 09 მაისი, 2018 2573
მათ სჭირდებათ იმის გარანტია, 
რომ არ ვიცელქებთ,
თორემ კუთხეში დაგვაყენებენ
და ჩვენი შუბლი პირამიდად გადაიქცევა,
სადაც ტვინის მუმიას დავასვენებთ.
მათ სურთ იცოდნენ, რომ არ გავიფიცებით,
რომ უმალ შიმშილით დავიხოცებით, 
ვიდრე ქუჩას გადავკეტავთ
და შევმატებთ პოლიციის მანქანებს ალისფერ ფერებს.
მათ სჭირდებათ ჩვენი პირობა, 
რომ მოვძოვთ სიკვდილს
და მოვკვდებით ისე ლამაზად, 
რომ ჩვენმა ფოტომ ააღელვოს თვალი კეთილი
გალერეაში, რომლის ვიტრინაც ვერ ჩავამსხვრიეთ.
მათ სჭირდებათ მყარი არგუმენტები
თუ რატომ ვცოცხლობთ,
რატომ გავდივართ კუჭში,
რატომ ჯდება ჩვენი მძღნერიც სტანდარტებში
და არ არის მოჟამული, როგორც დილა მილიარდელის
გიგანტური ხეების ჩრდილში.
მათ სჭირდებათ ჩვენი ნება, ჩვენი ლოცვები,
მათ სჭირდებათ ჩვენი შვილები,
და მერე აღზრდა ამ შვილების პატიოსან მოქალაქეებად 
ამ მარად უპატიოსნო სახელმწიფოში.
მათ სჭირდებათ ჩვენი მონაცემები,
აღიარება, აღსარება, მონანიება,
ჩვენი ხმები და სიმღერები 
და ოდები
ოდედაბღავის
მამაც ო ბღავის
მამაო ჩვენოო
მამაცო ბღავის და
და გაჰყვირის კედლებს
ჩვენს სახელს
დგას და ჩურჩულებს
ახლა ბნელ სახლს
ანთხევს
რძეს ფერადს
სარკის მიღმა
დაღვრილს
წაქცეულს
და ეს ჩრდილები
გარინდულნი
ჩასაფრებულნი
მათ მარცვლებს ვრგავ მე სველ მიწაში
და ვფიქრობ 
როდის აყვავდებიან ეს ნაოჭები
ამ სახეებზე
და როდის აყვავდება ჩემი სახე
სიკვდილი რომ ჩარგავს 
და როდის იქნება 
ჩემსა და ცას შორის
მხოლოდ მიწა
 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული