• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

სამაისო

×
gauguin
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 15 მაისი, 2018 3706
პირველად როცა ბექა წიქარიშვილი გავიცანი, ის ისეთი ჩუმი, ისეთი მშვიდი იყო, რომ დღემდე მახსოვს. ეს იყო იქამდე, სანამ მას „კრიმინალად“ გამოაცხადებდნენ, შვიდ წლიანი ციხით დაემუქრებოდნენ, აწამებდნენ და დატანჯავდნენ. ჩვენმა ახალგაზრდა სახელმწიფომ ახალგაზრდა ადამიანი არაფრის გამო დააპატიმრა, იმიტომ რომ იდიოტური კანონი ამის შესაძლებლობას აძლევდა და ზუსტად ასე ექცევა ათასობით ადამიანს. თუმცა ხელისუფლების მოვალეობაა, რომ მტერიც კი შემოირიგოს, არათუ მტრად აქციოს ადამიანები, განსაკუთრებით კი ერთმანეთის მტრად. ახლა ამ „კრიმინალს“, შსს მინისტრი პირადად ეაჯება, უბოდიშებს და „შეხვედრებს“ უნიშნავს. ასე რომ ფრთხილად, შეფასებებებში და ფრთხილად პროგნოზებში, ფრთხილად  მათთან, ვის მხარესაც სიმართლეა.
 
მაისის აქციაზე, რომელიც კლუბებში სრულიად გაუმართლებელ შეჭრას მოჰყვა, გამოჩნდა ორი რამ, ერთი ისეთი საპროტესტო მუხტი არსებობს,  რომ შეუძლია წალეკოს ის, რაც ქვეყნის განვითარებას რა ხანია ამუხრუჭებს, თუმცა ამისთვის საჭიროა ბრძოლის ველის განვრცობა, მოთხოვნების ჩამოყალიბება, სხვადასხვა ჯგუფების გაერთიანება, პროცესის დაგეგმვა და დროში გადანაწილება. "მე არ მაინტერესებს პოლიტიკა”, იგივეა თქვა, რომ საკუთარი თავის გარდა არაფერი მაინტერესებს.  პოლიტიკაა ცეკვაც, მითუმეტეს თუ ის სცენას და კლუბს სცდება და მითუმეტეს თუ სცდება სხეულს.
 
ჩვენ არ უნდა გამოვდიოდეთ გარეთ მხოლოდ მაშინ, როცა რაღაც ხდება, რადგან ისედაც უამრავი მიზეზი გვაქვს დაგროვილი, ვსუნთქავთ შხამს, ვჭამთ სესხებით ან საერთოდ ვერ ვჭამთ, საბავშვო ბაღები ისეთია დანტეს ჯოჯოხეთი მიმიქარავს, ზოგადად განათლების სისტემა კატარასტროფაა, ჯანდაცვა გამართლებაზე, აფთიაქები გძარცვავენ, ბანკები გძარცვავენ, ყოველ მეორე ადამიანს ქვეყნიდან გაქცევა უნდა ან უკვე გაქცეულია, უმუშევრობა, სამუშაო კი პირობები სრული კოშმარი, ადამიანის უფლებები მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამობეჭდილ ფურცლებზე -- სინამდვილეში კი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო აუცილებელი პირობები არ აქვს და როცა ბავშვები შიმშილობენ, სხვა ლოზუნგები უნდა დავივიწყოთ.
 
12-13 მაისის აქციაზე ისიც გამოჩნდა, რომ არსებობს უზარმაზარი უფსკრული საქართველოს მოქალაქეებს შორის და ამ უფსკრულის არსებობა, მისი სიღრმე მხოლოდ იმათ აწყობს, ვინც პარლამენტში საკუთარი მილიონების დასაცავად არის მოსული (იხილეთ მილიონერი დეპუტატების, პარტიის შემწირველების, ტენდერებში გამარჯვებულების, მაღალანაზღაურებადი და კიდევ უფრო მაღალპრემიამისხმული ჩინოვნიკების გრძელი სიები) ეს კიდევ აწყობს, რამდენიმე ათეულ დინოზავრს,  ფაშისტური გადახრებით, თუმცა ეს დინოზავრები მხოლოდ დამატება მგონია, აი, ნეხვს ზედა ფენა რომ ახმება, ეგ ფენაა. შიგნით კი ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, ქართული ფარში, პატრიოტთა ალიანსი, საპატრიარქო, ეროვნული ჯანდაბა -- ესენი წარმოადგენენ ყველაზე ცუდს, რაც კი არა მხოლოდ ქართულში, არამედ მსოფლიოში შეგვიძლია მოვიძიოთ: სიხარბეს, უსაქმურობას და სიზარმაცეს, უპასუხისმგებლობას, მავნებლობას, მჩაგვრელობას, მიუღებლობას და ა.შ.  მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით, სარგებლობენ და ახერხებენ, ახალგაზრდების მიზიდვას, ვისთვისაც არც განათლება ემეტებათ, არც გართობა, არც სამსახური, არც მომავალი, მხოლოდ „ქართველობას“ სთავაზობენ, ხოლო როგორც ძველბიჭური კოანი გვასწავლის, როცა ტორტსა და კაი ბიჭობას შორის არის არჩევანი, აუცილებლად ტორტი უნდა ავირჩიოთ, ასევეა აქაც, ქართველობა, სარწმუნოება, ისედაც გვაქვს, ასარჩევი და მოსაპოვებელი აქ მხოლოდ ჩვენი უფლებებია.
 
მარტივია ჩაიქნიო ხელი და იცხოვრო დაყოფილ საზოგადოებაში, იცხოვრო უფსკრულის პირას, ბოლოსდაბოლოს რამდენი ხანი კი იცხოვრებ, რატომ უნდა დახარჯო დრო  და ენერგია, სიკვდილის ხომ მხოლოდ იმას ეშინია, ვისაც არ უცხოვრია -- რამდენჯერაც აქციაზე ვხვდები ერთი კვირა მაინც მჭირდება დასამშვიდებლად, მაგრამ თუ არ მივედი, დამშვიდებას კიდევ უფრო დიდ დროს ვანდომებ.  
 
შემდეგ აქციაზე და ეს აქცია აუცილებლად მალე იქნება, თუ მოთხოვნები არ იქნება მხოლოდ გართობასთან დაკავშირებული, თუ დემონსტრანტები იმ პრობლემებს დააყენებენ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს, გაძეძგილი, უჰაერო ლურჯი ფერის ავტობუსი (ისე წყლის ჭავლის მანქანებიც რა პარტიულ ფერებში ჰქონიათ გადაწყვეტილი), რომელიც ჩაივლის პარლამენტთან, აუცილებლად გაჩერდება, იქიდან კი ჩამოვლენ მგზავრები და აქციას შემოუერთდებიან და მაშინ ბოდიში აღარ იქნება საკმარისი. დღეს მეტრო გაიფიცება! ხვალ რკინიგზელები, მაღაროელები, მასწავლებლები, მეეზოვეები და თუ პოლიტიკას არ შეცვლით, ზეგ რომ კვამლს შეამჩნევთ, იცოდეთ, ის კვამლი თქვენს შავ ჯიპებს აუვა!
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული