• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ზემოდან ქვემოთ

×
ავტორის გვერდი გუგა დალაქიშვილი 20 მაისი, 2018 3138
ეცემი ძირს
არც ციდან
და არც ცათამბჯენიდან, როგორც გინდოდა
შენ ეცემი
ზემოდან ქვემოთ - ჩემსკენ
ეცემი მაშინ
როცა შენი უენობა აღგაგზნებს
დაუგეგმავი რყევისათვის დავიჩივლებ
იქამდე ვიცდი, ვიდრე უხილავი გაცხადდება
 
უარყავი შენი უარმყოფელი
და მერე მიცნობ
ამბოხი სემანტიკური ვერტიკალის უღირსი შვილია
უსარგებლო მაკულატურა
მარტოობიდან ქვემოთ და მარცხნივ
ვადაგასული ხორცის დანახვისას
უკან - უცრემლო კორპუსებისკენ!
სურვილის მაგისტრალს, სურვილი არ თმობს
ფეხებზე ხავსად უძრაობა მეკიდება 
იქ სადაც მეტია ჩვენი ნება სხვის ბორკილებზე
უკმარისობის გრძნობა დაგვახრჩობს
ეს მე ვთქვი
ეს ჩვენ ვთქვით
და არა იმან
ვისაც უნდა გაეგო
ან ვისზეც ითქვა
მე ვხედავ, როგორ ეფარები ამ ქალაქში ამოჩხერილ
ცემენტის ფიქტიურ მემორიალებს
ისინი გვიცავენ ერთმანეთისგან
გვარეგულირებენ
ამიტომ
ზურგი აქციე
დაასრულე
დაასრულე და დასრულდი
და მომძებნე ზემოდან - ქვემოთ
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული